ფრაზები – საბაბი!
ადამიანები ხშირად ვერც ვამჩნევთ, როგორ ვამბობთ ფრაზებს, რომლებიც ჩვენ გარშემო სიტუაციის დაძაბვის და მერე ჩხუბის მიზეზიც ხდება. კორექტულობა აშკარად გვაკლია. მართალია, მეგობრები და საყვარელი ადამიანები ისეთები უნდა გვინდოდეს, როგორებიც ისინი რეალურად არიან, მაგრამ, თუკი საკუთარ თავს არ ვუსურვებთ ნეგატივს, რატომ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენგან სხვამ აიტანოს ის...
წვრილმან უარყოფით თვისებებს და ხასიათის ნიუანსებს უნდა შევურიგდეთ და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. თუმცა, აჯობებს, არ ვატკინოთ გული იმას, ვინც ჩვენთვის სულერთი არ არის. მაგალითად, ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზამ შეიძლება, თქვენი მეგობრის ოჯახში ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალოს: „შენი ქმარი (შეყვარებული) ისეთი საყვარელი ვინმეა, სულ კომპლიმენტებს მეუბნება“, – ეჭვიანობის პაწაწინა წვეთიც საკმარისია ჩხუბის დასაწყებად. ნუ იქნებით ეს ერთი წვეთი. ან მეორე ფრაზა: „შენი ახალი კაბა დამითმე, შენ მაინც არ გიხდება“... მოკლედ, იფიქრეთ, სანამ რამეს იტყოდეთ. ნუ დაიძაბებით და ნუ დაკომპლექსდებით ამის გამო. უბრალოდ, არ უთხრათ საყვარელ ადამიანს ის, რასაც საკუთარ თავს არ ეტყოდით...
ისწავლე სიხარული
ვერ ახერხებთ ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ და დატკბეთ იმ პატარ-პატარა ბედნიერებებით, რომლებსაც ცხოვრება გაჩუქებთ? – აიღეთ მაგალითი ბავშვებისგან. დააკვირდით მათ და ნახეთ, როგორ ხვდებიან ყოველ ახალ დღეს აციმციმებული, გაბრწყინებული თვალებით. ზუსტად ისე, როგორც დღესასწაულს. თქვენც ხომ იყავით ასეთი – გახსნილი და ღიმილიანი, მხიარული და უზრუნველი... გასაგებია, რომ ახლა ბევრი საზრუნავი გაქვთ – პრობლემები, პასუხისმგებლობა... საქმე და ყოველდღე თითქმის ერთი და იგივე... მაგრამ დაფიქრდით – მხიარულ გუნებაზე მყოფი ხომ უკეთ გაართმევთ თავს ყველაფერს, ვიდრე გაღიზიანებული და ნერვებმოშლილი. ამიტომ, გაატარეთ დღე, როგორც თქვენთვის მოძღვნილი საჩუქარი. დაინახეთ ფერები და განსაკუთრებული ნიუანსები. დღის განმავლობაში აუცილებლად მოხდება რაღაც ისეთი, რაც სიხარულს მოგგვრით. ეძებეთ მიზეზები სიხარულისთვის – ეს თქვენს ფიზიკურ და რეალურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს. სირთულეს არ წარმოადგენს წვრილმანებისთვის ყურადღების მიქცევა. მაგალითად, ყვავილები ხომ ბუნების ნამდვილი განძია – კაშკაშა და ნათელი შეფერილობის. აღმოაჩინეთ სიხარული ამ ფერებში... თორემ ერთხელაც სარკეში ჩაიხედავთ და დაინახავთ ადამიანს, რომელიც ძალიან არ მოგეწონებათ: შეშფოთებული მზერით, დაშვებული ტუჩის კუთხეებით, დაღლილი გამოხედვით და ჩამქრალი სხივით... ეს რომ არ მოხდეს, ისწავლეთ სიხარული და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ...
დავუჯეროთ დარვინს?!
დარვინს აქვს ასეთი განმარტება: „მამაკაცი უფრო გაბედულია, აგრესიული, ენერგიული და გამომგონებელი. თუ მის ტვინს ავწონით და მოცულობას გავუზომავთ, აღმოჩნდება, რომ ის ქალის ტვინზე დიდიც არის და მძიმეც. ტვინის სხეულთან შეფარდებით, ქალისა და კაცის შემთხვევაში, ეს სრულიად ნორმალურია. ქალს სახე მრგვალი აქვს და ის მამაკაცზე ადრე მწიფდება როგორც გონებრივად, ისე სექსუალურად“... გაიგე ახლა, როგორი წარმოდგენის იყო ქალებზე ბატონი დარვინი. თუმცა, თუ მაიმუნების მიმართ მის სიმპათიებს გავითვალისწინებთ, ამ სიტყვების აზრი გასაგები გახდება. ამიტომ, თავად გადაწყვიტეთ, დავუჯეროთ თუ არა დარვინს. ხოლო, თუ რეალისტები ვიქნებით და საკითხს ობიექტურად განვიხილავთ, სურათი ასეთია: ქალებს უდიდესი პოტენციალი უბოძა ბუნებამ. აღჭურვა ისინი მომაკვდინებელი იარაღით – სინაზით, მომხიბვლელობით, სათნოებით, ცრემლებით და, ბოლოს და ბოლოს, სიყვარულისა და სითბოს უზარმაზარი მარაგით.
დარვინმა არ იცოდა, რომ, გავიდოდა წლები და გენდერულ თანასწორობაზე დაიწყებოდა მსჯელობა; რომ ქალები შეაღწევდნენ ყველა სფეროში და ღირსეულ ადგილსაც დაიმკვიდრებდნენ. არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქალები კაცებზე მოწესრიგებული, პუნქტუალური და საიმედო თანამშრომლები არიან; ამასთან, დავალებების უზადო შემსრულებლები, თანაც – სწრაფები... ზოგჯერ მამაკაცები ცდილობენ, ქალები სამზარეულოში დააბრუნონ, მაგრამ, მათაც უნდა გავუგოთ – შეიძლება, ეშინიათ, რომ, თუკი ქალების ზეაღსვლა ასე გაგრძელდა, სადილების კეთებაც თავად მოუწევთ და, ჭურჭლის რეცხვაც, სხვათა შორის...
ლოგიკა და არგუმენტები
საუბარი, რა თქმა უნდა, ქალურ ლოგიკაზე გვექნება, რამეთუ, მამაკაცები ამ საკითხში, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებენ. ქალური ლოგიკა არ ცნობს არანაირ ჩარჩოებსა და კანონებს. სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ხოლმე სუსტი სქესის უმრავლესი წარმომადგენლის უკიდურესობაში ჩავარდნის მიზეზი. ანუ, სამწუხაროდ, ქალები, როცა საკუთარ ლოგიკას არ ენდობიან, პრობლემებსაც მაშინ იქმნიან. მაგალითისთვის შეგახსენებთ სულ უბრალო რეალობას, რომელიც თითქმის ყველა ქალის ყოველდღიურობის ნაწილია: „არაფერი მაქვს ჩასაცმელი. ეს ხომ ყველას აცვია და მოსაბეზრებელია“... და, მეორე ფრაზა: „არაფერი მაქვს ჩასაცმელი, ასე ვიღას აცვია“... დიახ. ეს ორი, შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული ფრაზა მარტივად ითქმევა ერთი ქალბატონის ბაგეთაგან, მაქსიმუმ ხუთი-შვიდი წუთის შუალედით.
შევხედოთ საკითხს მეორე მხრიდან. აწყობს კი, ქალს, რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში, საკუთარი ლოგიკის წინააღმდეგ წასვლა?! როგორც ჩანს, აწყობს. თუმცა, რისკი, ბუნებრივია, არსებობს. არგუმენტები ორივე შემთხვევაში საკმარისია. ისიც ხომ ფაქტია, რომ, მსოფლიოში და პლანეტაზე ყველაზე გონიერი ქალი აღმოჩნდა მერილინ სავანტე – ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ცოლი და ორი შვილის დედა. მას ყველაზე მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი აღმოაჩნდა.
ერთი სიტყვით, ქალს აქვს ყველაფერი: ლოგიკა, ჭკუა და ინტელექტი. მთავარია, ამ სამი ძლიერი იარაღის თავის სასარგებლოდ გამოყენება შეძლოს და არა პირიქით! მაშინ აუცილებლად იპოვის თავის წილ ბედნიერებას!