კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კადრები გადარეცხეს და აქციეს ვერხლისწყლად თემურ ფალავანდიშვილის ფილმიდან „მზე შემოდგომისა”

თემურ ფალავანდიშვილი კინოში მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მოვიდა, თუმცა, სრულმეტრაჟიანი ფილმებიც აქვს გადაღებული („თეთრი ქვები”, „გოგონა და ჯარისკაცი”, „ჩამავალი მზე”, „მზე შემოდგომისა”, „წყარო გზის პირას”, „მოხეტიალე რაინდები”, „რაჭა ჩემი სიყვარული”, „წერილები ბამიდან”, „ჯადოსნური ღამე”, „ახალი არკადია”, „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი”). კინოსადმი სიყვარული მამობილისგან, სიკო დოლიძისგან გამოჰყვა, ამიტომ, სხვა პროფესიულ არჩევანზე არასდროს უფიქრია. მათ ოჯახში ყველამ ეს გზა აირჩია – ბატონი თემურის ვაჟმაც, გეგა ფალავანდიშვილმა,  ცხოვრება ტელევიზიას დაუკავშირა. თემურ ფალავანდიშვილმა კი მაყურებელს თავი მაინც ერთი ფილმით – „მზე შემოდგომისა” – გააცნო, რომელიც სპეციალურად მშვენიერი მედეა ჯაფარიძისთვის იქნა გადაღებული. მოდი, ერთად წავიკითხოთ ამ საინტერესო რეჟისორის საინტერესო ცხოვრების ეპიზოდები.                             
„მამაჩემი, მიხეილ ფალავანდიშვილი, საჩხერელი იყო, დედა – ხარაგაულიდან. მამა თავის ორივე ძმასთან ერთად ფრონტზე წავიდა. ბიძები დაბრუნდნენ, მამა – არა. დედა, თამარ ბირკაძე, ცოლად გაჰყვა კინორეჟისორ სიკო დოლიძეს. იმ დროისთვის ისიც ცნობილი პიროვნება იყო. ჯერ აბრეშუმის ქარხანაში მუშაობდა მუშად, მაგრამ, ძალიან მალე გახდა კომკავშირის „ცეკას“ მდივანი, შემდეგ დააწინაურეს და მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. მახსოვს, 1945 წელს, გამარჯვების პარადზე, დედამ მოსკოვში წამიყვანა. სასტუმრო „მოსკოვში” ვცხოვრობდით. სასტუმროდან რომ გამოვედით, დედას საშვი ჰქონდა და უნდა გავჩერებულიყავით მავზოლეუმთან, სადაც საპატიო სტუმრები დგებიან. ბიძაჩემი, ვალოდია დოლიძეც იყო მიწვეული და მან მიგვაცილა კორდონამდე. ვდგავართ მავზოლეუმის მარცხენა მხარეს. დედა მეუბნება: გაიხედე, გაიხედე იქით, სტალინი მოდის, შეიძლება, მეტი ვეღარც ნახო ცხოვრებაშიო. მე კიდევ, სხვა მხარეს ვიყურებოდი, ვერაფრით ვერ მიმახედა. ყოველი კადრი მახსოვს, როგორ მოდიოდნენ დამარცხებული გერმანელები და გზაზე დროშებს ყრიდნენ, როგორ იყო განლაგებული ტექნიკა, მაგრამ, სტალინი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ორმოცი თუ ორმოცდახუთი ნაბიჯით წინ იდგა, ვერ ვნახე. 
კიდევ, მახსოვს, დედაჩემმა მე და ჩემს ძმას თემურ დოლიძეს, შეგვიკერა ჩექმები  (სიკო დოლიძეს პირველი ქორწინებიდან – თემური,  ხოლო მეორე ქორწინებიდან, თემურ ფალავანდიშვილის დედასთან,  ქეთი ჰყავს – ავტორი). თემურს, ეტყობა, გურულმა სისხლმა უყივლა და, ვინაიდან ჩექმები გვქონდა, ჩათვალა, რომ შეგვეძლო, ფირალებად წავსულიყავით. ერთ მშვენიერ დილას, ავდექით, სახლიდან გამოვიპარეთ და მივდივართ ტყეში. მაშინ ბარნოვის ქუჩაზე არც ქვაფენილი იყო, არც ასფალტი, საშინელი ტალახიანი ადგილი იყო და ჩავვარდი მუხლებამდის ტალახში. მექაჩება, ვერ ამოვყავარ. თემური გაიქცა და მოიყვანა ჩვენი მეზობელი ზოზო ბაქრაძე, ძალიან მოსული, ჯანიანი კაცი იყო (თამაშობს   ქართლოს ხოტივარის ფილმში – „სერენადა,” – ავტორი). ეგ და კიდევ ერთი ჩვენი მეზობელი მოვიდნენ და ამომათრიეს.                       
ვცხოვრობდით ბაზალეთის ქუჩაზე, სადაც ახლა სიკო დოლიძის სახლ-მუზეუმია და ქეთი ცხოვრობს. ჩვენი ეზო უნიკალური იყო ყველამხრივ. სადარბაზოები გვქონდა, მაგრამ, იქიდან არავინ დადიოდა, ეზოდან დავდიოდით, ჩვენი სახლის კარები ღამითაც არ იკეტებოდა. ტელევიზორი რომ გაჩნდა, პირველი ჩემმა მეზობელმა ბაქრაძეებმა იყიდეს. პირველ სართულზე, დერეფანში სკამებს ჩავამწკრივებდით დიდები, პატარები,  დავსხდებოდით და ვუყურებდით. რამდენიმე წლის შემდეგ სხვებმაც შეიძინეს ტელევიზორი. მერე ზოზო ბაქრაძემ  მუშაობა დაიწო, ყიდულობდა ჩამოწერილ ფირებს, გაშლიდა საოჯახო კინოთეატრს და ფილმებს უშვებდა. მოკლედ, კინოეზო გვქონდა, მაგრამ კინოსადმი სიყვარული და ინტერესი სიკოს პროფესიიდან  გამომდინარე გამიჩნდა, როცა ბავშვები მამას ზაფხულში გადაღებებზე დავყვებოდით. თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მერე მოსკოვში გადავედი, „ვგიკში”. თემურმა ბიოლოგიური დაამთავრა, ქეთიმ – დასავლეთ ევროპული ენები, კერძოდ, ინგლისური, მაგრამ, მერე ორივემ მაინც კინო აირჩია.
„მზე შემოდგომისა”                                                 
რეზო თაბუკაშვილი დედაჩემის დეიდაშვილი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, რეზომ მითხრა, შენთვის სცენარი მაქვსო. მაშინ კინოსტუდიაში სასცენარო გაერთიანებას ვხელმძღვანელობდი. უკვე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მქონდა გადაღებული. „მზე შემოდგომისა” ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. სანამ რეზო სცენარს გადმომცემდა, თავის მანქანაში ჩამსვა და წამიყვანა თბილისის ძველ უბნებში (მას თავისი რამდენიმე გამორჩეული ადგილი ჰქონდა, სადაც ხშირად დაჰყავდა უცხოელი სტუმრები) – რაღაცნაირად, მომამზადა ფილმის გადასაღებად. ელენე ახვლედიანის შემოქმედებას ძალიან კარგად ვიცნობდი, მამასთან (სიკო დოლიძესთან) მეგობრობდა, მასთან ფილმებზე მხატვრად იყო. როცა სცენარი წავიკითხე, მივხვდი, ეს ფილმი, გარდა იმისა, რომ იქნებოდა ამბავი ერთი ნიჭიერი მხატვრისა, შეიძლებოდა, გამხდარიყო ძველი თბილისის ჰიმნიც. ჩემი ყველაზე საყვარელი ეპიზოდია, როცა ოთარ მეღვინეთუხუცესი მარტო დადის ქალაქში, ეძებს თავისთვის საინტერესო წერტილებს და ხატავს. სწორედ ამ ძველი თბილისის ხედებმა შემოაბრუნა იგი ნამდვილი ხელოვნებისკენ, ყვავილების ხატვას თავს ანებებს და იწყებს ხედების ხატვას. ამ ეპიზოდის გადაღებისას ვცდილობდი, თბილისის ეს წერტილები, რომლებსაც ოთარი ხატავდა, ელენე  ახვლედიანის რომელიმე ნახატისთვის დამემთხვია. ფინალი, სადაც არაჩვეულებრივი ფერწერული ნამუშევრებია გამოფენილი, მის სახელოსნოშია გადაღებული. ის რეზოსთან და მედეასთან მეგობრობდა და უყოყმანოდ დაგვთანხმდა, ეს ოცდაათკაციანი გადამღები ჯგუფი მის სახელოსნოში შევჭრილიყავით და ორ-სამ დღეში ყველაფერი ყირაზე დაგვეყენებინა. ოპერატორმა ლომერ ახვლედიანმა სპეციალურად დაამაგრა ისეთი ნათურები, რომ სახელოსნოს სცენები სპეციალური, რთული განათების გარეშე გადაგვეღო. სცენარი სპეციალურად მედეასთვის დაიწერა. აბსოლუტურად მისი შინაგანი ხასიათი იყო. ოთარ მეღვინეთუხუცესთან და გურანდა გაბუნიასთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა, თუმცა, ოთარის დათანხმება, თუ მისთვის საინტერესო არ არის მუშაობა, ძნელია. მაგრამ, ვინც მინდოდა გადამეღო, გადავიღე. მაგალითად, თამარ ციციშვილი უარს რატომ მეტყოდა – მამაჩემის ფილმში მთავარ როლს, დარიკოს თამაშობს, სესილია თაყაიშვილი უკვე გადაღებული მყავდა, ასევე, მოვიწვიე დიდი ჯანო ბაგრატიონი და სხვები. რაც შეეხება გუდიაშვილს, ეს იდეა მაშინ დამებადა, როცა სახელოსნოს სცენებს ვიღებდით. რთული გადაწყვეტილება იყო, არ ვიცოდი, რა და როგორ მეთქვა. ძალიან მინდოდა, ეს ადამიანი ეკრანზე დარჩენილიყო. რეზომ მითხრა: მოდი, ვთხოვოთ, ფილმში კინტაური იცეკვოსო. მომერიდა ამის თქმა, თუმცა, ვიცოდი, რომ ფილმში „ქეთო და კოტე” შავგულიძეს მან ასწავლა კინტაურის ილეთები. დღემდე გული მწყდება, რომ გუდიაშვილი ზუსტად ორი წუთი გადავიღე – რამდენი ხანიც მჭირდებოდა ფილმში და არ გადავიღე არქივისთვის. ასევე, გადავიღე ვასო გოძიაშვილი, რომელიც ფილმში მღეროდა. ალბათ, გახსოვთ ეს კადრი, როცა მედეა პაპუნა ოქრომჭედელს ქელეხს უხდის. დრამატურგიულად ეს ეპიზოდი არ ჩაჯდა ფილმში, ზედმეტი იყო და ამოვიღეთ, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, შემენახა როგორც უნიკალური ჩანაწერი?! დასრულებული ფილმი მოსკოვში მიგვქონდა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ეს მასალა მოვიკითხე, სამონტაჟოში აღარ იყო. იმ დროს ვერცხლის პრობლემა იყო და, ის ფირი, რაც აღარ გამოიყენებოდა, ვერცხლად ირეცხებოდა და ეტყობა, გადარეცხეს. რაღაც წლების შემდეგ მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში ყოველი წუთი თუ წამი დასაფასებელია. მედეას, როგორც თეატრალურ მსახიობს მიაჩნდა, რომ სამუშაოდ მზად იყო დღის 2, 3 საათისთვის, როგორც ორგანიზმი გაიღვიძებდა და ჩადგებოდა ფორმაში. დილით გადაღება არ უყვარდა. მე რომ გადავიღე, იმ პერიოდში 15-20-წლიანი პაუზა ჰქონდა კინოში და, ფაქტობრივად, ეს მისი კინოში დაბრუნება იყო. ჩვენი სამუშაო რეჟიმი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გადაღებები შუადღით დაგვეწყო, არადა მედეას გარეშე კადრი არ იყო. მყავდა ასისტენტი, რომელიც ყოველ დილით აკითხავდა მანქანით. „ზაური, ამოდი, ჯერ მზად არ ვარო“, – გადასძახებდა აივნიდან. ის უარობდა, მაგრამ ბოლოს მაინც აჰყავდა. დრო ხომ უნდა გაეყვანა და, ზაურს ეუბნებოდა, მოდი ისაუზმეო. გადასაღებ მოედანზე კი, დღის პირველი საათისთვის მოდიოდა. მერე, სანამ გრიმს გაიკეთებდა, ჩაიცვამდა, ამაში ცალკე დრო გადიოდა და ბოლოს მაინც ისე გამოდიოდა, როგორც თვითონ უნდოდა. მედეას ძალიან უნდოდა, ფილმში მისი სიმღერაც შესულიყო – იმ ეპიზოდში, როცა ოთარი ეზოში რაღაცას ხატავს და ცოლი მედუდუკეებს მოუყვანს, რომ ქმარს შესაბამისი განწყობა შეუქმნას. მედეამ თქვა, მედუდუკეებს ავყვებიო, მოგვეწონა ეს აზრი და სიამოვნებით მოვუსმინეთ, მაგრამ, არადა და არ ჯდებოდა ფილმში. თან, ვერც უარს ვეტყოდი და დავთანხმდით. ერთი სტროფი რომ ჩაამთავრა, მე და ლომერი მივხვდით, რომ აღარ ღირდა მეტის ჩაწერა და კამერა გამოვრთეთ, მაგრამ, ის ვერ გავთვალეთ, რომ მაშინდელი გადასაღები ტექნიკა ხმაურიანი იყო. ისედაც, ტექნიკურად ვერ გამოვიდოდა, რადგან, როდესაც ფილმისთვის სიმღერას იწერ, ფონოგრამა წინასწარ უნდა გქონდეს მზად. გადაღების დროს ცარიელი სიმღერა, ქუჩის ხმაურსა და კამერის რიხინის ფონზე, მაინც ვერ მოხვდებოდა. როგორც კი მედეამ  იგრძნო, რომ მღერის და ჩვენ არ ვიღებთ, საშინლად გაგვიბრაზდა, სახეზე შეეტყო, რომ ძალიან ეწყინა. იმ დღეს გადასაღები მოედანი დატოვა, თუმცა, მეორე დღეს ჩვეულებრივად განვაგრძეთ მუშაობა – არ იყო ის ადამიანი, რომ წყენა გულში ჩაეტოვებინა, ის სცენა კი მხიარულ მოგონებად დარჩა.
ლადო გუდიაშვილი, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავი, რომ გავიცანი. ჩემს ჯგუფში ორი ინდოელი სწავლობდა – უსხარა და სუბროტა. უსხარასთან ძალიან დავმეგობრდი. ზაფხულში თბილისში ჩამოვიდა და მესტუმრა, ორი კვირა ცხოვრობდა ჩემთან სახლში. დავსეირნობდით ფეხით, ვათვალიერებინებდი ძველ თბილისს, მერე კი გამიჭირდა, აღარ ვიცოდი, რა მენახვებინა. ჩემმა მეგობარმა  მანანა მაჩაბელმა (პარალელურ კურსზე ვსწავლობდით) მითხრა: მოდი, გუდიაშვილს ვთხოვ, მიგიღოთო. მანანა მის მეზობლად ცხოვრობდა. დაურეკა. ათი წუთის შემდეგ მეუბნება:  
უარი თქვა თქვენს მიღებაზე – გერასიმოვის სტუდენტებს ვერ დაველაპარაკებიო. გერასიმოვი ჩემი პედაგოგი იყო. გული დამწყდა, მერე უცებ გამახსენდა, რომ არსებობს ასეთი მხატვარი – გერასიმოვი, აკადემიკოსი, რაღაც კატასტროფა, რუსული სოციალიზმის მიმდევარი მხატვარი, ფოტოგრაფიისგან რომ ვერ გაარჩევდი, ისე ხატავდა ყველა დეტალს. თურმე, ბატონ ლადოს ამ გერსაიმოვის სტუდენტები ვგონებივართ. მანანას ვეკითხები – შენ ვინ გერასიმოვზე უთხარი, მხატვარზე-მეთქი? არაო. ჰოდა, გადაურეკე ახლა და უთხარი, რომ, მხატვრის კი არა, კინორეჟისორ გერასიმოვის სტუდენტები ვართ-მეთქი.  გადაურეკა და გაუხარდა. კარგად მიგვიღო, სამი-ოთხი საათი არ გამოგვიშვა, გაგვიმასპინძლდა, დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან თბილი და უშუალო ადამიანი იყო“.

скачать dle 11.3