ექიმის რჩევები
კითხვა: მაქვს ჰიპოთირეოზი. ექიმმა „L-თიროქსინი“ დამინიშნა. ახლავე დავიწყო მიღება თუ ანალიზები გადავამოწმო რაღაც პერიოდის შემდეგ?
პასუხი: ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობაა. ექიმმა დაგინიშნათ პრეპარატი, რომელიც „შეავსებს“ ამ ნაკლებობას. ისე, უნდა იცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა ძალიან ძნელია, ამიტომ, შესაძლოა, „დამატებითი“ ჰორმონის მიღება მთელი ცხოვრება მოგიწევთ.
კითხვა: რა არის ბოტულიზმი?
პასუხი: ბოტულიზმი მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა და მისი ტოქსინი (შხამი) ორგანიზმში საკვებთან ერთად ხვდება. ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა, რომელიც ინტოქსიკაციითა და ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარეობს.
კითხვა: რა შეიძლება იყოს ქალის სახეზე თმის ამოსვლის მიზეზი?
პასუხი: ჭარბთმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან, სანამ ორგანიზმში არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი, თმიანობა არ მოიკლებს. ამისთვის ქალმა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს ან ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოს.
კითხვა: გაცივების შემდეგ დამრჩა თავის ტკივილი, თავს დაბლა რომ დავწევ შუბლთან რაღაცა მაწვება და ძალიან მტკივა. შეიძლება, ეს გაციების მიზეზი იყოს?
პასუხი: ამ ჩივილის მიზეზი, სავარაუდოდ, წიაღების (ცხვირის დანამატი ღრუების ანთება – ჰაიმორიტი ან ფრონტიტი) ანთებაა. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.
კითხვა: ერთი თვის წინ, ლოყის მოქავების შემდეგ იმ ადგილას პატარა წყლულები გამიჩნდა 15-მილიმეტრიანი კერა ოდნავ მუქია ჯანსაღ კანთან შედარებით. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ასეთი სურათი შეიძლება იყოს პიოდერმიის (კანის ბაქტერიული ინფექცია), დერმატომიკოზის (სოკოვანი ინფექცია), ეგზემის (კანის დაავადება) და კიდევ რამდენიმე დაავადების დროს. დერმატოლოგმა უნდა დაათვალიეროს კერა, საჭიროების შემთხვევაში აიღოს ანაფხეკი (შესაძლოა, სისხლის ანალიზიც, და მხოლოდ ამის შემდეგ დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
კითხვა: შეიძლება თუ არა გარუჯვა ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს?
პასუხი: კონკრეტული უკუჩვენება ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის დროს გარუჯვას არ აქვს, მაგრამ დაიცავით ზომიერება!
კითხვა: სამი წლის წინ, ინფარქტის შემდეგ ჩამისვეს სტენტი. შეიძლება თუ არა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება?
პასუხი: სამი წელი საკმარისად დიდი ვადაა სტენტის კედლებში შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად და ამიტომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარება შეიძლება. შეზღუდვა მრტ-ს ჩასატარებლად სტენტირების შემდეგ 4-6 კვირას შეადგენს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი