მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უნდა ჩაერიოს თუ არა სხვების დავასა და კამათში მართლმადიდებელი ქრისტიანი?
პასუხი: მოყვასის სიყვარული ჩვენგან მოითხოვს არა მარტო ყველასთან მშვიდობის შენარჩუნებას, არამედ სხვებს შორისაც მშვიდობის ჩამოგდებას. ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად ვერ შესცქერის ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ახლობელ ადამიანებს და ყველანაირად ცდილობს მათ შორის მტრობის აღმოფხვრას.
კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, ვთქვათ მოვხვდი ისეთ სიტუაციაში, რომ უნდა მაწამონ, თუ გამოჩნდა იმის საშუალება, რომ დავასწრო მოვლენას და თავი მოვიკლა, ჩამეთვალა თუ არა ეს ქმედება თვითმკვლელობაში?
პასუხი: გააჩნია სიტუაციას. თუ, ვთქვათ, ადამიანი ფლობს რაიმე სამხედრო საიდუმლოებას და თანამებრძოლთა უნებური გათქმის ასარიდებლად ხელყოფს საკუთარ სიცოცხლეს, ეს, პირიქით, ჩაითვლება თავის დადებად მოყვასისთვის და არ შეფასდება თვითმკვლელობად.
კითხვა: როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა უფლის მცნებების ღირსეულად აღსრულება?
პასუხი: ყოველი ქრისტიანი ვალდებულია ისე იცხოვროს და ისე იმოქმედოს, რაც უფლისთვის მოსაწონი და სათნოა, ასეთ დროს ის უფლის მცნებებს პირნათლად აღასრულებს.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს მთავრობისმოყვარეობა და არის თუ არა ის ცოდვა?
პასუხი: მთავრობისმოყვარეობა არის ძალაუფლების მოპოვების აულაგმავი წყურვილი, რომელიც, როგორც წესი, უჩნდებათ საამისო უნარის არმქონე ადამიანებს. მათ არ აქვთ კეთილი განზრახვა – სარგებლობა მოუტანონ საქმეს, ხალხს, არამედ ერთადერთი უგუნური მიზანი ამოძრავებთ – დაიკმაყოფილონ სიამაყე, პატივმოყვარეობა, ანგარება. ისინი ხშირად მიისწრაფვიან ძალაუფლების მოპოვებისკენ ქვეძრომით, გავლენიან პირთა მფარველობის მეშვეობით და სხვა მდაბალი ხერხებით. მთავრობისმოყვარეობა, რა თქმა უნდა, ცოდვაა.