კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ქარვასლა იყო აღნიშნული თბილისის 1850 წლის გეგმაზე და რომელი ქარვასლა აღნიშნა თავის გეგმაზე ვახუშტი ბატონიშვილმა 1735 წელს

„ქარვასლა“ თურქული სიტყვაა და ნიშნავს  „ქარავნის სახლს,“ დიდ სახალხო დაწესებულებას აზიის ქალაქებში, რომელიც გზებზე და დაუსახლებელ ადგილებში მოგზაურთა, სავაჭრო ქარავნების ღამის გასათევი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ასრულებს. თბილისში ქარვასლების გამოჩენა სწორედ აზიური კულტურის წყალობით მოხდა და თბილისურმა ქარვასლებმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა დედაქალაქის ისტორიაში. „თბილისელების” ამ ნომერში ძველი ქალაქის ხიბლის – ქარვასლების შესახებ მოგითხრობთ, რომელთა მცირე რაოდენობა, ძირითადად მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული არქიტექტურა,  დღემდე არის შემორჩენილი და ძველ ფოტოებში შემონახული.
თბილელის ქარვასლა
 გვიანფეოდალურ თბილისში ქალაქის უმთავრესი ქარვასლები ამჟამინდელი სიონის ქუჩის დასაწყისში, სიონის სიახლოვეს იყო თავმოყრილი. სიონის მხარეზე, მის გვერდით, ქარვასლა 1650 წელს აუშენებია მეფე როსტომს და ის თბილისისთვის უბოძებია. ეს ქარვასლა ვახუშტი ბატონიშვილს თავის თბილისის გეგმაზე, რომელიც 1735 წლით თარიღდება, ¹12-ით ჰქონდა დატანილი. ქარვასლა  აღნიშნულია თბილისის 1800 წლის პორუჩიკ ჩუიკოს გეგმაზეც. ის ამ გეგმაზე კვადრატული მოხაზულობისა ჩანს, ვრცელი შიდა ეზოთი. თბილელის ქარვასლა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს განადგურდა და მის ნანგრევებზე, მეცხრამეტე საუკუნეში, აშენდა არწრუნის ქარვასლა. სახელწოდება „თბილელი“ კი, მას შემდეგ დაერქვა ქარვასლას, რაც ის მეფე როსტომმა თბილელ ეპისკოპოსს უბოძა საჩუქრად.
არწრუნის ქარვასლა
მეცხრამეტე საუკუნის ტფილისის ქარვასლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა არწრუნის ქარვასლას. ეს შენობა სიონის ქუჩასა და სანაპიროს შორის იყო მოქცეული და სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო. ქარვასლა 1818 წელს გეურქ აღა-არწრუნის მიერ აშენდა. ეს იყო სამსართულიანი შენობა, რომლის ზედა სართულზე 33 საცხოვრებელი ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე – 25 სავაჭრო მცირე ობიექტი და მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო საქონლის შეძენა საბითუმო ფასებში. ქარვასლის პირველ სართულზე სათავსოები და საწყობები იყო: ერთი – დიდი ფართობის და 24 – მცირე ზომის. პირველ სართულზე ასევე, გახსნილი იყო 11 ოთახი, სადაც მუშაობდნენ მეწაღეები და მკერავები. ქარვასლის შიდა ეზოში აუზიც ფუნქციონირებდა. 1855 წელს ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა და ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა, ამის შემდეგ შენობა მალევე გადააკეთეს. არწრუნის ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა. ქარვასლის სანაპიროსკენ მიმართული ფასადი 1820 წელს განეკუთვნება, ეს შენობა რუსული კლასიცისტური სტილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში იყო ტფილისში. სიონის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი კი, 1912 წელს აშენდა მოდერნის სტილში. აღსანიშნავია, რომ შენობის სარდაფი როსტომ მეფის დროინდელი ქარვასლის არის. ამ სარდაფებს კამაროვანი გადახურვა ჰქონდა და სწორედ სარდაფის არქიტექტურა გადაურჩა მტრების შემოსევებს. არწრუნის ქარვასლის შენობას ადაპტაცია-რესტავრაცია საბჭოთა პერიოდში, 1984 წელს, ჩაუტარდა არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის მეთაურობით. 1985 წლიდან ამ შენობაში იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმმა დაიდო ბინა.
მელიქის ქარვასლა
ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე ქალაქის ქარვასლათაგან სამს გამოყოფს საგანგებოდ: მეფის, თბილელის და მელიქის ქარვასლებს. მეფის ფუნდუკი სიონის მოპირდაპირე მხარეს იდგა; თბილელის ქარვასლა უშუალოდ საზღვრავდა სიონის ტერიტორიას სამხრეთით. ამ უკანასკნელს კი, მელიქის ქარვასლა ებჯინებოდა. მის ნაწილს გეგმაში სამკუთხა ფორმა ჰქონდა და ვიწრო ყელით სიონის ქუჩაზე გადიოდა. სამხრეთის ფასადი შეზნექილი ჰქონდა ბამბის რიგის გაყოლებით. შემდგომში მელიქმა ქარვასლა კალას სამხრეთ-აღმოსავლეთით სეიდაბადში ააგო, სადაც ამჟამად ბალნეოლოგიური კურორტია. ცნობისთვის, თბილისში მეთექვსმეტე საუკუნის შუა ხანებში დაწესდა მელიქის თანამდებობა, რომელიც თავდაპირველად სომხური მოსახლეობისთვის მამასახლისის ფუნქციას ასრულებდა. მეთვრამეტე საუკუნის 30-იან წლებიდან მამასახლისისა და მელიქის თანამდებობები გაერთიანდა ბებუთაშვილების საგვარეულოს ხელში.
თბილისის ქარვასლები
1850 წლის თბილისის გეგმაზე 12 ქარვასლა იყო აღნიშნული. მათ შორის: ნერსესის (აიგო 1820 წელს), შადინოვის (1830) და ზუბალაშვილების (1840). ამ ქარვასლებში ფუნქციონირებდა 44 საწყობი და 188 სავაჭრო ობიექტი, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა. აბსოლუტურად ყველა მაღაზია და საწყობი დანომრილი იყო და მათი მფლობელების ვინაობა იმდროინდელი თბილისის მცხოვრებლებისთვის ცნობილი იყო. ქარვასლების უმეტესობას ერთმანეთისგან განსხვავებული სპეციფიკა ჰქონდა, ყველგან იყიდებოდა განსხვავებული საქონელი საცალო და საბითუმო ფასებში. იმ დროის ქარვასლებიდან თბილისელებს შორის პოპულარობით სარგებლობდა: პარუმბეკოვისა და ხერუდინოვის ქარვასლები ღვინის აღმართზე; შადინოვის, შიოევისა და ძმები მილოვების ქარვასლები ბამბის რიგში; ხოჯაპარუკოვისა და სარაჯიშვილის ქარვასლები სომხის ბაზარში; ანანოვის ხალიჩის საწყობები სიონის ქუჩაზე; 1858 წელს ტფილისის ქარვასლებს დაემატა ჩითახოვის, უსტა-მეჰტი ჰუსეინ-ოღლისა და ჰალატოვის ქარვასლები მეიდანში. 1847 წელს კი თბილისში დაიწყო იმ დროის ყველაზე დიდი ქარვასლის მშენებლობა, რომელიც ქალაქის ისტორიაში თამამშევის ქარვასლა-თეატრის სახელით შევიდა. საგულისხმოა, რომ ძველ თბილისში ქარვასლების უმეტესობა სწორედ სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  იყო აშენებული და მათი ნაწილი დღემდე არის შემორჩენილი.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3