ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის ქმედება ითვლება წვრილმან ხულიგნობად და რა სასჯელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ წვრილმან ხულიგნობად ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. წვრილმანი ხულიგნობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ან, საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
კითხვა: თბილისიდან ვმოძრაობდი ბათუმის მიმართულებით, რა დროსაც, საავტომობილო გზაზე შევეჯახე პირუტყვს, რომელიც გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა და, მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, ვერ მოვახერხე ავარიის თავიდან აცილება. პირუტყვი მოკვდა, ხოლო ჩემი ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა. პირუტყვის პატრონი მთხოვს ზარალის ანაზღაურებას. გთხოვთ, განმიმარტოთ, ვარ თუ არა დამნაშავე და მეკუთვნის თუ არა პირუტყვის პატრონისათვის ზარალის ანაზღაურება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თქვენ არ დაგეკისრებათ არც ადმინისტრაციული და, მით უმეტეს, არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირიქით, პირუტყვის პატრონი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია, გადაიხადოს ჯარიმა და აგინაზღაუროთ ზიანი. კერძოდ, სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, ზოგადად, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და, ასევე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას დაზარალებულისთვის.
კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, ისჯება თუ არა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმიზეზოდ გასროლა ქალაქში ან სხვა დასახლებულ ადგილას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში; აგრეთვე, გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ, დადგენილი წესის დარღვევით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.
კითხვა: ხშირად გვესმის არჩევნების დროს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის შესახებ. გთხოვთ, მაცნობოთ, რა უფლებებით სარგებლობს არჩევნების დროს საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დამკვირვებელს უფლება აქვს: დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს; კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ; დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად; დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს; დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს; დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას; დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას; განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც, კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოითხოვს რეაგირებას; მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლასა და ოქმების შედგენას; გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.
კითხვა: მაინტერესებს, რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული საარჩევნო აგიტაციისთვის გათვალისწინებული ბუკლეტებისა და პლაკატების უკანონოდ წართმევის შემთხვევაში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა; აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება თანამდებობის პირთა მიერ, იგი დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით.