კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აირჩევა ქვეყნის მეთაური პრემიერ-მინისტრი და არის თუ არა აუცილებელი, რომ ის პარლამენტის წევრი იყოს

ქვეყანას მერვე მოწვევის ახალი პარლამენტი ეყოლება, რომლის უმრავლესობაც, უკვე ამთავითვე აშკარაა, „ქართული ოცნება“ იქნება, „ნაცმოძრაობა“ უმცირესობად მოგვევლინება, თუმცა პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. მეტიც, ახალი სახელმწიფო მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელიც 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება. მართალია, პრეზიდენტი აღიარებს საკუთარი პარტიის დამარცხებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიერ შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ დაწერილი ახალი საკონსტიტუციო ნორმებით, მას გავლენის მოხდენა არ შეუძლია პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, იბადება არცთუ უმნიშვნელო კითხვები: როგორ შეუთავსდებიან ერთმანეთს 2012 წლის პირველ ოქტომბერს არჩეული ახალი პარლამენტი და 2008 წლის იანვარში არჩეული ძველი პრეზიდენტი (რომელსაც პარლამენტში დასაყრდენად აწ უკვე უმცირესობა ეყოლება); როგორ აირჩევს ახალი უმრავლესობა და უმცირესობა პრემიერ-მინისტრს 2013 წლამდე და, რაც მთავარია, კანონით, რა მექანიზმია გათვალისწინებული 2013 წელს პრემიერ-მინისტრის ასარჩევად, რომელიც ქვეყნის პირველი პირი იქნება და არის თუ არა კვლავ აქტუალური მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად მოვლინების საკითხი 2013 წელს, რაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ამოეწურება. თემას ზაქარია ქუცნაშვილი განგვიმარტავს.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა წყალობითაც, ქვეყანაში მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს, 2010 წლის 15 ოქტომბერს დაკანონდა, თუმცა ძალაში შესვლის მიხედვით ნორმები, სამ ეტაპად დაიყო. ნაწილი ცვლილებების გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღესვე შევიდა ძალაში, ნაწილი – 2011 წლის პირველი იანვრიდან, ძირითადი მუხლები კი, რომლებიც უშუალოდ მმართველობითი სისტემის შეცვლას ეხება, 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.

– ძალიან აქტუალურია პრეზიდენტისთვის ახლად არჩეული პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი, რაც ერთგვარად სპეკულაციის თემად იქცა. რას ამბობს ამ პროცედურაზე აწ უკვე მოქმედი კონსტიტუცია?
– კონსტიტუცია მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის არსებობისას კრძალავს პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. ნებისმიერ სხვა დროს ეს ნებადართულია. უფრო მეტი შეზღუდვებია დაწესებული პარლამენტის დათხოვნისთვის. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, პარლამენტი დაითხოვოს მისი უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რომ არ გამოვიდეს, მეც მივდივარ და პარლამენტსაც ვშლიო. ისევე, როგორც პრეზიდენტს არა აქვს უფლება ახლადარჩეული პარლამენტი, მისი არჩევიდან პირველი 6 თვის განმავლობაში დაითხოვოს.
– საიდან უნდა გადავითვალოთ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადა?
– მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 2013 წლის 20 იანვარს გასდის, მაგრამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით სააკაშვილმა 10 თვით გაიგრძელა  უფლებამოსილების მეორე ვადა. ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები, თუ  კონსტიტუცია არ შეიცვალა, ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ,  ანუ 2013 წლის ოქტომბერში. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, ესე იგი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 2013 წლის 20 იანვრამდე კი, სულ რაღაც, 4 თვეა. ამდენად, თუ სამართლიანად მოხდება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის ვადის ათვლა, ანუ 2013 წლის 20 იანვრიდან, მაშინ სააკაშვილს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, რადგან არ იქნება  მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევიდან 6 თვიანი ვადა გასული. ეს ვადა ყველაზე გვიან  2013 წლის 20 აპრილს ამოიწურება. თუ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გასვლის ვადად 2013 წლის ოქტომბერს ავიღებთ, როგორც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია, მაშინ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მაინც არ შეუძლია იმის გამო, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან უკან 6 თვის გადმოთვლით გამოდის 2013 წლის 20 აპრილი, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტი დათხოვნისგან დაცულია ასევე კონსტიტუციის ძალით. როგორც ზემოთ ვთქვით, პრეზიდენტს არა აქვს უფლება პარლამენტი დაითხოვოს თავისი უფლებამოსილების ბოლო 6 თვის  განმავლობაში.
– გამოდის, რომ მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს უფლება არა აქვს  დაითხოვოს 2012 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი?
– დიახ, შექმნილი მდგომარეობიდან ასე გამოდის. 
– მართალია, პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ არწმუნებს საზოგადოებას, რომ არ შექმნის კრიზისს და იმოქმედებს სახელმწიფო ინტერესებით, მაგრამ კონსტიტუცია რა უფლებას ანიჭებს პირველ პირს, რა შემთხვევაში შეუძლია პარლამენტის დათხოვნა?
– როგორც ზემოთ გითხარით, მოქმედი კონსტიტუციით ეს შეუძლებელია. ამიტომაც მხოლოდ სპეკულაციებია. გათვლა მარტივია, დაგველაპარაკეთ, თორემ ხელს შეგიშლითო. ამ დროს ავიწყდებათ, რომ, თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ხალხის ნებას, საპარლამენტო ფრაქციებთან მოთათბირების გარეშე არ წარმოადგენს   პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეიქმნება კონსტიტუციის მორიგი დარღვევის მონაწილედ. შესაბამისად, წარმოიშობა იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების სამართლებრივი საფუძველი, როდესაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ახლად არჩეული პარლამენტი, გარდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა, დროში შეზღუდული არ არის.
– მაგრამ ეს საინტერესოცაა, ძალა, რომელიც მოვიდა უმრავლესობაში, ხომ უნდა გამოიწვრთნას პოლიტიკურ ბრძოლაში ოპონენტთან ყოველგვარი კანონდარღვევებისა და ხელის გადაწევის პრინციპის გარეშე, რაც აქამდე მასობრივად ხდებოდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ უბრალო, საკონსტიტუციო უმრავლესობაში იყო?
– რეალურად, ამ სქემით, არჩევანი აქვს ფორმალური ძალუფლების მქონე მაღალი თანამდებობის პირს, ანუ პრეზიდენტს. მაგალითად, ასეთიც: არ შემოვა შენთან კონფლიქტში და შემოგევაჭრება.
– ჩემი აზრით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვაჭრობა დაწყებული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკანონმდებლო პროცედურას მივყვეთ: როგორია, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა?
– ადრე კონსტიტუციაში გვეწერა, რომ პარლამენტის წევრთა ერთი მესამედი აღძრავდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას, ახლაც იგივე ჩანაწერია, მაგრამ არის განსხვავებაც: თუ ადრე ეწერა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია, საქმეს იხილავს უზენაესი სასამართლო და, თუკი კონსტიტუციური დარღვევაა – საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი რედაქციით, რომელიც როგორც ზემოთ ვთქვით, უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს იხილავს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ჩანაწერის მიზეზი ის არის, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის პროცედურები უფრო ხანგრძლივი აქვს, ვიდრე უზენაეს სასამართლოს.
– ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის ქმედებაში, რამდენი ხმა სჭირდება იმპიჩმენტის გამოცხადებას?
– პარლამენტის წევრთა ორი მესამედი. მაგრამ, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პარლამენტის წევრთა ორი მესამედი, ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხის დაყენების უფლება უკვე აღარავის აქვს.
კონსტიტუციის მომავალი რედაქციით, „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას.  საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.“ ერთი სიტყვით, ახალ რედაქციაში ამოვარდნილია ის ნაწილი, რომ პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკას.
– ოღონდ ეს მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?
– დიახ. ახალი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, დაიკავოს სხვა თანამდებობა, მათ შორის, პარტიული, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვა სახის მუდმივ ანაზღაურებას რამე საქმიანობიდან. ანუ დღეს პრეზიდენტს შეუძლია, იყოს მთავრობის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც, პარტიულიც, მაგრამ 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მას ყველა ამ უფლებას ართმევენ, მათ შორის, პარტიულსაც. ის ვერ აწარმოებს დამოუკიდებელ მოლაპარაკებას მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.
– მთავრობა რას აკეთებს ამ პერიოდში?
– კონსტიტუციის ახალი რედაქციის, მეორე მუხლის მესამე პუნქტში ვკითხულობთ: „2012 წლის ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად.“
ახალი რედაქციით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერ-მინისტრის მთავრობის თავმჯდომარეა, ახალი რედაქციით კი, ის მეთაურია. დიდი დისკუსია იყო ამ ტერმინის ირგვლივ და ითქვა, რადგან გვინდა, რომ სახელმწიფოს მეთაურად ჩაითვალოს არა პრეზიდენტი არამედ პრემიერ-მინისტრი, დაერქვას მეთაურიო. ახალი რედაქციით, სახელმწიფოს ფორმალური ლიდერი იქნება პრემიერ-მინისტრი. ის ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის წევრებს. მისი გადადგომის შემთხვევაში გადადგება მთავრობაც.
2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დადებს ფიცს, ახალი რედაქციით, მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამ კანონით დადგენილი წესი კი შემდეგნაირია: საქართველოს პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში მთავრობის მიერ უფლებამოსილების მოხსნიდან საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიული სუბიექტის მიერ წამოყენებულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტში. პრემიერმინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრების კანდიდატურებს ნდობის მისაღებად და წარადგენს სამთავრობო პროგრამას. შვიდი დღის ვადაში პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. შეამჩნევდით, რომ ძალიან მცირე ვადებია მთავრობის დასაკომპლექტებლად, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან მთავრობა მყისიერად უნდა დაკომპლექტდეს. თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილ ან განახლებულ შემადგენლობას ნდობის გამოსაცხადებლად. თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა პრეზიდენტისთვის პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენა და პარლამენტი მთავრობას ნდობას ვერ გამოუცხადებს, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას. რადგან სიითი შემადგენლობის ორი მეხუთედი, დაახლოებით, 40 პროცენტია, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატურაც იყოს, კანონით, პრეზიდენტი მათგან ირჩევს ისეთს, რომელიც უფრო მეტმა დეპუტატმა წამოაყენა. ხოლო თანაბარი ხმების შემთხვევაში კი – ერთ-ერთს, რომელიც მას უნდა. აი, სწორედ ამ შემთხვევაში დაედებოდა ოქროს ფასი ეგრეთ წოდებულ სატელიტ პარტიებს ვისი პარლამენტში გაყვანის გეგმაც ნაციონალურ ხელისუფლებას ჩაეშალა. მართალია, პირველ ჯერზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას ან ბლოკს შეუძლია თავისი კანდიდატურის წამოყენება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ ამ კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში, ვინც იმ მესამე ძალას მიიმხრობს, სწორედ მისი კანდიდატი გავა პრემიერ-მინისტრად. ანუ ამ შემთხვევაშიც იქმნება დაპირისპირების საფუძველი. ხოლო, თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ასე რომ, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის ჩვენებას და გარანტირებული გამარჯვებისთვის ადგილების 51-პროცენტის მოპოვებას, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით მიაღწია.
– რაც აქვს ამჟამინდელ უმრავლესობას. პრემიერ-მინისტრი როდიდან იძენს თავის მეთაურულ უფლებამოსილებას?
– იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის ეს მუხლები ამოქმედდება მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრიდან. მანამდე მყოფი პრემიერ-მინისტრი ისარგებლებს იმ უფლებებით, რაც ამჟამად მოქმედ პრემიერ-მინისტრს აქვს, ის იქნება მთავრობის თავმჯდომარე.
– აქვს კიდევ მიხეილ სააკაშვილს შანსი, გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი?
– 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს არანაირი შანსი აღარ აქვს გახდეს  პრემიერ-მინისტრი.
– პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრთა შემადგენლობიდან არ ირჩევა?
– იმისთვის, რომ გახდე პრემიერ-მინისტრი, არ არის აუცილებელი, იყო პარლამენტის წევრი. პარლამენტი თავისუფალია თავის არჩევანში.

скачать dle 11.3