კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დააბერა საქართველოს მოსახლეობა და რატომ არ ნიშნავს მოსახლეობის ზრდა მის გამრავლებას

იმას გარდა, რომ სტუდენტურმა გამოსვლებმა დაასრულა ერთი პოლიტიკური ძალის 9-წლიანი საკონსტიტუციო უმრავლესობიანი მმართველობა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ერთი პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო ვადებში და არჩევნების გზით ჩანაცვლებაში და „ნაცმოძრაობის“ უძლეველობის მითიც დაამსხვრია, მეტად სახიფათო ტენდენციაც ნათლად დაგვანახვა. სტუდენტები, ანუ ის თაობა, რომლებმაც უნდა მისცენ დასაბამი მათ მომავალს, რომელთათვისაც გვინდა ეს ქვეყანაც და ამ ქვეყანაში დემოკრატია-კეთილდღეობა, მტკვრის ერთი სანაპიროს ერთ მონაკვეთზე ეტევა. მეორე მხრივ, მოსახლეობის დაბერების ტენდენცია დედამიწის განვითარებულ ნაწილში აშკარად გამოკვეთილია. მიუხედავად იმისა, რომ ვერც დემოკრატიული განვითარებით დავიკვეხნით და ვერც ეკონომიკურით, მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლით განვითარებული ქვეყნების რიგში ვართ.
კერძოდ, საქართველოში 2002 წელს ბუნებრივი მატება 149 იყო, 2003 წელს –  139, 2004 წელს –  779. 1897 წელთან შედარებით 2011 წელს ბავშვთა წილი თითქმის 3-ჯერ შემცირდა, ხოლო 64 წელს გადაცილებულთა რიცხვი თითქმის იმავე პროპორციით გაიზარდა. 114 წლის განმავლობაში თანაფარდობა ხანდაზმული ასაკის მოსახლეობასა და ბავშვების რაოდენობას შორის თითქმის 8-ჯერ შეიცვალა ხანდაზმულების სასარგებლოდ. ამ მეტად აქტუალურ საკითხზე იოსებ არჩვაძეს ვესაუბრეთ.

– თავს ვიქებთ, სხვებიც გვაქებენ, რომ დემოკრატიის ტესტი ჩავაბარეთ, მაგრამ სტუდენტების რაოდენობამ მეტად მწუხარე ხასიათზე დამაყენა. თუ დემოგრაფიული ვითარება მძიმეა, აქვს აზრი ტესტებს?
– მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. თქვენ ახსენეთ დემოგრაფიული სიტუაცია, მე დავუმატებდი არა მხოლოდ დემოგრაფიული, სოციალურიც. რომ დავყოთ მოსახლეობა მსხვილ ასაკობრივ ჯგუფებად: შრომისუნარიანად, ბავშვებად და მოხუცებად, ვნახავთ, რომ ჩვენთან დაბალია ახალგაზრდა ასაკობრივი მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში: გნებავთ, 15-წლამდე ბავშვები ავიღოთ და, გნებავთ, სტუდენტური ასაკისანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა ბერდება და, დაახლოებით, რვა წლით უფრო ხანდაზმული მოსახლეობა გვყავს, ვიდრე აზერბაიჯანს, თურქეთს, ექვსი წლით უფრო ხანდაზმული, ვიდრე –  სომხეთს. ფაქტობრივად, გამოდის, რომ შრომისუნარიანი ასაკის ერთი და იმავე რაოდენობის მოსახლეობაზე ჩვენ თურქეთსა და აზერბაიჯანზე 2,5-ჯერ მეტი პენსიონერი გვყავს. ესე იგი, ჩვენთან უფრო მრავლადაა წარმოდგენილი არაშრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა, ბავშვები კი –  ნაკლებად.
რაც შეეხება სტუდენტებს: ავიღოთ 16-დან 25-წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, რაც სტუდენტურ ასაკად ითვლება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს წილიც მცირეა და არა მარტო მოსახლეობის აბსოლუტურ რაოდენობაში, არამედ –  სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. ჩვენ გვყავს 10 000-ით ნაკლები სტუდენტი, ვიდრე ევროპულ ქვეყნებს.
– რეალურ სტუდენტებზე ვსაუბრობთ და არა სტუდენტური ასაკის მოსახლეობაზე?
– დიახ, ჩვენთან დაბალია პირველი და მეორე საფეხურის უმაღლესი განათლების მქონე კონტინგენტის რაოდენობა, მაგრამ რას ნიშნავს სტუდენტთა მცირე რაოდენობა? ეს ნიშნავს, რომ მცირეა კვალიფიციური, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა. ჯერ ჩვენთან ისედაც მცირეა სამუშაო ძალის რიცხოვნობა. მართალია, მოსახლეობა გაიზარდა 2003 წლის შემდეგ, მაგრამ სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა. შედარებით მცირეა კვალიფიციური კონტინგენტი, არადა დღეს მთელ მსოფლიოში ეროვნული სიმდიდრის ყველაზე სწრაფად მზარდი ელემენტი არის ადამიანისეული კაპიტალი. თუ ავიღებთ მთელ ეროვნულ სიმდიდრეს, რაც უფრო მაღალია მასში ადამიანისეული კაპიტალის ოდენობა, მით უფრო განვითარებულად ითვლება ქვეყანა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი აქვს წიაღისეულის მარაგი, ქვეყნისთვის მთავარი სიმდიდრის განმსაზღვრელი დღეს ადამიანისეული კაპიტალია.
– მოვიყვანოთ მაგალითები, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას?
– მაგალითად, იაპონია არ არის სასარგებლო წიაღისეულით ცნობილი სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა: მას არ კვეთს საქარავნო გზები და გზაჯვარედინები, მაგრამ ის მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ძალიან აქტიური მოთამაშეა იმის გამო, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლებს განვითარებული აქვთ სამუშაო უნარ-ჩვევები, პროფესიონალიზმი, მაღალია მათი შრომის მწარმოებლურობა და, საბოლოო ჯამში, ეს ქმნის იმ სიმდიდრეს, რითაც იაპონია ცნობილია მთელ მსოფლიოში. ამიტომ ადამიანისეული კაპიტალის სიდიდე და მისი ზრდის დინამიკა არის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, თუ როგორ მივდივართ წინ.
– გარდა იაპონიისა, კიდევ რომელი ქვეყანა გამოირჩევა მსოფლიოში ადამიანისეული კაპიტალით?
– საერთოდ, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მეტია იქ ადამიანისეული კაპიტალის წილი.
– იგულისხმება დემოკრატიული განვითარება?
– დიახ, არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკური კუთხე: შეიძლება, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი რესურსები, მაგრამ ადამიანისეული კაპიტალის წილი იყოს ნაკლები: მაგალითად, ყაზახეთი. თუმცა, მაგალითად, სამხრეთ კორეაში განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და იქ ინგლისური ენის მცოდნე პირების მიერ კი არ ისწავლება კორეის სოფლებში ენა, არამედ პროფესიული განათლების მქონე პირების მიერ. ჩვენთან რომ ჩამოჰყავთ ინგლისურენოვანი მოხალისეები, მართალია, მათ იციან ინგლისური, მაგრამ არ აქვთ პროფესიული, პედაგოგიური უნარ-ჩვევები, მხოლოდ ენის ცოდნა კი არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ ასწავლო.
– და გააჩნია, რისთვის ასწავლი, თუ ტურისტს უნდა ემსახურო, მოხალისე მასწავლებლების დონე საკმარისია, ალბათ, მაგრამ, თუ ამ ენაზე უახლესი ტექნოლოგიური და სამეცნიერო ნაშრომების გაცნობა გინდა, მოხალისეები ვერაფერს გიშველიან?
– ადამიანმა შედარებით იოლად რომ მოახერხოს ადაპტაცია იმ სახელმძღვანელოებთან, რომლებითაც განვითარებული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება, აუცილებელია ნორმალური პედაგოგების მიერ ენის სწავლება.
– ევროპაში როგორაა საქმე?
– ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში განათლებაზე ხარჯების სიდიდე საკმაოდ მაღალია როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ისე სახელმწიფო ბიუჯეტში. განათლების ხარჯი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საბიუჯეტო ხარჯებისა. ენების მაგალითს მოგიტანთ თვალსაჩინოებისთვის: ევროპის ქვეყნებში საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის საგნებს შორის  უცხო ენების სწავლება შეადგენს 2,3-ს. ესე იგი, ორზე მეტს, მშობლიური ენის გარდა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის 12 ყვითელვარსკვლავიან ლურჯ დროშას არა მარტო სიმბოლური დატვირთვა აქვს, არამედ მართლაც აერთიანებს სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს და ენის ცოდნა ხელს უწყობს მათ შორის ბარიერის მოხსნას, ურთიერთგაგებას და სოლიდარობის გრძნობის გაჩენას.
– ისე, ამერიკელებს არ უყვართო სხვა ენების სწავლა, რუსების არ იყოს?
– ამერიკა დიდი ქვეყანაა და იქ საკმაოდ მცირეა ისეთთა რაოდენობა, რომლებიც უცხო ენებს ფლობენ. თუმცა, მაგალითად, ამერიკის საელჩოს ბევრმა თანამშრომელმა მოახერხა ქართულის სწავლა, მაგრამ მასობრივად უცხო ენების მცოდნეთა თანაფარდობა ნაკლებია, ისევე, როგორც იმ ამერიკელთა თანაფარდობა მთელი ამერიკის მოსახლეობასთან, რომლებსაც ერთხელ მაინც დაუტოვებიათ ამერიკის კონტინენტი, ანუ მცირეა ასეთთა რაოდენობა.
– კარგად არიან და არსად არ უნდათ წასვლა?
– დიახ და ნაკლებად წუხან სხვაგან სამოგზაუროდ.
– ადამიანისეული კაპიტალის მაჩვენებელი?
– საკმაოდ მაღალია,  მთლიანი ეროვნული სიმდიდრის თითქმის 45 პროცენტს აღწევს. ამაში შედის როგორც ხელფასის სიდიდე, ისე შრომის მწარმოებლობის დონე და მიიჩნევა, რომ პერსპექტივა კიდევ უფრო მეტი აქვთ. დღეს თანდათან მცირდება მატერიალურ-ქონებრივი სიმდიდრის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და, იმედია, ჩვენთანაც მოვა ამის დრო. წარმოიდგინეთ, ჩემი შეფასებით, საქართველოდან გასული მოსახლეობის, რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანის, მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შრომის ანაზღაურება შეადგენს არანაკლებ 4 მილიარდ დოლარს.
– ერთ მილიარდს კი აქ აგზავნიან.
– უკვე ცოტა მეტს, მილიარდ სამას მილიონს აგზავნიან საქართველოში.
– ეს რას ნიშნავს? ეს 4 მილიარდი ადამიანისეულ კაპიტალს გვიჩვენებს?
– რა თქმა უნდა, ესე იგი, მათზე არის მოთხოვნა. ესე იგი, მათი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ის დოვლათი, რომელიც მათ მიერ იქმნება ერთი წლის განმავლობაში.
– მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მოსახლეობაც დაბერებულია, იქ ადამიანისეული კაპიტალის შექმნას მაინც ახერხებენ. როგორ?
– იქაც დაბერებულია მოსახლეობა და არანაკლებად, ვიდრე ჩვენთან და საშუალო ასაკი კრიტიკულ ზღვარსაა მიახლოებული. თუ 65 და მეტი ასაკის მოსახლეობის ოდენობა აღემატება მოსახლეობის საერთო რაოდენობის 7 პროცენტს, ერი დაბერებულად ითვლება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 14 პროცენტია, ანუ ორჯერ ვაჭარბებთ. ევროპაშიც იგივე მდგომარეობაა, თუმცა ევროპაში შრომისუნარიან მდგომარეობას გაცილებით ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ინარჩუნებენ. იქ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მაღალია.
– ძალიან შემშურდა, როდესაც გავიგე, რომ საფრანგეთში საპენსიო ასაკის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 24 წელია.
– ქალებში უფრო მეტია, 28 წელი და ეს დრო მათ ეკუთვნით დასვენების და აქტივობისთვის. ეს ასეა ყველა განვითარებულ ქვეყანაში. მაგალითად, სპეციალური პროგრამის გატარების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, ღარიბების რაოდენობა 65 წელს გადაცილებულთა შორის ორჯერ შემცირდა და დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ვიდრე საშუალო ასაკის მოსახლეობაში. ესე იგი, ამერიკაში ღარიბები ასაკოვან მოსახლეობაში უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მოსახლეობაში.
– ანუ ეს ქვეყანა იძლევა საშუალებას, რომ დააგროვო საპენსიო ასაკისთვის?
– დიახ. ჩვენთან კი ასაკობრივი პენსიონერი უკვე ითვლება მარგინალურ სოციალურ ჯგუფად. ვისაც არ აქვს საკმარისი შემოსავალი და რომ არა ოჯახის შრომისუნარიანი წევრი, მათი ფიზიოლოგიური არსებობაც კი შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ეს არის პრობლემა. სხვანაირი სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს; მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს ბიზნესს, რადგან გადამეტებული ადმინისტრირება კლავს ინიციატივას, მათ შორის, ბიზნესშიც. უნდა არსებობდეს თამაშის ზოგადი წესები, მაგრამ არ უნდა ჩასაფრდე თითოეულ ნაბიჯზე.
– დედამიწაზე ბოლო პერიოდში გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მათ შორის, ჩვენთანაც.  იქ, გასაგებია, რატომაც, მაგრამ ჩვენთან რით იხსნება ეს?
– როდესაც ვლაპარაკობთ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდაზე. ვგულისხმობთ სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას. ახლა რომ ბავშვი იბადება, რა ხანგრძლივობის სიცოცხლე ელის მას დღევანდელი საწარმოო პირობების, კვების, ჯანდაცვისა და ასე შემდეგ პირობებში. ჩვენთან მეცხრამეტე საუკუნეში შედარებით დაბალი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ სამედიცინო სფეროს განვითარებამ, ანტიბიოტიკების შემოტანამ, სამედიცინო ქსელის შექმნამ ხელი შეუწყო სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას, მაგრამ დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის მაჩვენებელი და, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით, 5-ჯერ აღემატება ჩვენთან ეს მაჩვენებელი განვითარებული ქვეყნის მაჩვენებელს, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ეს მაჩვენებელი, რეალურად, 10-12-ჯერ უფრო დიდია. იაპონიაში, მაგალითად, სულ 5 შემთხვევაა 1 000 დაბადებულ ბავშვზე, ჩვენთან, სხვადასხვა წელს, მერყეობს 18-დან 22-მდე, ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, 32-ც კი არის. ევროპაში ეს მაჩვენებელი 6-დან 8-მდეა.
– სანამ ადამიანისეული კაპიტალი შეგვექმნება, საჭიროა, რაოდენობა, ესე იგი, გამრავლება, ანუ ბევრი ბავშვის გაჩენაა გადარჩენა?
– მეშინია, ბანალური არ ვიყო, რადგან არის ორი, კარგად ცნობილი პრინციპი, რომელიც დადებით შედეგს იძლევა: ეს არის გამრავლება და განათლება, როდესაც ეს ორი მაჩვენებელი თანხვდება, იმ ერს გადაშენება და მსოფლიოს  კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხება არ ემუქრება.
– განათლება ისევე აუცილებელია, როგორც გამრავლება?
– განათლება აუცილებელია, რომ ადეკვატურად უპასუხო თანამედროვე გამოწვევებს, გყავდეს კვალიფიციური სამუშაო ძალა და შეძლო თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების რაციონალური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ხარისხიანი დოვლათის წარმოებისთვის. გაუნათლებელი თაობა, გაუნათლებელი ადამიანები ამას ვერ შეძლებენ. მხოლოდ გამრავლებას, რომ, უკაცრავად გამონათქვამისთვის, „მივაწვეთ“,  არ გამოვა. ჩვენ სტუდენტების რაოდენობითაც ჩამოვრჩებით.
– მსმენია, წლების წინათ ამბობდნენ, სჯობს, ერთი შვილი გყავდეს და უზრუნველყოფილი ყველაფრით, ვიდრე უფრო მეტი და ნაკლებად უზრუნველყოფილიო?
– ამ მიდგომამ შეიძლება, გაამართლოს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიანში ეს ილუზორული შედეგია. არსებობს ადამიანური რესურსის ბუნებრივი ტექნოგენური დანაკარგი, ამიტომ, პრობლემები რომ არ შეექმნას ადგილობრივ ეთნოსს, საჭიროა კვალიფიციური და განათლებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა და, მეორე მხრივ, მარტო განათლებაც ვერ შველის: რაოდენობა და ხარისხი. პალესტინელების ლიდერს ეკუთვნის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი: ჩვენ ებრაელ ერს დავამარცხებთ პალესტინელი ქალის საშოთიო. მაგრამ მარტო ეს არ არის: გამოწვევებს უნდა უპასუხო რაოდენობითაც და ხარისხითაც. ქვეყანაში უნდა იყვნენ ქართული ეთნოსის წარმომადგენლები, მაგრამ, ამასთანავე, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრესის ნებისმიერი შეზღუდვა: წიგნი იქნება ეს თუ სატელიტური თეფში, უარყოფითად მოქმედებს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, ამიტომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა ვიფიქროთ.

скачать dle 11.3