„მეც მწარედ მომატყუეს“
ანუ ბრილიანტები მისი სისუსტეა
შესაძლოა, არც გახსოვდეთ, მაგრამ, ორი ათეული წლის წინათ, აი, მაშინ, საბჭოეთი რომ დაინგრა, რუსეთში ბიზნესს ვინმე ბრინცალოვმაც მიჰყო ხელი, მალევე გამდიდრდა და, ერთ მშვენიერ დღეს, თავის მეორე ნახევარს ბრილიანტებშეფრქვეული წინდებიც უყიდა, რაც შემდეგნაირად ახსნა: ბრილიანტები ჩემი ცოლის სისუსტეა, ხოლო ჩემი ცოლი – ჩემი სისუსტეაო. ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა იგივე კონკრეტული სისუსტე ქართული ფარმაცევტული ბაზრის საკმაოდ სოლიდური წილის მფლობელ-შემომტან-დისტრიბუტორ-გამყიდველ ბ-ნ კურტანიძეს, მაგრამ, ვიცით, რომ მისი სისუსტე ბრილიანტებია.
სანდო წყაროს ცნობით, ბ-ნ კურტანიძეს ფეხსაცმელს ბრილიანტის თვალი უმშვენებს, რომელიც ერთი ფეხსაცმლიდან მეორეზე გადააქვს (როდესაც უცვდება). ბუნებრივია, ეს მისი უფლებაა, თუმცა, ჩვენი უფლებაა, მედიკამენტები გონივრულ ფასად შევიძინოთ, ოღონდ, ვერ ვიძენთ (არაერთი კვლევითაა დადასტურებული, რომ ამ ჩვენს ნაშუქურალ სამშობლოში მედიკამენტები 200-300-პროცენტიანი ფასნამატითაც კი იყიდება).
ამის მიუხედავადაც, აგერ უკვე ათეულ წელზე მეტია, ბ-ნი კურტანიძე გვარწმუნებს, რომ არც მონოპოლისტია და არც კარტელური გარიგების მონაწილე (ვფიქრობ, შიგადაშიგ მხრებიც ექავება ხოლმე). მეტიც, იმავეს მტკიცება მან „ბეზ პიატი მინუტ“ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისასაც სცადა, თუმცა, ბუნებრივია, არ გაუვიდა. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნმა ივანიშვილმა ბიზენსმენებს „ჭკუის მოხმობისკენ“ მოუწოდა (გაბერილ ფასებს ვერ შევეგუებიო), რის შემდეგაც „ავერსი“ და „პე ეს პე“ ერთმანეთს ასწრებენ წამლების გაიაფებაში, აშკარაა, მეაფთიაქეებს „არგო წამალმა“!
არათუ არგო, გვერდითი მოვლენაც გამოიწვია: სახელდობრ, ბ-ნი კურტანიძე ბრძანებს: „მე ამ რვა წელიწადში რამდენჯერმე მაქვს გადახდილი თანხა, ისე, როგორც ბევრს, ყოველგვარი საჭიროების გარეშე“ და ამატებს, რომ ამის გამო სასამართლოშიც აპირებს ჩივილს. ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, „ავერსის “ შეჭირვებულ მეპატრონის ფინანსური მხარდაჭერისთვის ფულიც შეგვაგროვებინონ.
P. S. აქვე შეგახსენებთ, რომ პაატა კურტანიძემ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობას“ 60 ათასი ლარი შესწირა, იგივე ქმნეს მისმა მეუღლემ (5 ათასი ლარი), ძმამ (60 ათასი ლარი), დამ (35 ათასი ლარი) და სიძემ (10 ათასი ლარი).
ჰოდა, ამ ფეხსაცმელში ბრილიანტჩაკერებულ კაცს თუ ამდენი ხარჯი ჰქონდა, ფასნამატი 300 პროცენტზე ნაკლები არ უნდა გაეკეთებინა!