როგორ გადაურჩა დაჭერას ნინო სალუქვაძე
ერთხელ, ლექციების შემდეგ მოვსეირნობთ.
– ნინო, – ამიტყდა თანაკურსელი ვაჟი, – შენ ხომ მსროლელი ხარ, საკუთარი იარაღი არ გაქვს?
ახლა, რომ ვუთხრა, არა-მეთქი, ვიცი, მის ცნობისმოყვარეობას ვერ დავაკმაყოფილებ, გადამეკიდება – რატომ არაო. ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე:
– მაქვს, აბა არ მაქვს?!
– რა მარკის? – არ მეშვება.
– „სტეჩკინი“, – ვუთხარი, რაც ენაზე მომადგა.
– კიდევ? – არაფრით არ სჯერა, რომ ერთი მექნება.
– კიდევ „პარაბელუმი“ მაქვს ჩანთაში და ორი ხელყუმბარაც, – დავუმატე მეტი დამაჯერებლობისთვის.
– იმიტომ მიყვარს შენ გვერდით სიარული, არავისი აღარ მეშინია, – მიიხედ-მოიხედა აშკარა სიამაყით და თითქოს ამით დამთავრდა იმ დღეს ის საუბარი, მაგრამ, თურმე, ჯერ სადა ხარ!
მეორე თუ მესამე დღეა. გამოვდივარ დილით სახლიდან, ლექციაზე მიმეჩქარება. ვიგრძენი, რომ ვიღაც ფეხაკრეფით მომყვება უკან. ქალურ ინტუიციას არ უღალატია – „მდევარი“ მალე დაწინაურდა. სამი-ოთხი ნაბიჯით გამასწრო, მერე მოწყვეტით შემოტრიალდა და წინ ამესვეტა:
– პოლკოვნიკი ეგაძე! თუ შეიძლება, გაჩერდით და პანიკა არ იყოს!
დამცეცხლა. „რა უნდა ამ პოლკოვნიკს?!“ – გავიფიქრე შეშფოთებულმა.
– რა ხდება? – ვეკითხები მშვიდად.
– გაშიფრული ხართ! წყნარად! საბუთები, თუ შეიძლება.
– რა ვარ?
– გაშიფრული ხართ... საბუთები!
ამოვიღე ყველანაირი საბუთი. დაიწყო კითხვა და, უცებ, ხმამაღლა წამოიყვირა:
– ფუუ... შენი დედა ვატირე, ჰამლეტა შტერო!!!
– რა ბრძანეთ?
– რა ვბრძანე და... იმ შტერმა ჰამლეტამ (აგენტი ჰყოლია) თქვენზე მითხრა – ტერორისტია ეგ ქალი, „სტეჩკინი“, „პარაბელუმი“ და ორი „ლიმონკა“ აქვს ჩანთაშიო. ბოდიში, პატივცემულო, ვერ გიცანით სახეზე – დამიბრუნა საბუთები და „გაქრა“.
ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ნაამბობის
მიხედვით