რა სიგიჟეებზე იყვნენ თანახმა მამაკაცები ანა ალექსიშვილის წითური კარმენის გულის დასაპყრობად და რა ემოციები გამოხატა მან სხეულით
წითური კარმენი ზუსტად ისეთია, როგორიც ის პროსპერ მერიმესთვის იყო – თავისუფლებისმოყვარე ბოშა, უსამშობლო, გიჟურად შეყვარებული საკუთარ თავზე, სიყვარულსა და ვნებაზე... წითური კარმენი ანა ალექსიშვილია, ის სხეულით გადმოსცემს კარმას, რომელიც თან სდევდა მის გმირს – ბოშა მზეთუნახავს, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა მამაკაცებს და მათ ყველანაირ სიგიჟეს აკეთებინებდა.
ანა ალექსიშვილი: სპექტაკლის დადგმა გადაწყდა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ დაამტკიცა კოტე ფურცელაძის პროექტი – სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს განსხვავებული ტიპის „კარმენი” დაედგათ, რომელსაც ლონდონში ვითამაშებდით. იანვარში დაიწყო ამაზე საუბარი და სამი თვის განმავლობაში გვქონდა რეპეტიციები. ხუთ ქვეყანას უნდა წარმოედგინა განსხვავებულ ჟანრში დადგმული კარმენი. ეს იდეა ძალიან მოეწონათ მათ, ვისაც პროექტი უნდა დაემტკიცებინათ. როდესაც მითხრეს, კარმენი შენ უნდა ითამაშოო, ძალიან გამიკვირდა. გონებაში ყველას ერთი ტიპის კარმენი ჰყავს, გადატკეცილი შავი თმით, თმაში წითელი ვარდით, დიდი მარაოთი. ამ დროს კი – მე, ხუჭუჭა, მოქერაო თმით...
– თუმცა, თმას თუ არ ჩავთვლით, საკმაოდ სახასიათო, კარმენისეული ნაკვთები გაქვს.
– შეიძლება, არ ვიცი. ალბათ, ეს დაინახა კოტემაც, მაგრამ, ჩემი ჩათვლით, ეს ამბავი ყველას უკვირდა და ეუცნაურებოდა. მე, რა თქმა უნდა, გამიხარდა, რადგან, ყველაფერი მიხარია, რაც ჩემს საქმეს – თეატრს, კინოს, არტს უკავშირდება. რეპეტიციები საკმაოდ ადრე დავიწყეთ, რადგან, არ ვართ მოცეკვავეები, არადა, მთლიანად სხეულის ენით, მოძრაობით გვინდოდა ამბის გადმოცემა.
– შენ ცეკვის რაღაც გამოცდილება ხომ გქონდა?
– მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი ცოტა ხანს ბავშვობაში, რისთვისაც ახლა უნდა გადავუხადო ჩემს მშობლებს დიდი მადლობა. ზოგი ბავშვი ბალეტზე დადიოდა, ზოგი – ქართულ ცეკვებზე, მე კი მხატვრულ ტანვარჯიშზე მიმიყვანეს. მეგონა იქიდან არაფერი მახსოვდა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვირწმუნე, რომ არ არსებობს გამოუყენებელი ცოდნა. ძალიან გამომადგა ის, რაც მაშინ მასწავლეს. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ მოძრაობები რეფლექსებში გადასულიყო, ამაზე აღარ გვეფიქრა და უკვე ამის შემდეგ დაგვეწყო თამაში. საკუთარი სხეულის ფლობა საკმაოდ რთულია, თან, მაქსიმალურად მსუბუქად, როგორც ბუმბულმა, ისე უნდა იმოძრაო სცენაზე, თან კარმენი უნდა ითამაშო და, თანაც, კარგად ითამაშო. მოკლედ, ამოცანა რთული იყო და, როგორ გავართვით თავი, ამას, ალბათ, თბილისის პრემიერის დროს ნახავს მაყურებელი, რომელიც 17 ოქტომბრისთვის იგეგმება. ყველა ჩვენი მოძრაობა უნდა იყოს მსუბუქი და, ამავდროულად, მაყურებელმა ზუსტად უნდა იგრძნოს ის ემოცია, რომელსაც კონკრეტული მოძრაობით გამოხატავ.
– როგორია შენი კარმენი, გარდა იმისა, რომ წითელთმიანია?
– აბსოლუტურად განსხვავებული პროსპერ მერიმეს კარმენისგან. თემა იგივეა, კარმენი აქაც საბედისწერო ქალია; კაცების გულთამპყრობელი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, მოცემულობა, გადმოცემის ფორმაა სრულიად განსხვავებული. ეს არ არის ესპანეთი, ის არ არის ბოშა, მას არ აქვს შავი თმა და კასტანიეტები... ჩვეულებრივი გოგოა, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს. მთელი სპექტაკლი აწყობილია მოდერნ-ბალეტის სტილში, ეგრეთ წოდებული „დანგრეული“ მოძრაობებით. ჩვენთვისაც და მაყურებლისთვისაც საკმაოდ საინტერესო ვერსიაა. უყურებ და გიკვირს, თანაც, ხვდები, რომ ასეთი კარმენიც შეიძლება იყოს.
– რას უშვრები შენს ხოსეებს?
– ყველაფერს იმას ვუშვრები, რაც წერია და როგორც არის. თემა შეცვლილი არ არის, შეცვლილია ფორმა და მოცემულობა. ეს არის კოტე ფურცელაძისეული დანახვა ამ რომანის, რომელიც მე ძალიან მომწონს.
– პრემიერამ როგორ ჩაიარა?
– ძალიან საინტერესოდ. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი და დავრწმუნდი, რომ დიდ ბრიტანეთში ვიყავი, მიწის კოცნა დავიწყე (იცინის). რა მაგარია, პლანეტის ცენტრში ვარ-მეთქი, ვფიქრობდი. ლონდონის მოშორებით არის პატარა ქალაქი ქენთერბერი, სადაც არის კენტის უნივერსიტეტი და იქ უნდა ჩაგვებარებინა სპექტაკლი, ოთხი ქვეყნის თეატრალური დასები შევიკრიბეთ: ჩვენ, ფრანგები, ბრიტანელები და რუმინელები. ერთმანეთის სპექტაკლებს ვუყურეთ, გვქონდა „ვორქშოპები“ ანუ, განხილვები, სადაც ვსაუბრობდით ყველაფერზე კარმენთან დაკავშირებით: ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე, სიყვარულზე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ტრადიცია, რომ პრემიერის შემდეგ სპექტაკლის განხილვა მოეწყოს, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. პრემიერა კი უკვე შედგა ლონდონში, ჩელსის თეატრში. სპექტაკლს ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კენტის უნივერსიტეტში თამაშის შემდეგ საოცარი ემოცია მქონდა. მსახიობს, რომელიც რუმინულ დადგმაში კარმენს თამაშობდა (ეს იყო კარმენის აუდიო ვერსია – მხოლოდ ხმა), თან ახლდა შვილი. სცენიდან რომ ჩამოვედით, ბავშვმა ტაშის დაკვრა დაიწყო, მივხვდი, რომ რაღაც გამოვიდა და მეტი არც არაფერი მინდოდა.
– დანარჩენების კარმენი როგორი იყო?
– ბრიტანელებსაც ექსპერიმენტული ვერსია ჰქონდათ წარმოდგენილი – მოქმედება ხდებოდა სარეპეტიციო მაგიდასთან, სადაც სპექტაკლ „კარმენზე” უნდა ემუშავათ. პრემიერის შემდეგ ძალიან ბევრი შემოთავაზება წამოვიდა, რომელთა შესახებ ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, „კარმენს” ბევრ ქვეყანაში ვითამაშებთ. დიდი მოწონება დაიმსახურა თვითონ ამ პროექტმაც – რომ ერთი თემა სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა ჟანრში წარმოადგინოს.
– შენი აზრით, ქართველი მაყურებელი როგორ მიიღებს ახალ ვერსიას?
– არ ვიცი, იმედი მაქვს – კარგად. ამაზე საუბარი მიჭირს. 16 სექტემბერს თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვითამაშეთ სპექტაკლი და საკმაოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. პროექტი ითვალისწინებდა, რომ პრემიერა აუცილებლად ლონდონში უნდა ყოფილიყო და, ამიტომ, ორგანიზატორებს ვთხოვეთ, ფესტივალზე სპექტაკლი გაგვეტანა, მაგრამ, არა ქართული დასის სახელით. ამაზე დაგვთანხმდნენ და ვითამაშეთ. ჩემი მხრიდან, უხერხული მგონია იმ სპექტაკლის ქება, სადაც მთავარ გმირს ვთამაშობ; ჯობია, მაყურებლის შეფასებებს დაველოდოთ.
– შენში თუ აღმოაჩინე კარმენის თვისებები?
– ეს ის შემთხვევაა, როდესაც გმირი აბსოლუტურად განსხვავდება ჩემგან და, სწორედ ამიტომ, გაცილებით საინტერესო იყო სათამაშოდ. ის არის ყველაფერზე წამსვლელი ქალი, რომელიც ვიღაცასთან მხოლოდ იმის გამო დაწვება, რომ საზღვარზე კონტრაბანდა გადაიტანოს. მას სულ უნდა, რომ ყურადღების ცენტრში იყოს და, თუ ყურადღება აკლდება, შეუძლია, ამის გამო ადამიანიც მოკლას. ეს თვისებები ნამდვილად არ მაქვს. ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რას მიჰყავდა ეს ქალი აქამდე, როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს, რა მიზეზი ჰქონდა მის თითოეულ მოქმედებას; როგორია, იყო ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამშობლო, რომელსაც შეუძლია, დაუნდობლად უთხრას საყვარელს, რომ აღარ უყვარს – ეს ყველაფერი არც მე მიმაჩნია დანაშაულად, ეს მისი ცხოვრება და მისი არჩევანია. იმის გამო, რომ საზღვარზე კონტრაბანდა გადაიტანოს, ზოგი ფულს იხდის, კარმენს კი ფული არ აქვს და ამის ნაცვლად იაფ სიყვარულს სთავაზობს, ოღონდ, არავის ატყუებს, ყველას ეუბნება, რომ ახლა სხვა უყვარს. მასზე გიჟდებიან, მაგნიტივით იწებებს კაცებს და ეს ძალიან მოსწონს.
– რომელ ქალს არ მოსწონს ეს?
– რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, როცა შენთვის გადარეულია ვიღაც; თან, როცა საკუთარ ძალაუფლებას გრძნობ, თავად უშვებ უამრავ ქსელს და შენზე შეყვარებული მამაკაცებით ჭადრაკს თამაშობ – სადაც გინდა, იქ გადადგამ ფიგურას. თუმცა, შეუძლებელია ბოლომდე თავისუფალი იყო სამყაროში, სადაც უამრავ მამაკაცთან გაქვს ურთიერთობა, მით უფრო, რომ მათაც აქვთ თავიანთი უფლებები. ასე ცხოვრობს კარმენი, ასეთია მისი არჩევანი და, ვეცადე, ეს მაქსიმალურად გასაგები ყოფილიყო მაყურებლისთვის.