კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-39(613)

მურთაზმა დაფეთებულმა გაახილა თვალები, მაგრამ, ირაკლიმ გონს მოსვლა არ აცადა, კისერში სწვდა და უცერემონიოდ გადაათრია უკანა სავარძელზე. ამასთან ერთად ლუკა საჭესთან გადაჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. დაიძრა შავი „მერსედესიც”. ის შემობრუნდა და მოჩვენებასავით გაჰყვა მანქანას.
მანქანამ უკან მოიტოვა ქალაქი, გზატკეცილიდან გადაუხვია და მტკვრის პირას, ბინდმორეულ ჭალაში შეჩერდა. „მერსედესი” მისგან ოციოდე მეტრის მოშორებით შედგა.
მურთაზმა შიშით მოავლო თვალი მიდამოს. ირგვლივ არავინ მოჩანდა. სიჩუმეს მხოლოდ გზატკეცილზე სწრაფად გავლილი მანქანების ხმა არღვევდა.
– რას მიპირებთ?! – ყრუ ხმით იკითხა მურთაზმა, როგორც კი ლუკამ ძრავა ჩააქრო და მისკენ შემობრუნდა.
– შენ როგორ გგონია? – ჰკითხა ლუკამ.
– დამიჯერე, მე რამის შეცვლა არ შემეძლო. ყველაფერი ვცადე, მაგრამ, მაჩაიძეს შეგონება მაინც ვერ შევძელი. მას საკუთარი მიზანი ჰქონდა და სხვას არაფერს ითვალისწინებდა.
– თავიდანვე რატომ არ გამაფრთხილე? – ცივად ჰკითხა ლუკამ, – ამდენ დროს აღარ დავკარგავდი!
– არ ვიცოდი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული მაჩაიძეს, თავიდან ყველაფერი სხვანაირად ამიხსნა!
– გინდა, დამაჯერო, რომ, ავანტიურისტი კი არა, ბოთე ხარ?! – ჩაიცინა ლუკამ.
– როგორც გინდა ისე გაიგე. შენ თვითონ ვერ ხვდები, რომ ამ საქმეში მხოლოდ ჭანჭიკი ვარ?
– ჩემზე კარგად არავინ იცის, რა დიშოვკაც ხარ, მაგრამ, აქამდე შენი ჭანჭიკობა არ გიხსენებია. პირიქით, მარწმუნებდი, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭირო დასკვნას თუ დავდებდი, ეკას გამოყვანას მოახერხებდი!
– არ გამოვიდა, გესმის? არ გამოვიდა! მაჩაიძე უკვე ყოყმანობდა – ცოტაც და, ეკას გამოშვებაზე დამთანხმდებოდა. მასაც არ იზიდავდა პრესაში და ტელევიზიაში ამ საქმის გამოჩენის პერსპექტივა, მაგრამ რუსებმა გვაჯობეს – ისეთი რამ შესთავაზეს, რაზეც მაჩაიძე არასდროს იტყოდა უარს. რა ფასი აქვს ეკას, მაჩაიძის მიერ აყვანილ „ეფესბეს” ორ აგენტთან შედარებით?! არავითარი!.. მაჩაიძემ თავისი საქმე გააკეთა და მე ეს ნეხვის გროვა შემატოვა ხელში! შენ კი, ჩემზე ჩალიჩს, გერჩივნა რუსებთან მოგეგვარებინა საქმე. ისინი რომ არ ჩარეულიყვნენ, ეკა უკვე სახლში იქნებოდა!
– კიდევ რამეს ხომ არ მირჩევ? – დამცინავად ჰკითხა ლუკამ.
– არა... – შეცბა მურთაზი.
– ექიმების სხვა შემადგენლობა როგორ შეეტენა საქმეში? – განაგრძო ლუკამ, – მაჩაიძეს ეჭვი ხომ არ შეეპარა დიაგნოზში?
– არა, დასკვნაში ეჭვი არ შეჰპარვია, უბრალოდ, დროის გაწელვა უნდოდა.
– შენი თქმით, ეს შემთხვევითობაა და მეტი არაფერი?
– ჰო... მაგრამ, მაგ შემთხვევითობას შეიძლება ბევრი ვინმე გადაჰყვეს, უპირველესად კი თავად ეკა! დღეს მაჩაიძე „ეფესბეს” აგენტების აყვანის ისტორიითაა გართული. რას ერჩი, კაცმა ის მიიღო, რაც ყველაზე ძალიან აინტერესებდა: პოზირებს კამერებთან, იძლევა შთამაგონებელ ინტერვიუებს, თუმცა, ხვალ ეს ყველაფერი დამთავრდება. მაჩაიძეს ისევ მოუნდება კამერის წინ ბზრიალი, მაგრამ, მანამდე რუსეთის მიერ ჩაშვებული აგენტები ობს მოიკიდებენ და...
– გაჩუმდი!... – ბრაზით წამოიძახა ლუკამ, – ვინ ხართ თქვენ! ვინ მოგცათ ადამიანის ცხოვრებით ასე თამაშის უფლება?!
– მე მეუბნები მაგას?!
– მოკეტე, დამპალო! – ლუკამ სწრაფად მოიქნია მარჯვენა და პისტოლეტის ტარი სახეში შემოჰკრა მურთაზს.
მურთაზი უკან გადაქანდა და სავარძელს მიეკრა.
– შენ კარგად გახსოვს ჩემი ახალგაზრდობა, – განაგრძო ლუკამ, – ბოლომდე გქონდა გადაბულბულებული ჩემი და დადას დოსიეები...
– არ გინდა, გთხოვ.... – მურთაზმა შიშით აღსავსე მზერა მიაპყრო პისტოლეტს.
– 13 თუ 14 წლის ვიყავი მაშინ. ერთი ახვარი გადმოიყვანეს ჩვენს სკოლაში. სპორტსმენი იყო, რაგბისტი. მოკლედ, ზედმეტი ცხენის ძალები აწუხებდა. ამ ტიპმა ცოტა ხანში მთელი სკოლა ქვეშ გაიგდო. სცემდა ყველას – დიდს, პატარას, თანაკლასელს, უბნელს.... არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ტრაკს დააყენებინებდა – არც თანაკლასელი, არც უბნელი, არც სკოლის მასწავლებელი და არც შენნაირი სამძებროს ნაბოზარი თანამშრომელი. შენ მაშინ ახალი „ოპერი” იყავი ჩვენს უბანში. გახსოვს, ის დრო და იმ ახვარის სახელი?!
– ვიცი, ვისზეც ამბობ, – ყრუდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.
– გახსოვს როგორ დამთავრდა ის ამბავი? – ჰკითხა ლუკამ.
მურთაზმა დუმილით უპასუხა.
– გახსოვს, კარგად გახსოვს, დამპალო!... იცი რამდენი ადამიანი მყავს მოკლული?!
მურთაზმა მზერა აარიდა.
– არ იცი და ვერც ვერასოდეს გაიგებ. რომც მინდოდეს, მეც კი ვერ გეტყვი და, იცი, რატომ?! იმიტომ, რომ ამქვეყნად შენნაირი ჩათლახები არსებობენ. უკანალგაბრტყელებულები მანამდე ისხედით, ვიდრე მე არ დავაყენებინე იმ დამპალს. მე გავაკეთე თქვენი გასაკეთებელი, თქვენ კი როგორ მომექეცით?! ყველამ ერთად გამომიცხადეთ ომი და, ამდენი წელია, მდევნით. მდევნით მე და სდევნით ყველა ჩემს ახლობელს. არც ბავშვი დაგინდიათ და არც ქალი. ახლა ეკას მიადექით, მართალ ადამიანს, რომლის მთელი დანაშაული ისაა, რომ მეგობრობისა და სიყვარულის ნიჭი გააჩნია. მიპასუხე, დამპალო, გიყვარს ვინმე? არ გაჩუმდე და თვალი არ ამარიდო, თორემ, აქვე გაგასხმევინებ ტვინს! – ამ სიტყვებთან ერთად ლუკამ პისტოლეტი შუბლზე მიაბჯინა.
– გთხოვ... არ გინდა... – გაჭირვებით ჩაილაპარაკა მურთაზმა.
– გიყვარს თუ არა?! – უყვირა ლუკამ.
– ჰო... მიყვარს...
– რას გააკეთებდი იმ ადამიანისთვის? – განაგრძო ლუკამ.
– საკმარისია... ხომ ხვდები, რომ არაფერი მაქვს სათქმელი...
– სამაგიეროდ, მე დამიგროვდა ბევრი!.. – ლუკამ პისტოლეტი ძირს დაუშვა და ლაპარაკი განაგრძო, – რა ვითარებაა კლინიკაში?.. რამდენკაციანი ბადრაგი მიუჩინეს ეკას?!
– სამნი არიან, – უპასუხა მურთაზმა, – ერთი მუდმივად დერეფანში ტრიალებს, ორნი მეზობელ პალატაში არიან.
– ბადრაგის შემადგენლობა გიცნობს?
– რა თქმა უნდა, – დაუდასტურა მურთაზმა.
– ახლა ჩვენ ერთად წავალთ კლინიკაში. გაფრთხილებ, იქ რამე ისე რომ არ წავიდეს, პირველი შენ მოკვდები!
– კლინიკაში?! – გაოცებული მზერა ესროლა მურთაზმა, – ეკას წაყვანა გინდა?!
– აბა რა გგონია, შენს მოსანახულებლად ჩამოვედი საქართველოში?!
– ნუ იზამ ამას. ეკას ჯერ კიდევ აქვს შანსი. სამედიცინო დასკვნასაც მოევლება. არასწორ დიაგნოზს კომისიის შეცდომას მიაწერენ. რაც არ უნდა მოხდეს, ეკას მაინც ვერ დაადანაშაულებენ დასკვნის გაყალბებაში... – სწრაფად ალაპარაკდა მურთაზი, – ახლა ეკა კლინიკიდან რომ გაიყვანო, თავისთავად აქცევ ძებნილად. როდემდე იცხოვრებს კანონგარეშე?!
– ეგ შენი გადასაწყვეტი არ არის. მე გადარჩენის შანსს გაძლევ. გამომაყვანინებ ეკას და იცოცხლებ. თუ არა, აქ დარჩები შუბლგახვრეტილი!.. – ცივად უთხრა ლუკამ, – ყველაფერი გაიგე?!
– გავიგე... – უღონოდ ჩაილაპარაკა მურთაზმა.
– კეთილი, – ამ სიტყვებთან ერთად ლუკა საჭეს მიუბრუნდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
* * *
ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ბადრაგი აუჩქარებლად ფურცლავდა ჟურნალს. მურთაზის დანახვაზე მან საკითხავი გვერდზე გადადო და იკითხა:
– რამ შეგაწუხათ, ბატონო მურთაზ?
– პატიმრის მოსანახულებლად მოვედი, – უპასუხა მურთაზმა.
– საღამოს ცხრა საათზე? – გაუკვირდა ბადრაგს.
– სამუშაომ დილა და საღამო არ იცის.
– ესენი თქვენ გახლავან? – ბადრაგმა ლუკას და ირაკლის მიაპყრო მზერა.
– პატიმრის ახალი ადვოკატები არიან, – მურთაზმა პაუზა გააკეთა და შემდეგ ჰკითხა, – ბიჭები სად წავიდნენ?
– ისვენებენ, – პალატის კარზე მიანიშნა ბადრაგმა.
ამასობაში ირაკლიმ გვერდი აუქცია მურთაზს, ბადრაგს გვერდით ამოუდგა და პისტოლეტის ტარი ელვის სისწრაფით შემოჰკრა კეფაში. ბადრაგმა დაიკვნესა და მუხლმოკვეთილი ჩაემხო იატაკზე. იმავ წამს ლუკამ პალატის კარი გააღო, საწოლზე წამოწოლილი ორი ბადრაგი მიზანში ამოიღო და ცივად თქვა:
– განძრევა არ გაბედოთ, თორემ, აქვე დაგცხრილავთ!
ბადრაგებს წინააღმდეგობის გაწევა არც კი უცდიათ. ამ დროს ირაკლიმ გონდაკარგული ბადრაგი პალატაში შეათრია და ხელბორკილი დაადო.
– გმირობაზე თავს ნუ დადებთ, თქვენი ინტერესი არავის აქვს. იმას, რისთვისაც მოვედი, მაინც გავაკეთებ. ჩუმად იყავით და იცოცხლებთ.
ბადრაგებმა უხმოდ დაუქნიეს თავი. ამასობაში ირაკლიმ ორივეს აართვა იარაღი, მაჯებზე ხელბორკილები მოარგო და ლუკას გადაულაპარაკა:
– წადი, ამათ მე მივხედავ.
ლუკა დერეფანში გავიდა და მეზობელი პალატის კარი შეაღო.
ეკა საწოლზე იწვა. ლუკას დანახვისას მექანიკურად წამოიწია და გაოცებულმა დაიჩურჩულა:
– აქ საიდან მოხვდი?!
– დამშვიდდი, – ლუკა გვერდზე ჩამოუჯდა და მკლავები მოჰხვია.
– ეს სიგიჟეა, ლუკა! აქ არ უნდა მოსულიყავი... – ცრემლმორეული ხმით თქვა ეკამ.
– დრო არ გვაქვს, – სწრაფად განაგრძო ლუკამ, – ახლავე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. მე შენს აქ დატოვებას არ ვაპირებ!
– რას ამბობ, ლუკა?! – ეკა გაოცებული ჩააცქერდა სახეში, – სად უნდა წამიყვანო?
– ჩემთან წამოხვალ, უკრაინაში. იმისთვის იყავი მზად, რომ დიდხანს ვეღარ შეძლებ საქართველოში ჩამოსვლას.
– ჩემებს ვეღარ ვნახავ?
– ნახავ... მე არ ვაპირებ შენს ოჯახთან დაშორებას. ისინი ჩამოვლენ უკრაინაში.
– არა... არ შემიძლია, – თავი გაქნია ეკამ, – ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ.
– ჩვენზე არა, მასზე იფიქრე, – მუცელზე შეეხო ლუკა, – სხვა გზა რომ მქონოდა, ამას არ გავაკეთებდი. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაგათავისუფლებენ, მე კი არ დავუშვებ, ჩემი შვილი ციხეში დაიბადოს!
– კარგი... იყოს ასე... გამოგყვები... – სწრაფად გადაწყვიტა ეკამ და საწოლიდან ადგა.
* * *
– როგორ წახვედი ამაზე?! – გურამმა ზიზღით შეხედა მობუზულ მურთაზს.
– სხვა რა გზა მქონდა. სამი მკვლელი მადგა თავს, – თავი იმართლა მან.
– ასეთ ჩავარდნას არავინ გაპატიებს. შენ იმ თავდასხმის უშუალო მონაწილე და ხელშემწყობი ხარ. გიყურებ და ვერ ვიჯერებ, რომ იმ არაკაცებს ჩვენივე თანამშრომლებზე თავდასხმაში დაეხმარე! – ბრაზით განაგრძო გურამმა.
– მაშინ, შენ ამიხსენი, რა უნდა მექნა. ჩემით თუ უჩემოდ, გეგეშიძე მაინც გააკეთებდა ამას. უარი რომ მეთქვა, იქვე, მტკვრის პირას მიმახვრეტდა, რა შეუშლიდა ხელს?! მისთვის ეს არც პირველი მკვლელობა იქნეოდა და არც უკანასკნელი!
– შენნაირი კურდღლები გვიტეხენ სახელს. მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა პროფესიას ირჩევდი!
– სხვათა შორის, შენ მეთვალყურეობის დაწესებას დამპირდი, – პირობა შეახსენა მურთაზმა, – სად იყო შენი ხალხი?.. ისინი ჩემს სიახლოვეს რომ ყოფილიყვნენ, იქვე აყრიდნენ გეგეშიძესა და მის პაძელნიკებს!
– დამპალი! – კბილები გააღრჭიალა გურამმა, – როგორ გაბედა ასეთი რამ?! ან, ის ქალი რამ გააგიჟა. მთელი ცხოვრება მიმალვაში უნდა გაატაროს?
– რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვს? ვითომ, ასე მარტივად გააღწევდნენ საქართველოდან? – გაუბედავად ჰკითხა მურთაზმა.
– არა... არც ერთ საბაჟოზე არ დაფიქსირებულან, – თავი გაიქნია გურამმა, – რას ერჩი, ესმის თავისი საქმე, იმაზე ბევრად უკეთ, ვიდრე შენ!
– კარგი, რა, როდემდე უნდა მლანძღო. გითხარი და ისევ გაგიმეორებ: იმ მკვლელს თავს არ შევაკლავდი. როგორ შემოვიდა ქვეყანაში კაცი, რომელიც მკვლელობების სერიის ორგანიზებისთვის იძებნება?! შემოვიდა და მშვიდად გავიდა. რა, საბაჟოს ღია კარის დღე აქვს გამოცხადებული?... მხოლოდ ჩემზე ნუ ცდილობ ჯოხის გადატეხას. მე გეგეშიძეს თანამონაწილე კი არა, დაზარალებული ვარ! ხომ გაფრთხილებდი, არ ღირდა ნუცუბიძის პატიმრობაში დატოვება. ციხეში იქნებოდა თუ სახლში, გეგეშიძე მაინც ჩამოაკითხავდა და, ვინ იცის, იქნებ, თავად ნუცუბიძეს მოეყვანა ჩვენთან?!
– შენი ვერსიები არავის აინტერესებს! – ცივად მიუგო გურამმა, – გეგეშიძის პადელნიკებზე რას იტყვი?
– ერთი ძებნილთა შორის ამოვიცანი – ჯაბა კილაძე. გეგეშიძის ახალგაზრდობის დროინდელი პაძელნიკია. საქართველოში მკვლელობის საქმეზე იძებნება, – უპასუხა მურთაზმა.
– მეორე? – ჰკითხა გურამმა.
– მეორეზე ვერაფერს ვიტყვი. ადრე არასდროს შემხვედრია. შეიძლება, ადგილობრივი არც იყოს. ფოტორობოტი უკვე შევადგინეთ და ძებნაც გამოცხადებულია.
– საბაჟოს დედაც... – შეიგინა გურამმა, – როგორ გადი-გამოდიან ასეთი ტიპები საზღვარზე?!
– მეც მაგას არ ვამბობ? – სწრაფად ჩაურთო მურთაზმა.
– შენს გრეხს საბაჟოს უმაქნისობით ვერ ჩამოირეცხავ. იმ მიქარვაზე ბოლომდე აგებ პასუხს. ახლა შეგიძლია, წახვიდე, ერთ საათში კი მომხდარზე სრულ ახსნა-განმარტებას ველი. დაწვრილებით დაწერ, ვინ, რა და როგორ გააკეთა და სამსახურიდან საკუთარი სურვილით წასვლის განცხადებას დაადებ ზევიდან!
– რას მოგცემს სამსახურიდან ჩემი გაშვება? როგორ გგონია, შენზე ნაკლებად მინდა იმ არაკაცის აყვანა?
– ნუ მევაჭრები და, საერთოდ, მადლობა თქვი, რომ მხოლოდ სამსახურიდან გაშვებით ვკმაყოფილდები!... შეგიძლია, წახვიდე. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი! – ცივად მიუგო გურამმა.
მურთაზი რამდენიმე წამით ჩააცქერდა თვალებში, შემდეგ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
* * *
ეკას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უზარმაზარ ეკრანზე არნახული სისწრაფით მოძრავ კადრებს ადევნებდა თვალს. ისე სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებდა.
კლინიკა. ლუკასა და მისი მეგობრების მოულოდნელი გამოჩენა. ხელშეკრული ბადრაგები, შიშისგან სახეგაფითრებული გამომძიებელი. ღამის თბილისი. მანქანის ფანჯრის მიღმა ნაცნობი ხედები. ხედები, რომლის ნახვასაც დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეძლებდა. დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა. საით?...
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ.
რატომ აზერბაიჯანი?
ეს ყველაზე ახლო წერტილია, რომლის გავლითაც საქართველოდან გასვლა შეიძლება.
ბაქო... აეროპორტი... თვითმფრინავის ძრავების მონოტონური გუგუნი..... გვერდით ლუკა, როგორც ყოველთვის, ფიქრებში ჩაძირული.... ბევრი სათქმელი და არც ერთი ნათქვამი სიტყვა.
უკრაინა და... თურმე, ეს არ არის მგზავრობის დასასრული.
– ახლა საით? – გაიკვირვა ეკამ, როდესაც წინ თეთრ-წითელი დროშით შემკული საბაჟოს შენობა გამოჩნდა.
– პოლონეთში, – უპასუხა ლუკამ.
– ეს ნამეტანია!... აქამდე არაფერი გითქვამს ამის შესახებ! – უსაყვედურა ეკამ.
– ერთი დღისთვის ისედაც ბევრი იყო. მიზეზი მარტივია, ეკა – საქართველომ თავად მოგვიკვეთა. უკრაინაში ვერ დაგტოვებ. მით უმეტეს, შენს მდგომარეობაში. პოლონეთში არავინ მოგიკითხავს. შენ იქ ყველანაირი პირობები გექნება მშვიდი ცხოვრებისთვის. შენთან ერთად იქნება ნატოც.
– შენ?
– პოლონეთი ამიტომაც შევარჩიე – უკრაინიდან ადვილად შევძლებ შენთან ჩამოსვლას.
– ისევ იმ წერტილში დავბრუნდით, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, – გულისტკივილით ჩაილაპარაკა ეკამ.
– მაპატიე, მაგრამ, დღეს მხოლოდ ესაა, რისი გაკეთებაც შემიძლია.
– რატომ?... იყოს პოლონეთი, თუნდაც, აფრიკა ან ალასკა. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა ერქმევა ადგილს; არც იმ კომფორტულ აგარაკს, რომელიც უკვე მომზადებული გაქვს ჩემთვის. მთელი ცხოვრება იმას გიმტკიცებ, რომ მე მხოლოდ შენ მჭირდები!.. შენ ხომ შეგიძლია, დარჩე ჩემთან, ნატოსთან და ჩვენს მომავალ შვილთან?! ხომ შეგიძლია, იყო ბედნიერი და ჩვენც მოგვცე ბედნიერება?!
– რომ შემეძლოს, დავრჩებოდი, – უპასუხა ლუკამ, – რას არ დავთმობდი ამისთვის, მაგრამ, არის რაღაც, რასაც ვერ გადავაბიჯებ!
– რა არის ის რაღაც, რა არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას?
– ეკა ეს კითხვები არაფრის მომცემია და შენც კარგად იცი ეს!
– ჰო, არაფრის მომცემია, – ჩაილაპარაკა ეკამ, – შენ ხომ ყოველთვის სხვებს ეკუთვნოდი – ციხეს, ქურდებს, სხვა ქალს... მაგრამ, როდემდე? როდემდე, ლუკა? ჩემთვის საშინელია ყოველი შენთან შეხვედრა, იმიტომ, რომ ვიცი, მაინც არ დარჩები ჩემთან, ისევ წახვალ და, შეიძლება, აღარასოდეს დაბრუნდე!
– ეკა, ახლა ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. მაგრამ, უნდა იცოდე, რომ მალე ბევრი რამ შეიცვლება.
– მაინც, რა?
– შენ აღარ შეგეშინდება ჩემთან შეხვედრის. მე მოვალ და აღარასოდეს წავალ!
ეკამ გამომცდელად ჩახედა თვალებში და შემდეგ ჰკითხა:
– და, რატომ არ შეგიძლია ამის დღესვე გაკეთება?
– მე არ მომეშვებიან, ეკა. როგორ დავრჩე შენთან და ნატოსთან, როდესაც ვიცი, რომ იქ მომაკითხავენ!.. ეს ერთხელ უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მე არასოდეს დავუშვებ, იგივე განმეორდეს.
– მაგრამ, როგორ, ლუკა? როგორ გათავისუფლდები მათგან?
– არ გვინდა ამაზე საუბარი. მთავარია, რომ ჩემი გჯეროდეს. ახლა ყველაზე ძალიან მჭირდება შენი მხარდაჭერა. მე უნდა ვიცოდე, რომ შენ და ნატოს არაფერი გემუქრებათ და ვიფიქრო იმაზე, რაც ხვალ მოხდება! – თქვა ლუკამ.
– კეთილი, გქონდეს ჩემი იმედი. მე ამჯერადაც დაგელოდები... – უპასუხა ეკამ და საბაჟოს შენობას მიაპყრო მზერა, რომელსაც მანქანა უახლოვდებოდა.
* * *
სტეფანე გუსმანმა აუჩქარებლად ჩაიკითხა წერილი, რომელიც განსაკუთრებული, „სრულიად საიდუმლო” გრიფით იყო მონიშნული და კაცუბას ჰკითხა:
– რა გადაწყვეტილება მიიღე, რა სახის რეკომენდაციას მისცემ შინაგან საქმეთა სამინისტროს?
– ამ საქმის თაროზე შემოდება არ გამოვა. მე თავიდანვე გაფრთხილებდით, რომ გეგეშიძის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ, მაინც მოვახერხეთ გეგეშიძესთან დაკავშირებული საკითხების საქართველოსთან და რუსეთთან დარეგულირება და, რა მივიღეთ სანაცვლოდ?! იმის მაგივრად, რომ მადლიერება გამოეხატა და მშვიდად გასცლოდა უკრაინას, თავხედურად ჩავიდა საქართველოში, თავს დაესხა იქაურ სამართალდამცველებს და პატიმრობაში მყოფი თავისი საყვარელი გაიტაცა! ამ წერილში აღწერილი მეორე პიროვნება, ჯაბა კილაძე, მისი დაჯგუფების ყველაზე ანგარიშგასაწევი აქტიური წევრია. ყოველივე ამას ემატება კლინიკიდან გატაცებული ეკა ნუცუბიძე. ოფიციალურად ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იძებნება. გრძნობთ, რა მივიღეთ საერთო ჯამში?!  ამ პიროვნებებმა საიმედო თავშესაფრად გაიხადეს უკრაინა. ისინი აქ მშვიდად გრძნობენ თავს. შესანიშნავად ცხოვრობენ. მათ განკარგულებაშია ფეშენებელური აგარაკები, საბანკო ანგარიშები, კომფორტული ავტომობილები, რამდენიმე ვერტმფრენიც კი. პერიოდულად კი მეზობელ სახელმწიფოებში სჩადიან მძიმე დანაშაულებებს და ისევ უკრაინაში ბრუნდებიან. შემდეგ ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი იმ ქვეყნების მთავრობებს, უნდა მივცეთ გონიერი განმარტება, იმას თუ რატომ ვაძლევთ თავშესაფარს მათი სამართალდამცველების მიერ ძებნილ დამნაშავეებს?!
– მგონი ვითარებას ამუქებ, სერგეი. არც ისე საშინლად მეჩვენება ეს წერილი, – უპასუხა  გუსმანმა.
– მეც იმავეს ვიტყოდი, პასუხისმგებლობა თქვენ რომ გეკისრებოდეთ, – მიუგო კაცუბამ.
– შეგიძლია, ამიხსნა, რა სირთულეს ხედავ საქართველოს მომართვაში?
– ქართული მხარე გეგეშიძის, კილაძისა და ნუცუბიძის დაკავებასა და მისთვის გადაცემას ითხოვს. თანაც, მათ საგამოძიებო ჯგუფის გამოგზავნა სურთ, რომელიც ჩვენს პროკურატურასთან ერთად იმუშავებს.
– და, რა, ამით? – მხრები აიჩეჩა გუსმანმა.
– მე ამ პროცესს ვერ შევაჩერებ. წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება, მოხდეს, თუ ძიებამ თქვენი და გეგეშიძის კავშირი გამოავლინა? – სწრაფად თქვა კაცუბამ.
– რას მთავაზობ?
– მასთან ურთიერთობის შეწყვეტას.
– და ამის შემდეგ შენ პროკურატურას გეგეშიძის აყვანის მითითებას მისცემ?
– სულ მცირე, მის წინააღმდეგ დაწყებულ ოპერაციას არ შევაფერხებ.
– ცეცხლს ეთამაშები, სერგეი. პირობა შესრულებით ფასდება. სხვათა შორის, გეგეშიძეს არასოდეს დაურღვევია ჩვენთვის მოცემული პირობა და უკრაინაშიც არასდროს სჩადის დანაშაულს.
– გასაგები მიზეზის გამო – მისთვის ამის საჭიროება არ არსებობს. გარდა ამისა, მას ესმის, რომ, უკრაინელ სამართალდამცველებს თუ დაუპირისპირდა საიმედო თავშესაფარს დაკარგავს.
– სერგეი, გეგეშიძე ჩვენთვის საჭირო საქმეს აკეთებს. შენ ბევრი რამ არ იცი. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, მის გამო ბევრად მძიმე დანაშაულს ვაპატიებდი გეგეშიძეს, კლინიკიდან ქალის გატაცება კი საერთოდ წვრილმანად მეჩვენება. მე ვიცი, რატომაც გააკეთა ეს. მას იმ ქალის სიცოცხლით ევაჭრებოდნენ. თანაც ამას ქართული პროკურატურა რუსულ „ეფესბესთან” შეთანხმებით ახორციელებდა. ახლა ის ქალი თავისუფალია, ეს კი გეგეშიძეს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას მისცემს. რაც შეეხება ამ წერილს, ჩემი პასუხი ასეთია... – გუსმანმა წერილი დახია, სანაგვისკენ მოისროლა და დაამატა – დაივიწყე ეს წერილი... და, კიდევ ერთი: გეგეშიძის სიახლოვეს პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რომ გამოჩნდნენ, პირადად შენ გაგებინებ პასუხს!.. 
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3