როგორ „უყიდა” სალომე გოგიაშვილმა შვილს მამა 20 თეთრად და ვინ გადაარჩინა ის ყველაზე რთულ დროს
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი „იმედის” ეკრანიდან გაუჩინარდა და დროებით, იძულებითი ტაიმ-აუტი აიღო. ახალდაქორწინებულ სალომეს, რომელმაც ცხოვრება ვახო ნიკოლეიშვილს დაუკავშირა, დღეები ოჯახურ ფუსფუსში გაჰყავს. მას შემდეგ, რაც ცოლის როლი კიდევ ერთხელ მოირგო, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სალომე „თბილისელებს” ახალი ცხოვრების და იმ ამბების შესახებ ესაუბრა, რის გამოც ცოტა ხნის წინ ის ტელევიზიას ჩამოშორდა.
სალომე გოგიაშვილი: განსაკუთრებით აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია არასდროს მქონია, არც პოლიტიკით დავინტერესებულვარ ოდესმე. ქართულ პოლიტიკაში სულ ისეთი ვითარებაა, ვერ გაიგებ, ვინ ვისთან არის, რაც პოლიტიკოსთა მიმართ უნდობლობას იწვევს და, შესაბამისად, ამ სფეროსგან ყოველთვის შორს ვიყავი. მშვიდად, წყნარად ვცხოვრობდი, ვაკეთებდი საქმეს, რომელიც მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა ჩვენ ირგვლივ, მეც კი დავიწყე ჩემი პოზიციის დაფიქსირება. ძალიან სამწუხაროა ის, რომ, თუ დღეს ვიღაცის პოზიციას არ ეთანხმები, შესაძლოა, უმუშევარიც აღმოჩნდე. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. როდესაც „იმედის დილის” რეორგანიზაცია დაიწყო, დამირეკეს ტელევიზიიდან. იმ პერიოდში მე ახალი გათხოვილი ვიყავი და თავადაც ვყოყმანობდი – არც ერთ ქმარს არ უხარია, მისი ცოლი სახლიდან დილის 5 საათზე რომ გადის, თუმცა ჩემმა მეუღლემ მითხრა, თუ ეს შენი კარიერისთვის მნიშვნელოვანია, მე შენს რეჟიმს შევეგუებიო. მივედი ტელევიზიაში და, პრომოც ჩავწერეთ, თუმცა, ბოლო წუთებში გაირკვა, რომ მე არ ამიყვანდნენ. იგივე მოხდა ახალ გასართობ გადაცემასთან დაკავშირებითაც, სადაც წამყვანად ასევე მე მოვიაზრებოდი.
– შენ დაუპირისპირდი არხის დირექტორის მეუღლეს და მის ფავორიტ წამყვანს – ესეც სამსახურიდან შენს გათავისუფლებას მოჰყვა? თქვენი პოლემიკა სოციალურ ქსელში უკვე ძალიან გამძაფრდა.
– ჩვენი დაპირისპირება მოჰყვა ჩემს უარს, წამეყვანა კონცერტების ტურნე, რაშიც მართლაც დიდი ხანია, ჩართული ვარ. მე დღემდე მადლიერი ვარ ლელა კილაძის, რომელმაც მაშინ ჩამრთო ამ კონცერტებში, როდესაც რთული და გამოუვალი მდგომარეობა მქონდა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ, კონცერტების წაყვანა ყოველთვის მომწონდა, თანაც, ეს ჩემთვის შემოსავლის წყარო იყო იმ დროს, როდესაც საკმაოდ დიდი ვალი დამედო. დღეს ამაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მაშინ ლელა ძალიან დამიდგა გვერდით. იმ ჰონორარებით ჩემი შვილების აღზრდასა და, ზოგადად, ოჯახის გაძღოლაში, მინიმალური წვლილი შემქონდა. სიმართლე გითხრათ, ეს სამსახური ძალიან მომწონდა. ეს რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, შინაგანად ძალიან დავიჩაგრებოდი. ვიღაცას მოსწონს ბანკში მუშაობა, ვიღაცას სხვაგან, მე კი კონცერტის წაყვანა მომწონს. არ ვფიქრობ, რომ რადგან კონცერტის წამყვანი ვარ, ამით ვიღაცა მე მომყავს ხელისუფლებაში. გარდა პოლიტიკოსების კონცერტებისა, მე არაერთი ბიზნესპრეზენტაცია და საღამო წამიყვანია, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მე იმ ბიზნესთან რაიმე საერთო მქონდა. ახლა, საპატიმროს კადრების გახმაურების შემდეგ, კვლავ დამიძახეს კონცერტის წასაყვანად, მაგრამ, უარი ვთქვი და ამით გამოვხატე ჩემი პროტესტი იმ ამაზრზენი მოვლენების მიმართ, რამაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. მე ვერ დავიჯერებ, რომ ხელისუფლებამ არ იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში – ეს ლამის ჩემმა 2 წლის შვილმა იცოდა. მე გამოვხატე ჩემი პირადი აზრი ამ კადრებთან დაკავშირებით და, ეს რომ არ გამეკეთებინა, საკუთარ თავს ისეთივე მანიაკად ჩავთვლიდი, როგორადაც ვთვლი მათ, ვინც ამ სიბინძურეზე ხმას არ იღებს. ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ ამით ხელისუფლებას გადავწვდი. ასე დაიწყო დაპირისპირება ჩემსა და ალინა არველაძეს შორის. ალინა არველაძე ჩემი ახლო მეგობარი არასდროს ყოფილა. მართალია, ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა, ვსაუბრობდით ტელეფონით, ვხვდებოდით კიდეც, მაგრამ ერთმანეთი მეგობრებად არ მიგვაჩნდა. ალინას, როგორც ჩანს, არ მოეწონა „ფეისბუქზე“ დაწერილი ჩემი სტატუსი, რომელშიც ვახსენე გადაცემა „თბილისი ლაივი”, შემდეგ დავწერე კომენტარი ალინა არველაძის მეუღლის მიერ დადებულ ლინკზე, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ციხის კადრები გაყალბებული მონტაჟია. ამას მოჰყვა ალინას გამოხმაურება, შემდეგ პოლემიკაში ჩაერთო თიკო სადუნიშვილი და ჩემ წინააღმდეგ დაიწყო ბინძური ფიარკამპანია. რომ არა ალინა არველაძე, თიკო სადუნიშვილი, ალბათ, არავის გაგვახსენდებოდა. მესმის, ძალიან რთულია სამსახურის დაკარგვა, როცა არავის ახსოვხარ – ასეთია მწარე რეალობა. მე სულაც არ ვნანობ იმას, რომ უმუშევარი დავრჩი. მირჩევნია, ქუჩაში რომ გავალ ხალხმა არ მლანძღოს, ვიდრე ტელევიზიაში უსახური გადაცემა მიმყავდეს, გარეთ გამოსვლისას, ყველას ვეზიზღებოდე და იქ მთავრდებოდეს ჩემი ცხოვრება. მე სხვა გარემოში ვარ გაზრდილი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას იფიქრებენ ჩემზე მამაჩემის ახლობლები, დედას მეგობრები, რას იტყვის ჩემი შვილი, როცა გაიზრდება. ეს სულერთი ნამდვილად არ არის. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი და თავი დავისამარე, მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ.
– ახლა, უმუშევრად დარჩენილი, რის გაკეთებას აპირებ?
– ჯერჯერობით ვმუშაობ რადიო „აფხაზეთის ხმაში”. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ მათ, ვინც იფიქრებს, რომ მე დღეს მათ სამსახურში არ უნდა ვიყო. თუ ექნებათ ბრძანება, რომ მე უნდა გამათავისუფლონ, ეს ასე მოხდება და ჩემ გამო თავი არ უნდა დაიდანაშაულონ. ამაზე რთული პერიოდებიც გადამიტანია და მესმის მათი. ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც ოდესმე დავჭირდები, თუ ასე არ იქნება, არც ესაა პრობლემა. მყავს ოთხი შვილი: ორი ჩემი, ორი – ჩემი მეუღლის და, დიდი სიამოვნებით დავკავდები მათი აღზრდით, მათ დავუთმობ ჩემს თავისუფალ დროს. მას შემდეგ, რაც მე და ვახო დავქორწინდით, სახლში ბევრ დროს ვატარებ, ჩვენთან ხშირად მოდიან სტუმრად ჩვენი მეგობრები, სადილების გაკეთება და მათი მასპინძლობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– იმ ტკივილის შემდეგ, რაც შენ გადაიტანე მეორე მეუღლის წყალობით, ახლა დაოჯახების გადაწყვეტილება არ გაგიჭირდა?
– დაახლოებით ოთხწლიანი მარტოობის შემდეგ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად არ იყო იოლი. თუმცა, ამ ურთიერთობამ ძალიან გადამარჩინა. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მუქარა მომდის – შენ, სამჯერ განათხოვარი, ვის ასწავლი ჭკუასო. არ მესმის, ეს რა კავშირშია ჩემ მიერ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებასთან (იცინის). ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, გული მქონდა აცრუებული. მქონდა კომპლექსი – კიდევ რომ ვინმესთან ურთიერთობა დამეწყო, ისიც ხომ არ მომატყუებდა. იმიტომ კი არა, რომ ისიც ვალებში გადამაგდებდა; არა, ვფიქრობდი, რომ, შეიძლებოდა, ჩვეულებრივ ურთიერთობებშიც კი მოვეტყუებინე. ეს წინა გამოცდილებიდან მქონდა გამოყოლილი, ამაზე ფიქრი ვერ მოვიშალე. ამის გამო, ვახოს ძალიან ვაკვირდებოდი, ვამოწმებდი, ლამის დეტექტივად ვიქეცი. ერთი-ორჯერ კი მითხრა ვახომ: ნუ გეშინია, არ ვარ ეგ კაციო (იცინის). იმის მიუხედავად, რომ მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, გარეგნულად ამას არ ვიმჩნევდი. სულ ასე ვარ – რაც უნდა ცუდი დღეები მქონდეს, გარეგნულად ამას არ ვიმჩნევ, დარდს ჩემს თავში ვკლავ. მაშინაც კი, როცა ძალიან მიჭირდა, სულ ვამბობდი: არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, როცა ეს პერიოდი დასრულდა, ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე: მაშინ ასე რომ იქცეოდი, გვეგონა, გაგიჟდიო. თუმცა ეს ბევრ რამეზე აისახა: ერთ კვირაში 12 კილო დავიკელი, ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი, არ მეძინა, ღამეებს ვათენებდი, სულ რაღაც ნახევარი საათი თუ ჩამეძინებოდა ხოლმე და ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ მე და დედაჩემმა. მეც ისე გამოვიბრძმედე, ის ნებივრობა, რაც მამაჩემის სიცოცხლეში მქონდა, სულ დამავიწყდა. მაშინ ძალიან მოშვებული ვიყავი, ახლა უკვე „მომართული“ ვარ (იცინის). მე და ვახო უკვე დაოჯახებას ვაპირებდით, როდესაც კიდევ შემექმნა პრობლემები იმ ბინასთან დაკავშირებით, რომელსაც ძლივს მოვხსენი ყადაღა. ისევ დამეწყო ცუდი პერიოდი, მაგრამ, ვახოც უკვე გვერდით მყავდა და ყველაფერი გააკეთა, რომ პრობლემა ამოწურულიყო. თან, მერიდებოდა – როგორია, ახალი გათხოვილი რომ ხარ და ქმარი ვალებს გიხდის?! ჩემს გადაწყვეტილებაში – კიდევ მქონოდა ოჯახი, ჩემს შვილსაც მიუძღოდა წვლილი, რომელიც ვერ გაერკვია, რატომ არ ჰყავს მამა. როცა მე მკითხა, მამა რატომ არ გყავსო და ვუთხარი, მამაჩემი ცაშია-მეთქი, ჩამეკითხა – მე რატომ არ მყავსო? ისიც ცაშია და, აუცილებლად გიყიდი მამიკოს, როცა ფული მექნება-მეთქი, ვუპასუხე, თუმცა, ცაში კი არა იტალიაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და საკუთარი შვილის მოკითხვას სულაც არ ფიქრობს. ჩემმა შვილმა ოცთეთრიანი გამომიტანა და მითხრა: მე მაქვს ფული და მამიკო მიყიდეო – ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება, თუმცა, ჩემი მეგობარი ბიჭები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მისთვის სიცარიელე შეევსოთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე – ვახო ძალიან ღირსეული ადამიანია, კარგი მეუღლე, არაჩვეულებრივი და ყურადღებიანი ჩემს შვილებთან, ჩვენთან ხშირად არიან მისი შვილებიც და ძალიან ბედნიერი ცხოვრება გვაქვს. ვახოსთან დაცულად ვგრძნობ თავს. როცა გვერდით კარგი მეგობარი მჭირდება, ვახო ჩემთვის ხდება ყველაზე ერთგული და საუკეთესო მეგობარი. იმის მიუხედავად, რომ ვახო ძალიან თანამედროვედ უდგება ბევრ საკითხს, მაინც პატრიარქალური აზროვნება აქვს. ასე იყო მამაჩემიც – რატომღაც, მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმის უფლებას არ მაძლევდა. ვახო სულ ცდილობს, რომ მე მასიამოვნოს, თუმცა, მაინც აზიატი ქმარია – არის საკითხები, სადაც არც კი ვსვამ შეკითხვას: შეიძლება? (იცინის).