მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-39(613)
ზაფხულის ერთ დილას პარიზიდან დავბრუნდი, სადაც საკმაოდ რთული შეკვეთა შევასრულე. მოსკოვის გავლით თბილისში ჩამოვფრინდი და აეროპორტის შენობიდან გამოსვლისას შევნიშნე, რომ მითვალთვალებდნენ. ჩემი გონება კომპიუტერივით ამუშავდა და იმის გამოთვლა დავიწყე, თუ ვინ და რატომ უნდა დამჯდომოდა კუდზე, თან, მდევრისგან თავის დაღწევის გზებს ვეძებდი. გამორიცხული იყო, რომ ვინმე პარიზიდან ან მოსკოვიდან ამკიდებოდა, რადგან, ორივე ქალაქში სამ-სამი ოსტატური მანევრი გავაკეთე და, ვინც არ უნდა ამდევნებოდა, აუცილებლად ჩამოვიშორებდი. ესე იგი, თბილისში მელოდებოდნენ, მაგრამ, ვინ და საიდან იცოდა, რომ ზუსტად იმ დროს უნდა ჩამოვფრენილიყავი?! ზუსტად მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის ჩამოვიდოდი, რადგან, თბილისში გამოფრენა ბოლო მომენტში გადავწყვიტე. მაგრამ, ფაქტია, რომ თბილისში მელოდნენ და, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თვალთვალის ობიექტიდან მოთვალთვალედ უნდა გადავქცეულიყავი. ამისთვის კი საჭირო იყო, ჯერ მათ დავსხლტომოდი ხელიდან, შემდეგ კი თავად დავჯდომოდი კუდზე და თვალყური მედევნებინა. სახლში წასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ამიტომ, კონსპირაციული ბინით სარგებლობა გადავწყვიტე და გეგმის განხორციელებას შევუდექი, რომელიც სულ რამდენიმე წამში, ანუ, იმ დროის განმავლობაში მოვიფიქრე, რაც აეროპორტის შენობიდან ტაქსამდე მისვლაში დამჭირდა.
– წავედით! – ვუთხარი მძღოლს და ძველი თბილისის ერთ-ერთი ადგილი დავუსახელე, სადაც ჩემი კონსპირაციული ბინა მდებარეობდა.
მთელი გზა, აეროპორტიდან ძველი თბილისის უბნამდე, თეთრი ფერის „ჟიგული“ მოგვდევდა, რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა. მოლაყბე ტაქსისტს კუდი არ შეუმჩნევია და ათასი ქალაქური ჭორით გამომიჭედა ყურები. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, მანქანა ჩემი კონსპირაციული ბინიდან ორმოცდაათიოდე მეტრში გავაჩერებინე, ფული გადავუხადე, მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოში შევედი, სადაც იმ რაიონის მილიციის ქვეგანყოფილება მდებარეობდა. იმ ძველ შენობაში, საპასპორტო მაგიდის სართულზე ერთი მიგდებული საკუჭნაო იყო, იმ საკუჭნაოს პატარა შენიღბული კარი ჰქონდა, რომლიდანაც ნესტიან სარდაფში ჩამავალ ბნელ კიბეებზე ჩავედი. იქვე დამალული ფანარი ავანთე და ვირთხებით სავსე სარდაფში დავეშვი. ფანარი მეორე გასასვლელთან დავმალე, მეორე შენიღბული კარით ვისარგებლე, მეზობელ ეზოში გავედი და, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ, ჩემი კონსპირაციული ბინის ხვრელიდან უკვე თავად დავუწყე თვალის დევნება ჩემს მოთვალთვალეებს, რომლებიც თეთრ „ჟიგულიში“ ისხდნენ და მოთმინებით ელოდნენ ჩემს გამოჩენას.
„აბა, ვნახოთ, რა ჩიტები ხართ,“ – გავიფიქრე გუნებაში და მოხუცი კაცის გრიმი გავიკეთე, მეორე გრიმი და ტანსაცმელი პატარა ჩანთაში დავმალე, მიკროფოტოაპარატი ჯიბეში ჩავიდე და კონსპირაციული ბინიდან გამოვედი. ჯერ ერთი მანქანა, თეთრი „ჟიგული“ დავაყენე პატარა სკვერთან სრულ მზადყოფნაში, შემდეგ მეორე, მწვანე ფერის „ჟიგულიში“ ჩავჯექი, ტაქსის ტრაფარეტი გავუკეთე და იმ ქუჩისკენ გავემართე, სადაც ჩემი მოთვალთვალეები იდგნენ და მელოდნენ.
განმარტებისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ის „ჟიგულები“ და კიდევ მრავალი სხვა, ჩემი საქმისთვის საჭირო ატრიბუტი თუ რეკვიზიტი, წინასწარ მქონდა შეძენილი და, რომ იტყვიან, „დაზაგაჟნიკებული“ ასეთი საგანგებო სიტუაციისთვის.
მწვანე, ტაქსისტრაფარეტიანი „ჟიგულით“ მოთვალთვალეების თეთრ „ჟიგულს“ მივადექი, მანქანიდან გადმოვედი, სიგარეტი და სანთებელა მოვიმარჯვე, რომელშიც მიკროფოტოაპარატი იყო ჩამონტაჟებული, მძღოლთან მივაჭერი და შევუღრინე:
– რას დამდგარხარ, აქ ჩემი ადგილია, წადი და სხვაგან დადექი!
მძღოლმა ერთი შემომხედა, უხმოდ თავი გააქნია და „ჟიგული“ ათიოდე მეტრით წინ დააყენა.
ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მოთვალთვალეებისთვის სურათების გადაღება ვერ მოვასწარი, თანაც, ვერც ის გავიგე, რა ენაზე ლაპარაკობდნენ, რადგან, ჩემი პრეტენზია დაუყოვნებლივ და უხმოდ შეასრულეს. ამიტომ, მე კვლავ მძღოლთან მივიჭერი და რამდენიმე „ხალასტოი“ ჩამოკვრის შემდეგ, რომლის დროსაც მოთვალთვალეები „ჩავაკარტოჩკე“, სიგარეტს მოვუკიდე და აღელვებულმა ვუთხარი:
– ხომ გითხარი, სხვაგან დადექი-მეთქი! წადი, ძმაო, სხვა ადგილზე იტაქსავე, აქ ჩემი ადგილია და რას მეცილები?
– დამშვიდდი, მამილო, – მშვიდად, რუსულ ენაზე მომიგო მძღოლმა, – ჩვენ არ ვტაქსაობთ, უბრალოდ, ველოდებით. ვერ ხედავ, რამდენი ვართ? აბა, სად გაგონილა, რომ ერთი მანქანით ოთხ კაცს ეტაქსაოს?
– ბოდიშს გიხდი, მეგობარო, – რუსულადვე მივუგე მძღოლს, – ვიფიქრე, კონკურენტია-მეთქი და არც კი დავკვირვებივარ, რომ ოთხნი იყავით. ხომ იცით, რა ცუდი დროა. ფულის შოვნა ძალიან ჭირს და, ვიფიქრე, ლუკმაპურს მართმევენ-მეთქი.
– არა უშავს. კარგად! – თავიდან მომიშორა მძღოლმა.
მე ჩემს ტაქსიში დავბრუნდი, სკამზე გადავწექი, თან გულში ვფიქრობდი: „მელოდეთ, მთელი ცხოვრება მოგიწევთ ლოდინი. ისე გაიხაროს ჩემმა ცოლ-შვილმა, როგორც მე იქიდან არ გამოვალ-მეთქი“.
ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მოთვალთვალეები აწრიალდნენ და ერთ-ერთი მათგანი მილიციის შენობაში შევიდა, ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა, დანარჩენებს რაღაც უთხრა და ისინი წავიდნენ. მეც დავიძარი და სკვერთან თეთრი ფერის „ჟიგულიში“ გადავჯექი, გრიმი და ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოვიცვალე და მოთვალთვალეებს ფრთხილად ავედევნე. მათ ერთი ცნობილი მანევრი გააკეთეს, რითაც მივხვდი, რომ უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, რადგან, ასეთი რამ მეც მასწავლეს „კაგებეში“. ამიტომ, ჩემი „ჟიგული“ ქუჩაში მივატოვე, კერძო მანქანა გავაჩერე და, რადგან მივხვდი, დაახლოებით რა მიმართულებით წავიდოდნენ, იქ დავხვდი და ამგვარად განვაგრძე თვალთვალი. ისინი რუსთაველის გამზირზე ამოვიდნენ და მანქანა ფოსტის გვერდით გააჩერეს. სამნი შიგნით დარჩნენ, მეოთხე კი გადავიდა და სასტუმრო „ივერიის“ წინ მოწყობილ საზაფხულო კაფესკენ გაემართა. დღის 3 საათი სრულდებოდა და ძალიან ცხელოდა. ქუჩაში თითქმის არავინ ჭაჭანებდა. მე გრიმი მოვიშორე, გამოვიცვალე ტანსაცმელი და ყველაფერი პატარა ზურგჩანთაში ჩავაწყვე, შადრევანთან მივედი, თან მანქანიდან გადმოსულ მოთვალთვალეს თვალს არ ვაშორებდი. ის ერთ-ერთ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც ტურისტულად ჩაცმული მამაკაცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა. დავაკვირდი და მასში ანდრეი მუხინი შევიცანი, რომელიც ჯერ კიდევ მსახურობდა, რადგან, საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და ძველი კადრები ადგილებზე რჩებოდნენ რუსეთში. მას პოზაც არ შეუცვლია და გაზეთის კითხვას განაგრძობდა, სინამდვილეში კი, აშკარა იყო, რომ მოთვალთვალის ანგარიშს ისმენდა, რომლითაც ის აშკარად არ იყო კმაყოფილი. ნამდვილად ვერ მივხვდი, რაში უნდა ყოფილიყო საქმე, თუმცა, მუხინის თბილისში გამოჩენა იმას მოწმობდა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა და ეს პირადად ანდრეი ლუკიჩისგან უნდა შემეტყო. ამიტომ, ზურგჩანთა გავისწორე, საზაფხულო კაფესკენ გავემართე და, მუხინსა და მოთვალთვალეს რომ მივუახლოვდი, გენერალს ვუთხარი:
– გამარჯობა, ანდრეი ლუკიჩ! აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ?
მოთვალთვალემ რომ დამინახა, მიცნო და შეცბა, მუხინმა კი გამიღიმა, ხელი ჩამომართვა, დაჯდომა შემომთავაზა და მომიგო:
– გაგიმარჯოს, ჩემო კარგო, – შემდეგ მოთვალთვალეს მიუბრუნდა: – ხომ გითხარი, ყურადღებით იყავით-მეთქი? ჩათვალეთ, რომ ოთხივე მოკლულები ხართ.
– მოკლულები? – ვერ მიხვდა მოთვალთვალე.
– ჰო, მოკლულები, – მუხინმა ჩემზე მიუთითა და დაამატა – ამ პატივცემულს რომ არ ვეცნე, გამორიცხული არ იყო, რომ ოთხივე მოეკალით. მაგრამ, ღმერთმა გიშველათ. ახლა კი წადით, აღარ მჭირდებით. სად არიან დანარჩენები?
– ფოსტასთან, თეთრ „ჟიგულიში“ სხედან, – მივუგე მუხინს, რომელსაც გულიანად გაეცინა, გაოგნებული მოთვალთვალე კი ისე მიყურებდა, თითქოს მარსიდან ჩამოვსულიყავი სამბორბლიანი ველოსიპედით.
– თავისუფლები ხართ, „ატბოი“, – მუხინმა მოთვალთვალე გაისტუმრა და მომიბრუნდა:
– სამი დღეა გელოდებით. თბილისში რომ ვერ აღმოგაჩინე და ვერც „ძია“ ვნახე შენი ადგილსამყოფლის გამოსაკითხად, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი.
„ძია“ რომანი მთაში ისვენებდა და ეს მხოლოდ მე ვიცოდი. თუმცა, ის მუხინს მაინც არ გაუმხელდა ჩემს ადგილსამყოფელს. მაგრამ, ეს ანდრეი ლუკიჩისთვის არ მითქვამს და ვკითხე:
– რა ხდება, ამხანაგო გენერალო?
– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი, ესაა ჩემი ბოლო ვოიაჟი მოქმედი გენერლის რანგში და, როგორც კი მოსკოვში დავბრუნდები, პენსიაზე უნდა გავიდე. საქმე კი ისაა, რომ პარიზში აი, ეს ადამიანი მოკლეს, – მუხინმა ჩემ მიერ შესრულებული შეკვეთის ობიექტის ვინაობა დამისახელა, – ის კი ერთ-ერთი ახალგამომცხვარი რუსი მაღალჩინოსნის დეიდაშვილი იყო და სწორედ მისი სანქციით მიმდინარეობს მკვლელის ძებნა. ჩვენმა უწყებამ რომანის კანტორის კვალი აიღო და, ეს რომ შევიტყვე, ვიფიქრე, შესაძლებელი იყო, შენც ყოფილიყავი ჩართული ამ საქმეში, მით უმეტეს, რომ არც შენ იმყოფებოდი ქალაქში და ვერც „ძიას“ კვალს მივაგენით. აი, სწორედ ამის გამო ჩამოვფრინდი აქ.
მუხინს არ დაუკონკრეტებია, თბილისში ჩემს დასაჭერად ჩამოვიდა თუ გადასარჩენად. მე მეორე ვიგულისხმე და ვუთხარი:
– გამოდის, რომ თბილისში თქვენ ჩემი ტყავის გადასარჩენად ჩამოხვედით.
– მოხარული ვარ, რომ ჩემზე კარგი აზრის ხარ, – მითხრა მუხინმა, – შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ პარიზული საქმე შენი ნახელავია.
– არ დაგიმალავთ და ასეა, – თავი დავუქნიე გენერალს.
– სწორად მოქცეულხარ. ის ნაძირალა ყოვლად გახრწნილი ადამიანი იყო – ნარკოტიკებით ვაჭრობდა და, ყველაზე საშინელება ისაა, რომ მისი სავაჭრო ქსელი ძირითადად სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტობაზე გადის. ყველაფერი ამის უკან კი, სწორედ ის ახალგამომცხვარი რუსი მაღალჩინოსანი დგას და ამიტომაც მოინდომა მან ამ ამბის საფუძვლიანად გახსნა.
– ის მაღალჩინოსანიც მოსაკლავი ყოფილა, – ვუთხარი მუხინს, მან კი მომიგო:
– სიმართლე გითხრა, აქ მე უფრო ამისთვის ჩამოვედი, რომ ეს პირადად გითხრა. მე, რა თქმა უნდა, მოკვლევის განსხვავებულ ვერსიას ჩავიტან მოსკოვში, მაგრამ, როგორც გითხარი, პენსიაზე გავდივარ და ის ამ საქმეს სხვას დაავალებს. იმ სხვაზე კი თავს ვერ დავდებ და ვერ ვიტყვი, რომ შენამდე ვერ მოვა. ამიტომ, გირჩევ, რომ ის ნაძირალაც თავისი დეიდაშვილის გზას გაუყენო, თან, შენც ამოისუნთქავ და ამ საზარელ ნარკოქსელსაც ერთგვარად შევასუსტებთ.
მე არ ვიცოდი, ვის თამაშს თამაშობდა მუხინი და მის უკან რა ძალები იდგნენ, როდესაც ასეთ რჩევას მაძლევდა. შეიძლება, ის სულაც, მარტო მოქმედებდა, მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ სიმართლეს ამბობდა. რადგან ჩემს უსაფრთხოებაზე იყო ლაპარაკი, მის შემოთავაზებას უყოყმანოდ დავთანხმდი.
– თანახმა ვარ, ანდრეი ლუკიჩ, – ვუთხარი მუხინს.
– ასეც ვიცოდი, – მომიგო გენერალმა და მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფზე მიმითითა – აქაა დამალული ყველა საჭირო ცნობა ობიექტზე და, აბა, შენ იცი... საქმე ძალიან არ უნდა გაიწელოს და, რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი. ახლა წადი. მე კიდევ ცოტა ხანს დავრჩები აქ, საღამოს კი მოსკოვში უნდა დავბრუნდე.
მუხინის დატოვებულ სიგარეტის კოლოფში ჩემთვის ყველა საჭირო ინფორმაცია აღმოვაჩინე. მეორე დღეს მოსკოვში გადავფრინდი, გრიმი გავიკეთე და საქმეს შევუდექი. ორდღიანი დევნის შემდეგ, ობიექტი ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზე გამოვასალმე სიცოცხლეს სნაიპერული გასროლით სწორედ იმ დროს, როდესაც ჩემ მიერ პარიზში მოკლულ მის დეიდაშვილს ასაფლავებდნენ.
ეს საქმე მაშინ ამით დასრულდა, მაგრამ, ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონდა: ამ ამბიდან ექვსი თვის შემდეგ, ზამთრის მიწურულს, როდესაც, თბილისი სამოქალაქო ომის შედეგად მიწასთან იყო გასწორებული და ყველგან სრული ქაოსი და უიმედობა სუფევდა, დათოვლილ რუსთაველზე ფეხით მივდიოდი. ის-ის იყო, დანგრეულ სასტუმრო „თბილისთან“ (ამჟამად „მარიოტი“) ჩავუხვიე, რომ ნანგრევებიდან ბუშლატაში გამოწყობილი მამაკაცი გამოხტა, „სტეჩკინი“ მომადო და მითხრა:
– არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!
თავდამსხმელი უმალვე ვიცანი – ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ ექვსი თვის წინ აეროპორტიდან ამედევნა და თავადვე გახდა ჩემი თვალთვალის ობიექტი. ამიტომ, მივხვდი, რომ საქმე ისევ იმ ამბავს ეხებოდა და მიამიტურად მივუგე:
– არც ფული მაქვს და არც ძვირფასეულობა, მაღაზიიდან პურის ფქვილი უნდა წამოვიღო ნისიად.
უცებ, რუსთაველის გამზირიდან „ჟიგულიმ“ ჩამოუხვია და ჩვენ გვერდით გაჩერდა, ბუშლატიანმა კი პისტოლეტის ლულით მიბიძგა, მანქანაში შემაგდო და მითხრა:
– წინააღმდეგობის გაწევა არ სცადო, თორემ, მოგკლავთ!
თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. ორი მათგანი იმ ოთხეულიდან იყო, ვინც ამ ექვსი თვის წინ იმყოფებოდა თბილისში, ორი კი არ მეცნობოდა. მანქანა კოლმეურნეობის მოედნისკენ გაემართა, მაგრამ, ყვავილების ბირჟასთან მოტრიალდა, მშრალ ხიდზე გადავიდა, შემდეგ მარქსის ხიდიც გაიარა და, ვორონცოვის გავლით, სვანეთის უბნისკენ აიღო გეზი. მე წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადე და, მართალია, შეუიარაღებელი ვიყავი, მაგრამ, უკვე ვიცოდი, როგორც უნდა მემოქმედა: უპირველესად, მათი ყურადღება უნდა მომედუნებინა და ძველ ნაცნობს ვუთხარი:
– აშკარად ვიღაცაში გეშლებით, ტყუილად გამიტაცეთ.
– ვერ გვიცანი? – მკითხა მძღოლის გვერდით მჯდომმა, იმან, ვინც სასტუმრო „ივერიის“ წინ შეხვდა მუხინს.
– ვერა, ვერ გიცანით.
– ცუდი მეხსიერება გქონია, – ჩაეცინა წინ მჯდომს, – აბა, გაიხსენე, როგორ დაგვისხლტი ხელიდან ექვსი თვის წინ, როდესაც აეროპორტიდან დაგაჯექით კუდზე.
– ეგ მახსოვს, მაგრამ, ვერც თქვენ გიხსენებთ და, მით უმეტეს, ვერ ვხვდები, ჩემთან რა გინდათ. ნუთუ იმის გამო გამიტაცეთ, რომ მაშინ გაგექეცით?
– არა.
– აბა, რაშია საქმე?
– ადგილზე მივალთ და ყველაფერს შეიტყობ. ახლა კი წყნარად, რომ შუბლი არ გაგიხვრიტო!
მანქანამ სასაფლაოებისკენ აუხვია. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და, მივხვდი, რამეს, თუ არ ვიღონებდი, ჯერ მაწამებდნენ, მედეგ კი იქვე მომკლავდნენ. ამიტომ, სტეჩკინმომარჯვებულს ვეცი, თავისივე პისტოლეტი შევუბრუნე, მკერდზე მივადე, გავისროლე და მოვკალი, შემდეგ ჩემ გვერდით მჯდომიც გამოვასალმე სიცოცხლეს. პისტოლეტი უკვე ხელთ მქონდა, მისი ტარი მძღოლის გვერდით მჯდომს ჩავარტყი და გავთიშე, მძღოლს კი ლულა თავზე მივადე და ვუბრძანე:
– მანქანა გააჩერე და შენი პაძელნიკი კი მანქანიდან გადაათრიე!
მძღოლმა მყისვე შეასრულა ბრძანება, მერე, ჩემივე ბრძანებით, გათიშული მამაკაცი გონზე მოიყვანა და თოვლში მუხლებზე დააყენა. მე პისტოლეტი მივუშვირე გამოფხიზლებულს და ვკითხე:
– ჩემგან რა გინდა?
– წადი, შენი!.. – შემაგინა გამოფხიზლებულმა, მე კი მძღოლს შუბლი გავუხვრიტე, იარაღი კვლავ გამოფხიზლებულს მივუშვირე და ვუთხარი:
– ჩქარა, მიპასუხე, ვინ ხართ და ჩემთან ვინ და რატომ გამოგგზავნათ, თორემ, ჯერ მუხლებს დაგიხვრეტ, მერე კი შუბლს!
– კერძო პირები ვართ, „ეფესბეში“ აღარ ვმსახურობთ. აქ კი იმისთვის გამოგვგზავნეს, რომ თქვენგან გავიგოთ, ვინ შეუკვეთა და ვინ შეასრულა პარიზისა და მოსკოვის მკვლელობები. თქვენთან კი „ცალთვალას“ ბრძანებით გამოგვგზავნეს.
– ცალთვალა ვინ არის?
– ის, ვინც მოკლულების ადგილი დაიკავა.
– ჩემი ადგილსამყოფელი როგორ გაიგეთ?
– მუხინმა გვითხრა.
– რაო, რას ბოდავ?
– მუხინმა გვითხრა, როდესაც ამ ექვსი თვის წინ ვიყავით აქ, ახლა კი გამოვიყენეთ.
– კიდევ ვინ იცის თქვენი მისიის შესახებ და ჩემი მისამართი?
– მეტი არავინ.
– სიმართლე მითხარი, თორემ, წამებით ამოგხდი სულს!
– არავინ, მართლა არავინ, – დამაჯერებლად მითხრა ყოფილმა „ეფესბეელმა“. მეტი დამაჯერებლობისთვის მას მუხლი გავუხვრიტე და კითხვა გავუმეორე:
– სიმართლე თქვი, კიდევ ვინ იცის?
– არავინ, ჩემს სიცოცხლეს გეფიცები, – გამიმეორა მუხლგახვრეტილმა, მე კი მას შუბლი გავუხვრიტე და ჩავილაპარაკე: „შეგიძლია, აღარ დაიფიცო, უკვე მკვდარი ხარ“.
„სტეჩკინი“ იქვე დავაგდე, სწრაფად დავეშვი ქვევით და მაღაზიაში წავედი პურის ფქვილის წამოსაღებად, რომელშიც ფული წინასწარ მქონდა გადახდილი.
მუხინმა კინაღამ დამღუპა, თუმცა, მას აზრადაც არ ჰქონია ღალატი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში კრიმინოგენური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, კვლავ მომიწია გადამდგარ გენერალთან შეხვედრა. „ძიას“ მეშვეობით მან მოსკოვში დამიბარა და, რომ შევხვდი, მითხრა:
– დიდი ხანია, შენი ნახვა და მობოდიშება მინდოდა, მაგრამ, ვერ მოვახერხე. ბოდიში, ჩემო კოკი, რომ ჩემ გამო ლამის სიცოცხლეს გამოგასალმეს, მაგრამ, გარწმუნებ, აზრადაც არ მქონია ღალატი, მხოლოდ შენი უსაფრთხოებისთვის ვზრუნავდი.
მე, რა თქმა უნდა, კითხვით შემეძლო დამეზუსტებინა, კონკრეტულად რას გულისხმობდა, მაგრამ, ჩვენი ურთიერთობის მქონე ადამიანებში ასეთი რამ ზედმეტია და მივუგე:
– ვიცი, ანდრეი ლუკიჩ, რას მებოდიშებით.
– მიტევებისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ და გეტყვი, რისთვისაც დაგიბარე აქ.
– გისმენთ, ამხანაგო გენერალო.–
– შეკვეთა უნდა მოგცე.
– შეკვეთა?
– დიახ.
– გისმენთ.
– ეს შეკვეთა, თავისი შინაარსითა და ანაზღაურების ფორმით, ცოტა არ იყოს, უცნაურ ხასიათს ატარებს და იმ ამბების ბოლო ჯაჭვია, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა.
– ბრძანეთ. გისმენთ.
– ცალთვალას შესახებ გსმენია რამე?
– კი. მან ახლა პარიზსა და მოსკოვში მოკლული ბოსები შეცვალა.
– კუკიაზე მოკლულებმა გითხრეს?
– დიახ.
– ცალთვალას მოკვლას პირადად მე გიკვეთავ და ერთ მილიონ დოლარს გიხდი. ფულს მისი პირადი სეიფიდან აიღებ, რომელიც კაბინეტში აქვს, სამაგიეროდ კი მწვანე საქაღალდეს გადმომცემ. გაწყობს?
– მაწყობს... მაგრამ, ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენ, კოკი.
– ანდრეი ლუკიჩ, თქვენ ზოროს პრინციპებით მოქმედებთ თუ თქვენ უკან გარკვეული ძალები დგანან?
– ამჟამად ზოროს პრინციპით ვმოქმედებ, – გაეცინა მუხინს, – თუმცა, მწვანე საქაღალდის დაუფლების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, დიდ ძალებს მოვიმხრობ.
ცალთვალა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელსაც მარცხენა თვალი არ ჰქონდა. ის მოსკოვში ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა, სადაც, ჩემეული ხერხით, სახურავიდან შევიპარე და იმ დროს დავადექი თავზე, როდესაც სეიფში მწვანე საქაღალდეს ინახავდა.
– არ გაინძრე! – ვუბრძანე ცალთვალას და მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე, – ერთი უნებლიე მოძრაობა და აქვე გაგათავებ!
– ვინ ხარ და რას მერჩი? – შემოიტრიალდა ცალთვალა და ერთადერთი საღი თვალი ბოროტად შემომანათა.
– ეს შენ ყიდი ბავშვებსა და მოზარდებზე ნარკოტიკებს? დაჯექი და მშვიდად იყავი!
ცალთვალა ფრთხილად დაჯდა და მომიგო:
– მე ბიზნესმენი ვარ. ჩემნაირი ამქვეყნად ბევრია და ყველას ვერ მოერევი. ამიტომ, გირჩევ, თუკი ჩემს მოსაკლავად ხარ მოსული, ის ფული აიღე, რომელიც სეიფში მაქვს ჩაკეტილი და წადი.
– მწვანე საქაღალდეში რა დევს?
– კომპრომატები.
– ვისი?
– რაში გაინტერესებს? ფული აიღე და წადი!
მე პისტოლეტი მივუშვირე ცალთვალას და გავუმეორე:
– ხომ არ დაგავიწყდა, რა გითხარი? კითხვებს აქ მე ვსვამ და მიპასუხე, რა კომპრომატებია საქაღალდეში?
– აქ მაქვს დაშიფრული ტექსტები, ყველა ჩემი პარტნიორის ვინაობა, ლეგალური და არალეგალური ბიზნესის მონაცემები, აგრეთვე, საბანკო ანგარიშები, ოჯახური მდგომარეობა – ერთი სიტყვით, სრული დოსიეები.
– გასაგებია. მომეცი საქაღალდე!
ცალთვალამ საქაღალდე გამომიწოდა, თან მითხრა:
– მე მგონი, ჯობია, ჩემი ფული აიღო, საქაღალდე კი დამიბრუნო და მშვიდობიანად წახვიდე აქედან. რომ მომკლა, ვერც შენ და ვერც შენი შემკვეთები ვერსად დაიმალებიან. იცოდე, რომ მიწიდან ამოგიღებენ.
– ჯერჯერობით მიწის პერსპექტივა თქვენ გაქვთ, – მივუგე ცალთვალას და პისტოლეტი მივუშვირე, მან კი გამიმეორა:
– გირჩევ, რომ ჩემი ფული აიღო.
მე ცალთვალას შუბლში ვესროლე, იქვე მოვკალი და ვთქვი: „ეს ჩემი გასამრჯელოა, შენ ფული მაინც აღარ დაგჭირდება“.
ცალთვალას სახლი მწვანე საქაღალდესთან და მილიონ დოლართან ერთად დავტოვე, მაგრამ, სანამ მუხინს მივუტანდი, საბუთების ასლები გავაკეთე და შევინახე.
– როგორ ჩაიარა საქმემ? – მკითხა მუხინმა, როდესაც მწვანე საქაღალდე გადავეცი.
– როგორც ვვარაუდობდით, – მივუგე მუხინს და ვუთხარი, – შეიძლება, გკითხოთ?
– რა თქმა უნდა.
– მწვანე საქაღალდეში რა დევს?
– ყველა იმ ნარკომოვაჭრისა და მათ წიაღში მყოფი ადამიანების დოსიეები, ვინც ჩვენს მომავალსა და გენოფონდს ანადგურებს, – მომიგო მუხინმა და დაამატა, – აი, ამის წინააღმდეგ ძალიან ბევრ ადამიანს გავაერთიანებ და ერთობლივი ძალებით შევებრძოლებით ამ ჭირს.
მუხინმა მართლაც ძალიან ძლიერი იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნა, რომელიც ნარკომოვაჭრეების განადგურებითაა დაკავებული და ის დღემდე ფუნქციონირებს. მწვანე საქაღალდის ასლები მეც გავშიფრე და, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ სიაში უამრავი ქართველი, მათ შორის, ძველი თუ ამჟამად მოქმედი მაღალჩინოსანიც აღმოვაჩინე. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნარკოტრანზიტული სტატუსის მქონე ქვეყნის პარალელურად, პროცენტული შეფარდებით საქართველო მყარად ინარჩუნებს ადგილს იმ ხუთეულში, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ვრცელდება ნარკოტიკები.
ერთხელ „ძიამ“ გადმომცა, რომ შემკვეთს ჩემთან პირადად სურდა შეხვედრა და ამის გამო ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩავედი. მისი ვინაობა რომანმაც არ იცოდა და, როდესაც ამ ულამაზეს ქალაქში დათქმულ ადგილას გამოვცხადდი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – შეხვედრაზე მოსული, რესპექტაბელურად ჩაცმული ახალგაზრდა, რომელიც უაქცენტოდ ლაპარაკობდა ინგლისურად, საქართველოს ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის საშუალო რგოლის თანამშრომელი იყო. მას მე შორიდან ვიცნობდი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ბინძურ საქმეში იქნებოდა გარეული.
– გამარჯობა, – სუფთა ინგლისურით მომესალმა ყმაწვილი, – მე წარმოშობით ჩრდილოეთ ირლანდიიდან ვარ და მოხიბლული ვარ ამ მშვენიერი ევროპული, მართლაც რომ ულამაზესი ქალაქით. თქვენ აქაური ბრძანდებით?
– აღმოსავლეთ გერმანიიდან, – ტყუილზე ტყუილით მივუგე ქართველ ყმაწვილს, მან კი გამოცდის მიზნით გერმანულად მკითხა:
– მოგწონთ აქაურობა?
– კარგია, მაგრამ, როსტოკი მირჩევნია თავისი პორტითა და მეთევზეებით, – სუფთა როსტოკული დიალექტით მივუგე დამკვეთს, რითაც ის საბოლოოდ დარწმუნდა ჩემს გერმანელობაში და მითხრა:
– ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ, ხშირად გვიწევს ნახევრად ველურ, არაცივილიზებულ ადამიანებთან საქმის დაჭერა. ეს კი, გარწმუნებთ, რომ საკმაოდ არასტაბილური, ხშირად სახიფათო წამოწყებაა და, არცთუ იშვიათად, ამ ურთიერთობების გამოსწორება საკმაოდ მკაცრი მეთოდებით გვიწევს.
ქართველი ყმაწვილის შესავალი ჩემთვის კვალის ასარევად იყო გამიზნული. ამიტომ, მას კიდევ ცოტა ხანს ვუსმინე და ვუთხარი:
– მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ხომ გაგიგონიათ – დრო ფულია. თანაც, ჩვენ, გერმანელებს პუნქტუალობა გვიყვარს. გისმენთ. ბრძანეთ, რა გნებავთ.
– რა ენაზე ვილაპარაკოთ?
– გერმანულად ჯობია.
– ჰერ, – მითხრა ბიჭმა, – საქართველო თუ გაგიგიათ?
– გამიგია და ბათუმში ნამყოფიც კი ვარ ოთხმოციან წლებში. იქ საკრუიზო გემით ვიყავი ჩასული ოდესიდან.
– შეკვეთა საქართველოში უნდა შესრულდეს და, არა ბათუმში, არამედ – თბილისში.
– დედაქალაქში?
– დიახ, დედაქალაქში.
– ძალიან კარგი. როგორც ვიცი, იქ კარგად იციან რუსული და ამ ენას გამოვიყენებ. გისმენთ.
ბიჭმა ობიექტის სურათი მაჩვენა და მითხრა:
– აი, ესაა ობიექტი. ყველა საჭირო მონაცემს მის შესახებ ამ კონვერტში იპოვით, – ბიჭმა კონვერტი გადმომცა და დაამატა: – გასამრჯელო 300 ათასი დოლარია, გაწყობთ?
– მაწყობს, – მივუგე შემკვეთს და გამოვემშვიდობე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში