როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
კირაკოზაშვილი
ფუძით – კირაკოზა, გვარები აქვთ როგორც ქართველებს, ისე სომხებს. ესაა რთულფუძიანი გვარი, შედგება ორი ფუძისგან. კირა ძველი სახელია, მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების წყაროში, კერძოდ, ტბეთის სულთა მატიანეში. კოსა, კოსალა, კოსია – მეტსახელებია. როგორც კი ფუძეში გაჩნდა ასო ზ, რომელსაც რუსული ფორმატი ოვი მიემატა, გვარი შეცდომით სომხურად იქნა მიჩნეული – კირაკოზოვი, კირაკოზიანი, კირაკოსიანი, კირაკოსოვი.
კირაკოზაშვილები არიან ქართველი მართლმადიდებლები, ხოლო კირაკოსიან-კირაკოსები არიან სომხები.
ქვემო ქართლში დაფიქსირებულია კირაკოზას სოფელი იმ დროს, როცა აქ სომხები არ იყვნენ.
თავად ელიზბარ არღუთინსკი-დოლგორუკოვის, იგივე არღუთაშვილი-მხარგრძელის გლეხად მოიხსენიება კონია კირაკოზაშვილი, მეუღლე მისი – გულადა, შვილები – ზაქარია, არუფინა, შვილიშვილები, – თინათინი, ანა, მარიამი – ყოფილი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და ქართველები, გააგრიგორიანეს, სოფელ დმანისში 1860 წელს ჩაწერეს და სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებისად მონათლეს.
ქართველთა გასომხება და ეროვნების, სარწმუნოების შეცვლა ძირითადად დაიწყო 1860 წლიდან და მასობრივი ხასიათი მიიღო 1886 წლის აღწერიდან.
საქართველოში 187 კირაკოზაშვილი ცხოვრობს: სამეგრელოში – 116, თბილისში – 48, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.
ალელიშვილი-ალელაშვილი
მეტსახელი ალელი გამოყენებულია ალელიშვილების გვარის ფუძედ.
ალელი სადაურობის აღმნიშვნელი, გვარად ქცეული სიტყვაა. გადმოცემით, წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ისინი ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან.
ახალციხელ ალელიშვილებს არდელიანთს უწოდებენ. ამის გამო, სავარაუდოა, რომ მათი წარმომავლობა სოფელ არალიდან მოდის – არალი ადიგენის რაიონის ერთ-ერთი სოფელია.
ალელისშვილი მოიხსენიება 1713-1738 წლებში, ყმის სახლ-კარისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილიშვილის – დავითის მიერ ბეჟანა ნასასშვილისადმი ნასყიდობის, მის სახელზე გაცემული ყმის სახლ-კარისა და მამულის წიგნში.
„კუკიას სახასო ალელისშვილი ხიზანა...; აქავ სახასო ალელისშვილი როსტომა“;
„ხერხეულიძეების დიდებას რევაზისა წიგნში, ალელაშვილი ზურაბაც“ (1721 წელი).
საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 111, გარდაბანში – 63, ახალქალაქში – 28. არიან სხვაგანაც.
ამირჯანაშვილი-ამირჯანოვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამირჯანა.
ამირჯანა მეთვრამეტე საუკუნის ყმების სიაში მოიხსენიება პატრიარქის ყმად.
„ამირ“ არაბულად „მბრძანებელს“, „მპყრობელს“ ნიშნავს; „ჯან“ – „სულს“, „სულთამპყრობელს“, „სულთა მბრძანებელს“.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება ამირჯანაშვილი შავერდა და ამირჯანაშვილი სტეფანა.
ასევე გვხვდება გვარები: მალიჯანაშვილი, აკოფჯანაშვილი, ყულიჯანაშვილი, ველიჯანაშვილი, ბეგიჯანაშვილი, მირიჯანაშვილი და ასე შემდეგ. ამ გვარების ფუძედაც სახელი ამირჯანაა გამოყენებული.
ამირჯანაშვილები ჩაწერილები არიან ამირჯანოვებად და გვხვდებიან: თბილისში – 27, თეთრი წყაროში – 11, მარნეულში – 10.
პაჭკორია
გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი პაჭკორი, პაპაშჭკორი, რაც მეგრულად მღვდლის ყმას ნიშნავს. არსებობს, ასევე, მეტსახელები: პაჭიკა, პაჭიკო და ასე შემდეგ.
საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც, პირველმოსახლენი: გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად, ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან.
ნაპაჭკორუ არის სახნავი მინდორი აბაშის მარცხენა ნაპირას.
1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პააჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პააჭკორია და მისი ძმისწული – მასტიშია.
საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ საწულეისკიროში გადასულან.
საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს. ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში...
საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164. არიან სხვაგანაც.
ბჟალავა
შუა სამეგრელოში გვხვდება გვარები: ბჟავა, ბჟალავა, ბჟანია, ბჟინავა. პაატა ცხადაიასთან ბჟალა განმარტებულ-ახსნილია როგორც ნათელი, მზიანი. მზეს კოლხურად „ბჟა“. ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ კოლხურში „ბჟა“ ეწოდება, ასევე, ძროხის რძეს და, საერთოდ, რძე იგივეა, რაც „ბჟა“.
ბატონი ლადო ალფენიძე უფრო შორს წავიდა და ის ეგვიპტური ენის საფუძველზე ახსნა. ის წერს: საქმე ის არის, რომ, ეგვიპტური საკრალური მითების თანახმად, „მზე“ შვა საკრალურმა ძროხამ, რომელსაც ჰქვია „მეხეთურთ“ – დიდი „ციური ძროხა“.
მზეს და რძეს ერთი სახელი აქვს კოლხურში; მზე და რძე ერთი იდეითაა შეკრული ეგვიპტეშიც. ეს ეგვიპტური იდეა, ვფიქრობთ, რამზეს მეორის ეგვიპტელებმა მოიტანეს კოლხეთში 33 საუკუნის წინათ.
მეორე ვერსიით, ამ ეგვიპტური საკრალური მზისა და რძის გამოძახილი ისმის ლათინურ სამყაროში, ვერგილიუსის გენიალურ პოემა „ენეიდაში“.
იქ არის ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი. როცა ენეახი და მისი ტროელი თანამგზავრები თბილ რძეს სწირავდნენ მზეს, რადგანაც, მზე, ეგვიპტური მითის თანახმად, არის ოქროს ხბო, ხბოს კი რძე სჭირდება და, ამიტომაც სწირავდნენ კოლხები, ტროელები და ეგვიპტელები მზეს რძეს. ასეთია მითის ლოგიკა და ეს აზრი ქართულშიც იყო გავრცელებული.
არნოლდ ჩიქობავა მთის ერთ ქართველურ დიალექტში წააწყდა გამოთქმას „ზის ცვარი“. მთიელი მწყემსები რძეს „ზის ცვარს“ ეძახდნენ. „ზის ცვარი იგივე მზის ცვარია“.
ებჟაე უბანია აბაშის მარჯვენა მხარეს. ნაბჟალუ – ბორცვია სალაგვილოში. საბჟალა უბანია კოტიანეთის და ზემო სორტის საზღვარზე. საბჟალაო უბნებია ყულევის საზღვართან და პირველ ონტოფოში.
ამავე ფუძისაა გვარი ბჟავა, სავარაუდოდ – ბჟალავა.
საქართველოში 1 231 ბჟალავა ცხოვრობს: მარტვილში – 375, სენაკში – 211, თბილისში – 171. არიან სხვაგანაც.
ჯავახიანი
ჯავახიანი მცირერიცხოვანი გვარია. ფუძემ ჯავახი – რამდენიმე ქართული გვარ-სახელი აწარმოა და ყოველ მათგანს საფუძვლად უდევს ეთნონიმი ჯავახი.
ჯავახ აფაქისძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში.
ფუძიდან ჯავახ ნაწარმოებია ძველ საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული საგვარეულო – ჯავახიშვილი, ჯავახიშვილ-გამრეკელი;
ქართლელ ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან და მეთორმეტე საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფელ ხოვლეში. მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი, წინანდელი ადგილსამყოფლის მიხედვით, ჯავახიშვილად წოდებულან.
ჯავახიანი საჯავახიანოს წაბაძვით შექმნილ გვარად ჩანს. გვარში შემორჩენილი გადმოცემით, გვარის ნაწილი იმერეთში გადასულა, კერძოდ – ზესტაფონში (პირველ სვირში) და გვარად აუღიათ ჯავახიანი; მეორე ნაწილი ქუთაისში (ქვიტირი) დასახლებულა და ჯავახაძე აუღიათ გვარად, ნაწილი კი ბაღდადში წასულა და იქ ჯავახიებად ჩაწერილან.
საქართველოში 22 ჯავახიანი ცხოვრობს: ზესტაფონში – 14, მარნეულში – 4, სამტრედიაში – 4.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით