კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაანეიტრალა სტალინმა დონის კაზაკთა ჯარი

რუსეთის ისტორიაში კაზაკობა ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. ყველა ომში, რომელიც რუსეთმა ევროპისა თუ აზიის ქვეყნებთან გადაიხადა, კაზაკთა ჯარი აქტიურად მონაწილეობდა, მათ შორის პირველ მსოფლიო ომშიც. კაზაკები რუსეთის სახელმწიფოში განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდნენ. მათ არ შეხებიათ ბატონყმობა. თითოეული კაზაკის ოჯახი ფლობდა საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთს და შეიძლება ითქვას, ქონებრივი მდგომარეობით რუს კულაკთა საშუალო ფენას უტოლდებოდა. პრაქტიკულად, კაზაკთა მეურნეობა ფერმერული პრინციპით იყო მოწყობილი, მათ ერთადერთ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე ჯარში სამსახური წარმოადგენდა. არ შეიძლებოდა კაზაკთა პოლკების სხვა სამხედრო შენაერთებთან აღრევა, კაზაკები იბრძოდნენ ცალკე. 1709 წლიდან პეტრე პირველმა დაიწყო კაზაკთა თავისუფლების შეზღუდვა.  გაუქმდა კაზაკთა ჯარის მთავარსარდლის – ატამანის არჩევა. ამ დროიდან მოყოლებული სულ უფრო და უფრო იძაბებოდა ურთიერთობა კაზაკთა ზედა ფენასა და რუსეთის სამეფო ხელისუფლებას შორის. თუმცა, კაზაკები სახელმწიფოსთვის სამსახურს კვლავ ერთგულად განაგრძობდნენ. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ კაზაკების ელიტაში გამოირჩეოდა ორი ფიგურა: დონის კაზაკთა ატამანი – ალექსი კალედინი და ორენბურგის კაზაკთა ატამანი – ალექსანდრე დუტოვი. რუსეთის იმპერიის არმიის გახრწნის პირობებშიც კი, დუტოვმა და კალედინმა შეძლეს კაზაკთა ჯარის პოლიტიკიდან გარიდება. თუმცა, ორივე ატამანს რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე კერენსკისთან დიდი შეხლა-შემოხლა ჰქონდა. კალედინი და დუტოვი რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში კაზაკთა ჯარის განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვდნენ. კერენსკიმ შექმნილ ვითარებას ალღო ვერ აუღო და კაზაკებს მხოლოდ დაპირებებს აძლევდა. შექმნილი ვითარება შესანიშნავად გამოიყენა იოსებ სტალინმა.
1917 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, როცა იოსებ სტალინი სახელმწიფო გადატრიალებისთვის (რუსეთის დროებითი მთავრობის დამხობისთვის) აქტიურ მზადებას შეუდგა, მას ცხადად ჰქონდა გააზრებული, რომ ორი-სამი ათასი კაცი საკმარისი იყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რადგან დროებით მთავრობას ჯარი, პრაქტიკულად, არ ემორჩილებოდა, ხოლო პოლიცია სრულიად უმოქმედოდ იყო. ერთადერთ საფრთხეს სტალინს პეტროგრადში განლაგებული კაზაკთა პოლკები უქმნიდა, რომელიც სრულიად რუსეთის კაზაკთა ჯარების კავშირის თავმჯდომარეს, ატამან ალექსანდრე დუტოვს ემორჩილებოდა. იმავდროულად, დუტოვი ორენბურგის კაზაკთა ჯარის ატამანიც იყო. დიდი ძალა იყო დონის კაზაკთა ჯარიც, რომლის ატამანი ალექსი კალედინი გახლდათ. სტალინის მიერ სახელმწიფო გადატრიალებისთვის მობილიზებული 2-3 ათასი მუშა და მეზღვაური პეტროგრადში განლაგებულ ატამან დუტოვის პოლკებს ვერ გაუმკლავდებოდა. ალექსანდრე კერენსკიმ, ვერ გათვალა, რომ ერთადერთი ძალა ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად, სწორედ კაზაკთა პოლკები იყო. სამაგიეროდ, იოსებ სტალინმა კარგად გათვალა, რომ მას კაზაკთა პოლკების მიმხრობაც კი არ დასჭირდებოდა – საკმარისი იყო, კაზაკთა ჯარს ნეიტრალიტეტი დაეცვა. რუს ბოლშევიკ ლიდერთა შორის, ალექსანდრე კერენსკის მსგავსად მოაზროვნე ბევრი იყო. კერენსკივით, მათაც ვერ წარმოედგინათ დუტოვთან მოლაპარაკებაზე წასვლა. სტალინი ასე არ ფიქრობდა. ალექსანდრე დუტოვთან მოლაპარაკებას სტალინი სხვას ვერ მიანდობდა. ამიტომ, ის პირადად, საიდუმლოდ შეხვდა დუტოვს. სტალინი ძალზე სახიფათო თამაშს იწყებდა. მისი და დუტოვის მოლაპარაკების შესახებ არ უნდა შეეტყო არა მარტო კერენსკის, არამედ თვით ბოლშევიკ ლიდერებსაც კი. როგორც კერენსკი, ისე ბოლშევიკი ლიდერები ამ მოლაპარაკებას ჩაშლიდნენ. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა რთული იქნებოდა 20 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის სამსახურში ნამყოფი, ღვაწლმოსილი ატამანისა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების დაუძინებელი მტრის, იოსებ ჯუღაშვილის მოლაპარაკება. თუმცა, სტალინს ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი. მან შესანიშნავად გამოიყენა ატამან ალექსი დუტოვის პოლიტიკური მრწამსი. შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს, რომ კაზაკთა ატამანი თავისი მრწამსით რესპუბლიკელი იყო და დემოკრატიულ რეფორმებს უჭერდა მხარს. სტალინმა კარგად გამოიყენა ისიც, რომ ალექსანდრე დუტოვი ორგანულად ვერ იტანდა რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, ალექსანდრე კერენსკის და მის მინისტრებს. სტალინი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და დუტოვს განუცხადა: თუ კაზაკთა პოლკები ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ და რუსეთის დროებით მთავრობას არ დაიცავდნენ, დონისა და ორენბურგის კაზაკობა ფართო ტერიტორიულ ავტონომიას და განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებდა – კაზაკები თვითონ იქნებოდნენ თავიანთი სვე-ბედის გამგებლები. ალექსანდრე დუტოვის მეშვეობით სტალინი დაუკავშირდა დონის კაზაკთა ჯარის ატამანს, ალექსი კალედინს, რომელსაც ასევე, კონფლიქტი ჰქონდა კერენსკისთან. კალედინი დასთანხმდა სტალინის წინადადებას. თუ დროებითი მთავრობა დონის კაზაკთა ჯარს პეტროგრადში გაიძახებდა, კალედინს ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა. სწორედ ეს იყო რუსეთის ისტორიაში ორი გამოჩენილი პიროვნების – ალექსანდრე დუტოვისა და ალექსი კალედინის საბედისწერო შეცდომა.
სტალინი, ცხადია, დუტოვისა და კალედინისთვის მიცემულ პირობის შესრულებას არც აპირებდა.
მალე ატამანმა დუტოვმა პეტროგრადში განლაგებული კაზაკთა პოლკები მიატოვა, ორენბურგში გაიქცა და იქ ანტიბოლშევიკურ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ატამანმა კალედინმაც დონის ოლქში ანტიბოლშევიკური აჯანყება დაიწყო. ამ აჯანყებების სტალინს უკვე აღარ ეშინოდა. ხელისუფლების სათავეში მოსული ბოლშევიკები შეუდგნენ  პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ფიზიკურ მოსპობას. 1918 წლის იანვარში მუშებისა და მეზღვაურებისგან დაკომპლექტებული რაზმები დონის ოლქს მოედვნენ. ცხადია, ატამანი დუტოვი მიხვდა, რომ სტალინთან მოლაპარაკებას აზრი აღარ ჰქონდა. კაზაკებს თავისი თავი თვითონ უნდა გადაერჩინათ. ეს კი შეუძლებელი იყო. კაზაკთა ჯარი როგორც ორგანიზებული არმია, უკვე აღარ არსებობდა. კაზაკთა პოლკები დაიშალა, როგორც პეტროგრადში, ისე დონის ოლქშიც. ერთ დროს, ბრძოლებში გამობრძმედილმა, მამაცმა ატამანმა საქმის შემობრუნება სცადა და დონის კაზაკობას წითელი ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა. ატამანი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ მან ყველაფერი წააგო. 1918 წლის 29 იანვარს ატამან კალედინს მოახსენეს, რომ მისი მოწოდების მიუხედავად, დონის ოლქის დასაცავად მხოლოდ 147 კაზაკი გამოვიდა. სასოწარკვეთილმა ატამანმა იმავე დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ატამან ალექსი კალედინის ტრაგიკულმა აღსასრულმა დამთრგუნველად იმოქმედა ატამან დუტოვზე. თუმცა, ის ბრძოლას კიდევ ორი წელი განაგრძობდა. სტალინისთვის დუტოვის ლიკვიდაცია, არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმ ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეურიგებლად მებრძოლი ატამანი მაინც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. დუტოვმა ორენბურგის ოლქში, წითელ არმიასთან ბრძოლებში მარცხის შემდეგ, 1920 წელს, კაზაკთა ჯარის ნარჩენებთან ერთად ჩინეთს შეაფარა თავი. 1921 წელს ჩეკისტების სპეცრაზმმა ატამანი ალექსანდრე დუტოვი სიცოცხლეს გამოასალმა.
1918-1920 წლებში რუსეთის სამხრეთში და კერძოდ, დონის ოლქში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, კაზაკობა ძალზე მერყეობდა – კაზაკები ხან საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგე თეთრი არმიის რიგებში იბრძოდნენ, ხან კი საბჭოთა წითელ არმიას ემხრობოდნენ. სტალინი კარგად ხედავდა, რომ მთელი კაზაკობის თეთრ არმიასთან შეერთება, ძალზე საშიში იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის. ამიტომ, მორიგ პოლიტიკურ ავანტიურაზე წავიდა. სტალინმა ბოლშევიკი აგიტატორების საშუალებით კაზაკებს ჩააგონა, რომ დელეგაცია გაეგზავნათ მოსკოვში. კაზაკების დელეგაციას საბჭოთა მთავრობისთვის დონის ოლქის ავტონომია და კაზაკთა ჯარის განსაკუთრებული სტატუსი  უნდა ეთხოვა. კაზაკები ამჯერადაც წამოეგნენ პროვოკაციაზე. საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში. დელეგაცია კრემლში სტალინმა მიიღო და კაზაკთა მიერ წამოყენებულ ყველა პირობას დასთანხმდა. დელეგაციის წევრები დონის ოლქში დაბრუნდნენ და კაზაკობას სტალინის დანაპირები გადასცეს. კაზაკებმა, მათ შორის ზედა ფენამაც, რომელთაც არაფერი უწყოდნენ ატამან დუტოვთან და კალედინთან სტალინის ურთიერთობის შესახებ, დანაპირები დაიჯერეს.  მართალია, კაზაკთა დიდი ნაწილი წითელ არმიაში არ შესულა, მაგრამ ნეიტრალური პოზიცია კი დაიკავა. ამას სამოქალაქო ომის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. 1920 წლის გაზაფხულიდან შემოდგომამდე სამხრეთ რუსეთში, მათ შორის დონის ოლქშიც, საბჭოთა ხელისუფლებამ თეთრგვარდიელთა არმიის დამარცხება შეძლო. საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ კაზაკთა ზედა ფენის (ოფიცრობის) დიდი ნაწილი ამ ბრძოლებში დაიღუპა, ან ემიგრაციაში წავიდა. დონის ოლქში დარჩენილი კაზაკები ელოდნენ, რომ დანაპირებ განსაკუთრებულ სტატუსს ამჯერად მაინც მიიღებდნენ, თუმცა ამაოდ. წელში გატეხილ კაზაკობას წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და ისინიც ბედს შეურიგდნენ.
        ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3