რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: იქნებ, მოკლედ დამიხასიათოთ 2001 წლის „ჰონდა სიარვი” (CRV), მაინტერესებს, რა პლუსები და მინუსები აქვს მას, რამდენად გამძლეა მისი მართვის ავტომატური კოლოფი და რამდენად უსაფრთხო, გამძლე და ეკონომიურია თავად მანქანა. მირჩევთ თუ არა მის შეძენას?
პასუხი: „ჰონდას” ეს მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქის „ჯიპებს“ შორის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი 2001 წლამდე გამოსული, ანუ, ძველი მოდელები შედარებით გამძლე იყო და უგზოობის პირობებსაც იოლად იტანდა, ვიდრე ეს მოდელი. მას აქვს შედარებით სუსტი სიჩქარეთა ავტომატური კოლოფი, მაგრამ, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ, ადრე თუ გვიან, ყველა კოლოფი გამოდის მწყობრიდან და მოფრთხილება სჭირდება. „სიარვიც” ასევეა, ანუ, თუ მას ძალიან არ აწვალებთ და მოუფრთხილდებით, სიჩქარეთა კოლოფიც პრობლემებს არ შეგიქმნით. ეს არის ქალაქის „ჯიპი“, რომელიც მოასფალტებული გზიდან გადასვლის შემთხვევაში თავს არ შეირცხვენს, თუმცა, უგზოობაში სასიარულოდ არ არის შექმნილი. რაც შეეხება წვას, „ჰონდა სიარვი” ქალაქის პირობებში, „ჯიპების“ ფონზე საკმაოდ ეკონომიურია და მის შეძენას გირჩევთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი,“ 2001 წლის. ეგრეთ წოდებული „სალნიკიდან” გასდის ზეთი. სისტემატურად ვამატებ, მაგრამ, გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა და ზეთის ხშირად ჩამატება ხომ არ გააფუჭებდა ძრავას?
პასუხი: ძრავას უკანა „სალნიკი” არ არის რთულად საშოვნელი და ძალიან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და, თუ მაინცდამაინც „ფორდ ფოკუსისას” ვერ იშოვით, მიიტანეთ და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. მაგრამ, ამ პრობლემის მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რაც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ ძრავას უკანა „სალნიკი” მოხსნან, მართვის კოლოფის მოხსნაა საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვს და, თან, რთულიცაა. თუმცა, ეს მაინც გასაკეთებელია, რადგან, ეს „ავადმყოფობა” თავისით არ გაივლის. ამიტომ, ჯობია, რაც შეიძლება მალე გააკეთოთ. ახლა, რაც შეეხება ზეთის დამატებას: ძრავას სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა თუ, მიუხედავად დამატებისა, ზეთს დროულად ცვლიდით.
კითხვა: მყავს „ეკოტეკის“ ტიპის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი. იქნებ, ამიხსნათ, როგორია ის, რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს. მაინტერესებს, შუქნიშანზე დგომის დროს, უნდა გადავიყვანო თუ არა სიჩქარეების გადამრთველი ნეიტრალურ მდგომარეობაში?
პასუხი: „ეკოტეკის“ ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან; ასევე, საჭიროა კარგი ხარისხის ზეთის დროულად გამოცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავას სექტორში, შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან და მან არასტაბილურად იმუშაოს – საწვავის წვას მოუმატოს ან, პერიოდულად, ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომის დროს არ არის აუცილებელი ნეიტრალური სიჩქარე, პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული, და, ძრავას ბრუნვათა რიცხვს არ ვუმატებთ ანუ გაზის პედალს არ ვაწვებით, ის არ ცვდება და კოლოფი არ ფუჭდება.
კითხვა: მინდა შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რომელს მირჩევთ, მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატური? რამდენად უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ავტომობილია ოჯახისთვის?
პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს, მექანიკურია ის თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში ტურბირებულ ძრავას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ ხანგრძლივი მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და, საკმაოდ „გაუმაძღარი“ იმისთვის, რომ ეკონომია შეძლოთ. შესაბამისად, თუ ჩვენ ოჯახზე ვზრუნავთ და არა ავტომობილის სიმძლავრით საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე, მაშინ, უმჯობესი იქნება, არატურბირებული ძრავით აღჭურვილი „სუბარუ” შევიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება, ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შევარჩიოთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ეკლიფსი”, 1998 წლის, 2.0 ძრავათი, მართვის ავტომატური კოლოფით. დაახლოებით 1 200 ბრუნის ფარგლებში ძრავა არასტაბილურად მუშაობს, გაზს თითქოს თვითონ აძლევს და აკლდება, ხოლო 1 300 ბრუნის შემდეგ, ბრუნვა სტაბილურდება. მაღალი სიჩქარის დროს დაახლოებით 2 800 ბრუნიდან გაზი თავისით იმატებს და გადადის 4 000 ბრუნზე. შემდეგ რჩება ამ ბრუნზე და რაც მთავარია, სიჩქარე დაბალზე აღარ გადმოაქვს. ამ დროს ძრავა „ჩეკს“ ანთებს. როდესაც ძრავას გათიშავ და ხელახლა დაქოქავ, ის იწყებს ჩვეულებრივ მუშაობას არასტაბილური, 1 200-იანი ბრუნით, მაგრამ სიჩქარეებს ცვლის 2 800-მდე. ამ ბრუნვის შემდეგ, ისევ იგივე იწყება, თავისით ადის 4 000-ზე. ასევე, „ჩეკი“ ქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკუმულატორის კლემას ჩახსნი და ისევ ჩართავ. „სვეჩები” და ჰაერის ფილტრი გამოცვლილია. იქნებ ამიხსნათ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?
პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. თუმცა, პრობლემის პოვნა გაცილებით რთული იქნებოდა და მთელი ავტომობილი დასაშლელი გახდებოდა, ძრავა „ჩეკს” რომ არ ანთებდეს. რადგან „ჩეკი“ ინთება, ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერი ავტომობილის გაუმართავი მუშაობის მიზეზს ხვდება და დიაგნოსტიკით პრობლემას იოლად აღმოფხვრით. კომპიუტერზე შეერთების შემდეგ, ის თავად დაგიწერთ, რა ხდება – კონკრეტულად რომელი სენსორის მუშაობა არ მოსწონს. მთავარი სწორედ მიზეზის პოვნაა და მისი შეკეთება უკვე აღარ გაგიჭირდებათ.