კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რად დაუჯდა ტიციან ტაბიძეს თვითმკვლელი პაოლო იაშვილის ცილისწამებაზე უარის თქმა

მეოცე საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების სუსხი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მძლავრად იგრძნობოდა. ცხადია, გამონაკლისი არც ქართული მწერლობა იყო. ქართველ მწერლებსა და პოეტებს საბჭოთა ხელისუფლების სადიდებელი ნაწარმოებების შექმნას აიძულებდნენ. თითოეული ურჩი ხელოვანის (და არა მარტო ხელოვანის) საბოლოო ხვედრი – დახვრეტა, უკეთეს შემთხვევაში კი – შორეულ ციმბირში გადასახლება იყო. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ-ერთ ასეთ რეპრესირებულ ქართველ სიმბოლისტ პოეტსა და მწერალზე, ტიციან ტაბიძეზე შევაჩერებთ. ჩვენი რესპონდენტია ისტორიკოსი ლევან ჯიქია.

ლევან ჯიქია: ტიციან ტაბიძემ ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. სტუდენტობის პერიოდში ის უკვე აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა: წერდა ლექსებს, აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და ასე შემდეგ. როგორც თქვენთვის ცნობილია, 1916 წელს შეიქმნა „ცისფერყანწელთა” ლიტერატურული ჯგუფი. ტიციან ტაბიძე ამ ლიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი იყო.
– როგორი ურთიერთობა ჰქონდა ტიციან ტაბიძეს საბჭოთა ხელისუფლებასთან?
– ტიციან ტაბიძე, ისევე, როგორც ქართველ მწერალთა და პოეტთა უმრავლესობა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების, ანუ, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის წინააღმდეგი იყო. ტიციან ტაბიძე ამას თავის პოეზიაში აფიქსირებდა. ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ტიციან ტაბიძის პოზიცია ყურადღების მიღმა არ დარჩენია. შესაბამისად, 30-იანი წლების რეპრესიებს ტიციან ტაბიძე ვერ გადაურჩა.
– რა მეთოდებით ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება ქართველ მწერლებსა და პოეტებს?
– საქართველოს კომუნისტური (ბ) პარტიის  ცენტრალურ კომიტეტთან აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილება და პოლიტიკური განათლების მთავარი სამმართველო შეიქმნა, რომლებსაც მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში ჩარევისა და ცენზურის შეუზღუდავი უფლება ჰქონდათ. ლიტერატურის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია „რაპი” (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია) იყო. საქართველოში „რაპის“ ფილიალი ფუნქციონირებდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ურჩ ქართველ მწერლებს, რომლებმაც პარტიისა და ბელადის ხოტბაზე თქვეს უარი, პროლეტარი მწერლები დაუპირისპირეს. ურჩ მწერლებს, ასევე, მწერალთა კავშირის რიგებიდან რიცხავდნენ.
– როდის გარიცხეს ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირის რიგებიდან?
– 1937 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია.  ბერიამ თავისი გამოსვლა მთლიანად ქართველ მწერლებს მიუძღვნა. იგი ქართველი მწერლების მიერ შექმნილ ყველა დაჯგუფებას, მათ შორის „ცისფერყანწელებს” შეეხო. ბერია ირონიულად აცხადებდა: „სახელწოდებას „ცისფერყანწელები” გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ, ეს დევიზი ცხოვრებაში ქეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა (სიცილი დარბაზში). ქართულ ლიტერატურაში „ცისფერყანწელთა” შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთევროპული და რუსული ბურჟუაზიულ-დეკადენტური ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს”.
– გამოეხმაურა თუ არა ბერიას ამ გამოსვლას მწერალთა კავშირი?
– რა თქმა უნდა. 1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პარტორგანიზაციის სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი პროლეტარი მწერალი აცხადებდა: „... ჩემთვის ცნობილია, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი. ტაბიძემ ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვისა და ლენინგრადის გამომცემლობებთან, მაგრამ, პირობები არ შეასრულა და ჩრდილი მიაყენა საბჭოთა საქართველოს... სომხეთში ისინი (იგულისხმება „ცისფერყანწელები”) დაკავშირებული იყვნენ ერზინკიანთან და ფირუმოვთან, მოსკოვში კი ბუხარინთან და კამენევთან. თუ იაშვილმა, რაც იცის იმის უმნიშვნელო ნაწილი თქვა, ლეონიძესა და ტაბიძეს საერთოდ არაფერი უთქვამთ... არც იაშვილს, არც ტაბიძეს და არც ლეონიძეს სიტყვა არ დაუძრავთ ბუხარინთან და კამენევთან კავშირზე, რომლებისგანაც ეს ადამიანები ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების სანაცვლოდ, რაც არ შეუსრულებიათ”.
მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება: „8 ოქტომბრისათვის მოწვეულ იქნას პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვას საკითხი საყვარელიძისა და ტ. ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის შესახებ”. შესაბამისად, ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. ამ ყველაფრის შემდეგ მწერალთა კავშირი ამაყად აცხადებდა: „მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ და ახლა თუ კიდევ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა გამოვძებნოთ, ზოგი გადავხარშოთ და, ვინც გამოუსწორებელია – გავაგდოთ”. მწერალთა კავშირიდან გარიცხვიდან ცოტა ხანში ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს.
– რა კონკრეტული ბრალდება წაუყენეს ტიციან ტაბიძეს?
– ტიციან ტაბიძეს წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა პიროვნების მიერ რამდენიმე კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში იყო გადაბირებული, რაც, ცხადია, რეალობაში წარმოუდგენელია. ის დაპატიმრებიდან ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიკითხა. არ მომხდარა მოწმეებისა და ტაბიძის დაპირისპირება.
– რა როლი ითამაშა ბერიამ ტიციან ტაბიძის დაპატიმრებაში?
– ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინა მაყაშვილის განცხადება. ის წერს, რომ ტიციანი 1937 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დააპატიმრეს. ბერიამ თავისთან დაიბარა ტიციანი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რუს მწერლებთან მეგობრობა დააბრალა და მოსთხოვა, ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა. 
– როდის დახვრიტეს ტიციან ტაბიძე?
– ტიციან ტაბიძე 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს. სამწუხაროდ, მისი საფლავი დღესაც უცნობია. არსებობს ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, ტიციან ტაბიძე შორეულ ციმბირში, საშინელ ყინვაში, მარტოდმარტო დააგდეს, სადაც ქართველი მწერალი გაიყინა. საბჭოთა საქართველოში ტიციან ტაბიძისა და სხვა რეპრესირებული ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები აიკრძალა.
– როდის მოხდა ტიციან ტაბიძის რეაბილიტაცია?
– სტალინის სიკვდილის შემდეგ უსამართლოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. 1954 წლის 4 მაისს საქართველოს კომუნისტური (ბ) პარტიის  ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც რეპრესირებულ ქართველ მწერლებზე, მათ შორის ტიციან ტაბიძეზე იყო საუბარი. ოქმში ვკითხულობთ: „კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომამ, გადახედა და შეისწავლა რა 1937 წელს დაპატიმრებულ და დახვრეტამისჯილი მწერლების (მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე) საქმეები, ასევე, მწერალ პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის ფაქტი, დაადგინა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე დაუსაბუთებლად, სისხლისსამართლებრივი საქმეების პროცესუალური ნორმების უხეშად დარღვევით, წაუყენებელი ბრალდებით იქნენ დაპატიმრებულები. ურთიერთგამომრიცხავია როგორც ბრალდებულების, ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეების ჩვენებები. მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე მოგვიანებით გამომჟღავნებული სამშობლოს მტრების – გოგლიძის, ქობულოვის, კრიმიანისა და სხვების მიერ იქნენ დაპატიმრებულები. ისინი საქმის კვლევის პროცესში დაპატიმრებული მწერლების წინააღმდეგ ბინძურ მეთოდებს იყენებდნენ... საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა ადგენს: გადაწყვეტილ იქნას მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის რეაბილიტაციის საკითხი.
საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მწერლების: მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციას ითხოვს. ასევე, ითხოვს, მოიხსნას აკრძალვა ამ მწერლების ნაწარმოებებზე, რათა მომავალში მაინც დაიბეჭდოს”.

скачать dle 11.3