როგორ იპოვეს ქართველმა მთამსვლელებმა უშბაზე 80-იან წლებში გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი და როგორ აფიქსირებს ნიკა ლებანიძე მწვერვალებზე მნიშვნელოვან მომენტებს
„მთა ისეთი რამ არის‚ ან შეგიყვარდება, ან შეგძულდება, ნეიტრალური დამოკიდებულება გამორიცხულია. ჩემთვის ეს უკვე ცხოვრების წესია. თვეში ერთხელ რომ არ გავიდე მთაში, ფიზიკურად ცუდად ვარ. ხასიათი რომ ცუდი მაქვს‚ ამაზე აღარაფერს ვამბობ“ – ეს სიტყვები მთამსვლელს, ოპერატორს, ნიკა ლებანიძეს ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ 6 000, 7 000 მეტრ სიმაღლის მწვერვალებზე ასვლა მისთვის პრობლემაც არ არის, პარალელურად‚ ახერხებს, საკმაოდ კარგად, გადაიღოს კადრები როგორც ფილმებისთვის (ის‚ ამ მხრივ‚ არაერთი ჯილდოს მფლობელია)‚ ასევე გადაცემა „პოსტ სკრიპტუმისთვის“.
ნიკა ლებანიძე: გადაღება რომ არ მცოდნოდა და ოპერატორი არ ვყოფილიყავი, შეიძლება‚ ასე სისტემატურად და ამდენ ექსპედიციაში არ მევლო. მთამსვლელი რომ არ ვყოფილიყავი‚ მაშინ‚ საერთოდ ვერ ვივლიდი, ან თუ ვივლიდი, ბანაკში ვიჯდებოდი და ქვემოდან ზემოთ გადავიღებდი. ახლა ზევიდან ქვევით ვიღებ და‚ რა თქმა უნდა‚ ეს უფრო საინტერესოა. სირთულეებს რაც შეეხება, ჩემთვის ყველაზე რთულია ის, რომ ჟურნალისტი არ ვარ და იქ რაღაცეებზე მიწევს ფიქრი, ისედაც ცოტაა ჟანგბადი და უფრო ბევრს ვწვავ. ცოტა ძნელია ფიზიკურად კამერასთან მუშაობა: უნდა გაასწორო, კომპოზიცია შეარჩიო, ბალანსი ააწყო, ელემენტს გაუფრთხილდე, რომელიც გულის ჯიბეში გიდევს, რომ არ გაიყინოს. კამერასაც უნდა მოუფრთხილდე, მოკლედ‚ ასეთ გაწამაწიაში ვარ სულ, განსაკუთრებით ღამით. ერთი-ორჯერ დავაფიქსირე საინტერესო რაღაცეები, მაგრამ ხშირად ვერ ასწრებ. უცებ წამოვა ზვავი და იმაზე იწყებ ფიქრს: შენამდე მოვა თუ არა. ანდა, იმაზე: მოვასწრო, კამერა ამოვიღო, გადავიღო; ნეტავ ეს ბოლო კადრია თუ პირველი. რამდენიმე წლის წინ ტიან-შანზე ვერტმფრენი დაჯდა, ოთხი ადამიანი გადმოვიდა. ერთ-ერთი ოპერატორი იყო და მაშინვე კამერა ჩართო. ვერტმფრენი როგორც კი აფრინდა დაახლოებით 100 მეტრში ჩამოვარდა. სანამ კარავში გავიქეცი, კამერა ავიღე, ის უკვე ჩამოვარდა და სამწუხაროდ‚ ჩამოვარდნის პროცესი ვერ გადავიღე. ეს ვინანე და ამის მერე კამერა სულ თან დამაქვს.
– ბოლო პერიოდში უშბაზე გქონდა ძალიან საინტერესო ექსპედიცია.
– უშბაზე „პოსტ სკრიპტუმიდან“ ვიყავი გადაღებაზე, „რედ ბულის“ პროექტი იყო, რომელშიც მონაწილებოდა ძალიან ცნობილი „ბეისჯამპერი“‚ ვალერი როზოვი და ასევე, ცნობილი მთამსვლელები. ჩემთვის მათთან ერთად მთაზე წასვლა დიდი სიამოვნება იყო. თან‚ გზამკვლევიც ვიყავი, რადგან ესენი პირველად იყვნენ უშბაზე, მე კი რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. თუმცა, მარშრუტი მეც არ ვიცოდი ზუსტად. აფი გიგანს, ბიძინა გუჯაბიძეს ვურეკავდი ტელეფონზე: ახლა აქ ვარ, საით უნდა გავიდე-მეთქი. პროექტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ისე დაემთხვა, მთელი კვირა სულ ცუდი ამინდი იყო. ვალერიც ისეთ დროს გადმოხტა, არაფერი ჩანდა, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გაზომა – პროფესიონალია. მინდოდა‚ სიუჟეტი ძალიან კარგი გამოსულიყო, ამიტომ თოკებზე ორმაგი გზის გავლა მიწევდა. სანამ ის ამოვიდოდა, მე უნდა გავქცეულიყავი, ზევიდან ქვემოთ გადამეღო. მერე უნდა დავლოდებოდი, რომ ქვემოდან ზემოთ გადამეღო, მოკლედ‚ იყო ერთი სირბილი. ორმაგი გზის გავლა მომიწია. მაგრამ‚ ისეთი ჯგუფი იყო, ყველანაირად მიწყობდნენ ხელს. უშბაზე ასვლისას ორი ცხედარი ვიპოვეთ. ემჩნეოდათ, რომ დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, თუმცა რაღაც ნაწილები შენარჩუნებული ჰქონდათ. როდესაც სიუჟეტი „პოსტ სკრიპტუმში“ გავიდა‚ ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა: ჩამოსული არიან ჩეხები, რომლებიც 80-იან წლებში დაკარგულ ორ მთამსვლელს ეძებენო. ცხედრებთან რაღაც ნივთები ელაგა და მერე‚ თბილისში ფოტოები რომ გვანახეს‚ ყველაფერი დაემთხვა. კუბოკრული პერანგი ეცვა, გვამსაც ზუსტად ისეთი ეცვა, ასევე დაემთხვა კარავი, ფოტოაპარატი. ჩეხი მთამსვლელები აღმოჩნდნენ. მათ გარდა‚ კიდევ სამი მთამსვლელი ყოფილა, ყინულები ჩამონგრეულა და სამი გარდაცვლილა. ერთი მაშინვე ჩამოასვენეს, ორი დაიკარგა. რამდენიმე წელი ეძებდნენ, ვერ იპოვეს და ახლა ვნახეთ. ჩამოვასვენეთ და შემდეგ ახლობლებმა მესტიაში დაასაფლავეს. საერთოდ‚ მთა ცოცხალი ორგანიზმივით არის, ზედმეტს არაფერს იტოვებს. ქუდი, რომ ჩააგდო‚ რამდენიმე წელში სადღაც გამოიტანს და დადებს. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ტიან-შანზეც‚ წლევანდელი ექსპედიციის დროს‚ 2 წლის წინ დაკარგული ორი ცხედარი ვიპოვეთ. მერე ნათესავები გამოჩნდნენ და მეორე დღესვე ბიშკეკში ვერტმფრენით გადაასვენეს. ტიან-შანზე აფი გიგანთან ერთად ვიყავი. აფი ერთ-ერთი გამოცდილი და ძალიან ცნობილი მთამსვლელია მთელ მსოფლიოში. ცუდი ამინდები დაგვემთხვა, სულ იცვლებოდა. ბევრი წვალება დაგვჭირდა იმისთვის, რომ ავსულიყავით. ორჯერ მოვბრუნდით გზიდან. ერთხელ – 6 600 მეტრიდან, მეორედ – 6 800 მეტრიდან, მესამედ ფსიქოლოგიურად უკვე ისეთი განწყობა მქონდა – არა, უნდა ავიდე-მეთქი. ქარიანი დღე კი იყო, მაგრამ‚ მაინც ავედით მთაზე. დროშა ქარმა წაიღო. ზურგჩანთაში შემთხვევით აღმომაჩნდა ქაღალდი და პასტა. საქართველოს დროშა დავხატე და ვიქნევდი 7 010 მეტრზე. ძნელია იმ შეგრძნების გამოხატვა‚ რაც ამ დროს გეუფლება – ეს არის ბედნიერების შეგრძნება, რომელსაც სხვაგან ვერ განიცდი. თან‚ რაც უფრო გიჭირს და უფრო ძნელად ადიხარ, მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებ. პლუს ამას‚ პატრიოტული გრძნობებიც გიჩნდება. მთაზე რომ ახვიდე‚ ამისთვის საჭიროა აკლიმატიზაციის გავლა. პირველივე ასვლაზე ადიხარ 5 800 მეტრზე, გადიხარ აკლიმატიზაციას, რჩები ღამე, მერე ჩამოდიხარ უკან და ისვენებ. სწორედ ამ აკლიმატიზაციის დროს ვნახეთ ცხედარი, აფიმ იპოვა. 2 წლის წინ გოგო და ბიჭი ადიოდნენ, ორივე გარდაიცვალა, გოგოს ცხედარი იპოვეს, ბიჭის – ვერა. იქ ერთი ადგილია „ბუტილკას“ ეძახიან, 200 მეტრი აქვს სიგანე, ზემოდან ყველაფერი იქ ეცემა. სწრაფად უნდა გაირბინო, რომ რამე არ დაგეცეს. ზვავში მოყვნენ და გარდაიცვალნენ. მთაში ყველაფერს თავისი წესი აქვს და უნდა დაიცვა. ეს ყველაფერი გამოცდილების საკითხია. აფი გიგანი, რომ არ ყოფილიყო, მეც შეიძლება, რაღაც მომსვლოდა. ბანაკში ფეხსა და ხელზე ყველა თითი რომ გაქვს, ცოტა მორიდებულად ხარ, რადგან ითვლება, რომ შენ ყველაზე ახალი ხარ. ზოგს ხელზე არც ერთი თითი არ აქვს, ზოგს ფეხზე აკლია, ყური აქვს ჩამოჭრილი – ესენი გამოცდილი მთამსვლელები არიან. 2010 წელს ერთმა მთამსვლელმა, „ძიას“ ეძახიან‚ „პობედაზე“, 7 400 მეტრზე სამი ადამიანი გადაარჩინა. ხელზე არც ერთი თითი არ აქვს, გმირია ჩვენთვის და ყველასთვის. რომ დავხედე თითებზე – შემშურდასავით.
– მეუღლე არ დადის მთაში შენთან ერთად? კარგად მახსოვს, თქვენი ჯვრისწერა მყინვარწვერზე.
– მთავარი მწვერვალი უკვე დაიპყრო და მერე აღარ ასულა, თუმცა‚ მანამდეც იყო რამდენჯერმე მთაში ნამყოფი. სიმართლე, რომ გითხრა, მირჩევნია, მარტო ავიდე. მეუღლე რომ არ მიწყობდეს ხელს, ასე ვერ ვივლიდი. მასაც უყვარს, მაგრამ – შორიდან. მთაში ძალიან ბევრი დრო გაქვს ფიქრისთვის და როდესაც იცი‚ ოჯახში წყნარად, მშვიდად არიან, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს კარგი საქმე გააკეთო – ტექნიკურად რთული და სერიოზული. მყინვარწვერზე დავდივარ ხშირად სავარჯიშოდ, დილით, რომ გავდივარ საღამოს მეტეოსადგურზე უნდა ვიყო და ვურეკავ: აი, ახლა აქ მოვედი. იცის, როგორი ამინდია, როგორია ყინულის მდგომარეობა, ვინ არიან ჩემთან, თეორიულად კარგად იცის დეტალები.
– რომელი ასვლა გახსენდება გამორჩეულად?
– მე, აფი გიგანი, ბენო ქაშაკაშვილი, იდრის ხერგიანი ვიყავით თეთნულდზე, უკნიდან ავედით. მარშრუტის ძირში რომ მივედი‚ ამოვისუნთქე. უკან, რომ გადავიხედე, გავიფიქრე: შანსი არ არის, რომ მოვტრიალდე-მეთქი. ეს ძალიან ძველი მარშრუტია, ერთხელ არის, მგონი, გავლილი. როდესაც ხშირად დადიხარ მთაში, მერე რაღაცეები აღარ გყოფნის, ავანტიურაზეც მიდიხარ, ახალ გზებს პოულობ, ახალ მთას. ერთგვარი თავგადასავალია. თუმცა‚ მერე კლასიკური გზით ჩამოვედით. დილით კარვებიდან რომ გამოვედით, ვკამათობდით: ასე წავიდეთ თუ ისე. სამ წუთში „ბუხ“ დაიძახა და რომელ გზაზეც ვკამათობდით მთლიანად ჩამოინგრა. კომუნიზმის პიკზე მე, აფი და თამაზ შარაშენიძე ავედით. ძალიან შედეგიანი ასვლა გვქონდა. ერთ სეზონზე ავედით სამ მწვერვალზე, რაც იშვიათად ხდება: ოთხთა პიკი, რომელიც 6 800 მეტრამდეა, კორჟენევსკაიას პიკი – 7 200 მეტრი და კომუნიზმის პიკი – 7 500 მეტრი. იქ არის ერთი ადგილი‚ „რუსულ რულეტკას“ ეძახიან. საათ-ნახევრის განმავლობში ჰორიზონტალურად გადიხარ, 6 200 მეტრ სიმაღლეზე არის პლატო, იქიდან სულ რაღაცეები ცვივა და შენ მის ქვეშ გიწევს გავლა. „პოსტ სკრიპტუმისთვის“ ვაკეთებდი სიუჟეტს. პირველი ზვავის გადაღება ვერ მოვასწარი, ძალიან მეწყინა. აფიმ მითხრა: 5 წუთში ერთხელ ზვავები მოდის, არ იდარდოო. იმდენი გადავიღე, სხვადასხვა ხედებით... მერე‚ აფიმ რომ მითხრა, მანდ უნდა გავიაროთო, გავგიჟდი. ბოლოს დილით ადრე გავირბინეთ, მშვიდობიანად გავედით და ავედით მთაზე. ალასკაზე ძალიან მაგარი მწვერვალია‚ მაკ კინლი ჰქვია, პოლუსის განედზეა, ყველაზე ჩრდილოეთით, 6 200-მეტრიანია. ძალიან დიდი სივრცეებია და ერთი პლუსი აქვს: არ ღამდება. ამ მთასთანაც ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. მანდ თუ გაფუჭდა ამინდი‚ შეიძლება 10 დღე არ გამოვიდეს. ჩვენ რომ ჩავედით სააკლიმატიზაციოდ აღარ გავსულვართ, პირდაპირ ავედით. გელა ოთარაშვილი, ბენო ქაშაკაშვილი, აფი გიგინი, ეგრის ხერგიანი და მე ვიყავით. აქედან წასულებმა 6-7 ღამეში მწვერვალზე ავედით. თვითმფრინავის ბილეთები ფიქსირებული გვქონდა, ამიტომ‚ რომ ჩამოვედით, დრო გვქონდა, გავჩერდით... სოფელია ტალკეტნაში. ხან ვთევზაობდით, ხან სხვა რამით ვერთობოდით..