როგორ აღმოჩნდა უსასრულობაში კოპენჰაგენიდან მალმიოში მიმავალი გოგა ჩანადირი და სად შეძლო მან ას ოცდაათი შიშველი ადამიანის ქანდაკების ფირზე აღბეჭდვა
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. მან ისეთი ადგილების მონახულება და ფირზე აღბეჭდვა შეძლო, რაზეც ბევრი ადამიანი ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა. გოგა მუდმივად მოძრაობაშია, ცდილობს ყველა იმ ქვეყნის ჰაერი, აურა და შარმი შეიგრძნოს, სადაც ჩადის. სულ რამდენიმე დღეა, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოს იმ ადგილების მონახულებას გეგმავს, სადაც ჯერ კიდევ ბევრი კადრი დარჩა მისი ფოტოაპარატის ობიექტივს დასაფიქსირებელი.
გოგა ჩანადირი: მოგზაურობა ძალიან მიყვარს და დიდი ხანია, ჩემს თავს მხოლოდ ზურგჩანთამოკიდებულ ტურისტად აღარ მივიჩნევ. უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, ჩემი მთავარი მიზანია, გადავიღო საინტერესო კადრები, ანუ, ვცდილობ ყველა ქვეყანა მოვიარო, დღისა და ღამის განმავლობაში გადავიღო სურათები და ობიექტივით საინტერესო კადრები დავაფიქსირო, არ მიყვარს, როცა რომელიმე ქვეყანას ამოვწურავ, ყველაფერს ვნახავ და გადასაღებიც აღარაფერი მრჩება. მაგალითად, სტამბული. ძალიან ლამაზი და საინტერესო ქალაქია, მაგრამ უკვე მთლიანად ამოვწურე, „გადავღეჭე” და საინტერესოდ აღარ მეჩვენება. ამიტომ, ვცდილობ, რომელიმე ქვეყანაში ჩასვლით ყველაფერი არ ვნახო, რომ იქ დაბრუნების სურვილი მქონდეს. განსაკუთრებულად გამოვყოფდი, სკანდინავიისა და ბულგარეთის ქვეყნებს. ბულგარეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და იქ ქართულ კვალს ვეძებდი. ვიყავი პეტრიწონის, ანუ, როგორც მას ეძახიან, ბაჩკოვსკის მონასტერში. რომლის მშენებლობაში ქართველებს მიუძღვით დიდი წვლილი. სკანდინავიის ქვეყნებში კარგად ვგრძნობდი, რომ სადღაც ახლოს იყო ნობელი. დავდიოდი მუზეუმებში, ვნახე ნობელის სახლი შვედეთსა და ნორვეგიაში. საოცარი შენობაა ოსლოს მერია, სადაც ნობელის მშვიდობის პრემიას გადასცემენ. სხვათა შორის, ეს პრიზი ბარაკ ობამასაც გადასცეს წლების წინ. სტოკჰოლმშიც გახლდით, სადაც, ასევე, სხვადასხვა დარგში ხდება ნობელის პრემიების გადაცემა. სტოკჰოლმში ჩასულს, გეძლევა საშუალება, ახვიდე მერიის შენობის სახურავზე და იქიდან გადახედო ქალაქს. არაჩვეულებრივი ხედებია. მაგრამ, ვინაიდან ბევრი ხალხი ცდილობს იქ მოხვედრას, ტურისტებს მხოლოდ 15 წუთით ეძლევათ საშუალება იქ მოხვდნენ და ქალაქის ცქერით დატკბნენ.
– ამ დროის განმავლობაში, თუ მოახერხე ობიექტივით იმის დაფიქსირება, რაც გსურდა?
– ეს დრო ნამდვილად არ მეყო (იცინის). მინდოდა, მზიანი სტოკჰოლმის ხედები გადამეღო და მაინცდამაინც მაშინ ჩავიდა მზე. არადა, ვხედავდი ღრუბელი მალევე გადავიდოდა. ამიტომ, მცველებს ვთხოვე, იქნებ გამონაკლისი დაუშვათ და კიდევ ცოტა ხანს დამტოვოთ-მეთქი, მაგრამ, თავი გაიგიჟეს. ვუთხარი, არ წავალ-მეთქი. მაშინ, დაცვას გამოვიძახებთო. მოვარდა აქლოშინებული პოლიციელი ქლოშინ-ქლოშინით და აუხსნეს სიტუაცია. ამოისუნთქა – ისე დამირეკეთ, ვიფიქრე, კრიმინალი არის და, ეს რა კარგი ახალგაზრდა ყოფილაო (იცინის). სამწუხაროდ, მაინც არ დამტოვეს.
– თქვი, ბულგარეთში ქართულ კვალს ვეძებდიო. აღმოაჩინე?
– ახალი არაფერი აღმომიჩენია, რადგან, იქ თავად აკაკი შანიძესაც უმოგზაურია და მთელი რიგი გამოკვლევებიც აქვს ჩატარებული, თუმცა, ჩემი თვალით ვნახე ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ქართული წარწერები აქვს და, თუ არ ვცდები, მეცამეტე საუკუნისაა. ეს ხატი მოოქრულია და მას მთელი ბულგარეთი ეთაყვანება. ტაძრის სამხრეთ მხარესაა დაბრძანებული ხატი და მოოქრული ნაწილი გაცვეთილი აქვს, სპილენძის შეფერილობა დაჰკრავს, ამდენი შეხების გამო.
– ამ ხატის გადაღება თუ შეძელი? როგორც ვიცი ამ ტაძარში გადაღება აკრძალულია.
– დიახ, ასეა და გულდაწყვეტილი წამოვედი, რადგან, იქ გადაღების ნება არ მომცეს. ერთადერთი, იმის უფლება მომცეს, რომ ტაძრის წინ დავმდგარიყავი და მის ფონზე გადამეღო ფოტო. სხვა ტაძრებში კი გარკვეულ თანხას ითხოვდნენ, რომ შიგნით გადაგეღო. სავაჭრო ცენტრებად აქვთ გადაქცეული ეს წმინდა ადგილები, რამაც, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანა და იესო გამახსენდა, ვაჭრები რომ გამოყარა ტაძრიდან. არ შეიძლება ტაძარი კომერციულ მიზნად გამოიყენო.
– ვიცი, სანამ რომელიმე ქვეყანაში წახვალ, მის შესახებ ინფორმაციებს წინასწარ ეცნობი. თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ისეთი რამ აღმოგიჩენია უცხო მხარეში ჩასულს, რამაც შოკში ჩაგაგდო?
– ასეთი შოკი ოსლოში, გუსტავ ვუგელანდის პარკში მივიღე, სადაც ას ოცდაათი ქანდაკება დგას და ყველა პერსონაჟი შიშველია. შიშველი ადამიანების ფიგურები საოცრად ლამაზი და არაგამაღიზიანებელია. ასევე, სტოკჰოლმში, მილესის პარკში მოხვედრისას გავოცდი. ეს პარკები ჩემთვის ზედმეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. გუსტავ ვუგელანდის პარკში ავტორმა ერთი ხაზი გაატარა, მაგრამ სხვადასხვანაირად გადმოსცა ადამიანური ურთიერთობები და სიტუაციები. როგორც გითხარით, ეს ქანდაკებები შიშველი ადამიანებია, რომელთა სიშიშვლე არ გაღიზიანებს, პირიქით, იმდენად გემოვნებითაა შექმნილი და წარმოდგენილი, რომ, სურვილი გაქვს, საათობით უყურო და დატკბე. მართალია, სადაც არ უნდა ჩავიდე, იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს წინასწარ ვეცნობი, მაგრამ, ამ პარკის შესახებ ოსლოში შემთხვევით შევიტყვე და თავსხმა წვიმაში წავედი მის დასათვალიერებლად და გადასაღებად. ასევე, შოკი მივიღე კოპენჰაგენიდან ქალაქ მალმიოს სანახავად წასულმა. ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გვირაბით გადიხარ და, უცებ, გვირაბის დასრულების შემდეგ, მატარებელი პირდაპირ ზღვაში გადაგტყორცნის. გეჩვენება, თითქოს ერთი უსასრულობიდან მეორე უსასრულობაში გადადიხარ და ვერ გრძნობ, რომ ისევ მატარებელში ხარ, და ის კი ლიანდაგზე მიდის. ანუ, ხიდი შედის გვირაბში, რომელიც არ ჩანს და შემდეგ ის წყალში იკარგება. სამეფო გვარდიების ცერემონიებიც გადავიღე სტოკჰოლმში და ესეც საკმაოდ შთამბეჭდავი ამოჩნდა.
– ვიცი, რომ შვედეთიც მოინახულე. ამბობენ, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანი ბავშვობაში ბრუნდება და თავი ზღაპრის გმირი ჰგონიაო. ასეთი შეგრძნება შენც გქონდა?
– შვედეთი არის ადგილი, სადაც პეპი გრძელი წინდა და კარლსონი დაიბადნენ. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, შვედეთის ქუჩაში მიმავალს, რომელიმე სახლის კუთხიდან კარლსონი გამოყოფდა თავს და მაჭკატებზე დამპატიჟებდა (იცინის). ნამდვილად ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი და ზღაპრის გმირები სახურავზე მიმიწვევდნენ. ისე, მე და კარლსონი მაჭკატების სიყვარულში ერთმანეთს ნამდვილად ვგავართ და შვედეთი ისეთივე საყვარელი ადგილი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორიც მისთვის იყო (იცინის). წელს, სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში ჩასულს ცუდი ამინდები დამემთხვა და ბევრი რამის გადაღება ვერ შევძელი. ეს მიხარია კიდეც, რადგან, დასაბრუნებელი მიზეზი ნამდვილად მაქვს.