კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აუშენა თბილისში ვასილ მჟავანაძემ ომარ ფხაკაძეს და რატომ უქცია ცოლს ტყავის პალტო ნაკუწებად მან

„... მაშინ 34 წლის იქნებოდა. დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, დიაგნოზი – ვეგეტონევროზი. საკმაოდ ცუდად გადაიტანა, გარეთ გასვლა არ უნდოდა. რომ მეკითხებიან, როგორ ხარ, ვნერვიულობ, ალბათ, მატყობენ ცუდად რომ ვარო, – ამბობდა, მაგრამ მეგობრების დახმარებით, ექიმების კონსულტაციითა და თავისი ნებისყოფით, ნევროზს ვაჯობეთ. გავდიოდით სუფთა ჰაერზე, ვვარჯიშობდით, მეგობრების აგარაკზე ფიზიკურად შრომობდა. ეს ცოტა ხანს არ გაგრძელებულა. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ძლივს წავიყვანე, უფრო სწორად ვაიძულე, წასულიყო და მეც წამიყვანა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაჩერდა. ხანდისხან დეპრესია მაინც მოეძალებოდა. იცით, ზოგჯერ ისეთი ნაღვლიანი თვალებით გამოგხედავდა, რომ საყვედურების გამო, თავს უხერხულად ვგრძნობდი ხოლმე,” – გვითხრა ომარ ფხაკაძის მეუღლემ, ქალბატონმა დონარა ჯანუყაშვილმა. ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონია ველორბოლაში, რომელიც მთელი ათი წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე იყო და საბჭოთა ნაკრებში, შეიძლება ითქვას, ბადალი არ ჰყავდა – პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. 1987 წელს გიორგი შენგელაიამ ორი დიდებული სპორტსმენი – ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი „ხარება და გოგიაში” მთავარ როლებზე მიიწვია და არცთუ ტყუილად. მათ ფილმში დაუვიწყარი სახეები შექმნეს. დღეს ამ კარგი ადამიანის დღიურსა და ფოტოებს დაგათვალიერებინებთ, ჩვენი მეგზური კი მისი მეუღლე იქნება.                
„მე, დონარა-ალექსანდრა ჯანუყაშვილი გახლავართ ყოფილი ტანმოვარჯიშე, მოხევე ყაზბეგის რაიონიდან, სოფელ სნოდან. ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მთლიანად ომარის სპორტულ ცხოვრებას ვანაცვალე. შეიქმნა ლამაზი სპორტული ოჯახი, რომლის მსგავსი საქართველოში, ალბათ, ორი ან სამია. ერთმანეთს სპორტში შევხვდით. თვითონ იტყოდა ხოლმე – ღმერთმა შენ ყაზბეგიდან და მე ქუთაისიდან გვატარა, გვატარა და სპორტში მოგვიყვანა, იმიტომ რომ, ერთმანეთს შევხვედროდითო. გასაოცარია – რატომ, ასე მოკლე დროით?!
1993 წლის 1 აპრილს მე და ომარს ქორწინებიდან 25 წელი შეგვისრულდა. ამ დღეს დილით ადრე, საქართველოს ნაკრებმა ველოსპორტში ომარის თავკაცობით, საქართველო-თურქეთის საზღვარი გადალახა. მთელი გზა შენზე ლაპარაკობდაო – მითხრეს მისმა მეგობრებმა. ომარის ჩამოსვლას 11 რიცხვში ველოდი. ყოველთვის ადრე ჩამოდიოდა, მით უმეტეს, თუ მანქანით მიდიოდა სადმე. გზაში ღამეც არ ისვენებდა, ოღონდ ადრე დაბრუნებოდა ოჯახს. გავიდა 11, 12, 13 აპრილი, არ ჩანს, ძალიან ავნერვიულდი. ერთ ჩემს ახლობელს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და ვკითხე – მარტო როგორ ცხოვრობ-მეთქი, თან, დავაყოლე – ომარს რომ რამე შეემთხვეს, დავიღუპები-მეთქი. ძალიან ცუდად იყო, მაგრამ რაც მის ორგანიზმში ხდებოდა, ეჭვიც არ მქონდა თუ სერიოზული იყო. მეგონა, ვირუსი შეხვდა. გათენდა, ვხედავ მთელი სხეული ყვითელი აქვს. წავედით ექიმთან. დაისვა დიაგნოზი – ჰეპატიტი. სიყვითლემ რამდენიმე დღეში გაიარა. მიზეზად დასახელდა ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება და გადაწყდა ოპერაცია. რადგან კუჭის წყლულიც ჰქონდა, ბარემ ამასაც მოვიშორებ, მთელი ცხოვრება ხომ არ უნდა ვიყო დიეტაზეო, – თქვა. ოპერაციამდე სამსახურშიც დადიოდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა. თუ მარტო რჩებოდა ოთახში და  შევიდოდი, სევდიანი და ჩაფიქრებული იყო, ეტყობა, გულის სიღრმეში შიში ჰქონდა, მაგრამ იმდენად დიდი სულის ადამიანი იყო, არაფერს ამბობდა. ყოველდღე მივდიოდით საავადმყოფოში და ვიტარებდით გამოკვლევებს. გადაწყდა, ოპერაციის დღე და მოხდა ის, რომ ხუთშაბათს გაკვეთეს და ეს მთასავით კაცი, 1 თვეში დავკრძალეთ.  ბოლო დღემდე არ გვიკარგავდა იმედს, ამასაც მოვერევიო.
ომარ ფხაკაძე იყო კაცი, რომელმაც არ იცოდა, რა იყო ღალატი, ცუდზე სამაგიეროს გადახდა, კაცი, რომელიც სულ ებრძოდა საკუთარ თავს, უნდოდა, იდეალურობამდე აეყვანა. გარდაცვალებამდე შეპარვით იტყოდა – ვიცი, ფეხზე ცხვარი მყავს გამობმულიო. ის მარტო მე არ დამაკლდა, დააკლდა  ყველას. გასვენების დღეებში მახსოვს სამძიმარზე მოსული მამაკაცების ქვითინი. მათგან ზოგს შეიძლება, არც კი ვიცნობდი.
ერთხელ, (მაშინ „ფორდი” ჰყავდა) მივდივართ რუსეთის გზებზე. ვგრძნობ, ომარი სიჩქარეს უმატებს. ვგრძნობ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ „შკალები” ღრმად ჰქონდა განლაგებული, როგორც თვითმფრინავს და თუ არ გადაიხრებოდი, არ ჩანდა. ვკითხე – რა იყო, სად გეჩქარება-მეთქი. თვითმფრინავს ვეწევიო და მართლაც, გვერდით, „კუკურუზნიკს” რომ ეძახიან, ის მიფრინავდა, კარგა ხანს ეჯიბრებოდა ომარი, მაგრამ ჩვენს ბედზე თვითმფრინავმა წრე გააკეთა და ერთმანეთს დავცილდით. ყველაფერი ეს იმას ნიშნავდა, რომ სისწრაფე ომარის სტიქია იყო. ამიტომაც, მისი მსოფლიო რეკორდი საკმაოდ დიდხანს იყო ტაბლოზე უცვლელად. 1972 წლის ზაფხულამდე თითქმის არ უვარჯიშია. მიზეზი?.. მიზეზი იყო ის, რომ მან იჩხუბა და მილიციასთან დამოკიდებულება გაურთულდა. დაიჭირეს. სასწრაფოდ გადააგზავნეს ციხეში. ჩვენს ნერვიულობას საზღვარი არ ჰქონდა. ძალიან დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, რა მეღონა, ვისთვის რა მომეკითხა. ყოველდღე ვიდექი ორთაჭალის ციხის კართან, მაგრამ ხმა ვერსაიდან მივაწვდინე. მე დიდად მოხერხებული არასდროს ვყოფილვარ. იქიდან პირდაპირ ბატონ გიორგი სიხარულიძესთან წამოვედი. გიორგი შემპირდა დახმარებას და მაჩვენა ომარის წერილი, რომელიც ციხიდან გამოუგზავნა. სთხოვდა დახმარებოდა და ჰპირდებოდა, რომ მთელი შემართებით ივარჯიშებდა...
1966 წელი. ეს წელი ომარისთვის იღბლიანიც იყო და უიღბლოც. იღბლიანი იმიტომ, რომ ამ წელს კვლავ გაიმარჯვა თავის ძირითად მეტოქეებთან, თან ერთხელ კი არა, არამედ 13-ჯერ. უიღბლო კი იმიტომ, რომ მაინის ფრანკფურტში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, შეჯიბრების დაწყებამდე, ვარჯიშზე ომარი წააქციეს და ამ სპორტული ხრიკის გამოყენებით, ის ნახევარფინალში დამარცხდა ფრანგ პიერ ტრანტერნთან და ეს მოხდა იტალიელ ტერინოსთან გამარჯვების შემდეგ. ომარი ეჭვობდა, რომ დაჯახება შემთხვევითი არ იყო, რადგან ის ველოსიპედისტი მას შემდეგ აღარ უნახავს... წელი წელს მისდევდა, წარმატება  წარმატებას. ომარი ხშირად მიემგზვრებოდა თბილისიდან შეკრებებსა თუ შეჯიბრებებზე. ერთ-ერთი შეჯიბრების დროს  „ბერლინის პრიზზე” სტარტზე რომ გამოვდიოდი მაყურებელი სიცილს იწყებდა, – იგონებდა ომარი. ვერაფერს ვხვდებოდი. შეჯიბრის დასრულების მერე მითხრეს მიზეზი  რატომაც იცინოდნენ, თურმე ყოველი სვლის დაწყებისას, სპორტულ ტრუსს ზევით ვიჩეჩავდიო. გერმანიაშიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა. ხშირად იღებდა ბარათებს, რომელიც დღემდე ინახება სახლში სურათებთან ერთად... 1965 წელს ომარს დიდი წარმატებებისთვის სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო მაშინდელ მწვრთნელს, გურამ ჯოხაძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ. ამავე წელს მსოფლიოს სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით, ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის ¹1 სპორტსმენად დასახელდა. ეს იმ დროს დაუწერელი კანონის დარღვევა იყო, მაგრამ ეტყობა, რუსეთმაც ვერ უგულებელყო ქართველი კაცის დიდი წარმატება და იძულებული შეიქნენ მისი პირველობა ეღიარებინათ. ომარის ამ დიდ გამარჯვებას სიხარულით შეხვდა მთელი საქართველო. მაშინდელმა „ცეკას“ პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ თავისთან მიიწვია ომარი და უთხრა  – მთხოვე, შვილო, რაც გინდაო. ომარს დაუფიქრებლად უპასუხია – თბილისში ველოტრეკი ამიშენეთო. ესეც უპრეცედენტო შემთხვევა იყო სპორტსმენთა ცხოვრებაში და გასაკვირი, რომ კაცმა, რომელსაც ბინა არ ჰქონდა, ცხოვრობდა ჯერ საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ნათესავთან, ველოტრეკი მოითხოვა. უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენდა ველოტრეკი, სადაც დღეს თვითონ არის დაკრძალული. რა თქმა უნდა, მერე თხოვნის გარეშე ბინაც მისცეს. მიიღო თუ არა ბინა, დედაც მალე ჩამოიყვანა. თბილისში ყოფნისას ქალბატონი ანგელინა, ქუჩაში რომ ველოსიპედისტებს დაინახვდა, სახლიდან გადმოსძახებდა, ამოიყვანდა, გაუმასპინძლდებოდა. 1965 წელი ჩემთვისაც წარმატებული წელი იყო. ამ წელს მეც გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტანვარჯიშში.
ახალი შეუღლებულები ვართ. ჩავედით ტულაში. მივედით სასტუმროში და მწვრთნელი ეუბნება ადმინისტრატორს – ფხაკაძე ჩამოვიდაო. პასუხი: „ოიჰ, კაკ ხოროშო, ო ტო, ეტი დევკი ნადოიელი უჟე, ზვონიატ, ი ზვონიატ.” უნდა გენახათ ომარის სახე. თვალით ანიშნებს, რომ ცოლთან ერთად არის ჩამოსული, მაგრამ ადმინისტრატორი ანკეტას ავსებდა და მისთვის არ შეუხედავს. ისევ მე დავამშვიდე – არა უშავს, ომარ, უკვე გავიგონე-მეთქი. ეს იყო პირველი ჩემი შეხება ომარის სპორტულ ცხოვრებასთან.
იყო ასეთი შემთხვევა, ომარი დაგვემშვიდობა და წავიდა გერმანიაში შეკრებაზე, ზამთრის სეზონში. გავიდა 4 დღე. მე ჩემს მშობლებთან ვიყავი. შუაღამეს კარებზე ზარის ხმაა. გავიხედე და ომარია. ჩემს გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვკითხე, რატომ ჩამოხვედი ასე ადრე-მეთქი. შეკრება აღარ ჩატარდა და გამოგვიშვესო. იმდენად გამიხარდა მისი ჩამოსვლა, აღარ ჩავძიებივარ მიზეზებს. თუმცა, გულის სიღრმეში არ მჯეროდა, ვფიქრობდი – ამდენი კაცი გერმანიაში ჩაიყვანეს, ამდენი ხარჯი გასწიეს და უკან დააბრუნეს-მეთქი? მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ ვიგებ, რომ ომარს გერმანელი ველოსიპედისტი გაულახავს. ომარის ამბავი ცნობილი იყო – ბევრს არ აპატიებდა. ველოსიპედისტ ქალებსაც კი, ერთი ულამაზო თვისება აქვთ – ცხვირს იჩიჩქნიან ველოსიპედით მოძრაობისას. ამ გერმანელსაც მსგავსი რამ რამდენჯერმე ომარის წინ გაუკეთებია შეგნებულად და ომარსაც არ დაუყოვნებია. ამისთვის ომარი დასაჯეს სახლში დაბრუნებით. 
ვარჯიშის წინ ძილი გასამართლებად ჰქონდა – თუ არ გამოვიძინე, ცუდ ხასიათზე ვარ და ვერ ვივარჯიშებო. მაგრამ, დილის ვარჯიშზე შეკრებების დროს სირბილი არ უყვარდა, ველოსიპედისტის კუნთებს სირბილი არ უხდებაო – იტყოდა, მაგრამ როცა შეჯიბრებები მოახლოვდებოდა, ვერ იცნობდით, მაქსიმალურად იყო მობილიზებული, თავის უშრეტ ენერგიას გასცემდა და შედეგიც სახეზე იყო – გამარჯვება. გამარჯვებები კი ხშირი იყო, თუმცა ხანდახან წაგებაც ჰქონდა, რაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით ისმოდა.
ომარი სან-სებასტიანში ყველას რუსი ეგონა. იქ საქართველოს არსებობა თითქმის არავინ იცოდა. ესპანელი მაყურებელი ძალიან მოხიბლულა ომარით, მისი გამარჯვებით, რაინდული თავშეკავებითა და ეს სიმპათიური „რუსი” სპორტსმენი აპლოდისმენტებით გააცილეს ველოტრეკიდან. იქაურმა პრესამ მას „ველო-ტრეკის ვეფხვი” უწოდა, ხოლო თვით ჯორდანო ტურინიმ, რომელსაც ომარმა ჩემპიონობა აართვა, იმ დღეებში ახალდაბადებულ ვაჟიშვილს ომარი დაარქვა.
ომარი თბილისში სპორტულ ინტერნატში სწავლობდა. ბევრი რამ აკლდა მაშინ დამწყებ სპორტსმენს, რომელსაც ათლეტური აღნაგობა ჰქონდა. ორგანიზმს სათანადო კვება ესაჭიროებოდა. ერთხელ, საახალწლოდ ბიჭებს საჭმელი არ ჰქონიათ, ველოსიპედის „სპიცებზე” შავი პური წამოუცვიათ და ცეცხლზე გაუფიცხებიათ. ისეთი გემო ჰქონდა, თითქოს მწვადებს ვჭამდითო. გაჭირვებას, შეძლებისდაგვარად, უმსუბუქებდა მათ მწვრთნელი კარლო შენგელია. ხშირად ბიჭები სახლში მიჰყავდა, საჭმელსაც აჭმევდა და მათ აღზრდაზეც მუშაობდა. სასაცილოა, ალბათ და ხათრით ვერ ვეუბნებოდი უარს, ერთხელ სამი დღე მაშიმშილა, მესამე დღეს გონება დავკარგე, სამზარეულოში წავიქეცი. რომ დამინახა იატაკზე, მას შემდეგ ერთდღიან შიმშილობაზე მეპატიჟებოდა, თვითონ ოცდაათი დღეც უშიმშილია, მხოლოდ გამოხდილ წყალზე იყო. მაგიდასთან ჩვენთან ერთად არ ჯდებოდა. ამით საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა და ხუმრობის ხასიათზე იყო. ვკითხე, რა ძალა გადგას, თავს ასე რატომ იტანჯავ, მერე წნევა გიწევს-მეთქი. კაცი ამდენს რომ მოითმენს, ასეთი კაცი არასოდეს, არავის უღალატებსო – მიპასუხა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა თითქოს თავის თავში გარდაქმნას ახდენდა, თავისი დიდი ნებისყოფით ამას აღწევდა კიდეც.                 
ერთხელ, სავარჯიშოდ ყოფილან. უკან დაბრუნებისას საწინააღმდეგო მხრიდან პურის მანქანა შეხვედრიათ. სპორტსმენები, რა თქმა უნდა, საკმაოდ მოშიებულები ბრუნდებოდნენ. „ისეთი სუნი გაატარა მანქანამ, რომ როგორ შემოვბრუნდი, როგორ დავედევნე მანქანას, ამოვაცალე პური და ისევ ბიჭებს შევუერთდი, არ მახსოვს,” – იგონებდა ომარი დანაღვლიანებული. მის მწვრთნელს კარლო შენგელიას ეს რომ დაუნახავს, უკან გაუბრუნებია – როგორც გინდა მანქანას დაეწიე და პური უკან, იქ ჩადე, საიდანაც აიღეო. დაღლილმა, მონახა თავის თავში ძალა და პური უკან დააბრუნა. მისი სიმკაცრის გამო ბატონი კარლოს მადლიერი იყო, თუმცა იმასაც ამბობდა – იმ პურის სუნი ახლაც კი მომდის და ალბათ, პურის სიყვარული და ფასი მაშინ ვისწავლეო.         
 ესპანეთიდან იყო მარტინა ბილბაო, რომელიც საქართველოში გაიზარდა და აქვე გათხოვდა. შვილებიც აქ შეეძინა. მხოლოდ 25 წლის შემდეგ დართეს ნება, თავისი სამშობლო მოენახულებინა. როცა ჰკითხეს, სად გაიზარდე, სად ცხოვრობდიო, ვერ გააგებინა სად იყო საქართველო. მაშინ უთქვამს საქართველო ომარ ფხაკაძეაო და მხოლოდ ასე მიმხვდარან. 
ომარმა ინგლისიდან ჩამომიტანა ძალიან ლამაზი და ორიგინალური ტყავის პალტო. მაშინ მეც ახალგაზრდა ვიყავი და ეს პალტოც მიხდებოდა. ძალიან ეჭვიანი კაცი იყო. როგორც ჩანს, ყურადღება მიაქცია, რომ გამვლელები შემომცქეროდნენ და გაბრაზებული მეკითხება – რას გიყურებს ეს  ხალხი ვერ გავიგეო. მე ვუთხარი – ომარ, მე კი არა პალტოს უყურებენ-მეთქი.  იცით, რა  ჰქნა? სახლში რომ მივედით პალტო ნაკუწებად აქცია. ვეუბნები, ომარ, ეს ხომ შენ იყიდე, მე ხომ არ ამირჩევია-მეთქი. არა უშავს, ასე უფრო მშვიდად ვიქნებითო. ეს ნაკუწები დიდხანს ინახებოდა ჩემს სახლში.
ომარსა და ინსპექტორებს შორის დავა ხშირი იყო. მოგეხსენებათ, მსოფლიო რეკორდსმენს სიჩქარე მართლაც საოცრად მოსწონდა და როცა ველოსიპედს დააქროლებდა, ინსპექტორებთან ექმნებოდა პრობლემა, რამდენიც შეეძლო იმდენ სიჩქარეს ავითარებდა“.

скачать dle 11.3