ექიმის რჩევები
კითხვა: დილა-საღამოს მუცელში ყურყური და შებერილობა მაწუხებს, დღის განმავლობაში კი ყველაფერი კარგად არის. რისი ბრალია? როგორ მოვიქცე?
პასუხი: ყურყური უფრო ხშირად ნაწლავური მიკროფლორის გაძლიერებულ ზრდასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, შეამცირეთ ნახშირწყლებისა და რძის მიღება. მიმართეთ გასტროენტეროლოგს ჩივილების მიზეზის დასადგენად.
კითხვა: საშვილოსნოს ტონუსის მომატებისა და ორსულობის შეწყვეტის საშიშროებასთან დაკავშირებით, დამინიშნეს პრეპარატი დიუფასტონი. პროგესტერონი ნორმაში მაქვს. ხომ არ გამოიწვევს ეს პრეპარატი ჰორმონალურ დისბალანსს? შეიძლება თუ არა მისი მიღება?
პასუხი: ეს პრეპარატი ჰორმონალურ დისბალანსს არ გამოიწვევს. მას ორსულობის შესანარჩუნებლად ნიშნავენ, ხშირად კი ორსულობის ადრეულ ვადებშიც არის რეკომენდებული. დაუჯერეთ ექიმს!
კითხვა: მხრებსა და კისერზე თეთრი ლაქები გამიჩნდა, თუმცა, არ მაწუხებს. რა უნდა იყოს?
პასუხი: ეს ვიტილიგოა – კანის პიგმენტაციის დარღვევა და მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია, რომლის გარანტირებული მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობასაც აზრი აქვს მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით.
კითხვა: რა არის ეროზიული გასტრიტი?
პასუხი: გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. ნებისმიერი ანთების დროს ქსოვილები უფრო ადვილად ზიანდება და უფრო რთულად ექვემდებარება აღდგენას, ამიტომ, საკვები კაწრავს ლორწოვანს. გასტროსკოპიის დროს ჩანს ნაკაწრებად დაზიანებული ლორწოვანი, ანუ, ეროზიები. ამიტომაც ეწოდება ეროზიული გასტრიტი. აქვს ჩვეულებრივი გასტრიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში (ჭიპის ზემოთ), გულისრევა, საკვების აუტანლობა.
კითხვა: როგორ ვუმკურნალოთ მუხლის სახსრის ანთებას თუ ექიმის დანიშნული პრეპარატები საშინელ გვერდით მოვლენებს იწვევს?
პასუხი: მსხვილი სახსრების ანთების დროს შესაძლებელია ხანგრძლივი მოქმედების კორტიკოსტეროიდული პრეპარატების (დიპროსპანი, კენალოგი) ადგილობრივად (სახსარში) შეყვანა. ჰორმონული პრეპარატებით გამოწვეული სისტემური გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აღინიშნება, ხოლო სამკურნალო ეფექტი რამდენიმე კვირა გრძელდება. პროცედურა მარტივია, ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიით.
კითხვა: სამი კვირაა შევნიშნე, რომ დამეწყო საკმაოდ სერიოზული თმის ცვენა. ვიზუალურად თმას ჯანსაღი იერი აქვს, მაგრამ ფესვებიანად ცვივა. როგორ გავიმაგრო თმის ბოლქვი?
პასუხი: ალოპეციის (თმის ცვენის) მიზეზები ბევრია: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ჰორმონალური დარღვევები, თავის კანის მიკრობული დაზიანება, ნერვული გამოფიტვა და სეზონური ავიტამინოზი. თქვენს სიტუაციაში, რადგან თმა ჯანსაღია და თავის კანზე ცვლილებები არ არის, სავარაუდოდ, საქმე ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ყველა შემთხვევაში, დერმატოლოგის კონსულტაცია ზედმეტი არ იქნებოდა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი