რამდენი მილიონი დოლარი აქვს ვალი ლეგენდარულ მაიკ ტაისონს და როდის წაიკითხა მან პირველი წიგნი
მაიკ ტაისონი – თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და სკანდალური მოკრივე, მორწმუნე მუსლიმანი და სამაგალითო მეოჯახე, შეშლილი და მეტოქის ყურისმჭამელი, მოძალადე და სკანდალური ქრონიკების მთავარი გმირი... გთავაზობთ 20 ფაქტს ქარიზმატული და სკანდალური მაიკ ტაისონის ცხოვრებიდან:
* მაიკ ტაისონი ნამდვილი ფსიქოპათია და მას ამის დამადასტურებელი ცნობაც აქვს. ბიპოლარული აშლილობა ან მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაუდგინეს. საჯაროდ კი, ამის შესახებ პირველად მაიკის პირველმა ცოლმა ისაუბრა.
* ყველაზე მოკლე შეხვედრა მაიკ ტაისონმა 1986 წელს გამართა – ბრძოლა მარვის ფრეზერთან, ცნობილი ჯო ფრეზერის ვაჟთან, 30 წამს გაგრძელდა. შეხვედრის დაწყებისთანავე, მაიკმა მეტოქე კუთხეში გამოამწყვდია და მარჯვენა აპერკოტი ჩაუტარა. ამას მოჰყვა რამდენიმე ძლიერი დარტყმა და ფრეზერმა გონება რინგზევე დაკარგა. არბიტრი იძულებული გახდა, შეხვედრა დაესრულებინა.
* „რკინის მაიკი“ ძირითადად ბოსტნეულით იკვებება, უპირატესობას ისპანახსა და ნიახურის ღეროებს ანიჭებს. ის ორი წლის წინ გახდა ვეგეტარიანელი და ამ ხნის განმავლობაში 60 კილოგრამამდე დაიკლო წონაში.
* „ხანდახან, არც კი ვიცი, ვინ ვარ საერთოდ,” – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთ ინტერვიუში მაიკ ტაისონმა. მამამისი არასდროს ყოფილა დაქორწინებული დედამისზე და ოჯახიდან მაშინ წავიდა, როდესაც მაიკი 2 წლის შესრულდა. დედამისი ამტკიცებდა, რომ მის შვილს სინამდვილეში ჯიმ კირკპატრიკი ერქვა, თუმცა 38 წლის ასაკში მაიკმა დაადგინა, რომ დედამისის პირველი ქმარი პერსელ ტაისონი იყო.
* მაიკ ტაისონის მეტსახელია „რკინის მაიკი”, პატარაობისას კი მას „ჯადოსნურ ბავშვს” ეძახდნენ. ახლა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ, ბავშვობაში მაიკი პუტკუნა ყოფილა და თანაკლასელები მას ხშირად დასცინოდნენ ამის გამო. სიმსუქნესთან ერთად, მაიკი მორიდებულიც იყო და უჭირდა წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც დასცინოდა.
* მაიკის მოკრივის კარიერა ჩიტის გამო დაიწყო: ერთხელ მავანმა ბრუკლინელმა ბოროტმოქმედმა პატარა მაიკს ხელიდან გამოსტაცა მტრედი და თავი მოაგლიჯა. ამ საქციელმა მაიკი იმდენად გამოიყვანა წყობიდან, რომ, ბევრისთვის მოულოდნელად, თავს დაესხა მოძალადეს და სასტიკად გაუსწორდა. მას შემდეგ ბრუკლინელმა ბანდიტებმა მაიკი თავიანთ რიგებში მიიღეს და ქუჩური ჩხუბის ელემენტები ასწავლეს. სხვათა შორის, მტრედების მოშენება მაიკის ამჟამინდელი ჰობიც არის – მას 2 000-მდე მოშინაურებული ჩიტი ჰყავს.
* ქუჩის ბანდიტების კომპანიაში მაიკი გონებრივად ჩამორჩენილად მიაჩნდათ, რადგან ის ხმას არ იღებდა და ყველაფერზე თანახმა იყო. 13 წლის ასაკში მაიკი პირველად მოხვდა არასრულწლოვანთა კოლონიაში, სადაც თავისი პირველი მწვრთნელი – ბობი სტიუარტი გაიცნო. ერთადერთი პირობა, რომლის სანაცვლოდაც სტიუარტი თანახმა იყო, მაიკთან ემუშავა, იყო ის, რომ ტაისონს წიგნების კითხვა უნდა დაეწყო. 13 წლის ასაკში მაიკ ტაისონმა პირველი წიგნი წაიკითხა.
* მაიკ ტაისონი სამჯერ იყო დაქორწინებული: მისი პირველი მეუღლე გახლდათ ტელესერიალების ვარსკვლავი რობინ გივენსი. რობინი იმით იყო ცნობილი, რომ „ფლეიბოისთვის” გაშიშვლდა და 1995 წელს „ემპაირ მეგეზინის” მიერ წლის 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის მოხვდა. მოგვიანებით მიცემულ ინტერვიუში რობინი იხსენებდა, რომ მაიკთან ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, იგი მუდმივად ღალატობდა მას და სცემდა. მაიკი და რობინი ქორწინებიდან ერთი წლის თავზე, ვალენტინობის დღეს დაშორდნენ და ეს მოვლენა მაიკს 10 მილიონი დოლარი დაუჯდა; ტაისონის მეორე მეუღლე იყო პედიატრი მონიკა ტერნერი. წყვილმა ერთად ხუთი წელი იცხოვრა და მონიკაც იმავე მიზეზით დაშორდა მაიკს; 2009 წლიდან მაიკ ტაისონი მესამე ქორწინებაში ცხოვრობს. ლატიჰა სპეისერი მეუღლის ცუდ ქცევებზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
* მაიკ ტაისონს სხვადასხვა ქალისგან ცხრა შვილი ჰყავდა. მისი ქალიშვილი, ექსოდუსი, 2009 წელს უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა – გოგონა სარბენი ბილიკის მავთულით დაიხრჩო. დანარჩენი შვილები: რეინა, ამირი, დეამატა, მაიკი ლორნა, მიგელ ლეონი, დამატო, მილანი და მოროკო – ჯანმრთელად არიან.
* 1991 წელს მაიკ ტაისონი 18 წლის „მის შავი ამერიკის” – დეზირე ვაშინგტონის გაუპატიურებისთვის ექვსი წლით ჩასვეს ციხეში. ამბობენ, რომ დეზირე თავად დასთანხმდა მაიკს სექსზე, თუმცა, შემდგომ სპორტსმენს უჩივლა და დააჭერინა. მაიკ ტაისონმა 3 წელი გაატარა ციხეში და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
* ციხეში ყოფნის პერიოდში მაიკ ტაისონმა თავის კერპს, მუჰამედ ალის მიჰბაძა და ისლამი მიიღო. ტაისონის რელიგიური სახელია მალიკ აბდულ აზიზი. ტაისონი მორწმუნე მუსლიმანია, იგი 2010 წელს წმიდა ქალაქ მექას ესტუმრა, სადაც მოილოცა და 250 ათასი დოლარი გადარიცხა მეჩეთის ასაშენებლად.
* აფრიკული წარმომავლობის გარდა, მაიკ ტაისონს ებრაელი წინაპრებიც ჰყავს. 2011 წელს იგი სერიოზულად ფიქრობდა იუდაიზმის მიღებას და, მზად იყო, საჭირო პროცედურები გაევლო, მათ შორის წინადაცვეთა, რაც ცნობილ რაბინებს – არტურ შნაიდერსა და შმული ბოტიჩს უნდა ჩაეტარებინათ, ამბობენ, რომ წინადაცვეთის გაკეთება ტაისონისთვის ევანდერ ჰოლიფილდს სურდა – სწორედ იმას, ვისაც ტაისონმა ცნობილი შეხვედრის დროს ყური მოაჭამა.
* ერთხელ, სატელევიზიო შოუში, მაიკ ტაისონი თავის მომავალ მეტოქეს, ლენოქს ლუისს შეჰპირდა, რომ შვილებს შეუჭამდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ტაისონი ვეგეტარიანელი გახდა.
* ტაისონის აფრიკული ტატუირება სახეზე ამას წინათ სასამართლო დავის საგანი გახდა: ცნობილ ბლოკბასტერში – „წვეულება ვეგასში 2”, ფილმის გმირი დილით იღვიძებს და მას სახეზე ტაისონის ტატუირების ზუსტი ასლი აქვს. ტატუირების ავტორმა, ვიქტორ უიტმელმა, ფილმის შემქმნელებს საავტორო უფლების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო.
* ტაისონის ტატუირებები ცალკე სალაპარაკო თემაა: მაუის ტომის ორნამენტები ტაისონმა ლენოქს ლუისთან წაგებული შეხვედრის შემდეგ ამოისვირინგა; მარცხენა მხარზე მაიკს მეორე ცოლის პორტრეტი აქვს დახატული, მარჯვენაზე კი – ამერიკელი ჩოგბურთელი არტურ ეში, წარწერით „დეის ოფ გრეის”; მარცხენა წინა მხარზე დრაკონია გამოსახული, მარჯვენაზე – მაო ძე დუნის პორტრეტი. სხეულის ქვედა ნაწილში კი ტაისონს ჩე გევარა ჰყავს დახატული.
* მაიკ ტაისონი გადაღებულია 40-მდე მხატვრულ ფილმსა და ტელესერიალში, თუმცა, მისი როლების უმეტესობა ეპიზოდურია, ან, საკუთარ თავს ასახიერებს.
* მიუხედავად იმისა, რომ მაიკი მუდამ გამოდიოდა მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით, ახალგაზრდობაში მან უარი უთხრა თავის ბავშვობის მეგობარს, რეპერ თუფაქ შაკურს, მოსაწევის გაზიარებაზე, რასაც ახლა ნანობს.
* გავრცელებული ცნობის თანახმად, ტაისონი არაერთხელ გასულა რინგზე მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ. ჰოლიფილდთან ცნობილი შეხვედრის დროსაც (როცა მან მეტოქეს ყური მოაჭამა), იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მაიკი 2000 წელს, ანჯეი გოლოტასთან შეხვედრის დროსაც მარიხუანით იყო გაბრუებული და, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს მოუგო, მოგვიანებით მატჩის შედეგი გაუქმებულ იქნა, რადგან, დოპინგ-ტესტმა ტაისონის სისხლში მარიხუანის არსებობა დაადასტურა.
* საინფორმაციო სააგენტო „ასოსიეიშენ პრესის” ცნობით, მაიკ ტაისონს 13 მილიონი დოლარი ვალი აქვს. ცნობილია, რომ „რკინის მაიკს” ფულის უაზროდ ხარჯვა უყვარს – ერთხელ მან „ფორმულა ერთის” ბოლიდი შეიძინა ერთ მილიონ დოლარად და მანქანა მეორე დღესვე დაამტვრია.
* ამჟამად ლეგენდარული მოკრივე პენსიაზეა და ლას-ვეგასის შემოგარენში ცხოვრობს. ტაისონის დღის განრიგი კი ბევრისთვის უცნაურია – იგი საღამოს 8 საათზე იძინებს და ღამის 2 საათზე იღვიძებს. ყოფილი ჩემპიონი ძირითადად ბავშვების აღზრდითა და ქველმოქმედებით არის დაკავებული.