მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ ეთანხმება ერთმანეთს ქრისტიანული სიმდაბლე და ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება?
პასუხი: სიმდაბლე გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის დანახვის უნარში. საკუთარი ნაკლის დანახვა კი აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რაც უფრო კარგი პროფესიონალი და ნიჭიერია, მით მეტად ხედავს თავის ნაკლოვანებებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, შეყვარებულები ერთად შევიდეთ ტაძარში მოსალოცად. ამბობენ, რომ შეყვარებულების ტაძარში ერთად შესვლა არ შეიძლება, დაშორდებიანო.
პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. შეყვარებულების ტაძარში ერთად ყოფნა, პირიქით, რწმენის თანაზიარობას განამტკიცებს და ჯვრისწერის დროისთვის სულიერი ერთობისთვის განამზადებს წყვილს.
კითხვა: ჩემს მშობლებს ჯვარი აქვთ დაწერილი 11 სექტემბერს – იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, როდესაც მძიმე მარხვაა. ითვლება თუ არა მათი ჯვრისწერა აღსრულებულად?
პასუხი: დიახ. მათი ჯვრისწერა ითვლება აღსრულებულად.
კითხვა: ვარ შუახნის მამაკაცი, რამდენიმე წელია გარდამეცვალა მეუღლე. მყავს ზრდასრული შვილები. მინდა, მეორედ ვიქორწინო, მაგრამ ჩემი შვილები მეუბნებიან, ეს ღვთის გმობააო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს შვილებს სხვა მიზეზი აქვთ თქვენი ქორწინების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება თქვენს სიტუაციაში მეორე მეუღლის შერთვას, ეს ღვთის გმობა არ არის. პირიქით, ამგვარად თქვენ თავიდან აიცილებთ მრუშობას და ეკლესია ასეთ კავშირს იწყნარებს.