იოანე კრონშტადტელის აღსრულებული სასწაული
1904 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს იაროსლავის ნავსადგურს მიადგა გემი „დიდი მთავარი მიხეილ ტვერელი“, აქ ის რამდენიმე დღეს უნდა გაჩერებულიყო, შემდეგ კი გზა განეგრძო რიბინსკისკენ.
ნავსადგურში მგზავრებმა შეიტყვეს, რომ იაროსლავში იმჟამად იმყოფებოდა მამა იოანე კრონშტადტელი, როგორც კი გემბანიდან ხიდები ჩაუშვეს, მგზავრები ნაპირს მიაწყდნენ იმ იმედით, რომ მოახერხებდნენ მამა იოანეს ნახვას.
გემბანზე მხოლოდ რამდენიმე ქალი დარჩა, რომლებიც 12 წლის ავადმყოფ გოგონას და მის მამას შემოხვეოდნენ გარს. გოგონა გემბანზე გაფენილ საბანზე იწვა – გამხდარი, ფერმკრთალი, თვალებჩაცვენილი.
ქალები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ბავშვის მამა, რომ ჩაეყვანა გოგონა ნაპირზე.
– მამაო მოვა, დალოცავს... და იქნებ განიკურნოს.
მაგრამ მამა, პირქუში და მკაცრი კაცი, უარობდა, ეშინოდა არ დაგვიანებოდა გემზე, რომელიც საათ-ნახევრის შემდეგ უნდა გასულიყო.
უეცრად ვიღაცამ მოუტანა ამბავი, რომ კრონშტადტელი მალე ნავსადგომზე მოვიდოდა, რადგან ისიც ამ დღეს მიემგზავრებოდა იაროსლავიდან ხალხი სწრაფად გაეშურა მეზობელი ნავსადგომისკენ. ავადმყოფი გოგონა გარშემოხვეულმა ქალებმა საბანში გაახვიეს და სირბილით გაყვნენ ხალხს პატარა გემისკენ, რომლსაც მამა იოანე უნდა გადაეყვანა.
მალე გამოჩნდა ქალაქიდან ნავსადგურისკენ მომავალი ეტლი, რომელსაც ხალხის სათაყვანებელი მოძღვარი მოჰყავდა. როგორც კი ეტლი ნაპირს მიადგა, ხალხი გარს შემოერტყა მას. ცხენები გაჭირვებით მიდიოდნენ წინ.
მამა იოანე ეტლიდან გადმოვიდა და უცებ ნელი ნაბიჯით წავიდა წინ, იგი გზადაგზა ხალხს ლოცავდა. მან გვერდით გაიხედა და დაინახა ქალები, რომლებსაც ავადმყოფი ბავშვი მოჰყავდათ და რომლებიც გაჭირვებით მიიკვლევდნენ გზას, შემხვედრი ხალხის ტალღა კვლავ უკან ისროდა მათ.
– ჩამოეცალეთ! – მკაცრად იყვირა მამა იოანემ. ხალხი გაიწია და ქალებმა ავადმყოფი გოგონა მოძღვრის წინ დააწვინეს მიწაზე.
– გრცხვენოდეთ, ბავშვს გზას არ უთმობთ! – საყვედურის ტონით მიმართა ხალხს კრონშტადტელმა. შემდეგ გოგონას შეხედა.
– რა დაემართა? – იკითხა მან.
ვერ დადის. ეტყობა, ფეხები წაერთვა... შეშინებულია – აუხსნეს ქალებმა. მამა იოანე დაიხარა, საბანი გადახადა ავადმყოფს და უთხრა:
– ადექი!
ბავშვი შეეცადა წამოდგომას, მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ თავისი სუსტი, გამხმარი ხელები გაუწოდა მოძღვარს. მოძღვარმა წამოაყენა გოგონა, თავზე ხელი დაადო და ხმამაღლა დაიწყო ლოცვის კითხვა.
გარშემო მყოფნი გაოგნებულნი უყურებდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თვალწინ, მოვიდა ავადმყოფის მამაც. მღვდელმა ლოცვა დაასრულა და მისკენ მიბრუნდა, ისე რომ ბავშვის თავიდან ხელი არ აუღია.
ილოცე და გებრალებოდეს ბავშვები. ის გამოჯანმრთელდება. ბავშვები უნდა გებრალებოდეს...
შემდეგ მან ხალხი დალოცა და გემზე ავიდა.
პირქუშმა კაცმა განკურნებულ ბავშვს ხელი მოჰკიდა და თავის გემისკენ წაიყვანა. გოგონა ნელა მიდიოდა. ის ჯერ კიდევ მყარად ვერ იდგა ფეხზე და სიარულისას ირწეოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა ხალხის დიდი ჯგუფი მჭიდროდ გარსშემორტყმოდა მას და აცილებდა.
სანამ გემი დანიშნულების ადგილზე ჩავიდოდა, ყველამ შეამჩნია, როგორ შეიცვალა ავადმყოფი პატარა. მისი ცნობა უკვე შეუძლებელი იყო. დარდიანი სახე მშვიდი და მხიარული გაუხდა. ის უკვე აღარ კრთებოდა, წყნარად და მინდობილად ხვდებოდა მნახველებს. როდესაც მამა-შვილმა გემბანი დატოვა, ყველა მგზავრმა დაინახა, რა თანაბარი და მტკიცე ნაბიჯებით მიჰყვებოდა გოგონა მამას.