მამათა შეგონებანი
ბერი ამფილოქე: ლოცვა, რომელიც სრულდება გულმოდგინებით, მხნეობით, მოწიწებით, რწმენით, ლმობიერებითა და ყურადღებით, კეთილი და სასარგებლოა. ეშმაკი სხვადასხვა საშუალებით ებრძვის მათ, ვინც ლოცულობს, ხოლო, ვინც არ ლოცულობს, ისინი უყვარს. ლოცვით ადამიანი ღმერთს ესაუბრება და სთხოვს მას სიკეთეებსა და ცხონებას. მლოცველი თავმდაბალი უნდა იყოს.
ეგნატე ბრიანჩანინოვი: აზრი, როგორც გრძნობადი ხედვა თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს შეიცავს, მცდარია. გრძნობადი ხედვა სულიერის გარეშე არ იძლევა სათანადო ცოდნას სულების შესახებ; უფრო დასაშვებია ყველაზე მცდარ გაგებამდე მისვლა და ეს უფრო მეტად გამოუცდელებს, თავის თავზე დიდი წარმოდგენითა და დიდების მოყვარეობით დასნეულებულებს ეძლევათ. სულიერ ხილვას მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები აღწევენ, ხოლო გრძნობად ხედვას – უფრო ხშირად ბიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკილი ადამიანები.
იოანე კრონშტადტელი: რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და, მისგან წამოსული, დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც, ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია – ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყუასი შენი – ვითარცა თავი თვისი“. ანუ, განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთვის? ამ ცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია.
პაისი მთაწმინდელი: ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს. ჩვენ საღვთო სიხარულს გაცემა გვანიჭებს. მაგალითად, როდესაც ვინმე რაიმე წიგნს მაძლევს და ის ამ დროს სულიერად საღვთოდ ხარობს, მე კი წიგნის მიღებისას ადამიანურ სიხარულს ვგრძნობ, ამ წიგნს თუ სხვას გადავცემ, ჩემთან საღვთო სიხარული მოვა, ხოლო იგი, ვინც მას მიიღებს, ადამიანურად გაიხარებს. თავის მხრივ – სხვისთვის გადაცემისას საღვთო სიხარულს ისიც გრძნობს, ხოლო ადამიანურ სიხარულს განიცდის იგი, ვინც წიგნი მიიღო, მაგრამ, შემდეგში ისიც თუ სხვისთვის მიცემას მოისურვებს, საღვთო სიხარულით აღივსება და ასე შემდეგ. ხედავთ, ერთი ნივთის საშუალებით რამდენ ადამიანს შეუძლია გამოსცადოს, როგორც საღვთო, ისე ადამიანური სიხარული?!
მიხეილ პომაზანსკი: ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია; მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალდაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტებას და სიკეთისკენ იქციონ პირი.
დიმიტრი როსტოველი: ნუ წაართმევ შურით აღვსილი ვინმეს იმას, რაც მისთვის ღმერთს მიუცია და ნურაფერს მიითვისებ ამპარტავნებით, რამეთუ, არავის ძალუძს რაიმეს მოპოვება, თუკი ღმერთი არ უბოძებს, რადგან, ყოველი ძალაუფლება და პატივი ღვთისგანაა.