„ფორბსის“ მილიარდერების საკუთრებაში არსებული კუნძულები
ფლობდე საკუთარ კუნძულს ოკეანეში – მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ასეთი ოცნება. თუმცა, ამ ოცნების ახდენა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. „ფორბსის” მილიარდერები სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან, მათ იმდენი საშუალება აქვთ, რომ საკუთარი ოცნებები თავად აიხდინონ. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ყველაზე ეგზოტიკური, ძვირად ღირებული და ფეშენებელური კუნძულების ჩამონათვალს, რომლებიც მილიარდერებს ეკუთვნით.
ლანაი – ლარი ელისონი
კუნძული ლანაი ჰავაის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის და 98 პროცენტით ლარი ელისონის, კომპანია „ორაკლის” მფლობელის საკუთრებაშია. ელისონი კაპიტალის სიდიდით ამერიკაში მესამე ადგილზეა და მსოფლიოში კი – მეექვსეზე. მისი კაპიტალი 36,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და რა გასაკვირია, რომ 500-600 მილიონი დოლარი კუნძულის შესყიდვაზე დაეხარჯა. ეს ხომ მისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის მზესუმზირაზე დახარჯული 50 თეთრი. სხვათა შორის ელისონის კუნძული – ლანაი ფართობით მეექვსეა ჰავაის კუნძულებს შორის.
ნეკერი – რიჩარდ ბრენსონი
კუნძული ნეკერი, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების შემადგენლობაში შედის, რიჩარდ ბრენსონმა ჯერ კიდევ 1978 წელს იყიდა, „ვირჯინ გრუპის” ხელმძღვანელობის დროს. იმ პერიოდში კუნძული 180 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირდა. ახლა კი მისი ფასი 100 მილიონ დოლარს აღემატება. ამჟამად კუნძულზე გაშენებულია რამდენიმე მცირე ზომის ბუნგალო და იქ მუდმივად ცხოვრობს 60-მდე ადამიანი, ძირითადად, მომსახურე პერსონალი. მსურველებს შეუძლიათ, იქირაონ ბუნგალო ერთი კვირით 35 ათას დოლარად ან იქირაონ მთლიანი კუნძული დღე-ღამეში 50 ათას დოლარად.
ჯეიმსი – კრეიგ მაკკოუ
ამერიკელმა სატელეკომუნიკაციო მაგნატმა, კრეიგ მაკკოუმ კანადის ნაპირებთან მდებარე კუნძული ჯეიმსი 1994 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. კუნძულის დღევანდელი ღირებულება 75 მილიონი დოლარია, ხოლო მაკკოუს ხელშეწყობით თავად კუნძული ველური და დაუსახლებელი მიწის ნაგლეჯიდან ნამდვილ ოაზისად იქცა. ჯეიმსზე მდებარეობს სასტუმრო, კოტეჯები, გოლფის მოედანი, აუზი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მცირე ზომის თვითმფრინავისთვის და კერძო დოკი. სხვათა შორის, კრეიგ მაკკოუ კუნძულის გაყიდვას ცდილობს და თუკი კანადასთან ახლოს გსურთ დასახლება, ბრწყინვალე შემოთავაზებაა თქვენთვის.
ალანი – პოლ ალენი
„მაიკროსოფტის” თანადამაარსებელმა ბილ გეითსთან ერთად, ამერიკელმა მილიარდერმა პოლ ალენმა, თავისი „სეხნია” – კუნძული ალანი შტატ ვაშინგტონში 1992 წელს შეიძინა. 2011 წელს კუნძული 13 მილიონ დოლარად გაიყიდა. თუმცა, თავდაპირველად, ალენს მისი გაყიდვა 25 მილიონ დოლარად სურდა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა. კუნძული სან-ხუანის არქიპელაგის ნაწილია და წყნარ ოკეანეში მდებარეობს, თუმცა, ერთი ნაკლი კი აქვს, კუნძულზე არ არის ელექტროენერგია. ელექტროსადენების გაყვანა კუნძულზე მის ახალ მფლობელებს დაახლოებით 3 მილიონი დოლარი დაუჯდებათ.
რობინსი – ლიუის მურ ბეიკონი
ლიუის მურ ბეიკონს ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე კუნძული რობინსი 1993 წელს შეხვდა ხანგრძლივი სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ. უოლსტრიტელ ფინანსისტ ბეიკონს კუნძულის ყიდვა 11 მილიონი დოლარი დაუჯდა და მას შემდეგ მან რამდენიმე მილიონი დაახარჯა კუნძულს, რათა აღედგინა რობინსის ლანდშაფტი და პირველყოფილი სილამაზე. გარემოს დაცვის კუთხით ბეიკონმა დიდი სამუშაო გასწია და ამბობენ, რომ ის პრემიასაც კი იმსახურებს „მწვანეებისგან”. არადა კუნძულის მიყიდვას ნიუ-იორკის ხელისუფალნი ბეიკონისთვის არ აპირებდნენ, რომ არა სასამართლო.
ბრეკჰოუ – დევიდ და ფრედერიკ ბარკლეიები
ტყუპი ძმები – დევიდ და ფრედერიკ ბარკლეიები ბრიტანული მედიაინდუსტრიის ყველაზე მსხვილი წარმომადგენლები არიან. მათ საკუთრებაშია მსოფლიოში განთქმული მედია-სახლი, რომელიც ცნობილ გაზეთ „დეილი ტელეგრაფს” გამოსცემს. გარდა ამისა, მათ მფლობელობაშია სასტუმროების ქსელი „რიცი”. კუნძული ბრეკჰოუ, რომელიც ბრიტანეთის არხის კუნძულთა ჯგუფში შედის ძმებმა 1993 წელს შეიძინეს და მისი დღევანდელი საბაზრო ფასი 4,3 მილიონი დოლარია. კუნძულზე არის ვენახი და ხილის ბაღები, დასახლებული სოფელი თავისი უძველესი პაბით და სამლოცველოთი.
სენტ-ფილიპსი – ტედ ტერნერი
მედიამაგნატმა ტედ ტერნერმა კუნძული სენტ-ფილიპსი, რომელიც ამერიკის შტატ სამხრეთ კაროლინას ნაპირებთან მდებარეობს 1979 წელს შეიძინა. ცნობისთვის, სენტ-ფილიპსი ტერნერმა ერთი წლით ადრე შეიძინა თავისი მედია-კორპორაციის, მსოფლიოში განთქმული „სიენენის” შექმნამდე. სენტ-ფილიპსის დღევანდელი ფასი 2 მილიონი დოლარია და თავად კუნძულის მფლობელი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელია. მისი ძირითადი პროფილია ბუნების დაცვა ზედმეტი ნაგებობების მშენებლობისგან.
სემფსონ კეი – ჯონ მალონი
კუნძული სემფსონ კეი, რომელიც ბაჰამის კუნძულების არქიპელაგის შემადგენლობაშია ჯონ მალონის ეკუთვნის, უმსხვილეს მიწათმფლობელს (მის საკუთრებაშია მიწის 2,2 მილიონი აკრი) ამერიკის შეერთებულ შტატებში. სემფსონ კეი ამჟამად მდიდარი ამერიკლების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. კუნძულზე არსებული ვილის ქირაობა კვირაში 8 ათასი დოლარი ჯდება და ულტრათანამედროვე სერვისით არის აღჭურვილი.