კდემამოსილად მოჭინთავენი
ყალყზე
თუკი აქამომდე ამ ჩვენს გამოშუქურებულ ქვეყანაში ფარულ ჩანაწერებს ვინ გვაღირსებდა (თუ, რასაკვირველია, ხელისუფლება ვინმეს დაჭერას არ გეგმავდა), ალტერნატიული ინფორმაციის მოსმენაც კი შეუძლებელი იყო. მაგრამ, ხანი გამოხდა და, ისეც მოხდა (რაკი არაფერია მუდმივი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში), რომ ალტერნატიული ინფორმაციაც გაჩნდა და თვით ხელისუფლების სულ-სულ მაღალ-მაღალჩინოსანთა მონაწილეობით ფარული ვიდეოჩანაწერებიც გამოქვეყნდა. თან, ისეთი, თმა თუ გქონდა, ყალყზე დადგომა არ აგცდებოდა.
შესაძლოა, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ჩანაწერები მმართველი ძალის ოპონენტის წისქვილზე ასხამდა წყალს, კუდში სხვა აუდიოჩანაწერებიც მიაყოლეს სახელდობრ, „ოცნების“ წევრთა პრივატული საუბრების ამსახველი (თუმცა,თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ აუდიოჩანაწერის მოქმედი პირები სასამართლოსთვის აპირებენ მიმართვას, მათი ავთენტურობა საეჭვოა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).
საუბრების შინაარსი მოწმობს, რომ, მოარული ხმები – ყველას გვისმენენო, ფაქტობრივად, სიმართლეა (იმისდა მიუხედავად, ჩანაწერი ავთენტურია თუ ანტიავთენტური). შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, მოსასმენი მოწყობილობა, მეტიც, ვიდეოთვალი, თქვენი ბინის თვით ყველაზე ინტიმურ ადგილებშიც იყოს ჩამონტაჟებული. აქედან გამომდინარე კი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, არც საძინებელში დაკარგოს კდემამოსილება და არც იქ, სადაც მეფენიც კი თავისი ფეხით დადიოდნენ. ერთი სიტყვით, ლაზათიანად, პოსტრევოლუციური ქვეყნის პირმშოს დარად, უკაცრავად პასუხია და, გავიჭინთოთ!