ვინ უწოდა „ჰიგსის ბოზონს” „ღმერთის ნაწილაკი“ და მიუძღვით თუ არა წვლილი მის აღმოჩენაში ქართველ მეცნიერებს
„ჰიგსის ბოზონის” აღმოჩენა უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა მსოფლიო მეცნიერებაში. შვეიცარიაში, კერძოდ კი ცერნში, სადაც გაკეთდა ეს აღმოჩენა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები მოღვაწეობენ და მათ შორის ქართველებიც არიან, რომლებიც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებზე მუშაობენ. ჟურნალი „თბილისელები” შვეიცარიაში მყოფ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს, დოქტორ ჯუანშერ ჯეჯელავას დაუკავშირდა და „ჰიგსის ბოზონსა” და სხვა საინტერესო თემებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
– ბატონო ჯუანშერ, აგვიხსენით, რას ნიშნავს „ჰიგზის ბოზონი” და რა მნიშვნელობა აქვს მის აღმოჩენას კაცობრიობისთვის?
ჯუანშერ ჯეჯელავა: არა მგონია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მის აღმოჩენას კაცობრიობისთვის, აი, ნაწილაკთა ფიზიკისთვის კი ნამდვილად დიდი აღმოჩენაა იმ გაგებით, რომ, ვიცოდით სტანდარტული მოდელის მუშაობის შესახებ, ვიცოდით, რომ მუშაობს დიდი სიზუსტით; ვიცოდით მასში შემავალი ყველა ნაწილაკი და, ერთადერთი, რაც არ იყო აღმოჩენილი, ეს ხშირად ხსენებული „ბოზონი” იყო. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ მოგცათ აწყობილი საათი, უკვე გარკვეული გაქვთ, რა ნაწილებისგან შედგება, იცით, როგორ არის ეს ნაწილები მორგებული, იცით, რომ გრძელი ისარი 60-ჯერ უფრო ნელა მოძრაობს ვიდრე მოკლე, ანუ, თითქმის ყველაფერი იცით, მაგრამ, ვერაფრით ვერ ხვდებით, სად აქვს ამ საათს ქანქარა, რომელიც, იცით, რომ უნდა არსებობდეს; იცით, დაახლოებით სად უნდა იყოს, როგორი კბილანები უნდა ჰქონდეს, დაახლოებით როგორ უნდა იყოს მოწყობილი, მაგრამ, ვერა და ვერ პოულობთ და, უკვე ფიქრობთ, რომ, იქნებ, არც არსებობს და, იქნებ, საათში რაღაც პრინციპულად არასწორად არის მოწყობილი და, აი, ბოლოს, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, დანამდვილებით პოულობთ.
– რატომ უწოდებენ მას „ღმერთის ნაწილაკს” და, შეიცვლება თუ არა შეხედულება სამყაროს წარმოშობის შესახებ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდება ცნობილი, რომ „ჰიგსის ბოზონი” არსებობს?
– ტერმინი „ღმერთის ნაწილაკი” სუფთა ჟურნალისტური აკვიატებაა. ამბობენ, რომ თავად ჰიგსს ეს დასახელება საშინლად აღიზიანებს. და თუ ვინმეს უნდა, რომ მაინცდამაინც რელიგიურად მიუდგეს ამ საკითხს, მაშინ, ლოგიკურად, ყველა ნაწილაკი ღმერთის შექმნილია და ნამდვილად არ გვაქვს არავითარი საბაბი იმისთვის, რომ მივაწეროთ ღმერთს რაიმე განსაკუთრებული კეთილგანწყობა ან სიყვარული მაინცდამაინც ჰიგსის ნაწილაკის მიმართ. ვინმეს თუ უნდა მეცნიერებაში მისტერიების დანერგვა და „ცერნ კურიერის” კითხვისას რელიგიური ექსტაზის გამოცდა – ეს სხვა საქმეა. მოკლედ, პროფესიონალისგან ეს ტერმინი თითქმის არ მსმენია. რაც შეეხება სამყაროს წარმოშობას, ფიზიკის ყველა აღმოჩენა არის სამყაროს უკეთესად შემეცნებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. სამყაროს უკეთ შემეცნება გულისხმობს, რომ უკეთესად გვესმის მისი წარმოშობაც, მაგრამ, მეორე მხრივ ჰიგსის ნაწილაკს, გარდა კოსმოლოგიისა, იმდენი პრობლემა აქვს გადასაჭრელი, რომ, არა მგონია, კოსმოლოგებისთვის ამ აღმოჩენას რაიმე განსაკუთრებული შვება მოეტანა. ეს იგივეა, რომ ვინმეს უთხრა: პროპელერი უკვე მაქვს და თვითმფრინავის აწყობისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ, კიდევ არსებობს ფრთები, ელერონები, კარკასი, ელექტრონიკა, რადარი, ძრავა... თავისთავად, ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა და არ არის საჭირო ამ აღმოჩენისთვის მისტიკური თვისებების მიკუთვნება. ამგვარი ფუჭი ფიარი ამ აღმოჩენას, მგონი, აკნინებს კიდეც. უამრავი ტექნიკური საკითხი გადაიჭრა ინოვაციურად – იმისათვის, რომ „ჰიგსის ბოზონი“ აღმოეჩინათ. მონაცემთა დამუშავებაში ახალი სისტემა დაინერგა – ათეული კილომეტრი რადიუსის მიწისქვეშა მანქანა, რომელზეც ჯერჯერობით კომპლექსურად არაფერი შექმნილა. ამაზე ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება, იმდენად საინტერესო რამ არის. პირამიდის შენებაზე უფრო გრანდიოზული მოგეჩვენება, თუკი იცი, შიგნით რა ხდება. ცეცხლის, დინამიტის ან დენთის აღმოჩენაც სამყაროს უკეთესი გაგებისთვის გადადგმული ნაბიჯია იმ გაგებით, რომ ზოგად პროგრესზე მეტყველებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არაფრის მთქმელი ეპითეტები ფიარისთვის ზოგჯერ კარგია, მაგრამ, მეცნიერებისთვის უკვე გამაღიზიანებელია. „ჰიგსის ბოზონი“ საკმარისი მიღწევაა მეცნიერებისთვის, მაგრამ, ნამდვილად შორს ვართ იმ მომენტისგან, რომ სამყაროს წარმოშობა საბოლოოდ გავიაზროთ – მეცნიერული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა.
– და, მაინც, არის თუ არა ეს ყველაზე დიდი მეცნიერული აღმოჩენა მსოფლიო მეცნიერების ისტორიაში?
– თუ გავითვალისწინებთ ფინანსებს – უსათუოდ. დიდი ჰადრონული კოლაიდერის აშენებასა და ექსპლუატაციაზე დახარჯული თანხები კოლოსალურად შეიძლება ჩავთვალოთ – საუბარია რამდენიმე მილიარდზე. სამეცნიერო შტატი ინტერნაციონალურია და რამდენიმე ათას ადამიანს ითვლის, ამასთან, დამატებით ინჟინრები, ტექნიკოსები... გამოგონებები, რომლებიც პარალელურად ინერგებოდა, ესეც ბევრია; იმაზე აღარაფერს არ ვამბობ, რომ ზეგამტარული მაგნიტების წარმოებისას იმდენი ნიობიუმი დაიხარჯა, რამდენიც დედამიწაზე სამი წლის განმავლობაში იწარმოება. ნაწილაკების ფიზიკაში უფრო ფუნდამენტური კვლევის წარმოდგენა არ შეიძლება. ტექნიკური ძალების მობილიზაციის თვალსაზრისით, ეს ყველაზე რთული რამ იყო, რისი გაკეთებაც შეიძლება ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიებით. მაგრამ, ისე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დამწერლობაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა კაცობრიობას არ ჰქონია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამაზე ფანტასტიკური სირთულის ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. მართლა მოწინავე ზღუდეზეა „ჰიგსის ბოზონის” აღმოჩენა.
– რამდენი ხანია, რაც მიმდინარეობს მუშაობა „ჰიგსის ბოზონის“ აღმოჩენაზე და საიდან გაჩნდა მოსაზრება მისი არსებობის შესახებ?
– დარწმუნებული ვარ, ვაინბერგ-სალამის სტატია რომ დაიბეჭდა, იმ დღიდანვე თუ არა, იმავე წლიდან ნამდვილად დაიწყო მუშაობა ბოზონის აღმოჩენაზე. რა არის ამაჩქარებელი? – მანქანა, რომელიც ელემენტარულ ნაწილაკებს აჩქარებს ძირითადად იმისთვის, რომ მერე ეს ნაწილაკები ერთმანეთს დააჯახო და ნახო, რა ახალი ნაწილაკები დაიბადება ამ დროს. როდესაც შეისწავლი ყველაფერს, რისი დაბადებაც შეგიძლია, აშენებ მეორე ამაჩქარებელს, მერე კიდევ ერთს და ასე შემდეგ. კოლაიდერი არ არის ერთადერთი ამაჩქარებელი, რომლის მიზანიც ჰიგსის აღმოჩენა იყო. მანამდე იყო აშენებული ეგრეთ წოდებული ტევატრონი, მაგრამ, ის ისე დახურეს, რომ „ჰიგსის ბოზონის“ აღმოჩენა ვერა და ვერ მოხერხდა.
– ცერნში მომუშავე ქართველ მეცნიერებს თუ მიუძღვით წვლილი ამ აღმოჩენაში?
– ცერნში მომუშავე ყველა ადამიანს მიუძღვის წვლილი ამ აღმოჩენაში. ქართველების რაიმე განსაკუთრებული გამოყოფა არ იქნება სწორი. ზოგადად, ისევე, როგორც დიდ ორგანიზაციებში ხდება, ყველას მიუძღვის წვლილი საბოლოო შედეგში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგს მეტად, ზოგს – ნაკლებად. „ჰიგსის ბოზონს“ რომ დავუბრუნდეთ, ეს ნაწილაკი ორმა დამოუკიდებელმა ექსპერიმენტმა აღმოაჩინა – ATLAS-მა და CMS-მა და ორივეში მუშაობენ ქართველები (როდესაც ამბობენ, მაგალითად, „ATLAS ექსპერიმენტს,” ამ დროს გულისხმობენ: თვითონ დეტექტორს; მის მომსახურე პერსონალს; მათ, ვინც დეტექტორი ააწყო, ექსპლუატაციაში გაუშვა და პროფილაქტიკურ და სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა); იმასაც, ვინც პროგრამული უზრუნველყოფა დაწერა ან გააუმჯობესა – დეტექტორიდან წამოსული სიგნალი გააანალიზა და შეცდომებისგან გაფილტრა და, იმასაც, ვინც მოხსნილ სიგნალს ფიზიკა შეუსაბამა. ანუ, საკმაოდ ვრცელი შტატი ჰყავს ორივე ექსპერიმენტს და ამ ადამიანების რიცხვში ქართველებიც ვართ. მეორე მხრივ, ქართველს ცოტა აქვს საამაყო იმ გაგებით, რომ, ერთი-ორი კაცის გარდა, ყველა ეს ქართველი უცხოური ინსტიტუტის სახელით მოღვაწეობს. ის, რომ ცერნში ქართველი მუშაობს, საამაყოა; ის კი, რომ საქართველოს სახელით ქართველების პროცენტული რაოდენობა მწირია – სამარცხვინო უფროა.
– სულ რამდენი ქართველი ხართ ცერნში, უშუალოდ კოლაიდერთან შეხება თუ გაქვთ?
– სამწუხაროდ, ზუსტი რიცხვი არ ვიცი, ჩემ გარშემო 7 კაცია, რომლებსაც პირადად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, მეტნი ვართ, მაგრამ, ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ; გარდა ამისა, არის ხალხი, ვისაც მთელი წელი უწევს ცერნში მუშაობა და, არიან ისეთები, ვინც რამდენიმე კვირით ან თვით ჩამოდიან.
– მოგვიყევით, როგორია ერთი სამუშაო დღე ცერნში?
– მეცნიერს საქმეში უხდიან და არა სამსახურში ყოფნაში. ცერნშიც ასეა. ეს დანადგარია და არის პერსონალი, რომელსაც დღე საათობით კი არა, წუთებით აქვს გაწერილი: ღამის ცვლაში მუშაობს ან 24-საათიანი რეჟიმით გუშაგობს დეტექტორთან; ან, ექსპერტია, რომელსაც ღამის 3 საათზეც კი დაურეკავენ, რამე სასწრაფო შეკითხვა თუ წამოიჭრა; თუ რაიმე უფრო შორეულ მეცნიერულ პრობლემაზე მუშაობ, არავის აინტერესებს, ღამეს ათევ, დილით აკეთებ გამოთვლებს, ლანჩი სამი საათი გააგრძელე თუ საერთოდ არ გასულხარ შესვენებაზე. მთავარია, საქმეს აკეთებდე და პრობლემებს არ უქმნიდე სხვებს. რა თქმა უნდა, კოორდინირებული მუშაობაც არის ეს – გულისხმობს, რომ მთლად გიჟური გრაფიკით არ მუშაობ და, როცა საჭიროა, ადგილზე ხარ. მაგრამ, ძირითადად, რაიმე არაადამიანური გმირობების ჩადენას არ გთხოვენ. არანაირი კონტროლი არ არის, რადგან, ითვლება, რომ შეგნებულ ადამიანთან აქვთ საქმე და ხელმძღვანელობაც, ძირითადად, რეალისტურად განწყობილია – იცის, რისი გაკეთება შეგიძლია და რისი არა. რამე ძალიან თუ არ აურიე, ღამისთევას არავინ დაგაძალებს. შედარებით დიდია პირადი თავისუფლება. პრინციპში, ეს აქ ყველგან არის – რაც უფრო პროფესიონალი ხარ, მით მეტი თავისუფლება გაქვს. თუ საკვალიფიკაციო პერიოდზე ხარ, მაშინ, სხვებზე მეტი სიბეჯითე გიწევს. ინდივიდუალური სამუშაოა, როგორც, მაგალითად, ვიოლინოს გაკეთება – რა მნიშვნელობა აქვს, დღის რომელ მონაკვეთშია ვიოლინო გაკეთებული, მთავარია, ტემბრი უვარგოდეს და დათქმულ დროს მზად იყოს.
– როგორი სამუშაო პირობებია მეცნიერებისთვის, როგორ ისვენებთ, გართობის საშუალება თუ არის?
– როგორ გითხრათ... მუშაობა გიხარია, ხელფასს გიხდიან (იცინის). აქ სამსახურში მიდიხარ იმისთვის, რომ იმუშაო; იმისთვის, რომ რჩევა მიიღო იმისგან, ვინც აშკარად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. რა თქმა უნდა, იშვიათად ყალთაბანდებიც გხვდებიან, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ, მაგრამ, მათ სწრაფად ააშკარავებენ. სინამდვილეში ყოველთვის არის ვინმე, ვინც დაგეხმარება, თუკი რაიმე პროფესიული რჩევა-დარიგება დაგჭირდება. ბევრი კლუბია ცერნის შიგნით: პიანინოს წრე, ფიტნესი, საცურაო აუზები. ბოლოს და ბოლოს ჟენევაა ახლოს და შვეიცარია თავისი შვეიცარიულ-ტურისტული ინფრასტრუქტურით. რთულია, ვერ გაერთო, თუ ორი კაცი მაინც შეიკრიბა და გადაწყვიტა გართობა.
– ბოზონის გარდა, სხვა საინტერესო პროექტებზეც მოგვიყევით, რაზეც მუშაობთ.
– პროექტი უამრავია. „ჰიგსის ბოზონის“ აღმოჩენა არ არის ერთი ამოცანა. დანადგარი აამუშაო, სიგნალი მიიღო, შემდეგ გაფილტრო. ფიზიკას შეუსაბამო და, მერე, ნაპოვნ ფიზიკაში საჭირო ფიზიკა იპოვო... და ეს ყველაფერი კიდევ უამრავ ქვეამოცანად იყოფა. ყველა ამ საკითხის გაუმჯობესებაზე ყოველთვის რომელიმე ჯგუფი მუშაობს, ყოველთვის არის რაღაც, რაც დახვეწას მოითხოვს. cern.ch-ze რომ შეხვიდეთ უამრავ საინტერესო პროექტს ნახავთ და ექსპერიმენტების ჩამონათვალიც დიდია.