როგორ გაატარა მარინა ბერიძემ დაუვიწყარი დღეები ფრანგულ სოფელში და რა წინათგრძნობა აუხდა მას
მას შემდეგ, რაც მარინა ბერიძემ „რუსთავი 2-ის” მუსიკალური პროექტები დატოვა, ხანგრძლივი ტაიმაუტი აიღო. ამბობს, რომ ცხოვრების რთული პერიოდი აქვს, რომელიც შეცდომების ძიებასა და ფიქრში გადააქვს. ასეთ პერიოდებს ის თურმე ყოველ ათ წელიწადში ერთხელ გადის. იმასაც ამბობენ, რომ მარინა ბერიძეს პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაშიც და დაშორდა მეუღლეს, რომელთან ერთადაც რამდენიმე ათეული წელი გაატარა. თუმცა, თავად ქალბატონი მარინა ამაზე საუბარს გასაგები მიზეზების გამო თავს არიდებს . როგორ ცხოვრობს ბოლო პერიოდში და ვინ გახდა მისი ფსიქოთერაპევტი დაუვიწყარი ფრანგული არდადეგების დროს, ამაზე თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.
მარინა ბერიძე: ვერ ვიტყვი, ისეთი განწყობა მაქვს, კარგად ვარ-მეთქი, ბოლო პერიოდში იმდენი პერიპეტია მოხდა ირგვლივ, რომ ამ პერიპეტიების გაანალიზების დრო დამიდგა. ემოციები, ასე თუ ისე, გავიდა, ახლა ფიქრის და ანალიზის ეტაპი მაქვს. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვინც ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, სხვებს აბრალებს, პირიქით, ყოველთვის საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო. მე მქონია ცხოვრებაში ასეთი ეტაპები, როცა რაღაც მთავრდება და ახალი იწყება.
– როგორც ჩანს, ცხოვრების რთული პერიოდი გაქვთ, ეს იმის გამო, რომ „რუსთავი 2-თან“ თქვენი ურთიერთობა დასრულდა?
– ერთი ხელის მოსმით ადამიანი ვერ გადალახავ იმას, რაც ძალიან გიყვარს. დედაჩემი ჭკვიანი ქალი იყო, სულ მეუბნებოდა: ეცადე, ძალიან არ გიყვარდეს ვინმე, იმიტომ, რომ როცა ძალიან გიყვარს, ძალიან გეტკინებაო. თუმცა, მე როგორც ემოციური ადამიანი, ამას ვერასდროს ვახერხებდი. ბოლო სამ წელიწადში აბსოლუტურად ყველაფერს ჩამოვშორდი – არ მქონდა სახლი, კარი, არ ვაკეთებდი სადილს, თავიდან ბოლომდე გადავეშვი ტელევიზიაში, რომელიც ჩემთვის ახალი საქმე იყო, და როგორც აღმოჩნდა, ძალიან საინტერესო. შეიძლება გააკეთო საინტერესო პროექტი, მაგრამ მას არ ჰქონდეს გაგრძელება. მე ვმუშაობდი პროექტებზე, რომელთაც ჰქონდა საოცარი შედეგი. ჩემს თვალწინ გაიზარდა უამრავი ბავშვი, რომლებიც ვარსკვლავებად იქცნენ. მე ძალიან მსიამოვნებს, რომ მათ ჩვენი რედაქციის ძალიან დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს ამას. აქედან გამომდინარე, დატოვო ეს ყველაფერი, იოლი არაა. ჩემს ცხოვრებაში სულ ასეა – ყოველთვის მე თავად მივდივარ იქიდან, სადაც ვხვდები, რომ ჩემი ადგილი არაა.
– „ჯეოსტარის” ანალოგიური პროექტის შესარჩევი ქასთინგები უკვე დასრულდა. ალბათ, ყველაზე მეტად თქვენ გაინტერესებთ, როგორი იქნება ეს პროექტი.
– ემოციას ჭკუამ დაძლია და გვერდზე გავდექი. ეს არაა ჩემი სტილი, მაგრამ ახლა ასეა საჭირო – გვერდიდან ვუყურებ ყველაფერს და ძალიან მინდა, რომ მომეწონოს ახალი პროექტი, რადგან ეს ჩემს ქვეყანას ეხება. ჯერ პრომოსაც კი არ ვუყურებ, თუმცა ის ვიცი, რომ აქცენტი ჩემზე კეთდება, როცა ნაკლებ ცინიზმსა და მეტ სიკეთეზე საუბრობენ (იცინის).
მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრს ვაღიზიანებდი გარეთაც და როგორც აღმოჩნდა, არხზეც, მაგრამ რა ვქნა? ასეთი ვარ. არც ბოდიშის მოხდაა ჩემთვის პრობლემა. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ყოველთვის ვიცი, როდის შემეშალა და არ ვიყავი მართალი, მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაცია იყო. აქ არც საბოდიშო მქონდა და არც გამოსასწორებელი. ახლა მე მაქვს ძალიან დიდი ტაიმაუტი, თუმცა მაქვს კონტრაქტი და ვარ „იმედზე” ჩემი გუნდით. მადლობა მინდა, ვუთხრა „იმედს” იმისთვის, რომ მომცა ტაიმაუტისა და ფიქრის საშუალება. ახალი წლიდან აუცილებლად ვიტყვი ჩემს სიტყვას. ვფიქრობ, რამდენიმე საინტერესო პროექტზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება პროფესიონალიზმთან. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. „ჯეოსტარი“ არ გაქრება ქართული ტელესივრციდან, სახელიც კი იგივე დარჩება, თუმცა როგორ და რა ფორმით იქნება „ჯეოსტარი” თუ „ანაბანა,” ამას დრო გვიჩვენებს. რამდენადაც ცხოვრებაში იმპულსური ვარ, იმდენად დაფიქრებული ვარ საქმეში. ყველაფერი თაროზე უნდა დავალაგო და მერე ვიწყებ (იცინის).
– დღეს ბევრი თქვენი ხელოვანი კოლეგა მიდის პოლიტიკაში, თქვენ რატომ არ ცდით ამ სფეროში თქვენს ძალებს?
– მე მიყვარს ანალიზი, მაგრამ ერთადერთი, რისი ანალიზიც არ გამომდის, პოლიტიკაა. არ მესმის პოლიტიკის, ვერ გავიგე. მე ვიცი კარგი და ცუდი, მაგრამ ეს როგორ უნდა გააკეთო პოლიტიკაში, ვერ ვხვდები. მე რომ პოლიტიკოსი და დიპლომატი ვყოფილიყავი, ახლა „რუსთავი 2-ში“ ვიქნებოდი. პოლიტიკას მშვიდი, დინჯი ხასიათი სჭირდება, ემოციით არც ერთი პოლიტიკა არ კეთდება. როგორც მოქალაქეს, ყოველთვის მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ მომკალი და ვერ დავიჯერებ, რომ მსახიობი რამეს გაიგებს პარლამენტში, არც მუსიკოსის გაპოლიტიკოსება მესმის. ხელოვანი შინაგანად სხვა ადამიანია, პოლიტიკოსობა კი სულ სხვა პროფესიაა – ძალიან, ძალიან რთული. მე ვფიქრობ, რომ ყველა თავისი პროფესიით უნდა გამოადგეს ქვეყანას. სულ ვამბობ, მე მინდა, ჩემი სპეციალობა. წარსულში, როცა კონსერვატორიიდან წამოვედი, უზარმაზარი ტრავმა გადავიტანე. 90-იან წლებში, როცა ყველაფერი დაინგრა, დავტოვე საქმე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ბოლოს ხელთათმანებით რომ დავუკარი კლასში, მივხვდი, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი. არ შემეძლო მეყურებინა იმ ბავშვებისთვის, ზოგიერთი მშიერი რომ გვაკვდებოდა ხელში. ჩვენ ყველამ მძიმედ გავიარეთ ის წარსული, რომელშიც არასდროს არ უნდა დავბრუნდეთ. ბევრი მძიმე საქმის გაკეთება მომიწია პირადად მეც, რომ ოჯახი მერჩინა. ახლაც კი ღამღამობით მესიზმრება, რომ ვუკრავ. შემოქმედებითად ისე ბედნიერი, როგორიც ვარ, როცა ვუკრავ, არსად არ ვიქნები. როიალი 20 წლის წინ დავხურე და ვერც ერთხელ ვეღარ მივეკარე. მივდივარ ახლოს, ვხსნი და ვხურავ... შოპენის ნოქტიურნს თუ დავუკრავ რა? მაქსიმალისტი ვარ და ისე რა არაფერი გამომდის?!
– როგორც ამბობენ, პრობლემები გაქვთ პირად ცხოვრებაშიც. დაშორდით მეუღლეს, რომელთან ერთადაც ათეული წლები გატარეთ.
– ეს ის თემაა, რომელზეც ხმამაღლა ჩემგან ჟურნალისტები ვერაფერს გაიგებთ. ეს ჩემი პირადია, იმას კი გეტყვით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
– როგორ გადაიტანეთ ცხოვრების ეს რთული პერიოდი?
– გავერიდე აქაურობას, ეს იყო ყველაზე კარგი გამოსავალი. თუმცა, ალბათ, ეს მხოლოდ გარეგნულად არ მემჩნეოდა. ეს არის ჩემი იარაღი, ნიღაბი: საწყალ მარინას, მირჩევნია, რომ საზიზღარი მარინა ვიყო (იცინის). ადამიანი ყველაფერს თავად უნდა მოერიოს, ოღონდ მოერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ შეცდომას იპოვის, რის გამოც აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში. ამიტომაც დავიწყე ფიქრი და წავედი აქედან – ცოტა ხანს ვიყავი სტამბულში, ჯაზ-ფესტივალზე. ამას გარდა, ჩემმა მეგობარმა, მირანდა მირიანაშვილმა მომიწყო დაუვიწყარი არდადეგები. წელიწადში ერთხელ გოგონებს ასეთ საჩუქარს გვიწყობს ხოლმე. ასე კარგად არ დამისვენია. სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცოტა დრო მირანდას დავუთმე, სხვებისთვის ბევრად მეტი დრო და ენერგია მაქვს დათმობილი, მაგრამ მირანდა მაინც სულ ჩემს გულში იყო. შარშან მირანდამ ვენეციაში წაგვიყვანა, მახსოვს, კულტურული შოკი მივიღე, მეგონა მოვკვდებოდი. ცხარე ცრემლით ვტიროდი შთაბეჭდილებებისგან. მე მაინცდამაინც ბევრ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი. ფული მე არ მქონია, რომ ბევრი მემოგზაურა, ყოველთვის რაღაცა რაღაცას წონის. ყველაფერი ერთად არაა. შარშან საოცარი წელი მქონდა, იმდენი კარგი რამ მოხდა ერთმანეთის მიყოლებით, სულ ვამბობდი მეგობრებთან: ეს ასე არ დამთავრდება-მეთქი (იცინის). იტალიის გარდა, შარშან ვიყავი დუბაიში, ათი დღე კი გავატარე ნიუ-იორკში. როცა ამერიკაში მივდიოდი, ყველა მეუბნებოდა: შენ გაგიჟდები ნიუ-იორკზეო, მართლაც, მე ვნახე საოცარი, შემოქმედებითი ნიუ-იორკი, ისეთი, ბარე ორი რომ ვერ ნახავდა. დღეებს ვატარებდით ჯულიარდში, მეტროპოლიტანში. იქიდან ისეთი დატვირთული წამოვედი, იმდენი იდეა ჩამოვიტანე, ჭკუაზე არ ვიყავი. იმდენ რამეს ვგეგმავდი „ჯეოსტარისთვის,“ ისე ვიყავი, როგორც ვულკანი (იცინის).
წელს მირანდამ დაგვპატიჟა საფრანგეთში, კონტრსდაზურზე. ეს არის ულამაზესი სოფელი ნიცასთან ახლოს. სოფლიდან ათ წუთში ნიცაში ხარ, 20 წუთში – კანში, ნახევარ საათში – მონტე-კარლოში. მირანდას ჩვენთვის დაქირავებული ჰქონდა ულამაზესი სახლი, ულამაზესი ეზოთი და ხედებით. იქვე ახლოს, კრუასანები ცხვებოდა. მირანდა თავადაც ფენომენალური მზარეულია, ისეთ სადილებს გვიკეთებდა, ვერ წარმოიდგენთ. მთელი დღე ვიყავით აუზზე, ვსაუბრობდით ბევრს, ვიგონებდით წარსულს. მირანდას ვეუბნებოდი: შენ ჩემი ფსიქოთერაპევტი ხარ-მეთქი. სულ შენ იყავი ჩემი ფსიქოთერაპევტი და ერთხელ მეც ვიქნებიო – ხუმრობდა ჩემი მეგობარი (იცინის). ამ სოფელში მოღვაწეობდა პიკასო, მატისი, მოდილიანი. ჩვენ ზემოთ იყო მათი სახლები, სადაც ახლა ახალგაზრდა მხატვრები ცხოვრობენ. ხშირად მივდიოდით ხოლმე მათთან და ეს ყველაფერს მერჩივნა. იყო დღეები, როცა ვიპრანჭებოდით და კანში მივდიოდით, მაგრამ იმ სოფლის ხიბლი, სადაც საოცარი სიმშვიდით სავსე დღეები გავატარე, მართლაც არასდროს დამავიწყდება.
– ბოლო დღეებში გახმაურებულმა კადრებმა ჩვენი საზოგადოება შოკში ჩააგდო, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ?
– შოკში ვარ, ღამეები არ მძინავს, ყველა ასეა ჩემ ირგვლივ. ის რაც მოხდა არის საშინელება, ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალური ადამიანი გმობს იმ სისასტიკეს, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. კიდევ კარგი, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავდა და ყველამ ყველაფერი ნახა. ძალიან კარგია სტუდენტების გამოსვლები, ისინი აბსოლუტურად სუფთა ხელებით ითხოვენ თავის მოთხოვნებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ ამბებში პოლიტიკური პარტიები არ უნდა გაერიონ. ჩვენ ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ არჩევანის გაკეთება, მხოლოდ არჩევნებით უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბედი და არავითარ შემთხვევაში, ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანების მიერ. უნდა დავამთავროთ 90 პროცენტით ხელისუფლების არჩევა, ხომ შეიძლება ეს დასრულდეს და ცივილურად 5-6 პარტია შევიდეს პარლამენტში? იჩხუბონ, იდებატონ, მიიღონ კანონები, მაგრამ მართონ ქვეყანა, თუმცა ჩემთვის მიუღებელია ის ზიზღი, რაც ქალაქში ტრიალებს. როგორ შეიძლება რუსუდან ფეტვიაშვილს მიუტრიალდე და გალანძღო? ის აბსოლუტურად იყო გამოსული წყობილებიდან, მაგრამ ცუდად შემოუტრიალდა თავისი ნათქვამი. ხომ შეიძლება დავანებოთ ერთმანეთის ჩაქოლვას თავი? ფეტვიაშვილისნაირი ჩვენ ხომ ძალიან ცოტა გვყავს.