მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-38(612)
ლუკამ დამცინავად შეხედა ჯღარკავას, რომელიც შიშისგან ისე კანკალებდა, ხელებს ვეღარ იმორჩილებდა. ეტყობოდა, რომ ცდილობდა, მისი შიში ლუკას არ შეემჩნია და შეეცადა, ჯიბიდან სიგარეტი ამოეღო – უნდოდა, ამის შიშიც შეენიღბა და დროც მოეგო, რომ მოეფიქრებინა, რა ეთქვა და როგორ მოქცეულიყო, მაგრამ, ჯიბეს ვერ მიაგნო და უმწეოდ ჩამოყარა ხელები, მერე თავი ჩაღუნა და ღრმად და ქშენით დაიწყო სუნთქვა. ლუკამ რამდენიმე წამი აცადა. მერე მურთაზს ნიკაპში მოჰკიდა ხელი და სახით თავისკენ მოაბრუნა. დიდხანს უყურა თვალებში და, თავისდა გასაოცრად, რაღაცნაირად, ადამიანურად შეეცოდა ეს ადამიანის გამოსახულების მქონე არსება, რომელსაც წითელი ლაქებით დაფარულ სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა, ტუჩები კი ისე გასთეთრებოდა, რომ არა აცახცახებული ნიკაპი და კბილების რაკუნი, კაცს მკვდარი ეგონებოდა.
ჯღარკავამ ვერ გაუძლო ლუკას მზერას, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ამოიკნავლა:
– მომკლავ?
– ჯერ არა, – მცირეოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა ლუკამ, – ჯერ მჭირდები. მერე კი, ვნახოთ, როგორ მოიქცევი.
– როგორ გინდა, რომ მოვიქცე? – ჩაიჩურჩულა ჯღარკავამ.
ლუკამ ერთხელ კიდევ ჩახედა თვალებში და იგრძნო, რომ ის წამით გაჩენილი სიბრალული უკვალოდ გამქრალიყო. გამომძიებლის თაგვივით დაფეთებულმა სახემ ის დღე გაახსენა, როცა პირველად შეხვდა მას და თავისდაუნებურად შეადარა იმ „ძველი“ მურთაზისა და ამ ცოცხალი გვამის სახის გამომეტყველება და ისეთი რადიკალური განსხვავება დაინახა, თვითონაც კი დაეჭვდა – ნუთუ ეს ორი სახე ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნისო.
ლუკა გრძნობდა, რომ თავისდაუნებურად დაუბრუნდა იმ დღეს, როდესაც ჯღარკავამ პირველად დაიბარა დაკითხვის ოთახში და გული აუჩქარდა. ყოველთვის ცდილობდა, არ გაეხსენებინა თავისი ცხოვრების ყველაზე მწარე და მტკივნეული ეპიზოდები, თუმცა, ამჯერად თავს ვეღარ ერეოდა. მაგრამ, არ უნდოდა, მარტო თვითონ დატანჯულიყო და მურთაზს ზიზღით მიმართა:
– ჯერჯერობით, სანამ ძირითად საქმეზე გადავალ, მინდა, დაწვრილებით გაიხსენო ის დღე... ხომ იცი, რომელ დღეს ვგულისხმობ?
– ვიცი... – ჩუმად თქვა ჯღარკავამ და თვალები დახუჭა.
ლუკამ იგრძნო, როგორ „გადაფრინდა“ თავის წარსულში:
მცირე ზომის სათავსოში, რომელშიც მხოლოდ მაგიდა და ორი სკამი იდგა, ლუკას ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დახვდა.
– გარეთ მოიცადე! – უბრძანა მან ზედამხედველს და ლუკას სკამზე ანიშნა, – დაჯექით.
ლუკა სკამზე დაეშვა და, რადგანაც მაგიდიდან საკმაოდ შორს აღმოჩნდა, მის წინ მიწევას შეეცადა.
– იატაკზეა დაჭედებული, – თქვა მამაკაცმა, შემდეგ თვითონ მეორე მხრიდან მიუჯდა მაგიდას და გააგრძელა – მე შენი საქმის გამომძიებელი ვარ, მურთაზ ჯღარკავა.
– რატომ ხართ მარტო?
– ძმაკაცებთან ერთად სხვა დროს გესტუმრები, – ჩაიცინა ჯღარკავამ.
ლუკას არაფერი უთქვამს.
– ვის ელოდი ჩემთან ერთად? – გააგრძელა ჯღარკავამ.
– ჩემს დედასა და მამას.
– რისთვის? – მოჩვენებით გაიკვირვა ჯღარკავამ.
– თქვენ არ გაქვთ ჩემი მარტო დაკითხვის უფლება.
– ოჰო, ტვინშერყეულის პირობაზე საკმაოდ სწრაფად ითვისებ აქაურობას, – ირონიულად შენიშნა გამომძიებელმა.
– რატომ არ მოიყვანეთ ჩემი მშობლები?.. როდემდე აპირებთ ჩემს აქ გაჩერებას?..
– მაგას მოსამართლე გადაწყვეტს. ჩემი ვარაუდით, ასეთი მკვლელობისთვის რვას ან ცხრა წელს მაინც მოგისჯის.
– მე არავინ მომიკლავს! – ხმას აუწია ლუკამ.
– საინტერესო ვერსიაა. იქნებ თავი მოიკლა? – ჩაიცინა ჯღარკავამ.
– მე არ მომიკლავს! – გაიმეორა ლუკამ.
– ეს უკვე მოვისმინე. შენ ამბობ, რომ არ მოგიკლავს. კეთილი, მაშინ ისიც უნდა თქვა, თუ ვინ მოკლა ის ბიჭი.
– არ ვიცი. ყველაფერი უეცრად მოხდა. ის ბიჭი ზურგზე შემახტა. მე მკლავში ვტაცე ხელი, მოვიქნიე და ზაზას შევახეთქე. იმ ბიჭმა დაიკვნესა და მიწაზე დავარდა. მე მეგონა, რომ შეხეთქებისას რამე იტკინა და ამიტომ წაიქცა... მაგრამ იქნებ ის ბიჭი ზაზას დანას წამოეგო?!. – ყოყმანით წარმოთქვა ლუკამ.
– მაგრამ დანა ხომ შენ გქონდა! – შეახსენა ჯღარკავამ.
– არა, დანა ზაზასი იყო. მან მკლავში მომაყენა ჭრილობა, – თქვა ლუკამ, პერანგის სახელო აიწია და გამომძიებელს ჭრილობაზე დადებული სახვევი უჩვენა.
– მაგრამ პოლიციელებმა შენ დანით ხელში დაგაკავეს!
– ჰო, ასე იყო. როგორც კი ის ბიჭი წაიქცა, ზაზამ დანა მოისროლა და გაიქცა. მე ის ავიღე და გავეკიდე.
– რისთვის გაეკიდე? – თვალებში ჩააკვდა ჯღარკავა. – რას აპირებდი, როდესაც დანით ხელში მისდევდი?
– არ ვიცი. ამაზე არ მიფიქრია. გაბრუებული ვიყავი. ყველაფერი არც მახსოვს. დანა მკერდში მომხვდა. მე დავიხარე, დანა ავიღე და... – ლუკა გაჩუმდა, წამით ჩაფიქრდა და სწრაფად გააგრძელა: – დანა სისხლიანი იყო.
– კიდევ რა გაგახსენდა? – დამცინავად ჰკითხა ჯღარკავამ.
– თქვენ რა, არ გჯერათ? – იწყინა ლუკამ. – გგონიათ, რომ გატყუებთ?
– საქმე ის არაა, მჯერა თუ არ მჯერა. მე ვეყრდნობი ფაქტებს. ფაქტები კი ასეთია: შენ დანით ხელში დაგაკავა ოთხმა პოლიციელმა, რასაც შეესწრო ასამდე მოქალაქე. ორივე დაზარალებული ამბობს, რომ დანა შენ დაარტყი მამუკას. ახლა კი მითხარი – ვის დავუჯერო?.. შენ თუ ას ექვს მოქალაქეს?!
– მაგრამ მაშინ საიდან ეს ჭრილობა? – მკლავი ასწია ლუკამ.
– დაზარალებულებმა უჩვენეს, რომ შენ მიწაზე წაქცევისას, შუშის ნამსხვრევზე დაიზიანე მკლავი.
– ეს ტყუილია! – იყვირა ლუკამ და ფეხზე წამოიჭრა. მაგრამ მაშინვე იგრძნო ძლიერი თავბრუხვევა და, რომ არ წაქცეულიყო, მაგიდას მოეჭიდა.
– შენი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, შენ მხოლოდ ახლა გაგახსენდა, რომ დანა სისხლიანი იყო.
– ჰო, მხოლოდ ახლა გამახსენდა.
– იქნებ ისიც აღარ გახსოვს, როგორ დაიზიანე მკლავი და როგორ დაჭერი მამუკა? – შემპარავი ხმით ჰკითხა ჯღარკავამ.
– არა. დანა რომ დამერტყა, არ დამავიწყდებოდა და დაჭრილსაც არ მივატოვებდი.
– კახას ვინ ესროლა ქვა?
– მე. ისინი წიხლებით მცემდნენ და სხვანაირად თავიდან ვერ მოვიშორე.
– იცოდი, როგორი ჭრილობა ჰქონდა, როდესაც ზაზას გაეკიდე?
– არა.
– მაგრამ მან მძიმე ტრავმა მიიღო, შენ კი მიატოვე! – ნიშნის მოგებით მიუგო ჯღარკავამ. – ხედავ, რაშია საქმე. წამის წინ მიმტკიცებდი, რომ დაჭრილს არ მივატოვებდიო!.. ძალიან ბევრი ტყუილია ათწუთიანი საუბრისთვის. შენ წარმოიდგინე, რა მოხდება, როდესაც ნამდვილ დაკითხვას მოგიწყობ!
– მე არ ვტყუი! – აღელდა ლუკა. – შეიძლება, ბევრ რამეს ვერ ვამტკიცებ, მაგრამ მე არავინ მომიკლავს!
– მესმის შენი. მეც ვიყავი შენი ასაკის და უბნელ ბიჭებთანაც მიჩხუბია. სამწუხაროდ, თქვენი შეხლა-შემოხლა ასეთი მძიმე შედეგით დასრულდა და ახლა შენ ინსტინქტურად ცდილობ თავის გადარჩენას. ამჟამად შენ ეჭვმიტანილი ხარ სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამ მუხლით თუ მოხვდი სასამართლოში, ათ წელს მოგისჯიან. მაგრამ არსებობს სხვა მუხლებიც, მაგალითად, მკვლელობა გაუფრთხილებლობით ან სულიერი აღელვების დროს. ეს მუხლები ბევრად მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. შეიძლება ოთხი ან სამი წელი მოგისაჯონ. გარდა ამისა, შენ არასრულწლოვანი ხარ და მოქმედი კანონმდებლობით, სანიმუშოდ მოქცევის შემთხვევაში კოლონიიდან სასჯელის ვადის ერთი მესამედის მოხდის შემდეგ გათავისუფლდები. სამი წელი რომ მოგისაჯონ, მომავალ წელს ამ დროს სახლში იქნები. მაგრამ ამ შეღავათს ძიება და სასამართლო მხოლოდ დანაშაულის ნებაყოფლობით აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში გაგიწევს. მე სწორედ ამიტომ გესტუმრე მარტო. დღეს ოფიციალურად რომ დამეკითხე, შენ დანაშაულს უარყოფდი. ჩვენება ოფიციალურად დამკვიდრდებოდა სისხლის სამართლის საქმეში და შენი დახმარების ყველა გზას გადაკეტავდა. მე არ მსურს, რომ ამ მუხლით მოხვდე სასამართლოში. მაგრამ უსასრულოდაც ვერ გადავდებ შენს დაკითხვას. მაქსიმუმ ერთ ან ორ დღეს კიდევ დაგითმობ. მოიფიქრე, აზრები დაალაგე. თუ გინდა, მეც დაგეხმარები საერთო სურათის აღდგენაში, შემდეგ კი ოფიციალურად ჩამოგართმევ ჩვენებას და ყველაზე მსუბუქი მუხლით გადაგცემ სასამართლოს, – დაასრულა ჯღარკავამ და პასუხის მოლოდინში თვალებში ჩააცქერდა.
– გაეთრიე აქედან! – პაუზის შემდეგ დაუყვირა ლუკამ.
– რაო?! – მზერა გაეყინა ჯღარკავას.
– გაეთრიე აქედან და ჩემთან მოსვლა აღარ გაბედო! – იყვირა ლუკამ და ფეხზე წამოიჭრა.
ჯღარკავა ინსტინქტურად გადაქანდა უკან და კედელს აეკრა. იმავე წამს ოთახში ზედამხედველი შემოვარდა, ლუკას ეცა და მკლავი ამოუგრიხა. მან მთელი ძალით გაიბრძოლა, მაგრამ ზედამხედველმა შეძლო მისი დამორჩილება და კარისკენ გაათრია.
– აქედან მოაშორე, პალატაში დააბრუნე! – გააფთრებული ხმით შესძახა ჯღარკავამ, შემდეგ კი ზედამხედველს გადაასწრო და პირველი გავარდა დერეფანში...
... ლუკამ თითქოს ცხადად გაიგონა გამომძიებლის ყვირილი და გამოფხიზლდა. გულის არეში ტკივილს გრძნობდა, მაგრამ, არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდა აწმყოში დაბრუნება. ჯღარკავას გადახედა და გაოცდა: გამომძიებელი იმავე პოზაში იჯდა – თვალდახუჭული და თავჩაქინდრული და, სახეზე ხან ტანჯვა ეხატებოდა, ხან – მრისხანება.
ლუკა მიხვდა, რომ გამომძიებელი მორჩილად ასრულებდა მის დავალებას...
***
ლუკას ბრძანებამ თითქოს მაგიურად იმოქმედა ჯღარკავაზე – მომენტალურად წავიდა ტრანსში და მოგონებებში ჩაიძირა:
... მურთაზი ღრმა ორმოში ჩავარდნილი მელასავით გრძნობდა თავს, რომელსაც მთელი სულითა და გულით სურდა ორმოდან ამოსვლა; ბორგავდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ სრიალა კედლებზე ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებდა. მას ჯერაც ვერ გაერკვია თავისი ურთიერთობა ვახტანგ ჭკუასელთან, რომ ახალმა უსიამოვნებამ (გეგეშიძის ოჯახის წევრების სახით) იჩინა თავი. ვახტანგ ჭკუასელს პირადი ინტერესები გააჩნდა გეგეშიძის მიმართ. მათ ამის შესახებ არ უსაუბრიათ, მაგრამ მურთაზი დარწმუნებული იყო, რომ მართლაც მისი ვაჟის მოკლული უნდა ყოფილიყო მამუკა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს არ შეიწუხებდა. მურთაზს აღიარების გარეშეც დაახურინებდა საქმეს და გეგეშიძეს სასამართლოში გაისტუმრებდა, სადაც მის საკითხს მხოლოდ გარდაცვლილის ფოტოსურათები გადაწყვეტდა. მათ ხილვაზე სასამართლო გეგეშიძეს უყოყმანოდ გამოკეტავდა საკანში, თანაც, საკმაოდ ხანგრძლივი ვადით. მაგრამ ვახტანგმა თავიდანვე უარი თქვა ამ გზაზე და გეგეშიძისგან მკვლელობის აღიარება დაისახა მიზნად. ეს კი მურთაზის მეშვეობით უნდა მომხდარიყო, რაც ყველაზე მეტად აფიქრებდა.
ბუნებრივია, თავიანთი ინტერესები ჰქონდათ გეგეშიძის ოჯახის წევრებსაც. მურთაზმა კი მხოლოდ ერთი რამ იცოდა დაზუსტებით: ამ ორი მხარიდან ერთი უეჭველად დამარცხდებოდა და არ სურდა, რომ ეს დამარცხებული ჭკუასელი ყოფილიყო. პროკურატურის ერთი ჩინოსანი ბევრად მეტ ვნებას მიაყენებდა, ვიდრე მრავალრიცხოვანი, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივი ოჯახი.
გეგეშიძის ახლობლებმა ის ღამე „კაპეზესთან“ გაატარეს, დილით კი მილიციის განყოფილებას მიაშურეს, სადაც გამომძიებელი ეგულებოდათ. ამჯერად მურთაზმა გარიდება ვეღარ მოასწრო, პატიმრის მშობლებმა და მეგობრებმა იგი შუაში მოიქციეს და კითხვები დააყარეს:
– რას ერჩით ლუკას?.. რას ედავებით?!
– გეგეშიძე ეჭვმიტანილია განზრახ მკვლელობის ჩადენაში, – ოფიციალური ტონით უპასუხა მურთაზმა.
– ტყუილია, ის არავის მოკლავდა! – შეუტია უცნობმა ახალგაზრდამ.
– „კაპეზეში“ რატომ გადმოიყვანეთ, ის ხომ დაჭრილია და ტვინის შერყევა აქვს! – გაცხარდა მამა.
– თქვენი ინფორმაცია გაზვიადებულია. მე პირადად მოვინახულე ის და გარწმუნებთ, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. გარდა ამისა, ის იზოლატორის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, – მშვიდად უპასუხა მურთაზმა.
– რატომ არ გვაძლევთ მისი მონახულების უფლებას?
– იზოლატორში პაემანი დაშვებული არ არის. უახლოეს მომავალში ციხეში გადავიყვანთ და პაემნის ნებართვასაც მიიღებთ.
– დაკითხვას რატომ არ გვასწრებთ?
– დაკითხვა ჯერ არ ჩამიტარებია. როდესაც ამის დრო დადგება, პირადად დაგიკავშირდებით, – უპასუხა მურთაზმა.
ამ დროს მათ სიახლოვეს მანქანა შეჩერდა, საიდანაც მურთაზისთვის კარგად ნაცნობი ადვოკატი, დავით ნუცუბიძე, გადმოვიდა და ბრაზით ჰკითხა:
– რას აკეთებ, მურთაზ?
დავითმა ჯიბიდან მცირე ზომის ბლანკი ამოიღო და ხელში ჩასჩარა.
– წაიკითხე, რა წერია ამ დოკუმენტში!
მურთაზი მაშინვე მიხვდა, რაც ეჭირა ხელში, მაგრამ მაინც დახედა ბლანკს. ეს იყო რაიონული ადვოკატურის მიერ გაცემული ორდერი, რომლის მიხედვითაც ის ოფიციალურად იყო დანიშნული გეგეშიძის ადვოკატად.
– დღეს მე გეგეშიძის დაკითხვას არ ვგეგმავ. მისთვის არ მცალია, ასამდე მოწმე მყავს დასაკითხი, – მოიმიზეზა მურთაზმა.
– დანაშაულის უშუალო თვითმხილველს დასაკითხად არ გცალია და გსურს, შემთხვევით გამვლელებს ჩამოართვა ჩვენება?! – აღშფოთდა დავითი.
– მე ასე ვთვლი საჭიროდ! – მოკლედ მოუჭრა მურთაზმა. – შენი რეკომენდაციები არ მჭირდება!
– მაშინ იქნებ სხვა მოწმეებიც დაგეკითხა? – ჰკითხა დავითმა.
– რომელი მოწმეები?
დავითი შებრუნდა და ხელი იქვე მყოფი ახალგაზრდების ჯგუფისკენ გაიშვირა, – ეს ახალგაზრდები გეგეშიძისა და ჭკუასელის თანაკლასელები არიან. ისინი გიამბობენ, როგორ ემუქრებოდა ჭკუასელი გეგეშიძეს დანით.
– როდის? – პაუზის შემდეგ ჰკითხა მურთაზმა.
– შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე.
– ეს შემთხვევა არაფრით უკავშირდება მკვლელობის საქმეს. გარდა ამისა, რას არ შეთხზავენ ეს მოზარდები პასუხისგებისგან გეგეშიძის დასახსნელად!
– სხვათა შორის, ჭკუასელიც მათი თანაკლასელია, ისევე, როგორც გეგეშიძე.
– მოზარდებმა თვითონ გიამბეს ეს ისტორია? – ჰკითხა მურთაზმა.
– მე პირადად შევესწარი იმ აყალ-მაყალს.
– როგორ? – გაუკვირდა მურთაზს.
– ეს ჩხუბი ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეზე მოხდა. მე საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაემუქრა ჭკუასელი გეგეშიძეს. ვაკის პარკში მომხდარი მკვლელობა იმ ჩხუბის გაგრძელებაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ გეგეშიძე სრულიად უდანაშაულოა.
– ამას გამოძიება დაადგენს, – კვლავ ოფიციალურობას დაუბრუნდა მურთაზი.
– კმარა, მურთაზ! – გაღიზიანდა დავითი. – ვახტანგ ჭკუასელსა და მის უზნეო შთამომავალს ნუ გადააყოლებ თავს. გაფრთხილებ, გეგეშიძეს უსამართლოდ რომ მოექცე, იმდენს ვიბრძოლებ, ვიდრე უმუშევარს არ დაგტოვებ!
– მართლა?! – ჩაიცინა მურთაზმა, შემდეგ წინ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა დავითს – მე არ გაფრთხილებ, უბრალოდ, გირჩევ – ნუ ჩაერევი ამ საქმეში, დავით. უეჭველად წააგებ, რაც სამარცხვინო ლაქად დაედება შენს, როგორც ადვოკატის სახელს და გეგეშიძის ოჯახის წევრებსაც გადაიმტერებ. ისინი შენ დაგადანაშაულებენ ამ საქმის წაგებაში!..
– დამპალო!.. შენ და ჭკუასელმა „გაუჩალიჩეთ“ ლუკას ეს საქმე! – იყვირა ახალგაზრდამ, რომელიც წეღან უმტკიცებდა მურთაზს, ლუკას არავინ მოუკლავსო და მისკენ გაქანდა.
– დადა! – ახალგაზრდას მხრებში ჩააფრინდნენ იქვე მყოფი მისი მეგობრები და საპირისპირო მხარეს გაათრიეს.
– ამათ ჩვენებებზე დაყრდნობას მთავაზობ?! – მურთაზმა ირონიულად მიუგდო დავითს და წასასვლელად შებრუნდა.
დავითმა ამის საშუალება არ მისცა: მკლავში სწვდა, თავისკენ შეაბრუნა და გააგრძელა:
– ეს სიტყვები წინ თუ არ დაგახვედრო, დავითი არ მერქვას!.. ახლა კი გეგეშიძესთან შეხვედრის ნებართვა მომეცი. მე თვითონ დავკითხავ მას და ჩვენებას წერილობითი სახით გადავცემ ქალაქის პროკურორს!
– საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ახლა არ შემიძლია, თათბირს უნდა დავესწრო. მოთხოვნა მდივანთან დატოვე. თათბირის შემდეგ განვიხილავ და, თუ საჭიროდ ჩავთვლი, შეხვედრის ნებართვას მოგცემ, – უპასუხა მურთაზმა და მილიციის შენობაში მიიმალა.
... დავით ნუცუბიძესთან ხელახალმა „შეხვედრამ“ ტრანსში წასული ჯღარკავა შეაკრთო – შეშინებულმა მიმოიხედა აქეთ-იქით და აფორიაქდა, მაგრამ, რამდენიმე წამში ისევ მოდუნდა, თვალები მილულა და წარსულის კადრები კვლავ გაცოცხლდა მის გონებაში:
***
... დასაკითხი ოთახის სიახლოვეს ლუკა წაბორძიკდა და წონასწორობის აღსადგენად კედელს მიეყრდნო. ზედამხედველმა მაშინვე შეაშველა ხელი.
– თავი გამანებე! – ცივად მიუგდო ლუკამ, ხელისკვრით მოიშორა თავიდან, კარი გამოაღო და ოთახში შეაბიჯა.
მურთაზი, რომელიც მის მოლოდინში მაგიდასთან იჯდა, მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და გაოგნებული მზერა მიაპყრო. აჩრდილს, რომელიც მის წინაშე იდგა, არაფერი ჰქონდა საერთო ლუკასთან: ის გუშინაც სავალალოდ გამოიყურებოდა. სისხლნაკლულ სახეზე მოყავისფრო და იისფერი ლაქები აჩნდა, თვალები ჩაცვენილი ჰქონდა. ახლა კი სახე საერთოდ ჩაშავებოდა, ჭუჭყისგან ფერშეცვლილ სახვევზე სისხლს გამოეჟონა, ტუჩი საგრძნობლად გასიებოდა, ყვრიმალზე კი მოზრდილი სისხლნაჟღენთი ლაქა აჩნდა.
– ეს რა მოგსვლია, ლუკა?! – აღელვებული სახით წამოიწყო მურთაზმა. – რა შეგემთხვა?..
ლუკას არაფერი უთქვამს, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სკამზე დაეშვა.
– თანამოსაკნეებს ხომ არ წაეჩხუბე? – გააგრძელა მურთაზმა. – ახლავე მითხარი მათი სახელები. მე მაგათ...
– მე ხომ გაგაფრთხილე, რომ ჩემთან აღარ მოხვიდე-მეთქი! – შეაწყვეტინა ლუკამ.
– შენ გინდა, რომ წავიდე?
– ჰო, მინდა, რომ წახვიდე და აღარასოდეს მოხვიდე ჩემთან.
– მაგრამ ჩემი წასვლის შემთხვევაში შენ ისევ საკანში მოგიწევს დაბრუნება! – შემპარავი ხმით თქვა მურთაზმა. – გინდა საკანში დაბრუნება?
– არა! – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უპასუხა ლუკამ.
– მეც არ მსურს შენი საკანში დაბრუნება და მოხარული ვიქნები, თუ საერთოდ არ გვექნება ამის საჭიროება. ციხის საავადმყოფო, სადაც შენ ერთი დღე გაატარე, არაფრით ჰგავს ციხეს. ნამდვილი საპატიმრო კი ის არის, რასაც შენ აქ შეეჩეხე. რამდენიც უნდა მიმტკიცო, რომ თანამოსაკნეებმა მშვიდად მიგიღეს, ვერ დამაჯერებ. მე შესანიშნავად ვიცნობ აქაურობას და ვიცი, როგორ რეაგირებენ საკანში შენი მუხლით ბრალდებულ პატიმრებზე. შედეგი სახეზე გაწერია და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე აქ იქნები!
– რისთვის მეუბნები ამას? – ჰკითხა ლუკამ.
– იმისთვის, რომ მიგანიშნო სწორი არჩევანი. ახლა უკვე მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, ვის მხარეზე იქნები. არ მსურდა, ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ სხვა არჩევანი არ დამიტოვე. თვითონ გამომიცხადე ომი, მიემხრე იმათ, ვისაც მე მთელი ცხოვრება ვებრძვი – დამნაშავეთა სამყაროს. და მეც მოგანიჭე ამ სამყაროს ახლოს გაცნობის შესაძლებლობა. იმის იმედი ნუ გექნება, რომ სხვა საკანში სხვანაირ მიღებას მოგიწყობენ. არა, ეს არ მოხდება. შენ მოხვდები მეორე, მესამე, მეოთხე საკანში და ყველგან იგივე გამეორდება. როდემდე გაუძლებ ამას?..
– რა გინდა ჩემგან? – ყრუ ხმით ჰკითხა ლუკამ.
– მე შენი დახმარება მინდა. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე მოშორდე აქაურობას. მაგრამ, ვიდრე თვითონ არ მოისურვებ ამას, მე არაფერი გამომივა. დამიმტკიცე, რომ ხელიდან წასული არ ხარ და მაშინვე იგრძნობ, როგორი მეგობრობა შეუძლია მურთაზ ჯღარკავას.
– რას მოითხოვ ჩემგან?
– პრაქტიკულად არაფერს. დღესვე, ერთ საათში დაგაბრუნებ ციხის საავადმყოფოში, თანაც, იმ ბოსელში კი არა, ნორმალურ პალატაში და მშვიდი და პატიოსანი ადამიანების გარემოცვაში. მაგრამ ამისთვის შენი ჩვენება დამჭირდება, – მურთაზმა დიპლომატი გახსნა და ფურცლების გადარჩევას შეუდგა.
ლუკა სწორედ ამას ელოდა, ფრთხილად ასწია თავი და დიპლომატის შიგთავსი შეათვალიერა. საგანი, რომელიც ჯღარკავას პირველი სტუმრობისას მოხვდა თვალში, მცირე ზომის შავტარიანი ჯაყვა, ადგილზე აღმოჩნდა. წინა სტუმრობისას ჯღარკავა ჯაყვას ნერვიულად ათამაშებდა ხელში, შემდეგ დიპლომატში ჩადო. ამჟამად კი ის თავს შედარებით მშვიდად გრძნობდა და ჯაყვაც ტყავის ბუდეში ესვენა.
– რა გადაწყვიტე? – გააგრძელა მურთაზმა.
– დაკითხვას არავინ დაესწრება? – ლუკამ ჯაყვას მოსწყვიტა მზერა და გამომძიებელს მიუბრუნდა.
– ეს დაკითხვა არ იქნება. ახლა მხოლოდ აღიარების ტექსტს შევადგენთ, შემდეგ კი იმავეს დაკითხვისას გაიმეორებ.
– პირველი შეხვედრისას მე ყველაფერი გიამბეთ. ახალს ვერაფერს დავამატებ.
– ასე ვერ შევთანხმდებით, ლუკა. მე არ მჭირდება მომხდარის შენებური ვერსიის გამეორება. დღეს მე უნდა მოვისმინო, როგორ დაარტყი დანა მამუკას. ნუ ღელავ, თუ შენ ზუსტად არ გახსოვს ეს ეპიზოდი ან გიმძიმს ამაზე საუბარი, მე დაგეხმარები, – თქვა მურთაზმა და ზაზას ჩვენება მოიმარჯვა.
– რა არის ეს? – ჰკითხა ლუკამ.
– ჭკუასელის ჩვენებაა. აქ დეტალურადაა აღწერილი, როგორ შეხვდით ერთმანეთს, როგორ იჩხუბეთ და როგორ დაიჭრა მამუკა. თუ გინდა, წაგიკითხავ.
– წამიკითხე, – დაეთანხმა ლუკა.
მურთაზი მოხერხებულად მოეწყო სკამზე და კითხვას შეუდგა. ტექსტის დასრულების შემდეგ კი ზაზას ჩვენება გვერდზე გადადო და ისევ ლუკას მიუბრუნდა.
– თუ გინდა, დრო რომ არ დავკარგოთ, მე თვითონ შევადგენ აღიარების ტექსტს, შენ კი მხოლოდ ხელს მოაწერ.
– არა, მე თვითონ დავწერ, – უპასუხა ლუკამ.
– როგორც გენებოს, – დაეთანხმა მურთაზი. სუფთა ფურცელი და კალამი გაუწოდა და კარნახს შეუდგა, – მარჯვენა კუთხეში დაწერ: ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელს...
ლუკა აუჩქარებლად შეუდგა წერას. რამდენიმე სიტყვის შემდეგ ძლიერად დააწვა კალამს, შემდეგ კი მურთაზისთვის შეუმჩნევლად გაჰკრა წკიპურტი და მის მხარეს გაისროლა. კალამი მაგიდაზე გაგორდა და იატაკზე გადავარდა.
– ახლავე მოგაწვდი, – თქვა მურთაზმა და იატაკისკენ დაიხარა.
ლუკა სწრაფად გადასწვდა დიპლომატს, ჯაყვა თითებში მოიქცია და ვიდრე მურთაზი წელში გაიმართებოდა, შარვლის ჯიბეში ჩაიცურა.
– შეგიძლია გააგრძელო, ნუ ჩქარობ, დრო საკმარისი გვაქვს, – მურთაზმა კალამი დაუბრუნა და ტექსტის კარნახი გააგრძელა.
ლუკამ რამდენიმე სიტყვა დაწერა, შემდეგ კალამი გვერდზე გადადო და მზერა სახეში მიაბჯინა მურთაზს.
– რა მოხდა? – ჰკითხა მან.
– გადავიფიქრე, – უპასუხა ლუკამ.
– როგორ თუ გადაიფიქრე?! – დაიბნა მურთაზი.
– აღიარებას არ დავწერ და არც ჩვენებას მოგცემ! – ცივად მიუგდო ლუკამ, ფურცელი ნაკუწებად აქცია და ფეხზე წამოდგა.
– ვინ გგონივარ, ლაწირაკო! – მურთაზი ფეხზე წამოიჭრა და მხარში ჩააფრინდა. წამიც და ლუკა იფეთქებდა, მაგრამ მურთაზმა რაღაც ისეთი ამოიკითხა მის მზერაში, რომ მაშინვე გაუშვა ხელი, – კარგი, იყოს შენებურად. ვნახოთ, რას მოიგებ! – გამოსცრა ავად და კარს მიუბრუნდა, – მორიგე!..
... მაშინ ჯღარკავას ეგონა, რომ ლუკა თითქმის მოთვინიერებული ჰყავდა, მაგრამ, ის,, რაც საკანში გეგეშიძის შეყვანის შემდეგ მოხდა, გამომძიებელმა მოგვიანებით გაიგო:
***
ჭოხონელიძე და კობახიძე გაოცებული სახეებით შეეგებნენ კარში შემოსულ ლუკას. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის საკანში აღარ დაბრუნდებოდა. ამასობაში კი ლუკამ საკანი გადაკვეთა და მათ პირისპირ შეჩერდა.
– რაო, ბიჭო, მიეცი ჩვენება? – სახეში ჩააცქერდა ჭოხონელიძე.
– შენი დედა!.. – კბილები გააღრჭიალა ლუკამ, შემდეგ კი ხელი ელვის სისწრაფით გააქანა წინ და ჯაყვა თვალში დაატაკა.
ჭოხონელიძე არაადამიანური ღრიალით ჩაემხო იატაკზე. კობახიძე, რომელმაც ლუკას ხელში სისხლით მოსვრილ ჯაყვას მოჰკრა თვალი, საწოლიდან წამოიჭრა, კარს ეტაკა, მუშტი და წიხლი დაუშინა და განწირული ხმით აკივლდა – მორიგე!!!
ლუკა ერთი ნახტომით წამოეწია, თმაში სწვდა, თავისკენ მოქაჩა და ჯაყვა კისერსა და ყელში დაუშინა.
გეგეშიძის საკანში მომხდარის შესახებ როცა შეიტყო, ჯღარკავა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ლომის ხახაში შეჰყო თავი; იმასაც მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და, ამიტომ, გადაწყვიტა, ყველა საშუალება გამოეყენებინა და ლუკა გეგეშიძე სამუდამოდ გამოეკიდა გისოსებს მიღმა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში