მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-38(612)
– თანახმა ვარ, – მომიგო პამელა სანდერსმა, – ჩემი დახმარებისთვის ნახევარ მილიონ გირვანქას ვიხდი.
– მაწყობს, – მივუგე გოგონას.
პამელამ სიტყვა შეასრულა და სადად შეიმოსა, რის შემდეგაც ჩვენ ლონდონის კრიმინალურ რაიონში გავემართეთ მამამისის, სემ სანდერსის კვალის მოსაძებნად.
– აი, ის კაცი, მამაჩემის ბინის მეპატრონე, – პამელამ შუახნის მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც ქუჩაში მიაბიჯებდა პატარა, სპორტული ლურჯი ჩანთით.
მე მას მანქანით წამოვეწიე და შევეხმიანე:
– ერთი წუთით, სერ!
მამაკაცი შემობრუნდა და შემომხედა, ხოლო, ჩემ გვერდით მჯდარ პამელას რომ მოჰკრა თვალი, გაქცევა დააპირა, მაგრამ მე მას მაჯაში ვწვდი, დავქაჩე, მანქანაში თავი შემოვაყოფინე და ყურში ჩავძახე:
– არც იფიქრო გაქცევა, თორემ, ხელებს მოგაგლეჯ!
– რა გინდათ, რა დაგიშავეთ, ვინ ხართ? – ლუღლუღებდა მამაკაცი, მე კი მას ვკითხე:
– სად გარბოდი და რატომ?
– იმიტომ, რომ ყაჩაღები მეგონეთ.
– ყაჩაღები გვეგონე თუ ამ გოგოს დანახვამ შეგაშინა? – ვკითხე მამაკაცს, მერე მანქანიდან გადმოვედი, უკანა კარი გავაღე, მამაკაცი შიგნით შევაგდე და მეც შევყევი საჭესთან კი პამელა დაჯდა. მანქანა ადგილიდან რომ დაიძრა, მამაკაცმა ამოილუღლუღა:
– სად მიგყავართ?
– უსაფრთხო ადგილას, – მივუგე მამაკაცს და ვკითხე, – სემ სანდერსი სად გაქრა?
სემის ხსენებაზე მამაკაცი გაფითრდა, რაც აშკარად იმას ნიშნავდა, რომ მან რაღაც იცოდა და ის „რაღაც“ მას ძალიან აშინებდა, ამიტომ, ხმის კანკალით მითხრა:
– ჩემგან რა გინდათ, მე არაფერ შუაში ვარ, სემისთვის არაფერი დამიძალებია! ის ნებაყოფლობით დაეთანხმა ბობის და გაჰყვა.
– ვინ არის ბობი და სად გაჰყვა მას ნებაყოფლობით სემი? ჩქარა, თქვი და არაფერი დაგვიმალო.
– ბობი საშინელი კაცია და მომკლავს, თუ გაიგებს, რომ გავთქვი.
– ბობიზე ადრე მე მოგკლავ, თუკი არაფერს მეტყვი, – შევუტიე მამაკაცს, შემდეგ პირში პისტოლეტის ლულა ჩავთხარე და დავამატე – ან ბოლომდე სიმართლეს იტყვი, ან სასხლეტს თითს გამოვკრავ და ვეღარასოდეს ამოიღებ ხმას.
ცარცივით გათეთრებულ მამაკაცს პისტოლეტის ლულა უშლიდა ლაპარაკში ხელს. მან მანიშნა, ლულა ამოიღეო და, პირის ღრუ რომ გავუთავისუფლე, ენის ბორძიკით მითხრა:
– ვიტყვი, ყველაფერს ვიტყვი...
– აბა, მიდი, არაფერი დაგვიმალო, თორემ... – მერე პისტოლეტი დავანახვე და დავამატე – ამით დაგადუმებ სამუდამოდ.
მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ამოიხვნეშა და თქვა:
– ბობი შუამავალია და გამოცდილ, ფიზიკურად ძლიერ, მაგრამ, უპატრონო ხალხს აგროვებს ბიზნესისთვის, რომელშიც ის ჩართულია და გვარიანი შემოსავალიც აქვს. სემს არაერთხელ მოუყოლია ჩემთვის, რომ ვიეტნამში სპეცდანიშნულების რაზმს მეთაურობდა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ჯილდოებიც კი აქვს მიღებული. ეს ყველაფერი მე ბობის მოვუყევი. მან მაშინვე ნახა სემი, მოელაპარაკა და წაიყვანა. მას მერე სემი აღარ მინახავს – აი, სულ ესაა.
– მოიცა, მოიცა! რა, სულ ესაა?! შენ არ გითქვამს, რა ბიზნესშია ჩართული ეგ ბობი და სად წაიყვანა სემი.
– სად წაიყვანა, არ ვიცი, მაგრამ, ბობი ნადირობის ბიზნესშია ჩართული – ადამიანებზე ნადირობის ბიზნესში.
– ადამიანებზე ნადირობის?! – წამოიძახა პამელამ, რომელიც მანამდე ჩუმად უსმენდა ჩვენს დიალოგს.
– დიახ, ადამიანებზე ნადირობის. არსებობს ხალხის კატეგორია, რომლებიც სოლიდურ თანხებს იხდიან ამაში. სპეციალურად შერჩეულ ადგილზე უშვებენ მსხვერპლს, შემდეგ მას მონადირეები ადგებიან კვალზე და მოსაკლავად მისდევენ.
– კი მაგრამ, რა ხეირი აქვთ ამ შემთხვევაში სამიზნეებს? – იკითხა აცახცახებულმა პამელამ.
– უმრავლესობას ვალები აქვს, თან, მშივრები არიან, ბობი კი მათ ვალებს უსტუმრებს და აჭმევს.
– და, ამის გამო სამიზნის როლზე თანხმდებიან?
– მთლად ასე არაა საქმე, – ნერვიულად ჩაეცინა მამაკაცს, – ბობი მათ ეუბნება, რომ, თუკი სამიზნე გარკვეულ პუნქტამდე მოახერხებს მიღწევას, მას უკვე ხელს აღარ ახლებენ, ასი ათასს გადაუხდიან და უვნებლად გაუშვებენ – აი, ესაა სამიზნეების გადაბირების საქმეში მთავარი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ სატყუარაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში კი, აბა, ვინ გაუშვებს მათ ცოცხალს და თან, ასი ათასსაც გადაუხდის?!
პამელამ რომ მამაკაცის სიტყვები მოისმინა, თავი ხელებში ჩარგო, აქვითინდა, თან იმეორებდა:
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! საცოდავი მამა! ალბათ შიოდა, სწყუროდა, არც ფული ჰქონდა, არც არავის იმედი ჰქონდა და იმიტომ დასთანხმდა ასეთ საშინელებაზე!.. მამიკო!
ისედაც გაღიზიანებული ვიყავი, რადგან პამელას ადგილზე ჩემი შვილები წარმოვიდგინე, გოგონას ქვითინმა კი უფრო მეტად გამაღიზიანა და მამაკაცს შევუღრინე:
– ახლა კი ბობი უნდა გვანახო!
– ეს შეუძლებელია! – აღმოხდა მამაკაცს, მაგრამ, პისტოლეტის ლულა რომ მოვუღერე, დაამატა – შევეცდები, შეგახვედროთ. დღეს საღამოს უნდა დამირეკოს.
– რატომ უნდა დაგირეკოს? – ვკითხე მამაკაცს.
– კლიენტი მყავს მისთვის და უნდა ნახოს.
– შენთან მოვა?
– კი, ჩემთან, – ენის ბორძიკით მომიგო მამაკაცმა.
– სამიზნეებს აგროვებ ბობისთვის, ხომ, შე ნაძირალავ?! – ვუთხარი მამაკაცს, პისტოლეტის ლულა ყბაზე მივაჭირე და კბილებში გამოვცარი – კატეგორიულად გაფრთხილებ, ნებისმიერი მცდელობა, რომ ბობი გააფრთხილო ან ხელიდან გასხლტომა სცადო, შენი სიკვდილით დასრულდება. მშვიდად იყავი. რასაც გეტყვი, ის გააკეთე და ცოცხალი გადარჩები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაცოცხლებ. გაიგე?
– დიახ, გავიგე.
– აბა, წავედით შენთან და იცოდე, ჭკვიანად! – ვუთხარი მამაკაცს და მისი სახლისკენ გავემართეთ.
მამაკაცის სახლში ვინმე სევა დაგვხვდა და სწორედ ის უნდა ენახა ბობის. სევა რუსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაწანწალას ჰგავდა, საკმაოდ ძლიერი აღნაგობის შუახნის მამაკაცი გახლდათ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხვდა, პატარა ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ, ხელი მოეცარა და ლოთობა დაიწყო, ბოლოს კი ბობის კლანჭებში აღმოჩნდა. ის ინგლისურად ლაპარაკობდა, მაგრამ, რუსული აქცენტით. რომ დაგვინახა, კეთილგანწყობით გაგვიღიმა და გვკითხა:
– მამა-შვილი ხართ?
– არა, სერ! – მიუგო პამელამ, ჩვენმა თანმხლებმა მამაკაცმა კი შეუღრინა:
– ხომ გითხარი, აღარ ჩაცეცხლო-მეთქი, შე ლოთო რუსო!
„ლოთი რუსის“ გაგონებაზე სევას კეთილგანწყობილი ღიმილი გაუქრა, ფეხზე წამოიჭრა, ჩვენს „მეგზურს“ ორივე ხელით სწვდა საყელოში და ტომარასავით მოისროლა. ამ სცენის დანახვაზე მივხვდი, რომ სევა ძველი „სპეცი“ იყო და ბრწყინვალედ ფლობდა საბრძოლო სამბოს ილეთებს. ასეთი მომზადება მეც მქონდა გავლილი და კარგად ვერკვეოდი.
ტომარასავით გასროლილი მამაკაცი, რომელიც სერვანტს დაეჯახა და ვიტრინა ჩალეწა, რის ვაი-ვაგლახით წამოდგა ფეხზე, სავარძელში ჩაეშვა და გაისუსა, მე კი სევას გავუღიმე, ხელი გავუწოდე და ვუთხარი:
– მარტინი.
– სევა, სერ.
– მისტერ სევა, ისე ოსტატურად მოისროლეთ ეს ნაძირალა, გეტყობათ, სპეციალისტი უნდა იყოთ, – ვუთხარი რუსს, რომელსაც კვლავ კეთილგანწყობილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე.
– თქვენც ნაძირალად მიგაჩნიათ პოლი, ხომ? – მითხრა სევამ და სავარძელში გასუსული მამაკაცისკენ მიმანიშნა, რომლის სახელიც პირველად სევასგან გავიგე.
– რა თქმა უნდა, მისტერ სევა. პოლი უკანასკნელი ნაძირალაა, განა არ ეტყობა? – დავუდასტურე მე.
– მე კი მაინც ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, ხომ არ ვცდები-მეთქი. მაგრამ, არა, არ შევმცდარვარ, პოლი ნაღდად ნაძირალაა. მე ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ეს საქმე შემომთავაზა.
– სამიზნეობას გულისხმობთ, არა, მისტერ სევა? – ჰკითხა რუსს პამელამ.
– დიახ, სწორედაც სამიზნეობას ვგულისხმობ. განა შეიძლება, სულ რაღაც სამასი გირვანქის გამო ადამიანი აიძულო, რომ დევნილი მგელი გახდეს? – მიუგო სევამ პამელას. მაგრამ, უცებ კოპები შეკრა და ჰკითხა – თქვენ საიდან იცით ეს? თქვენც ხომ არ აგროვებთ უპატრონო სამიზნეებს?
– არა, არა, მისტერ სევა, – ჩავერთე მე და რუსს მხარზე მეგობრულად მოვუთათუნე ხელი, – სამიზნეებს ჩვენ არ ვაგროვებთ, პირიქით.
სევას კვლავ კეთილგანწყობილი ღიმილი დაუბრუნდა და მოგვიბოდიშა:
– მაპატიეთ, მეგობრებო, თქვენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა და ბოდიშს გიხდით.
– მისტერ სევა, – ვუთხარი რუსს, – შეიძლება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ?
– რა თქმა უნდა, ბრძანეთ.
– ამ ნაძირალა პოლთან როგორ აღმოჩნდით?
– როდესაც ბიზნესი ჩამიფლავდა, იძულებული გავხდი, ამ რაიონში გადმოვსახლებულიყავი, რადგან აქ ყველაზე იაფი ღირს ბინის დაქირავება. ხუთი ათასი გირვანქა მქონდა დაზოგილი და ვფიქრობდი, კვლავ რაღაც პატარა საქმე წამომეწყო, წელში გავმართულიყავი და ღირსეულად დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შვილებთან და შვილიშვილებთან. ცოლი ხუთი წლის წინ გარდამეცვალა. მაგრამ, ახალი წამოწყებაც ჩამიფლავდა. ფული თითქმის აღარ მქონდა და ბინის ქირა რომ ვეღარ გადავიხადე, ქუჩაში აღმოვჩნდი. ღამეს ლუდის ბარის საკუჭნაოში ვათევდი, სადაც დამლაგებლად ვმუშაობდი და დღეში ორჯერ მაჭმევდნენ. სწორედ იქ გავიცანი ნაძირალა პოლი. მან ჯერ თავის სახლში წამომიყვანა და მითხრა, ჩემთან იცხოვრეო და, რადგან ფული არ უხსენებია, ვიფიქრე, ამ ღვთისნიერ კაცს შევეცოდე-მეთქი. ერთი თვის განმავლობაში მან ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა და ბოლოს გამომიცხადა: ან ჩემი ვალი – სამასი გირვანქა გადამიხადე, ან პოლიციაში გიჩივლებო, – თან ჩემ მიერ ხელმოწერილი ფურცელი მანახვა, რომელშიც ეწერა, რომ მე მასთან ცხოვრებისა და კვების სანაცვლოდ სამასი ფუნტი უნდა გადამეხადა. როგორც ჩანს, მან ეს ქაღალდი სიმთვრალეში შემომაპარა. ერთი სიტყვით, ფული რომ ვერ მივეცი და ვთხოვე, ეცლია, მან ცოცხალი სამიზნეობა შემომთავაზა და მეც დავეთანხმე.
– გასაგებია, – ზიზღით გავხედე პოლს და სევას ვკითხე – ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდით?
– დიახ, მისტერ მარტინ. სამხედრო აკადემია მაქვს დამთავრებული საბჭოთა კავშირში. თადარიგის მაიორი ვარ და წლების განმავლობაში ვიბრძოდი ავღანეთში. სიკვდილისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში, სამი საბრძოლო ორდენი მაქვს მიღებული და, უცხოეთში რა წამიყვანდა, საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო და უნამუსო, ნაძირალა და გამყიდველ პოლიტიკოსებს ხალხი ასეთ საშინელ დღეში რომ არ ჩაეყარათ.
სევას სიტყვებმა შინაგანად შემძრა, რადგან მასში სულიერი მეკავშირე და მეგობარი დავინახე, თან, ძალიან შემეცოდა და ვუთხარი:
– მისტერ სევა, მე და პამელა მამამისს ვეძებთ, რომელიც ანალოგიურ მახეში გააბა ამ ნაძირალა პოლმა და, თუ დაგვეხმარებით, იმდენს გადაგიხდით, რომ სამშობლოში, შვილებთან და შვილიშვილებთან წელგამართული და თავაწეული დაბრუნდებით.
– კეთილ საქმეს უფასოდაც გავაკეთებ, – მომიგო სევამ, მე კი ვუთხარი:
– გეთანხმებით, მაგრამ, როდესაც ამ ყველაფერს ფულიც ერთვის, რომელიც თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ, ბევრად უკეთესია.
– კარგი. რა უნდა გავაკეთო?
– ბობის შეხვდებით, დაელაპარაკებით, შეუთანხმდებით და ეტყვით, რომ რამდენიმე დღეში მის განკარგულებაში იქნებით. ჩვენ კი თქვენს საუბარს მოვისმენთ და იმის მიხედვით შევადგენთ მოქმედების გეგმას.
– კარგი, თანახმა ვარ, – მითხრა სევამ, მე კი პოლს მივუბრუნდი, პისტოლეტი მივუშვირე და ზიზღით ვუთხარი:
– მე და პამელა სადმე აქვე უნდა დაგვმალო. იცოდე, ბობის გაფრთხილება რომ სცადო ან სადმე გასვლა მოინდომო, გაუფრთხილებლად გესვრი და ჩაგაძაღლებ.
– დარდი ნუ გაქვთ, მისტერ მარტინ, – მითხრა სევამ და პოლს თვალები დაუბრიალა, – ამ ნაძირალას მე გავაკონტროლებ და, თუკი რამე შევნიშნე, ორივეს კისრებს მოვამტვრევ!
– ეგრე იყოს, სევა, – ვუთხარი რუსს და ისევ პოლს მივუბრუნდი:
– შენ თუ იცი, რამდენს იხდის მონადირე და ვის უნდა მიმართოს მსურველმა?
– ადამიანზე ნადირობა მილიონი დოლარი ღირს და შეკვეთას ბობიც იღებს. მას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, თუკი მონადირეს მომიყვან, ხუთ პროცენტს გადაგიხდიო, ეს კი ორმოცდაათი ათასია.
– ჰოდა, ეტყვი, მოგიძებნეო და მე შემახვედრებ, მაგრამ, ეჭვი რომ აიღოს?
– არ აიღებს, – თავდაჯერებულად მითხრა პოლმა.
– რატომ ფიქრობ ასე?
– იმიტომ, რომ უკვე ორი წელია, მონადირეს ვეძებ, ბობიმ ეს იცის და არ გაუკვირდება.
– რომ გკითხოს, ვინაა და სად იპოვეო?
– ვეტყვი, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ხართ. თქვენ ხომ მართლა ამერიკელი ხართ?
– დიახ, – დავუდასტურე პოლს.
– ვეტყვი, რომ განცხადება წაიკითხეთ და დამირეკეთ. მე მართლა მაქვს გამოქვეყნებული განცხადება ცნობილ გაზეთებში, რომლებშიც წერია, რომ სოლიდური გასამრჯელოს ფასად ნებისმიერი მძაფრი და დაუვიწყარი თავგადასავლის მოწყობას ვთავაზობ. ჰოდა, ვეტყვი, რომ შევხვდით და ადამიანებზე ნადირობის სურვილი გამოთქვით, თანხის გადახდა შეგიძლიათ და ბობისთან შეგახვედრებთ.
– კარგი, ასე უთხარი. მაგრამ კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: ჩვენი გათქმის მცირედი მცდელობაც კი შენი საშინელი სიკვდილით დასრულდება.
– ვიცი. დარდი ნუ გაქვთ. გიჟი კი არ ვარ. თქვენ ბობიზე საშიშები ხართ, – მომიგო პოლმა და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
პოლი ბობს ელაპარაკა და, რომ დაასრულა, მითხრა:
– ერთ საათში მოვა. თქვენ აქ, ამ კედლის სარკის უკან დაიმალეთ, იქიდან მთელი ოთახი ჩანს. სარკე გამჭვირვალეა და სპეციალურად იმისთვის გავაკეთებინე, რომ ჩემი სტუმრები ვაკონტროლო, საჭიროების შემთხვევაში გაქცევით ვუშველო თავს.
– იცოდე, მიზანში მეყოლები ამოღებული და თუ რამე არ მომეწონა, ჩაგაძაღლებ, – დავემუქრე პოლს.
ბობი გამხდარი, შავტუხა მოქონდრისკაცო არსება აღმოჩნდა, რომელსაც უფერული, პატარა და ღილებივით მრგვალი თვალები ჰქონდა, საიდანაც შიში, სიფრთხილე და ბოროტება ერთბაშად გამოსჭვიოდა. ის სევას შეუთანხმდა, რომ სამი დღის შემდეგ შეხვდებოდა და წაიყვანდა, პოლს კი ჩემთან შეხვედრა მეორე დღისთვის დაუნიშნა და წავიდა. მეორე დღეს ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა და ხელი ჩამომართვა.
– ბობი, მისტერ.
– მე მარტინი მქვია, მისტერ ბობ.
– ძალიან სასიამოვნოა. აბა, გისმენთ, რას მიბრძანებთ?
– ალბათ, მისტერ პოლმა გადმოგცათ, რომ მძაფრი თავგადასავლებისა და შეგრძნებების ტრფიალი ვარ და ამის გამო ვიმყოფები აქ.
– კარგი. მოდი, პირდაპირ ვილაპარაკოთ, – სიტყვა გამაწყვეტინა ბობმა, – თქვენ გსურთ ცოცხალ ადამიანებზე ნადირობა? კეთილი, ეს შესაძლებელია, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ერთ მილიონ დოლარს გადაიხდით, უნდა შეასრულოთ ერთადერთი პირობა: თქვენ არავის არასოდეს არ უნდა გაუმხილოთ ამ ნადირობის ამბავი; არ უნდა დაასახელოთ არც ერთი სახელი თუ გეოგრაფიული წერტილი, რომლებიც ამ ამბავთან იქნება დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დაგემუქრებათ საფრთხე, როგორც კანონის მხრიდან, ასევე, ჩვენი ორგანიზაციიდანაც. ჩვენ კი, მისტერ მარტინ, გარწმუნებთ, რომ გრძელი ხელები, შეუზღუდავი კავშირები ყველა დონეზე ამოუწურავი რესურსები გვაქვს. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, – მომიგო ბობმა და სიგარა გააბოლა.
ამ ბოროტთვალებიან კაცუნას ძალიან სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა და სიამოვნებით ვწვდებოდი ყელში და მოვგუდავდი, მაგრამ, ჯერ ადრე იყო. ამიტომ, თავი შევიკავე, გავუღიმე და ვუთხარი:
– რა თქმა უნდა, მისტერ ბობი, რაზეა ლაპარაკი! სულელი ხომ არ ვარ, თავი ხიფათში ჩავიგდო. ახლა კი, ფულს რაც შეეხება: ქეშად გსურთ თუ გადმორიცხვით?
– ჯობია, გადმორიცხოთ.
– კეთილი, გადმოვრიცხავ. თქვენ მხოლოდ ანგარიში მომეცით.
– აი, ინებეთ, – ბობიმ ქაღალდზე დაწერილი საბანკო ანგარიშის ნომერი მომცა, კვამლი გამოუშვა და ნეკი თითით ცხვირი მოიფხანა.
– და კიდევ ერთი, მისტერ ბობი: როდის და სად ჩატარდება ნადირობა?
– ერთი კვირის შემდეგ, ავღანეთში, პიჩორო აგამის ხეობაში, თქვენს განკარგულებაში კი ექვსი საათი იქნება. თუ ამ დროის განმავლობაში მსხვერპლს ვერ მოკლავთ, ამას გავაკეთებთ ჩვენ, ფული კი, რა თქმა უნდა, უკან არ დაგიბრუნდებათ. თანახმა ხართ?
– სავსებით.
– მაშინ, მოემზადეთ. ხუთი დღის შემდეგ კი ჰიტროუში მობრძანდით და დანარჩენ მონადირეებთან ერთად ავღანეთში წაგიყვანთ.
– ბევრნი ვართ?
– მონადირეებს გულისხმობთ?
– დიახ.
– თორმეტნი და სამიზნეც მაგდენივეა. თუმცა, შეიძლება, კიდევ ერთი მონადირე დაგემატოთ. ერთი სიტყვით, მოემზადეთ მძაფრი შეგრძნებებისა და დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. მე კი უნდა დაგტოვოთ, – მითხრა ბობიმ, ხელი ჩამომართვა და წავიდა. პიჩორო აგამის ხეობას ძალიან კარგად ვიცნობდი, რადგან, „კაგებეშნიკობის“ დროს იქ ორი წარმატებული სპეცდავალება მქონდა შესრულებული და ინსტრუქტორებმა წინასწარ დაწვრილებით ამათვისებინეს ამ გეოგრაფიული წერტილის ყველა კუთხე-კუნჭული. სწორედ იქ მდებარეობს ცნობილი თორა-ბორას გამოქვაბულები. ესაა საკმაოდ რთული, კარგად დაცული და მოწყობილი კლდის ქალაქი, სადაც ერთი არმია დაიმალება თავისი აღჭურვილობით.
ბობი რომ წავიდა, პოლი საიმედოდ მივაბი მისივე საძინებლის საწოლზე, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ პამელას და სევას ვუხმე და ვუთხარი:
– ახლა კი მოქმედების ზოგადი გეგმა უნდა შევადგინოთ და რაღაც-რაღაცეები დავაზუსტოთ.
სევასთვის მე ყოფილი ამერიკელი სპეცრაზმელი ვიყავი, რომელიც ვიეტნამსა და ავღანეთში იყო ნაომარი, რაც სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში ამერიკელების წინააღმდეგ ვიბრძოდი.
– ესე იგი, ავღანეთშიც იბრძოდით, ხომ? – გაეღიმა სევას, – მაშინ მოწინააღმდეგეები ვიყავით, ახლა კი მოკავშირეები ვართ. რას იზამ, სამწუხაროდ, ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება და თავი არ უნდა გავასრესინოთ მას. პიჩორო აგამის ხეობას მეც კარგად ვიცნობ და, ვიცი, რომ მსხვერპლისთვის იქიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.
– მისტერ სევა, მე ვფიქრობ, რომ სემ სანდერსი ცოცხალი აღარ უნდა იყოს, რადგან ის სამი თვის წინ გახდა სამიზნე და ამდენხანს ვინ აცოცხლებდა, – ვუთხარი სევას, როდესაც პამელა ტუალეტში გავიდა, – მაგრამ, მაინც უნდა გადავამოწმოთ და, თუ ცოცხალი აღმოჩნდა, უნდა გამოვიხსნათ. რაც არ უნდა იყოს, ძველი მეომრები ვართ, ორივე ავღანეთში ვიბრძოდით, მით უმეტეს, ამ წერტილში და, სხვებთან შედარებით უპირატესობა გვაქვს.
სევა საკმაოდ საზრიანი და ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა და ისეთი გეგმა შევადგინეთ, რომელსაც აუცილებლად წარმატება უნდა მოეტანა ჩვენთვის.
სამი დღის შემდეგ სევა სამიზნის სტატუსით გაამგზავრეს ავღანეთში, კიდევ ორი დღის მერე კი უკვე ცამეტი მონადირე გადაგვაფრინეს ავღანეთში კერძო თვითმფრინავით და ჩვენი ტრანსპორტირება ბობის ჰქონდა დავალებული. ადგილზე რომ მივედით, იქ ყოფილი სპეცრაზმელებისგან შემდგარი ოცეული დაგვხვდა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კლიენტების უსაფრთხოებაზე და მათვე ევალებოდათ გადარჩენილი სამიზნეების ლიკვიდაცია. სევა დანარჩენ სამიზნეებთან ერთად იდგა, მის გვერდით იმყოფებოდა სემ სანდერსიც, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ, ცოცხალი აღმოჩნდა. სევამ მანიშნა, რომ სემი იცნო და, მზად იყო, იმ გეგმით ემოქმედა, რაც ასეთი შემთხვევისთვის გვქონდა დასახული. ნადირობის დაწყებამდე ინსტრუქტორმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ნადირობის ხანგრძლივობა ექვსი საათი იყო და ამ დროის ამოწურვისა და საკონტროლო პუნქტამდე მიღწევის შემთხვევაში, სამიზნე ცოცხალი რჩებოდა და მას ასი ათასი დოლარით ისტუმრებდნენ სახლში.
– აბა, დაიწყეთ, დრო ჩაირთო! – დაიძახა ინსტრუქტორმა, მსხვერპლები მარშრუტებზე გაუშვა და დაამატა – მონადირეებს შეუძლიათ, ხუთ წუთში გაჰყვნენ კვალს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და სევამ სემ სანდერსი გავიტაცეთ, თორა-ბორას გამოქვაბულში დავმალეთ და მშვიდად ვადევნებდით თვალს, რა გამწარებით გვეძებდნენ შეიარაღებული ზედამხედველები. ჩვენი გაუჩინარება რომ შენიშნეს, ნადირობა შეწყვიტეს და თერთმეტი სამიზნე ვერტმფრენით სადღაც წაიყვანეს. მეორე ვერტმფრენით კი მონადირეები გაამგზავრეს და ძებნა გააძლიერეს.
– ამ ჭიას შეხედეთ, მისტერ მარტინ, – გადამიჩურჩულა სევამ და კლდეზე ამოცოცებული ბობი დამანახვა, რომელსაც ამერიკული წარმოების სადესანტო შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული მხარზე და ქვევით იყურებოდა.
– ვხედავ. ჩვენკენ მოდის. ახლოს მოვუშვათ და დავითრიოთ, – ვუთხარი სევას და ქვას ამოვეფარე.
– ათიოდე წუთის შემდეგ ბობი უკვე ცალი ხელით მყავდა ჰაერში აწეული და ვეკითხებოდი:
– სამიზნეები სად გაუშვით?
– წადი, შენი დედაც... – არ შემეპუა ჭიაყელა კაცუნა, მაგრამ მე ის საათის ქანქარასავით გავაქანე, კლდეზე თავი მოვარტყმევინე, სისხლი ვადინე და ვუთხარი:
– მეორე დარტყმა უფრო ძლიერი იქნება, მესამედ კი შუაში გაგხლეჩ და კლდიდან გადაგაგდებ. აბა, ყოჩაღად მიპასუხე!
– სამიზნეები ბაზაზე გადაიყვანეს, პაკისტანის საზღვართან, – სხაპასხუპით მიპასუხა სიკვდილის შიშით შეპყრობილმა ბობიმ.
– რა ბედი ეწევათ?
– მორიგ ნადირობამდე მათ ხელს არავინ ახლებს.
ბობი სწორად მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ჩემს ყველა კითხვას სხაპასხუპით, ზუსტად პასუხობდა. მას არც წინააღმდეგობის გაწევა უფიქრია და არც გაქცევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გადამირჩა და გადავაგდე, მისი შაშხანა კი სევას ერგო.
– მაგარი ბიჭები ჩანხართ, – მითხრა სემმა, – ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საგანგებოდ მოქმედებდით, მაგრამ, მე რა შუაში ვარ, რატომ გამიტაცეთ?
– იმიტომ, რომ შენს ქალიშვილს, პამელა სანდერსს უვნებლად ჩაგაბაროთ, მისტერ სემ, – მივუგე მე.
პამელას ხსენებაზე სემ სანდერსი ატირდა, რადგან ყველაფერს მიხვდა. ეს ისტორია კი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ სამმა ყოფილმა სპეცმეომარმა კბილებამდე შეიარაღებული ოცეული გავწყვიტეთ, მათი ერთი კუთვნილი ვერტმფრენი გავანადგურეთ, მეორე კი გავიტაცეთ და ავღანეთის გავლით ჯერ ინდოეთში ჩავედით, შემდეგ კი ლონდონში.
გოგონამ შეპირებული ნახევარი მილიონი დოლარი ჩემს ანგარიშზე გადარიცხა, სევას კი ორასი ათასი დოლარი ქეშად მისცა და მამამისთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა.
სევა ისეთი გაოგნებული იყო, რომ თავი ზღაპარში ეგონა და იმეორებდა:
– ღმერთო ჩემო, ზღაპარია ეს თუ სინამდვილე? მისტერ სევა, – ვუთხარი სევას, – აი, შეხედე, ეს ფული, ხელში რომ გიჭირავს ნამდვილია და, შეგიძლია, შენს სამშობლოში, შვილებთან და შვილიშვილებთან წელგამართული და თავაწეული დაბრუნდე.
– ნამდვილად, ნამდვილად, მაგრამ ამდენი ფულის ტარება ხელით არ მინდა.
– რა პრობლემაა, ანგარიშს გავხსნით, ფულს აქ შევიტანთ ბანკში, მოსკოვში კი თავისუფლად გამოიტანთ, – მივუგე სევას და ერთი საათის შემდეგ მის საბანკო ანგარიშზე უკვე ორასი ათასი დოლარი იდო.
– აი, სიურპრიზი! მართლაც რომ საოცრებაა – მითხრა სევამ ლონდონის აეროპორტში, მერე გადამეხვია, დამემშვიდობა და მოსკოვის თვითმფრინავში ჩაჯდა.
მოსკოვში სევას კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა: მის ანგარიშზე კიდევ ორასი ათასი დოლარი გადავრიცხე, რადგან ის ამას იმსახურებდა და ამით ჩემი ვალი მოვიხადე ჩემი სულიერი მეგობრის წინაშე, რომელიც გამყიდველი, მოღალატე პოლიტიკოსების გამო იყო გაღატაკებული და ქვეყნიდან გადახვეწილი.
თბილისში თითქმის თვენახევრიანი ვოიაჟის მერე დავბრუნდი და მერიკოს ოცი ათასი დოლარი მივეცი, რომელიც თითქოს და საბროკერო ოპერაციის შედეგად მხვდა წილად მოსკოვში. სწორედ პამელა სანდერსის მიერ გადახდილი ფულით ვიყიდე კონსპირაციული ბინა თბილისში, სადაც ჩემი ბაზა მოვაწყვე და იქ ვინახავდი ჩემს გარდერობს, იარაღებსა და ჩემი საქმიანობისთვის საჭირო ყველა რეკვიზიტს. ის კონსპირაციული ბინა საკუთარი ხელით მოვაწყვე, და დღემდე მემსახურება. მას ორი საიდუმლო შესასვლელ-გასასვლელი აქვს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, გასაჭირისგან მიხსნის. ასეთი გასაჭირი მხოლოდ ერთხელ მქონდა და ამ საჭიროებისთვისაც მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ეს ბინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში