რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: ჩემს ავტომობილზე შევცვალე დისკი და მუხრუჭები ძალიან მალე გამიცვდა. მაინტერესებს, არის თუ არა ეს ორი თემა ერთმანეთთან დაკავშირებული? იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, დისკი შევცვალო?
პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც. ასეთ დროს გვჭირდება გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც, ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომისაც უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. იოლად რომ აღიქვათ, რა განსხვავებას იღებს საბურავი ამ დროს, წარმოიდგინეთ თაგვი, რომელიც თავისი ზომის შუშის წრეში ტრიალებს. საითაც დაიწყებს ის ხტუნვას, იქით წავა წრეც და, თან, იოლად დატრიალდება; ახლა წარმოიდგინეთ, ამ თაგვს თავისზე მინიმუმ სამჯერ დიდი წრის ტრიალი რომ დაავალოთ, რომელიც დიდიც არის და მძიმეც. ანუ, თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, ახლა ის გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.
კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა ავტომობილის ამა თუ იმ მოდელს გარკვეული ლიმიტი, ან, არსებობს თუ არა, ვთქვათ, მართვის სიჩქარის ან მოხვევის ლიმიტი?
პასუხი: ავტომობილი მათემატიკასავით ზუსტი მეცნიერებაა, რომლის შესაძლებლობები და ლიმიტები პროფესიონალებმა კარგად იციან. მის ყოველ კონკრეტულ ქცევას, ყოველ კონკრეტულ დეტალს აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ჩვენი პროფესია ისაა, რომ ამ ლიმიტს ან გადავაბიჯოთ, ან ზღვარზე ვიაროთ. ხშირად, ავტომობილის მართვის დროს, ჰგონიათ, რომ საკმარისია, მოსახვევში მოვერიოთ საჭეს, მოვახერხოთ მისი დატრიალება და ავტომობილიც საჭეს გამოჰყვება, მოუხვევს, შეძლებს მოსახვევის გავლას. სიჩქარის ლიმიტი იმაზე მეტია, ვიდრე ამას თქვენი სპიდომეტრი გიჩვენებთ. რაც შეეხება მოხვევის ლიმიტს, ამასთან დაკავშირებით ბევრი შედის შეცდომაში და ფიქრობს: „ავტომობილი მძიმეა, კარგად ჩერდება; ავტომობილში ბევრნი ვისხედით და კარგად მოუხვევს! კარგად უხვევდა, მაგრამ, მაინც გავცურდი“... სინამდვილეში კი, რაც უფრო მსუბუქი იქნება ავტომობილი, მით უკეთ აჩქარდება და უკეთ მოუხვევს. შეჯიბრების დროს მუდმივად მიმდინარეობს ავტომობილის მაქსიმალური შემსუბუქება. მხოლოდ ძრავა და საჭე რომ არ დარჩეს, პროფესიულ შეჯიბრებებზე დაწესებულია წონის ქვედა ზღვარი, ანუ, წონა, რომელზე მსუბუქიც არ უნდა იყოს ავტომობილი (პილოტიანად). გამონახეთ რამდენიმე წუთი და მოსინჯეთ თქვენი ავტომობილი – გაიგეთ, რამდენი ხანი სჭირდება ცარიელ გზაზე მკვეთრად დასამუხრუჭებლად, რა სიჩქარეზე შეუძლია 90-გრადუსიანი მოსახვევის გავლა და სხვა. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ ექსტრემალურ ან ავარიულ სიტუაციაშიც კი გრძნობდეთ და ფლობდეთ თქვენს ავტომობილს საკუთარი სხეულივით და იმ სიტუაციიდან იოლად გამოხვიდეთ.
კითხვა: ვარ ახალბედა მძღოლი, ცოტა ხნის წინ შევიძინე ავტომობილი და ძალიან მიჭირს სხვა ავტომობილებთან როგორც წინა, ისე გვერდითა დისტანციის დაცვა. თეორიულად თითქოს ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ, პრაქტიკაში ვერ ვსაზღვრავ. შუქნიშანთან, იმის გამო, რომ ზოგჯერ სხვა მანქანასთან ახლოს არ მივდივარ, უკნიდან მისიგნალებენ. ხომ არ არსებობს რაიმე ვარჯიში, რომ მანძილების დაცვა ინსტინქტში გადავიდეს?
პასუხი: ამ მიმართულებით ნაკლებად არის გამოსაყენებელი კონკრეტული მანძილები. მთავარია, რა სიჩქარისას ვგრძნობთ თავს თავისუფლად. ვთქვათ, მივდივართ X სიჩქარით. იდეალურია დისტანცია, როდესაც წინ მიმავალ ავტომობილზე არ ვართ ფოკუსირებული და არ ვართ დამოკიდებული მის მანევრზე. დისტანცია უნდა იყოს ისეთი, რომ ვაანალიზებდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენ წინ მიმავალი ავტომობილის კიდევ უფრო წინ ხდება; უნდა შეგვეძლოს გვერდითა სიტუაციების აღქმაც, დამუხრუჭებაც, მოსახვევში საჭირო სიჩქარით შესვლა და სხვა. თუ ჩვენ ვერ ვგრძნობთ თავს თავისუფლად ანუ, ძალიან მჭიდროდ მივყვებით წინ მიმავალ მანქანას და მის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მანევრზე მყისიერი მანევრიც უკვე დაგვიანებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ დაუშვებლად მცირე მანძილით იყავით დაშორებული წინა ავტომობილისგან. თუ ერთხელ მაინც დაეჯახეთ, დამიჯერეთ, არასოდეს აღარ დაგავიწყდებათ ეს დისტანცია. როდესაც ქუჩაში მანქანას უკან გაჰყვებით, წარმოიდგინეთ თქვენი რეაქცია, მან რომ მკვეთრად დაამუხრუჭოს, რამდენად საკმარისი იქნება სრული გაჩერებისთვის თქვენი ავტომობილის შენელების უნარი ისე, რომ შეჯახება თავიდან ავიცილოთ და არც უკნიდან მოგასკდეთ ვინმე. რაც შეეხება შუქნიშანს, მასთან უნდა გაჩერდეთ ისე, რომ, თუ წინა მანქანა ჩაქრა ან დროულად ვერ დაიძრა, გვერდის ავლა მოახერხოთ, მისი ლოდინი არ მოგიწიოთ, ან, უკუსვლით ოდნავ გასვლა და მერე გვერდის ავლა შეძლოთ.
კითხვა: ვიყიდე „ინჩის” ფირმის აკუმულატორი, რადგან ის ყველაზე მძიმე იყო და, როგორც ვიცი, მძიმე აკუმულატორს მეტი რესურსი აქვს. სწორი არჩევანი გავაკეთე?
პასუხი: საკმაოდ კარგი აკუმულატორი შეგირჩევიათ, მაგრამ, გააჩნია, ქარხნული ნაწარმია ის თუ პატენტი. თუ ისეთ მაღაზიაში იყიდეთ, სადაც პროდუქტს თვითონ შემომტანი აწვდის, მაშინ, კარგია. რაც შეეხება სიმძიმეს, ეს წარმოდგენა სწორია. შეიძლება ერთი და იგივე ამპერაჟი ეწეროს აკუმულატორებს, მაგრამ, მეტი მარაგი და ენერგია ექნება და აჯობებს ის, რომელიც უფრო მძიმეა.
კითხვა: ჩემს ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც საშინლად დიდი ორმოები გააჩინა. ათხრილ ასფალტზე გადავლისას მიწას რამდენჯერმე მოვედე ავტომობილის „იატაკით”. ძალიან მეშინია, „კარტერი” არ იყოს დაზიანებული. შეიძლება, ის ისე დაზიანდეს, რომ ვერ გავიგო?
პასუხი: კარტერის დაზიანება არ არის კატასტროფა. თუ ის გატყდა, როდესაც ავტომობილი ზეთს დაღვრის და ძრავა საფრთხის წინაშე დადგება, ხელსაწყოების დაფაზე აინთება წითელი ნათურა, რაზეც ეხატება ფიგურა სარწყავის ფორმით, რაც ნიშნავს, რომ ძრავა უნდა ჩააქროთ, რადგან, მისი ამუშავება ამ მდგომარეობაში აღარ შეიძლება. ამ შემთხვევაში სხვა არაფერი დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი ბუქსირების გზით ან ევაკუატორით გადაიყვანოთ ხელოსანთან. მაგრამ, არსებობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მარტივი ხერხი: ყოველთვის უნდა შეეცადოთ, გზის ამოზნექილი ზედაპირი არ მოხვდეს ჩვენი ავტომობილის ფსკერის შუაში. უმჯობესია, თუ ამის საშუალება არსებობს, ავტომობილის რომელიმე ერთი მხარე გაიმეტოთ. საბურავები და დისკები გაცილებით ადვილი შესაკეთებელია, ვიდრე „კარტერი”. იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც ორმოს ორივე საბურავი ემიზნება, ანუ, როცა ავტომობილი ორმოში მთლიანად ვარდება, რაც მის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. უმჯობესია, ერთ-ერთი მხარე „გაწიროთ“ და მეორე გადაარჩინოთ.