კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა არის მიცელარული წყალი?
პასუხი: ეს არის მაკიაჟის მოსახსნელი ხსნარი, რომლის სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან – MICA (ნამცეცი). ამ ხსნარის შემადგენელი „სარეცხი“ ნივთიერებები იმდენად მცირე ზომისაა, რომ ადვილად აღწევს ფორების სიღრმეში და უზრუნველყოფს მათ ღრმად გაწმენდას.
კითხვა: ერთ თვეში ქორწილი მაქვს. შევიკერე შამპანურისფერი საქორწილო კაბა. ბევრნაირი მაკიაჟი მოვსინჯე (ვიზაჟისტის დახმარებითაც), მაგრამ, არც ერთი ვარიანტი არ მომწონს. თქვენ როგორ მაკიაჟს მირჩევთ?
პასუხი: მთელ სახეზე წაისვით ისეთი ტონალური კრემი, რომლის ფერიც კარგად შეერწყმება თქვენი ყელისა და დეკოლტეს ფერს. ზედა ქუთუთოებზე გადაისვით ბაცი ბეჟი „ჩრდილი“ (თვალის გარე კუთხისკენ – ცოტა მეტი რაოდენობით), ქუთუთოების ნაკეცის გაყოლებით კი – ოდნავ უფრო მუქი, მოყავისფრო-ბეჟი „ჩრდილი“. წამწამების ძირების გასწვრივ წაისვით ყავისფერი ფანქარი ან „ლაინერი“ და წამწამებიც ყავისფერი ტუშით დაიტუშეთ. ღაწვებზე გადაისვით მოვარდისფრო-კაკაოსფერი რუჟი, ტუჩებზე კი წაისვით ცივი ტონალობის მოვარდისფრო-კრემისფერი პომადა.
კითხვა: მაინტერესებს, რა სასარგებლო თვისებები აქვს დარიჩინის ექსტრაქტის შემცველ შამპუნს?
პასუხი: დარიჩინის ექსტრაქტიან შამპუნს თავიდან აქვს სისხლძარღვების მატონიზებელი უნარი, შემდეგ კი სასიამოვნოდ ადუნებს მათ, კვებავს თმის ძირებს და, ამ ყველაფრის შედეგად, აჩქარებს თმის ზრდას. გარდა ამისა, აჩერებს თმის ცვენას.
კითხვა: როგორ მოვუარო სახის კანს მზის აბაზანების მიღების შემდეგ?
პასუხი: არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ საპნით, სკრაბით და სპირტის ან ხილის მჟავების შემცველი კოსმეტიკით, რადგან, ეს ყველაფერი აშრობს კანს და იწვევს გაღიზიანებას. ასეთ დროს საუკეთესოა ალოეს ექსტრაქტზე დამზადებული კოსმეტიკა, ხალხური საშუალებებიდან კი კარგი შედეგი აქვს კვერცხის ცილასთან ერთად ათქვეფილ გახეხილი უმი კარტოფილის ნიღაბს.
კითხვა: ზაფხული ზღვაზე გავატარე და, რაც ჩამოვედი, აშკარად ვგრძნობ, რომ სხეულზე კანი გამომიშრა. როგორი აბაზანის მიღებას მირჩევთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი: ტანი დაიბანეთ გლიცერინიანი საპნით, შემდეგ გახსენით ზღვის მარილი საშუალოდ ცხელ წყალში და მიიღეთ აბაზანა; გადაივლეთ ჯერ თბილი წყალი, მერე – პიტნისა და გვირილის ნახარში, ბოლოს კი, შემშრალებისთანავე, წაისვით სპეციალური დამატენიანებელი კრემი მშრალი კანისთვის. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.