რომელ მწერს უწოდეს დევიდ ბოუის სახელი და რის გამო დააპატიმრეს ის იგგი პოპთან ერთად
„როკ-მუსიკის ქამელეონი” – ასეთი ეპითეტით მოიხსენიებენ დევიდ ბოუის, ადამიანს, რომელიც თითქმის 50 წელია, თავისი ქარიზმატული იმიჯით, მუსიკალური შემოქმედებითა და ყველასგან განსხვავებული სტილით მსოფლიო მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური როკ-მუსიკოსის სახეს ქმნის. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მუსიკოსისთვის 2012 წელი საიუბილეოა, ბოუის 65 წელი შეუსრულდა და ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მისი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.
* თავისი ვარსკვლავი „დიდების ხეივანში” დევიდ ბოუიმ 1997 წლის 12 თებერვალს მიიღო.
* ბოუის ორივე თვალი ცისფერი აქვს. თუმცა, მარჯვენა თვალი სკოლაში ჩხუბის დროს დაუზიანდა და თვალის გუგა სულ გაფართოებული აქვს. ამის გამო ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები აქვს.
* ყოფილი მეუღლისგან, ენჯელა ბოუისგან დევიდ ჰყავს ვაჟი – 1971 წელს დაბადებული ზოუი ბოუი. მოგვიანებით, ზოუი ბოუიმ შეიცვალა სახელი და ჯო დაირქვა. ახლა კი მას დუნკან ჯონსის სახელით იცნობენ.
* დევიდ ბოუის ნამდვილი სახელი და გვარი დევიდ რობერტ ჯონსია. ფსევდონიმი ბოუი მან იმიტომ მოიფიქრა, რომ ჯგუფ „ზი მონქისის” სოლისტში, დეივი ჯონსში არ შეშლოდათ.
* სუპერმოდელ იმანისგან, დევიდ ბოუის ქალიშვილი, ალექსანდრა ზარა ჯონსი ჰყავს, რომელიც 2000 წელს დაიბადა. ცნობისთვის, იმანზე ბოუი 1992 წელს დაქორწინდა და დღემდე ბედნიერად ცხოვრობს მასთან.
* ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში დევიდ ბოუიმ აღიარა, რომ თავისი პირველი მეუღლე მაშინ გაიცნო, როცა ისინი ერთსა და იმავე მამაკაცს ხვდებოდნენ.
* 70-იან წლებში დევიდ ბოუი აცხადებდა, რომ ბისექსუალია და ქალები და მამაკაცები მას ერთნაირად იზიდავენ. მოგვიანებით, თავისი ბისექსუალობა ბოუიმ უარყო და განმარტა, რომ ბისექსუალის იმიჯი მას შემოქმედებისთვის სჭირდებოდა. არსებობს ვერსია, რომ 70-იან წლებში ბოუის სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მიკ ჯაგერთან.
* არაოფიციალური ვერსიით, 2000 წელს დევიდ ბოუიმ უარი განაცხადა ბრიტანეთის სამეფო იმპერიის კომანდორის ორდენის მიღებაზე.
* დევიდ ბოუი თითქმის ყველა გავრცელებულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მათ შორის პროფესიონალურად საქსოფონსა და ელექტროგიტარაზე.
* 1991 წელს დევიდ ბოუიმ უარი განაცხადა კაპიტან კაუჭის როლის შესრულებაზე სტივენ სპილბერგის ფილმში პიტერ პენზე. მოგვიანებით, ეს როლი დასტინ ჰოფმანს შეხვდა.
* დევიდ ბოუი პირველი შემსრულებელია, რომლის სიმღერის პრეზენტაციაც ინტერნეტში შედგა.
* 2004 წელს დევიდ ბოუიმ თავი დაანება სიგარეტის მოწევას, მანამდე კი დღეში 50 ღერს ეწეოდა.
* დევიდ ბოუის ავიაფობია აქვს, მას თვითმფრინავებით მგზავრობის ეშინია.
* 1969 წელს, მაშინ ჯერ კიდევ დამწყებმა ოსკაროსანმა რეჟისორმა, რიდლი სკოტმა დევიდ ბოუი ნაყინის რეკლამაში გადაიღო.
* 2004 წელს საკონცერტო ტურნეს პერიოდში, დევიდ ბოუის სასწრაფო ანგიოპლასტიკა გაუკეთდა (კორონარული შუნტირება).
* დევიდ ბოუის თქმით, 5 წლის ასაკში მას „საშინელება” შეემთხვა ჩაის სმის დროს და მას შემდეგ ცხელი ჩაი აღარ დაულევია.
* ცნობილი ჰიტი „ანდერ ფრეშა” – ბოუის და „ქვინის” საერთო ნამუშევარი, დევიდის და ფრედი მერკურის მიერ დაიწერა ბოუის სტუდიაში – შვეიცარიაში, ქალაქ მონტრეში.
* ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პერიოდში, კოკაინისგან გაბრუებული დევიდ ბოუი საკუთარ შარდს მაცივარში ინახავდა და დარწმუნებული იყო, რომ გრძნეულები მისი შარდის მოპარვას აპირებდნენ. 1974 წელს „დაიმონდ ტურნეს” პერიოდში ბოუი იმდენად იყო დამოკიდებული ნარკოტიკებზე, რომ საერთოდ არ იკვებებოდა და 47 კილოგრამს იწონიდა.
* 2004 წელს ოსლოში კონცერტის დროს, დევიდ ბოუის ერთ-ერთმა მსმენელმა საწუწნი კანფეტი ესროლა, რომელიც მუსიკოსს თვალში მოხვდა და მიეკრო. ბოუიმ სიმღერა არ შეწყვიტა და მხოლოდ პაუზის დროს მოიშორა კანფეტი.
* დევიდ ბოუის სიმაღლე 178 სანტიმეტრია.
* თავის საყვარელ მუსიკალურ ჯგუფად დევიდ ბოუი „პლეისიბოს” ასახელებს. ის ასევე „ოაზისის” შემოქმედების მოყვარულია.
* დევიდ ბოუი დაკავებული იყო იგგი პოპთან ერთად მარიხუანის მოხმარების გამო, თუმცა დაპატიმრებას გადაურჩა.
* მუსიკის გარდა, დევიდ ბოუი კინომსახიობიცაა, მის ფილმოგრაფიაში რამდენიმე წარმატებული როლია, მათ შორის უცხოპლანეტელი – „ადამიანი, რომელიც დაეცა დედამიწაზე”, ვამპირი – „შიმშილში” და გობლინი ჯარეტი – „ლაბირინთში”.
* 1976 წელს მოსკოვში ჩასულ დევიდ ბოუის აეროპორტში საბჭოელმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში აკრძალული ნაცისტური ლიტერატურა აღმოუჩინეს და ჩამოართვეს.
* 1973 წელს დევიდ ბოუიმ საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. იაპონიიდან ის ნახოდკაში ჩავიდა და ტრანს-ციმბირის მაგისტრალით გაემგზავრა ევროპაში. ბოუის 18 დღე დასჭირდა, რომ მატარებლით, მოსკოვამდე ჩასულიყო, სადაც სამი დღე დარჩა. ამ ხნის განმავლობაში წითელ მოედანზე მიმდინარე საპირველმაისო აღლუმს დაესწრო და უნივერმაღ „გუმში” შეიარა. მატარებლით მგზავრობისას ბოუის თავისი კუპე არ დაუტოვებია. მხოლოდ ერთხელ ჩავიდა მატარებლიდან, სვერდლოვსკის სადგურზე, სადაც მას „კაგებეს” თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
* 1985 წელს დევიდ ბოუის „ბონდიანას” ახალ სერიაში „ლიცენზია მკვლელობაზე” უარყოფითი პერსონაჟის როლის შესრულება შესთავაზეს, რაზეც ბოუიმ უარი განაცხადა. მოგვიანებით, ის როლი კრისტოფერ უოკენმა ითამაშა.
* მარტინ სკორსეზეს სკანდალურ ფილმში „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება,” დევიდ ბოუიმ პილატეს როლი შეასრულა. იმავე წელს მას ჯოკერის როლის შესრულება შესთავაზეს ფილმში „ბეტმენი”, თუმცა ბოუიმ უარი განაცხადა და როლი საბოლოოდ, ჯეკ ნიკოლსონს შეხვდა.
* 1992 წლის აპრილში დევიდ ბოუიმ სუპერმოდელ იმანზე იქორწინა. საქორწილო ცერემონია ფლორენციაში გაიმართა, წმინდა ჯეიმსის ტაძარში. ქორწილი მდიდრული იყო და სპეციალურად ცერემონიალისთვის დევიდ ბოუიმ რამდენიმე ახალი კომპოზიცია დაწერა.
* დევიდ ბოუი, სავარაუდოდ, პირველი როკ-ვარსკვლავია, რომელმაც სცენაზე „მთვარის სიარული” გააკეთა, რომელიც მოგვიანებით, მაიკლ ჯეკსონის სავიზიტო ბარათად იქცა.
* კარიერის დასაწყისში ბოუი გატაცებული იყო ოკულტიზმით და ნიცშეს შემოქმედებით. მისი თქმით, ადოლფ ჰიტლერი პირველი როკ-ვარსკვლავი იყო და მას შეეძლო, სარგებელი მოეტანა ბრიტანელებისთვის. მოგვიანებით, დევიდ ბოუიმ გააკეთა განცხადება, რომ ცდებოდა, როცა ადოლფ ჰიტლერზე კარგს ამბობდა.
* 2009 წელს გერმანელმა მეცნიერმა პეტერ იეგერმა მალაიზიის ჯუნგლებში ობობის ახალი ჯიში აღმოაჩინა და მას „ჰეტეროპოდა დევიდბოუი” უწოდა.
* მრავალი გამოკითხვის თანახმად, დევიდ ბოუი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-მუსიკოსად მიიჩნევა. კომპანია „ზიპოს” ვერსიით, ის მეოთხე ადგილზეა „როლინგ სთოუნზის”, „ქვინის” და „ბითლზის” შემდეგ.
* გლემ-როკით გატაცების პერიოდში დევიდ ბოუი საკუთარ თავს „ზიგი სტარდასტს” უწოდებდა და მოითხოვდა, სწორედ ამ სახელით მიემართათ მისთვის.
* ბოლო ალბომი ლეგენდარულმა მუსიკოსმა 2003 წელს გამოუშვა და მას შემდეგ მსმენელი დევიდ ბოუის დაბრუნებას ელის.