რატომ არ „უყვარს“ ფულს ხელმომჭირნეები და როდის ეკეტება ადამიანს ფინანსური კეთილდღეობის კოდი
ეზოთერიკოსები გვირჩევენ, თუ გზაში უმწეო ადამიანი გაჩერებთ და ფულს გთხოვთ, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ – ასე, უფრო მეტი ფული შემოგივათ, თანაც, არ არის გამორიცხული, რომ ის გამოცდისთვის გამოგიგზავნათ განგებამ – იმსახურებთ თუ არა ზედმეტ ფინანსურ შემოსავალს. როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ლია ამბობს, ჩვენ თავად ვქმნით ცხოვრებაში ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების კოდს. ასევე, არსებობს წესები, რომლებიც ახალდაქორწინებულებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, თუ მათ ბედნიერი თანაცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე სურთ.
ლია: ძუნწი და გაუმეტებელი ადამიანი საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის არხს თავადვე კეტავს. ფული კოსმიური ენერგიის მატერიალური გამოხატულებაა, რომელსაც არ უყვარს ძუნწი, წუწუნა და ზედმეტად ხელმომჭირნე ადამიანები. ზოგადად კი, ყოველდღიურად უამრავი მისტიკური მოვლენის მოწმე ვხდებით. თუმცა, ამას, ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ვამჩნევთ. არადა, ჩვენ გარშემო ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტები ხდება, მათი უგულებელყოფა, უბრალოდ, არ შეიძლება.
– მართალია, რომ, თუ უმწეო ადამიანს გავუწევთ დახმარებას, გაცილებით მეტი შემოსავალი შემოგვივა?
– რასაკვირველია, თანაც, ეს საკუთარი ფინანსური კოდის გახსნის ერთგვარი მეთოდია. რაც მეტს გასცემს ადამიანი, მით მეტი შემოსავალი ექნება. პირადად მე, საკუთარ თავზე ვარ დაკვირვებული. მაგალითად, თუ ქუჩაში მივდივარ, ვინმე გაჭირვებული მაჩერებს, ფულს მთხოვს და დავეხმარები, არ არსებობს, მეორე დღესვე არ მივიღო გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე გავეცი. იმ მაწანწალა ციგნის ბავშვებს არ ვგულისხმობ, ქუჩაში რომ გვეკიდებიან და კალთებს გვახევენ. მოხუც, მიუსაფარ და ხეიბარ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც არ შეუძლია თავად ფულის სხვა ხერხით შოვნა და, ფულს რომ აძლევ, გლოცავს და ისეთ მზერას გაყოლებს, თითქოს იმ ხურდის სანაცვლოდ, რომელიც მისთვის გაიმეტე, მთელი დარჩენილი ცხოვრება შენი მადლიერი იქნება. სხვათა შორის, ბარაქა პირდაპირ კავშირშია იმასთან, სწორად გაქვთ თუ არა არჩეული პროფესია. სწორი არჩევნის შემთხვევაში, შემოსავალი მეტია და, შესაბამისად, ბარაქაც იმატებს. მაგრამ, თუ არასწორად აირჩიეთ პროფესია, რთულია ფულის მოზიდვა და რაიმე ფინანსური კეთილდღეობის დაბევება. ვერც კარიერაში მიაღწევთ წარმატებას და არ არის გამორიცხული, უმუშევრობაც ამის ბრალი იყოს.
– შესაძლებელია, ბარაქისა და შემოსავლების კოდის გაძლიერება?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბარაქის კოდის გაძლიერებაც და კოსმიურ არხთან მისი ისე დაბალანსება, რომ კონკრეტული ადამიანის კარიერულ წინსვლას შეუწყოს ხელი. ეს შეიძლება, შესაბამისმა სპეციალისტმა გამოიწვიოს. მაგრამ, თუ მან არ იცის, რა კოსმიური ენერგეტიკული პოტენციალი დევს ამა თუ იმ ადამიანის ბარაქის კოდში, დახმარებას ნამდვილად ვერ შეძლებს. ამის სპეციალისტები საქართველოში, სამწუხაროდ, არ არიან, ევროპაში კი ძალიან ბევრია. სხვათა შორის, გეტყვით იმასაც, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება გარკვეული პერიოდი, როცა შემოსავლების კოდი დროებით იკეტება. ეს კარმული ჩავარდნის დროა და მას უნდა გაუძლოთ, თუ გინდათ, რომ მომავალში მეტად გაგიმართლოთ. ერთ ხერხს გასწავლით, რომელიც ფულის გამრავლება-მოზიდვაში დაგეხმარებათ: ყოველ ახალმთვარეობისას, ღამის 12 საათზე, გამოიტანეთ მსხვილი კუპიურები, დაანახვეთ ის მთვარეს. შემდეგ სარკესთან მიდით და ისე დაიჭირეთ ფული, სარკეში მას ხედავდეთ. მერე საფულეში ჩადეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ. ეს უტყუარი ხერხია, რომ მომავალ ახალმთვარეობამდე ფული არ შემოგაკლდეთ და ის თქვენს საფულეში მუდამ იდოს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი და თქვენი ჟურნალის მკითხველებსაც ამასვე ვურჩევ. ასე რომ, ადამიანები თავად ვქმნით ჩვენივე წარმატების კოდს და ამისთვის ასეთი პატარა ეშმაკობების ჩადენა, დამეთანხმებით, ნამდვილად ღირს.
– ქალბატონო ლია, პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ ახალდაქორწინებულთათვის არსებობს სპეციალური ეზოთერიკული რეკომენდაციები, რაც მათი ბედნიერი თანაცხოვრების და, ასევე, ფინანსური კეთილდღეობის გარანტიაო. რას გულისხმობდით?
– ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება სასურველ და საყვარელ ადამიანთან თავადვე უნდა დაგეგმოთ და ამისთვის იბრძოლოთ, თუნდაც ელემენტარული ეზოთერიკული, პატარ-პატარა ხრიკებით. კარგია გრძნობების აყოლა, როცა გიყვარს და უყვარხარ, მაგრამ, თუ ცოტა გონებაც არ ჩართეთ და წინაპართა გამოცდილებაც არ გაითვალისწინეთ, შესაძლოა, ცოტა ხანში მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ. ახალდაქორწინებულებმა, სახლში, სადაც ცხოვრებას აპირებენ, აუცილებლად უნდა შეიტანონ ახალი სარკე. სახლის ზღურბლს გადააბიჯებენ თუ არა, მასში ორივემ ერთდროულად უნდა ჩაიხედოს და შემდეგ ის საძინებელ ოთახში დაკიდონ, რომ შურიანმა და ავის მდომელმა სტუმარმა მასში ვერ ჩაიხედოს. ასევე, ახალდაქორწინებულებმა, ქორწილის პირველ დღეს აუცილებლად უნდა ჭამონ თევზი. ძველად მიაჩნდათ, რომ, თუ შეყვარებული წყვილი ასე მოიქცეოდა ქორწინების პირველი ღამის წინ, ისინი თევზივით მოქნილები და სხარტები იქნებოდნენ; ვერც ბოროტი ადამიანი დააკლებდა მათ სიყვარულს რამეს და ვერც ავი ენა. ამას წინათ ქორწილში ვიყავი. ტორტი გაჭრეს და პირველი ნაჭერი ნეფე-დედოფალს არ მიართვეს – პირველებმა მეჯვარეებმა დააგემოვნეს. კი გამიკვირდა, ეს რა წესია-მეთქი, მაგრამ, გავჩუმდი, რა უნდა მეთქვა? რომ წამოვედით, ჩემს დაქალს ვუთხარი: აი, ნახავ, ეს წყვილი დიდხანს ვერ გაძლებს ერთად, სკანდალურად დაშორდებიან ერთმანეთს-მეთქი. გადაირია, რაებს როშავ, დღეს ქორწილი ჰქონდათ და რატომ უნდა დაშორდნენ, ვერ ხედავდი, ერთმანეთს როგორი სიყვარულით შესციცინებდნენო? ჩავიღიმე და არაფერი ვუპასუხე. არ გასულა რამდენიმე თვე და ახალდაქორწინებულები მართლაც სკანდალურად დაშორდნენ. თურმე, ნეფეს სხვა ჰყვარებია, ამ გოგოსთან კი იმიტომ იქორწინა, რომ მის მშობლებს მოსწონდათ. მოდი, ახლა და თქვი, რა შუაშია ტორტი და ძველი წესებიო.
– იქნებ, ეს უბრალო დამთხვევაა? დავიჯერო, საქორწინო ტორტის პირველი ნაჭერი ნეფე-დედოფალს რომ ეჭამა, აღარ დაშორდებოდნენ ერთმანეთს?
– მოდი, ასე გიპასუხებთ: რატომ არის მიჩნეული, რომ საქორწინო ტორტის პირველი ნაჭერი ნეფე-დედოფალმა თავისი ხელით უნდა აჭამოს ერთმანეთს? ამით ისინი სიტკბოს, სიხარულს, ვნებას, ლტოლვას და სიყვარულს იორმაგებენ და გადასცემენ ერთმანეთს. მართალია, გაგეღიმათ, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ნამდვილად ასეა. ის ტორტი ხომ მათთვის ცხვებოდა და ირთვებოდა? ჰოდა, ის ენერგეტიკა ჩაიდო მასში, რაც ნეფე-დედოფლისთვის, პირველი ეგრეთ წოდებული შეჩვევის დღეებშია საჭირო. ამიტომ ის აუცილებლად მათ უნდა დააგემოვნონ პირველებმა და, თანაც, თავადვე მოჭრან კუთვნილი პირველი ნაჭერი. ასე რომ, გასათხოვარ და დასაოჯახებელ გოგო-ბიჭებს ვურჩევ, მასთან გადაწყვიტონ შეუღლება, ვინც უყვართ და პირველი საქორწინო ტორტის ნაჭერიც საკუთარი ხელით მოჭრან და ერთად დააგემოვნონ, თუკი მყარი ოჯახის შექმნა სურთ. აქვე გეტყვით, რომ, კარგია, თუ ახალდაქორწინებული წყვილი გიშრის ქვას ატარებს. ეს ქვა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მინერალია. მას ძალიან ბევრი საინტერესო და მისტიკური თვისებაც აქვს. მისი ტარებით წყვილი საკუთარ ბედნიერებას იცავს გარეშე არასასურველი თვალისა და ენებისგან. უძველესი დროიდან, გიშრის ქვა ადამიანის კარმულ ველთან იყო დაკავშირებული და დღესაც ამიტომ ატარებენ მას, როგორც თილისმას. ასევე, მას ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. ასე რომ, მისი ტარება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილი ადამიანებისთვის ძალიან სასარგებლოა.