რა აკავშირებს მარკო ვან ბასტენთან და ტიერი ანრისთან ბრაზილიელ ჰალკს და რამდენ მილიონად იყიდა ის სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა”
ევროპის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ყველასთვის მოულოდნელი გარიგება განხორციელდა – „პორტუს” ბრაზილიელი ვარსკვლავი ჰალკი, რომელსაც სხვადასხვა დროს ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის წამყვან კლუბებში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, რუსეთის პრემიერლიგის ფლაგმან გუნდში, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში” გადავიდა. „გაზპრომის” ფინანსებით ცნობილმა „ზენიტმა” ბრაზილიელ თავდამსხმელში, არაოფიციალური ცნობით, 60 მილიონი ევრო, ხოლო ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ტრანსფერი უკვე დასახელდა, როგორც ყველაზე ძვირად ღირებული რუსული ფეხბურთის ისტორიაში. ურიგო არ იქნება, გავეცნოთ ჰალკის ცხოვრების საინტერესო დეტალებს, მით უმეტეს, რომ ბრაზილიის ნაკრებს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
* ჰალკის ნამდვილი სახელია ჟივანილდო ვიეირა დე სოუზა, ხოლო მეტსახელი მას ამერიკული ტელესერიალების მოყვარულმა მამამ შეარქვა – ბრაზილიური ტელესერიალების ნაცვლად, ჯოვანი დე სოუზა ამერიკულ ტელესერიალს, „ჰალკს” უყურებდა, სადაც მწვანე სუპერგმირის როლს, ბოდიბილდერი – ლუი ფერენიო ასრულებდა. ჟივანილდო კი ფიზიკური მონაცემებით სკოლაში ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. თავს არავის აჩაგვრინებდა და თანატოლებს ხშირად სხვა უბნელებთან საჩხუბრადაც კი დაჰყვებოდა. მაშინ, ჯოვანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შვილისთვის დარქმეული თიკუნი მსოფლიო ბრენდი გახდებოდა. ცნობისთვის, ჰალკის საფეხბურთო სკოლას მშობლიურ კამპინა-გრანდეში „H12” ეწოდება (თიკუნის პირველი ასო და საყვარელი ნომერი).
* ჟივანილდო, იგივე ჰალკი, ჯოვანისა და მარიას შვიდი შვილიდან, ერთადერთი ვაჟი იყო და მამის მარჯვენა ხელი გახლდათ სამსახურში. ჯოვანი ხორცით ვაჭრობდა კამპინა-გრანდეს ბაზარში და ჰალკი მამის კლიენტებს ხორცის სახლამდე მიტანაში ეხმარებოდა. თავისუფალ დროს ჰალკს ფეხბურთის თამაში უყვარდა. თუმცა, არა საფეხბურთო მოედანზე ან პლაჟზე, როგორც ძირითადად იწყებენ საფეხბურთო კარიერას ბრაზილიელი ვარსკვლავები, არამედ სპორტული დარბაზის მცირე ზომის მოედანზე. თავად ჰალკს ორი ვაჟიშვილი ჰყავს – იანი და ტიაგო. მათი დედა – ირანი, ფეხბურთელმა იაპონიაში თამაშის დროს გაიცნო.
* პროფესიული კარიერა ფეხბურთში ჰალკმა სალვადორის „ვიტორიაში” დაიწყო. ამ კლუბის ღირსებას თავის დროზე იცავდნენ – 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბებეტო და 2002 წლის ჩემპიონი დიდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად მწვრთნელებმა ჰალკში საფეხბურთო ნიჭი ვერ დაინახეს და იშვიათად ათამაშებდნენ, ისიც მარცხენა მცველად ან საყრდენ ნახევარმცველად. გაბარიტების გამო, მას უბრალოდ, არ უშვებდნენ შეტევაზე.
* ჰალკის იაპონიაში გადაბარგების ისტორია გასაიდუმლოებულია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერში რამდენიმე აგენტის ხელი ერია. თავდაპირველად, ჰალკი „კავასაკიში” მოხვდა, სადაც შედეგიანობით თავი ვერ გამოიჩინა და რამდენიმე სეზონი იაპონიის მეორე ლიგის გუნდებში გაატარა. სწორედ მეორე ლიგის კლუბ „საპოროში” ჰალკმა ერთ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „ტოკიო ვერდიში” – 37 გოლის და იაპონელები თავის საგოლე ალღოზე აალაპარაკა.
* 2008 წელს პორტუგალიურმა „პორტუმ” 5,5 მილიონი ევრო გადაიხადა და ჰალკის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტი გამოისყიდა, დარჩენილი 50 პროცენტი კი ურუგვაულ კლუბ „რენტისტას” და მავან სააგენტოს ეკუთვნოდა. 2011 წელს „პორტუმ” 13,5 მილიონი ევრო გადაუხადა ურუგვაულ კლუბს და ჰალკის უფლებების 40 პროცენტი გამოისყიდა. კონტრაქტი ფეხბურთელთან 2016 წლამდე გაფორმდა. თუმცა, მისი სატრანსფერო უფლებების 10 პროცენტი კვლავ სააგენტოს ხელში იყო. სწორედ ამიტომ, არ არის დანამდვილებით ცნობილი ჰალკის რეალური სატრანსფერო ფასი, რადგან „ზენიტს” თანხის გადახდა არა მარტო „პორტუსთვის,” არამედ რომელიღაც ბრაზილიელი აგენტებისთვისაც მოუხდა.
* არსებობს ლეგენდა, რომ „პორტუს” მშობლიურ სტადიონ „დრაგაუზე” ჰალკი პირველად 16 წლის ასაკში მოხვდა და იმდენად მოიხიბლა ატმოსფეროთი, პირობა დადო, იქ დაბრუნდებოდა როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი.
* ჰალკის საყვარელი სათამაშო ნომერია 12 და ის მუდამ ცდილობს, ამ ნომრიანი მაისურით ითამაშოს. ფეხბურთში ამ ნომრით, ძირითადად, მეკარეები თამაშობენ და იშვიათი გამონაკლისია, ფორვარდმა 12-ნომრიანი მაისური მოირგოს. თუმცა, 12-ნომრიანი მაისურით თამაშობდნენ განთქმული ფორვარდები – მარკო ვან ბასტენი და ტიერი ანრი. „ზენიტში” 12 ნომერი კლუბის ქომაგებს ეკუთვნის და ამ მაისურით არავინ ასპარეზობს. ამის გამო, ჰალკს 29-ნომრიანი მაისური გადასცეს. ამ მაისურით წინა სეზონში ანდრეი არშავინი ასპარეზობდა.
* „პორტუში” ჩარიცხული ჰალკი, თავდაპირველად, მაროკოელო ფორვარდის, ტარიკ სეკტიუის შემცვლელად მოიაზრებოდა. თუმცა, ამ უკანასკნელის ტრავმამ ბრაზილიელს გზა გაუხსნა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და მეორე მატჩში „ბელენენსეშის” წინააღმდეგ, ჰალკმა თავისი გოლების ანგარიში გახსნა. მას შემდეგ ის „პორტუს” ძირითად ფორვარდად და მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა.
* 2010 წელს ჰალკის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ერთ-ერთი დისშვილი აუზში ცურვის დროს დაიხრჩო. ჰალკმა ნამდვილი დეპრესია გადაიტანა – ტრაგედია იმ სახლის აუზში დატრიალდა, რომელიც მან დას უყიდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰალკი თავის გატანილ გოლებს გარდაცვლილ დისშვილს უძღვნიდა.
* რამდენიმე წლის წინ ჰალკი ციხეში მოხვედრას გადაურჩა. ბრაზილიელს და მის ორ თანაკლუბელს – ფუსილესა და სეპუნარუს სტადიონ „და ლუჟის” დაცვის წევრის ცემაში ედებოდათ ბრალი. ინციდენტი „ბენფიკასთან” გასვლითი მატჩის დროს მოხდა. პროკურატურა ჰალკისთვის სამწლიან პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, მას მხოლოდ სპორტული დისკვალიფიკაცია შეუფარდეს – ოთხთვიანი დასვენება ფეხბურთისგან, რომელიც მალევე მოეხსნა და პირობით დისკვალიფიკაციად შეეცვალა.
* ჰალკის დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 2009 წელს ინგლისელებთან ამხანაგურ მატჩში შედგა. პირველი გოლი „სელესაოს” რიგებში კი 2012 წელს გაიტანა – დანიის ნაკრებს ჰალკმა 2 გოლი გაუტანა. სულ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჰალკმა ექვსი გოლი გაიტანა 14 მატჩში. ყველაზე დიდი ტურნირი კი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო ჯერჯერობით ლონდონის ოლიმპიური თამაშებია, სადაც ბრაზილიელებმა ფინალი წააგეს მექსიკის ნაკრებთან. ამბობენ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰალკი „სელესაოს” მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება ნეიმართან და სხვა ახალგაზრდა ბრაზილიელებთან ერთად.
* პორტუგალიაში ასპარეზობის პერიოდში ჰალკმა გუნდური და ინდივიდუალური ტიტულების მთელი კოლექცია შეაგროვა: სამი ჩემპიონობა, სამი თასი, სამი სუპერთასი, ევროპის ლიგის ოქრო. ჰალკი ერთხელ გახდა პორტუგალიის საუკეთესო ბომბარდირი და ორჯერ დასახელდა პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. საერთო ჯამში, „პორტუს” რიგებში ჰალკმა 169 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 78 გოლი და გააკეთა 55 საგოლე გადაცემა, რაც მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია.
* გასულ ზაფხულს ჰალკის შეძენას კიდევ ერთი რუსული კლუბი, მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის ფინანსებით მოძლიერებული მახაჩკალის „ანჟი” ცდილობდა. დაღესტნური კლუბი 80 მილიონ ევროს იხდიდა ჰალკში და წლიურად ხელფასის სახით 5-8 მილიონ ევროს სთავაზობდა. თუმცა, თავად ფეხბურთელმა იუარა რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა. „ზენიტში” გადასვლაც ჰალკის ნების გარეშე მოხდა, მას უბრალოდ, უთხრეს, რომ კლუბმა ის გაყიდა. გარიგება კი რუსეთის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა. ჰალკის თქმით, ის მზად არის ახალი გამოწვევისთვის.