კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მოვლენის აღსანიშნავად დაიდგა ჯვარი ვერაზე და რა ფუნქციას ასრულებდა წყალკურთხევის ხიდი თბილისში

არსებობს ცნობები, რომ მეთორმეტე საუკუნემდე თბილისში მხოლოდ ერთი, ხის ხიდი იყო, რომელიც მედიანს ავლაბართან აკავშირებდა. იმავე ცნობების თანახმად, მეთხუთმეტე საუკუნეში მტკვარზე კიდევ ერთი ხიდი აუშენებიათ, რომელსაც ხან „არაგვის ხიდს“, ხან კი „ჩუღურეთის ხიდს“ უწოდებდნენ, ეს ხიდი ამჟამინდელი „ვორონცოვის” ხიდის ადგილზე ყოფილა და მისი დანგრევის ზუსტი თარიღი უცნობია. ამჟამად თბილისში არსებული ან ფოტოებზე შემონახული ხიდების აგება კი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებს უკავშირდება. ცნობისთვის, 1896 წლის ტფილისის რუკაზე ექვსი მოქმედი ხიდი იყო აღნიშნული, ახლა კი მათი რაოდენობა 14-ია.
ავლაბრის ხიდი
უძველესი დროიდან, მეტეხის ვიწროებში ხიდი იყო გადებული, რომელიც ისანს კალასთან  აკავშირებდა. მეცხრამეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან კი ამ ადგილზე, ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს, ორი ხიდი იყო. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თბილისელები „ავლაბრის ხიდს“ უწოდებდნენ, თავდაპირველად ხის იყო. ის 1840 წელს დაშალეს და მის ადგილზე, ახალი ხის ხიდი ააგეს. 1860-იანი წლების ბოლოს ხის ხიდის ადგილას ლითონის ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომლის აგებას ინგლისელი ორდიში ხელმძღვანელობდა, თუმცა, უცნობი მიზეზების გამო, მან ვერ მოახერხა სამუშაოების დასრულება და 1870 წელს ხიდის მშენებლობა გერმანელმა ინჟინრებმა – ზაზემანმა და ბლანტმა დაასრულეს. ავლაბრის ხიდზე დაშვებული იყო ეტლებით, ურმებითა და იმ დროის სხვა ტრანსპორტით გადაადგილება. ახლანდელი მეტეხის ხიდის აგების შემდეგ ავლაბრის ხიდი დაანგრიეს.
ვირის ხიდი
ორთაჭალის კუნძული ცნობილი იყო თავისი ბაღებით, რომლებიც თბილისს ამარაგებდა ხილითა და ბოსტნეულით. სანაპიროების მშენებლობის შედეგად, მტკვრის ტოტი მოისპო და დღეს კუნძული აღარ არსებობს, ადრე კი კუნძულს მარჯვენა ნაპირთან კოფოებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდი აკავშირებდა. თბილისელები ამ ხიდს „ვირის ხიდს” უწოდებდნენ, რადგან მასზე ხილით დატვირთული გოდრები გადაჰქონდათ სახედრებს. ამ ხიდზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისა და სახედრების გადასვლა იყო ნებადართული. „ვირის ხიდი,” ავლაბრის ხიდთან ერთად, 1951 წელს მეტეხის ხიდის გახსნას შეეწირა.
 მნაცაკანოვის ხიდი
1852 წელს, სეიდაბადის განაპირას, დღევანდელი 300 არაგველის ხიდის ხაზზე, ხის ხიდი აშენდა, მანამდე, მეთხუთმეტე საუკუნეში, აქ „კახეთის ხიდი” არსებობდა ცხვრის გადმოსარეკად, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში დაინგრა შაჰ-აბასის შემოსევების დროს. ხიდი ეკუთვნოდათ კერძო პირებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ბაჟი დააწესეს ხიდით სარგებლობისთვის. 1853 წელს ხიდი შეისყიდა ვაჭარმა მნაცაკანოვმა და ქალაქს გადასცა საჩუქრად. აქედან მოდის დასახელება – „მნაცაკანოვის ხიდი“. არსებობს მეორე ვერსია, რომ ხიდი პირადად ვაჭრის მიერ იყო აშენებული 1848-50-იან წლებში, მშენებლობა 25 ათასი მანეთი დაჯდა და ამის შემდეგ გადაეცა ის ქალაქს საჩუქრად. იმ დროის თბილისში ჭორი დადიოდა, რომ, როდესაც მნაცაკანოვის ცოლი და შვილი ფულს ზედმეტად ხარჯავდნენ, ვაჭარი მათ აყვედრიდა – თქვენი შენახვა ნახევარ ხიდად მიჯდებაო. მნაცაკანოვის ხიდი დაინგრა რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში. 1877-1878 წლებში აქ ორი ბორანი მოქმედებდა. ამ გადასასვლელს განსაზღვრული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ახალი ლითონის ხიდი ძველის ადგილზე 1882 წელს ააგეს და თბილისელებმა მას შეუნარჩუნეს ძველი ხიდის დასახელება, თუმცა, ამჯერად მნაცაკანოვს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია მშენებლობაში. მნაცაკანოვის ხიდმა მანამ იარსება, სანამ ამ ადგილზე ორთაჭალჰესი არ აშენდა.
ბეჰბუდას ხიდი
გმირთა მოედნის რეკონსტრუქციამდე მოედნის ტერიტორიაზე მეოცე საუკუნემდე მოღწეული თბილისის ერთ-ერთი უძველესი ხიდი იდგა, რომელსაც „ვერის“ ან „ბეჰბუდას ხიდს“ უწოდებდნენ. ის მეჩვიდმეტე საუკუნის შუა პერიოდში ააშენა მეფე როსტომის თბილისის ზარაფთუხუცესმა, ხოჯა ბეჰბუდამ. ამ ხიდს იხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონიც: „ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა”. დაახლოებით 6 მეტრი სიგანის და 70 მეტრი სიგრძის ხიდი 4-მალიანი იყო. ამასთან, მალები სხვადასხვა ზომისა ჰქონდა. ყველაზე დიდი მალა 9,5 მეტრს აღწევდა. ხიდი სილამაზით გამოირჩეოდა. საბურთალოს მხრიდან სამი მალა ისრისებური, ხოლო ბოლო მალა ნახევარწრიული მოხაზულობის ჰქონდა. ხიდი ნაწილობრივ გადაკეთდა 1856 წელს. 1837 წლის 12 ოქტომბერს, ბეჰბუდას ხიდის მიდამოებში, ვლადიკავკაზში მიმავალი რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის ფაეტონი ხევში გადავარდა. იმპერატორი სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს და ამის აღსანიშნავად იმ ადგილას 1846 წელს დადგეს ჯვარი, რის გამოც, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ბეჰბუდას ხიდს გადაარქვეს სახელი და „ჯვრის ხიდი“ უწოდეს. 1932 წელს მის გვერდით ახალი, განიერი, სამმალიანი სახიდო ნაგებობა ააგეს და უძველესი ვერის ხიდი ბედის ანაბარა მიატოვეს. ხიდი 1981 წელს, გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისას აიღეს.
ოქოანთ ხიდი
ეს ხიდი შუა საუკუნეების თბილისში თუ მის გარეუბანში არსებულ ხიდთაგან ერთადერთია, რომლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია. ხიდი ამოყვანილი იყო ქვის წყობით კირის დუღაბზე და ბრტყელი ქართული აგურით. თაღოვანი ხიდი ერთმალიანია, მისი სავალი ნაწილი 5 მეტრს აღემატება. წარსულში ხიდი თბილისის გალავნის განჯის კარიდან კოჯრისკენ მიმავალ გზაზე იდგა. მას შემდეგ, რაც მეცხრამეტე საუკუნეში გააფართოეს და კეთილმოაწყვეს გზა სოლოლაკიდან კოჯრისკენ, ძველი ხიდი ძირითადი სატრანსპორტო გზის მიღმა აღმოჩნდა. ხიდი ჩამალულია ლეღვთახევში და შორიდან არ ჩანს. თუმცა, ის ახლოსაა კოჯრის გზის იმ მოსახვევთან, საიდანაც სოლოლაკის ხეივანი იწყება.  ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ეს ხიდი აღუნიშნავს 52 ნომრით და დახატული აქვს მისი პროფილიც. ნახატზე ასახულია არა მხოლოდ ხიდის თაღი, არამედ, კლდოვანი ხევის ორივე ნაპირზე გადადებული „მკლავები“ – ხიდთან მისასვლელები. ესქპლიკაციაში ვახუშტი მას „ოქუანთ ხიდს” უწოდებს. ეტყობა, ხიდი აუშენებია თბილისის მოქალაქეთა ერთ-ერთი წარჩინებული გვარის – ოქრუაშვილების წარმომადგენელს. ფეოდალურ თბილისში „ოქროანთუბანიც” ყოფილა, სადაც ეს გვარი სახლობდა.
წყალკურთხევის ხიდი
რევოლუციამდელ თბილისში, ყოველწლიურად, 6 იანვარს,  წყალკურთხევის  დღესასწაულის ჩასატარებლად, ვანქის ტაძრის გალავნიდან მადათოვის კუნძულამდე იგებოდა 21 მეტრი სიგრძის დროებითი ხის ხიდი, მტკვრის მთავარ კალაპოტამდე.  სომხურ-გრიგორიანულ სამღვდელოებას დიდი პომპეზურობით უყვარდა ამ დღესასწაულის აღნიშვნა, ხშირად ეს ხიდი ხალხის რაოდენობას ვერ უძლებდა და უბედური შემთხვევების ადგილი ხდებოდა. 1892 წლის 6 იანვარს, წყალკურთხევის წესის აღსრულების შემდეგ, ხიდმა ვერ გაუძლო ვანქის ტაძრისკენ უკან დაბრუნებულ ხალხს და ჩატყდა. 500-მდე კაცი, ქალი და ბავშვი მდინარეში ჩაცვენილა და იმ დღეს 50-მდე ადამიანი დაღუპულა. ანალოგიური შემთხვევა მომხდარა 1882 წელსაც, როდესაც მტკვარში 300-მდე ადამიანი ჩაცვენილა. არსებობს ვერსია, რომ ყოფილა მცურავი-მაშველების ჯგუფი, რომლებსაც ადამიანები წყლიდან ამოჰყავდათ ეს მაშველები ძირითადად მალაკნები ყოფილან.
უშანგი რუხაძე
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985 წელი).

скачать dle 11.3