რა მსხვერპლზე არ უნდა წავიდეს ქალი შეყვარებულის გამო
სიყვარულისთვის მსხვერპლი გამართლებულია. ასე რომ არ იყოს, რომეო და ჯულიეტას ისტორია რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ვერ აატირებდა ათასობით ადამიანს. მაგრამ პოემა, პროზა და ფილმი ერთია, ცხოვრება კი სულ სხვაა. მსხვერპლს გამართლება უნდა ჰქონდეს, უაზრო მსხვერპლშეწირვა არავის სჭირდება, მით უმეტეს – მამაკაცს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. სამწუხაროდ, ქალები, არცთუ იშვიათად, სერიოზულ ზიანს ვაყენებთ საკუთარ პიროვნებას. მიზანმიმართულად ვიქცევით ჩვენი ნების, ინტუიციისა და წინათგრძნობის წინააღმდეგ. გვგონია, რომ ამით მოვიპოვებთ საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობას და, ვერც კი ვხვდებით, რომ თავს სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ, ვემსგავსებით მარიონეტს – თოჯინას, რომელიც, ნებისმიერ დროს, ვიღაცის ნების შემსრულებელია, არავინ სცემს პატივს და არც არავის უყვარს.
თეიკო (27 წლის): მე სიყვარულის მსხვერპლის თვალსაჩინო მაგალითი ვარ და ამას გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ – მე სიყვარულმა შემიწირა. დამნაშავე თავად ვარ და ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, რატომ გახდნენ კაცები ასეთები, რატომ დაკარგეს მამაკაცური ღირსება და ყველაფერი წმინდა? ისე გაგთელავენ ფეხქვეშ, წარბსაც არ შეიხრიან. ეტყობა, ქალები ვართ ამ ყველაფრის მიზეზი.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ქალების ბრალია, მამაკაცებმა ასე რომ დაკარგეს სინდისი. ჩვენ თვითონ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ გრძნობები ფეხქვეშ გაგვითელონ. ყველაფერს ვპატიობთ და სულ მათ ჭკუაზე დავდივართ, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ჩვენსას მივაღწიეთ.
– მამაკაცები სხვანაირად ფიქრობენ.
– დიახ, ვიცი, რასაც ფიქრობენ მამაკაცები. საკმარისია, კაცი შეგიყვარდეს, მან კი ეს დაინახოს და – მორჩა, ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგამწაროს. თითქმის ყველა კაცი ასეთია. მე არ შემხვედრია გამონაკლისი და სხვისი არ ვიცი. სანამ ჩემს ცხოვრებაში „ის“ გამოჩნდებოდა, საკუთარ თავზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი. მერე ყველაფერი გაქრა – ჩემი თავდაჯერებულობა, ხასიათის სიმტკიცე, მხიარულება... გარეგნობითაც შევიცვალე. სარკეში რომ ვიხედები, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ – ფიზიკურადაც სხვა ვარ. მე მივედი იმ ზომამდე, მე გავაკეთე ყველაფერი იმისთვის, დღეს რომ ასეთი ვყოფილიყავი. გავაკეთე საყვარელი ადამიანის სიყვარულის მოსაპოვებლად, თუმცა, ჩემმა მსხვერპლმა შედეგი კი არ გამოიღო. უფრო – პირიქით...
– ანუ?! კარგად ვერ გავიგე.
– გეტყვით. საკმაოდ ბევრი პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს მე თვითონ მინდოდა.
– საყვარელმა მამაკაცმა გაიძულათ, რომ ფიზიკურად შეცვლილიყავით?
– ფაქტობრივად, ასეა, თუმცა, ერთი სიტყვით ამას ვერ გადმოგცემთ. უნდა მოვყვე, როგორ მოვედი აქამდე. მეტისმეტად მშიშარა ვარ იმისთვის, რომ საკუთარ თავს რეალობაში გამოვუტყდე და ვაღიარო, რომ მიმატოვა. მიუხედავად რამდენიმეწლიანი არანორმალური სიყვარულისა და მისადმი ბრმა მორჩილებისა, ძლიერი ვიყავი მაშინ, როცა სიყვარულისთვის ვიბრძოდი. რა არ გავაკეთე მის გამო! საკმაოდ ადრე გავხდი დამოუკიდებელი. მამაჩემმა თავისი ბიზნესების ნაწილი მალევე გადმომაბარა. ძალიან ახალგაზრდას ყველაფერი მქონდა. თავდაჯერებულიც ვიყავი და ბედნიერიც. მე ახლა უკვე ასე მესმის ბედნიერება: როცა საკუთარ თავს ეკუთვნი და საკუთარ „მესთან“ სრულ ჰარმონიაში ხარ. საკმარისია, შეიყვარო და ეს ბალანსი მაშინვე ირღვევა.
– რატომ, წესით, პირიქით არ უნდა იყოს?
– რატომ და, რატომღაც, დიდი სიყვარული თვითგანადგურებისკენ არის მიდრეკილი. ისედაც, თუ გინდა, რომ უბედური იყო – იქნები! თუ ბედნიერებისთვის „გადაეწყობი“ – ბედნიერებას მოიპოვებ.
– თქვენ გინდოდათ, უბედური ყოფილიყავით?
– როცა შენი შინაგანი „მე“ გაფრთხილებს და შენ ყურს იყრუებ, არ ცდილობ, ელემენტარულად, მოუსმინო და გაიზიარო, რა ხდება რეალურად, აუცილებლად მიიღებ უბედურებას. უბედურებაც ბედნიერებასავით სუბიექტურია. ვისთვის – როგორ. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცხოვრებაში უფრო დიდი ტრაგედია ჰქონია, ჩემი მდგომარეობა, ალბათ, სასაცილოა, მაგრამ, მე განადგურებული ვარ, მომავლისადმი რწმენადაკარგული, გაოცებული და გაოგნებულიც – რატომ დამემართა ეს ყველაფერი?.. ვიცი, რასაც მეტყვით, რომ ადამიანს არჩევანი ყოველთვის აქვს; რომ საკუთარ მომავალს თავად ვქმნით, საკუთარი ხელებით და არავის არ უნდა დავაბრალოთ ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. სანამ მე თავად შემეყრებოდა ეს სენი, ყველას ჭკუას ვარიგებდი. რამდენი დაქალისთვის მითქვამს, არ ღირს იცხოვრო მამაკაცთან, რომელსაც შენი არ ესმის; რომელიც ისეთს არ მიგიღებს, როგორიც ხარ; რომელიც შენი გრძნობებით თამაშობს და არ უხარია შენი წარმატებები-მეთქი. ყველა კაცი სასტიკი, ეგოისტი და საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც საერთოდ არ იცის, რას გრძნობ, რას განიცდი, როგორი ხარ შინაგანად... არ იცის და არც აინტერესებს. როცა ასეთ მამაკაცს შემოუშვებ შენს ცხოვრებაში და შენზე ბატონობის უფლებას მისცემ, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. მე რომ დღეს მტკივა, დამსახურებულად მტკივა. სულში საშინელი სიცარიელე მაქვს. მართალია, როცა ამბობენ, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდიო. მე ფული ყოველთვის მქონდა, მაგრამ, ბედნიერებისგან ძალიან შორს ვიყავი. სიყვარული მჭირდებოდა და, შეიძლება, ამიტომ მოხდა ისე, რომ გამოგონილი ადამიანი შევიყვარე, ჩემივე ფანტაზიის ნაყოფი, არარსებული პიროვნება, მოსიარულე გვამი, რომელმაც მეც გვამად მაქცია. ქალები ძალიან იცვლებიან, როცა კაცი უყვარდებათ; ბოლომდე იხარჯებიან და უკან დასახევ ყველა გზას თვითონვე იჭრიან. ეს მაშინ, როცა სიყვარული დიდია და უანგარო. მე მისგან არაფერს ვითხოვდი, გარდა სიყვარულისა. თვითგვემისკენ და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება სწორედ ამ დიდმა სიყვარულმა გამიჩინა. სხვა შემთხვევაში, არ დავმართებდი იმ საშინელებას საკუთარ თავს, რაც ჩავიდინე. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ნერვები მეშლება. კარგად ვცხოვრობდი, ვერთობოდი ისე, როგორც მინდოდა: ქალაქის საუკეთესო კლუბებში და რესტორნებში დავდიოდი, უცხოეთში ვმოგზაურობდი, მეგობრებთან ერთად ვისვენებდი, მოკლედ, პრობლემა არ მქონდა, სანამ „ის“ არ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.
– ანუ, სიყვარული ცუდია?
– ყოველ შემთხვევაში, კარგიც არ არის, მით უმეტეს, ისეთი ქალისთვის, რომელიც სიყვარულს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და თავისი ცხოვრების მიზნად მიაჩნია. კაცი არ უნდა შეიყვარო, თუ არ გინდა, რომ საკუთარი თავის პატივისცემა და თავმოყვარეობა დაკარგო. რა შემიყვარდა მასში? – არ ვიცი. შეიძლება, სითამამე და ის შემართება, რომლითაც ჩემთან ურთიერთობა დაიწყო. ინიციატივა მისგან წამოვიდა, მე გამბედაობა არ მეყოფოდა.
– რატომ?
– როგორ გითხრათ... რაღაც კომპლექსები მქონდა, არ ვიყავი ამ მიმართულებით აქტიური. თანაც, მიმაჩნდა, რომ არც ერთ მამაკაცთან არაფერი მქონდა შესახვეწი. ერთმანეთი საკმაოდ ხმაურიან წვეულებაზე გავიცანით ჯერ მხოლოდ სახელები ვიცოდით ერთმანეთის, რომ ხელი დამავლო და იქაურობას მომწყვიტა. ეტყობა, იმავე წუთიდან შემიყვარდა, რადგან, როგორც ჩვრის თოჯინა, ისე დავემორჩილე და, იმ დღიდან დაიწყო... პირველი ვურეკავდი, პირველი ვწერდი მესიჯს, პირველმა შევთავაზე ფიზიკური სიახლოვე... ამ ყველაფრის მიმართ შინაგანი პროტესტი, ეჭვი სულ მქონდა, მაგრამ, მაქსიმალურად ვცდილობდი მის ჩახშობას. ყურადღებას არ ვაქცევდი იმ ვითომდა, წვრილმანებს, რომლებმაც ბოლოს ცხოვრება დამინგრია. არა! მამაკაცი არ უნდა შეიყვარო, არავითარ შემთხვევაში!
– თუ კაცი ღირსეულია და იმსახურებს ამ სიყვარულს?
– ტყუილია! არც ერთი კაცი არ იმსახურებს სიყვარულსა და თავგანწირვას. როგორი ღირსეულიც არ უნდა იყოს, მაშინვე თავში აუვარდება. მის ღირსებაზე ლაპარაკი სასაცილო ხდება. მე ამას კომპლექსებს ვაბრალებ – დღევანდელ მამაკაცებს თავდაჯერებულობა აკლიათ.
– მხოლოდ მამაკაცებს?
– ქალებსაც, რა თქმა უნდა. მე რომ კომპლექსები არ გამჩენოდა და საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა, ამ მდგომარეობამდე კი არ მივიდოდი... სიყვარულმა ცუდი სამსახური გამიწია, ძალიან ცუდი. ტყუილია, რომ ამბობენ, სიყვარული აგვამაღლებსო. კი არ ამამაღლა, პირიქით, დამამდაბლა. ჩემს რჩეულს იმის მეათედი სიყვარულიც არ ჰქონდა ჩემდამი, რაც მე მქონდა მის მიმართ.
– და, თქვენ ამას გრძნობდით?
– დიახ, ვგრძნობდი. მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ძალიან სულელი ვარ, არა? ზუსტად ჩემსავით სულელდება ყველა შეყვარებული ქალი. ცუდი იყო ისიც, რომ მის გვერდით ყოფნა იდეაფიქსად გავიხადე. საკუთარ თავს ჩავაგონე, რომ, მოვკვდებოდი, თუ ერთად არ ვიქნებოდით. ამან ისე „გამიჟღინთა“ ტვინი, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცის კრიტიკასა და შენიშვნაზე უმწვავესად ვრეაგირებდი. ჯერ ჩაცმის სტილი დამიწუნა და უგემოვნობაში დამდო ბრალი... მეც, ავდექი და, მთელი გარდერობი შევცვალე... ისეთ მარათონში ჩავები, უკან გამოსასვლელი ჩიხიც კი აღარ დავიტოვე... დილიდან გადარბენაზე ვიყავი: ფიტნესი, საცურაო აუზი, სილამაზის სალონი, ცეკვის გაკვეთილები (ერთხელ დამცინა, დათვივით მოძრაობო)... მერე კი პლასტიკური ოპერაციების ჯერიც დადგა. ჯერ მკერდი დამიწუნა: ერთ დილით ირონიულად შემომხედა – რა არის, რა პატარააო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პლასტიკურ ქირურგთან გავქცეულიყავი. მკერდი გავიდიდე და ვფიქრობდი, ჩემი საყვარელი მამაკაცი აღფრთოვანდებოდა, კომპლიმენტებით ამავსებდა ან თავის კმაყოფილებას გამოხატავდა, მაგრამ, ვითომც არაფერი მომხდარა. კბილებს რას უშველი, ტუჩებიც თხელი გაქვსო, – ეს იყო მისი „კომპლიმენტი“... რა თქმა უნდა, არც მიფიქრია მისი ეს პრეტენზია დაუკმაყოფილებელი დამეტოვებინა... მერე თმის ფერი დაიწუნა... მუხლის ზემოთ ფეხების სისქე... სულ კრიტიკული თვალით მსინჯავდა და მათვალიერებდა, როგორც ნივთს... მეც, მის ხუშტურებს აყოლილმა, საკუთარი თავი საექსპერიმენტო ობიექტად ვაქციე. წელიწად-ნახევრის შემდეგ ბავშვობის მეგობარი შემხვდა ქუჩაში და ვერ მიცნო. მეც, სარკეში როცა ვიხედები, იქიდან სხვა ქალი მიყურებს... დიეტებით იმ ზომამდე მივედი, რომ საჭმელს ნორმალურად ვეღარ ვჭამ. პრინციპში, ახლა უკვე დეპრესიაც მაქვს და ჭამის სურვილი მთლიანად გამიქრა...
– მიგაჩნიათ, რომ ცუდად გამოიყურებით?
– არა. თქვენც ხომ ხედავთ, როგორი გარეგნობა მაქვს. იმასაც ვამჩნევ, ქუჩაში კაცები როგორ მიყურებენ. მაგრამ, ეს სულაც არ მიხარია, არც კი მსიამოვნებს, პირიქით, უარესად მაღიზიანებს და სულ მეტირება. მახსენდება, როგორ მიმითითებდა ელემენტარულ ხარვეზებზე გარეგნობაში, ხშირად კი თვითონვე მიგონებდა ნაკლს. „ცხვირს სერიოზული დისონანსი შეაქვს შენს გარეგნობაში!“ – მითხრა ერთხელ. „დისონანსი“ კი აღმოიფხვრა, მაგრამ, სიყვარული მაინც დავკარგე... ყველა ცვლილების შემდეგ უკმაყოფილო სახით ამბობდა: იმას ჯობია, რაც იყო, მაგრამ, ისეთი მაინც არ არის, როგორსაც ვინატრებდი ჩემი მომავალი ცოლისთვისო... შეირთო კიდეც ცოლი, მოულოდნელად და გაუფრთხილებლად და გამანადგურა ამით. თავმოყვარეობა ისე დავკარგე, რომ ვურეკავდი და ვემუდარებოდი, შემხვდი-მეთქი. მერე ტელეფონის ნომერი შეცვალა... სახლთანაც ვდარაჯობდი, რომ როგორმე მენახა... მეგობარი მომიგზავნა – გეყოფა, მიხვდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა... სახლსაც ნუ გამაყიდვინებო... – ასე მიმაგდო და მიმატოვა. ჩემი ბრალია, მე მივეცი ამის უფლება და უარესის ღირსი ვარ... აუტანლად მტკივა გული და ყველა კაცი მძულს.