ვინ არის ერთადერთი ესპანელი ქალი „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში და რომელ ცნობილ ბრენდს ფლობს მილიარდერ ლიზლოტ პერსონის ოჯახი
ისინი არიან მდიდრები და ფიგურირებენ „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში. საუბარია მანდილოსან მილიარდერებზე, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან მამაკაც მილიარდერებს ბიზნესის სტრატეგირებასა და ინიციატივების განხორციელებაში. „თბილისელების” ამ ნომერში „ფორბსის” იმ მილიარდერ ქალბატონებზე ვისაუბრებთ, რომელთაც რეიტინგში არცთუ ბოლო პოზიციები უკავიათ.
როზალია მერა – 4,5 მილიარდი დოლარი
როზალია მერა ერთადერთი ესპანელი ქალბატონია, რომელიც „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში ფიგურირებს. როზალიამ, რომელსაც მსოფლიოში „სელფ მეიდ ვუმენს” უწოდებენ, ყოფილ მეუღლესთან, ესპანეთის უმდიდრეს ადამიანთან, ამანსიო ორტეგასთან ერთად დააფუძნა კომპანია „ინდიტექსი”, რომელიც ბრენდ „ზარას” ფლობს. საინტერესოა, რომ განქორწინების მიუხედავად, როზალია და ამანსიო ბიზნესის აქტივებს კვლავ ერთად აკონტროლებენ. როზალიას მფლობელობაშია „ინდიტექსის” 5,6 პროცენტი, ხოლო მისი პირადი კაპიტალი 4,5 მილიარდი ამერიკული დოლარია.
დოროთეა შტაინბრუხი – 4,5 მილიარდი დოლარი
ბრაზილიელი დოროთეა შტაინბრუხი ოჯახთან ერთად ბრაზილიის ფოლადის წარმოების უმსხვილეს კომპანიას აკონტროლებს. კომპანიის მართვით, ძირითადად, დოროთეას შვილები არიან დაკავებულები, ხოლო თავად დოროთეა მხოლოდ აქციების ფლობით შემოიფარგლება. ცნობისთვის, დოროთეა შტაინბრუხი და როზალია მერა თანაბარი კაპიტალით „ფორბსის” რეიტინგში ერთ ადგილს იყოფენ.
მილანა ფრანცი – 4,1 მილიარდი დოლარი
მილანა ამერიკელი ბიზნესმენის, დენ დანკანის უფროსი ქალიშვილია. დენ დანკანმა 1968 წელს დააარსა ენერგეტიკული კომპანია „ენტერფრაიზ პროდუქტსი” და მისი გარდაცვალების შემდეგ, მილანამ მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის აქციების პაკეტის ნაწილი. მილანა 42 წლისაა და ტეხასის შტატში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ბოლო მონაცემებით, 2011 წელს კომპანიამ მას ერთი მილიარდი დოლარის მოგება მოუტანა.
რანდა უილიამსი – 4,1 მილიარდი დოლარი
რანდა უილიამსი, მილანა ფრანცის და იმდენივე ქონებით, მასთან ინაწილებს ადგილს „ფორბსის” რეიტინგში. მილანას მსგავსად, მანაც მემკვიდრეობით მიიღო წილი მამის კომპანიაში. ამჟამად ის „ენტერფრაიზ პროდუქტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტია.
შარი არისონი – 3,9 მილიარდი დოლარი
55 წლის შარი არისონი ახლო აღმოსავლეთში უმდიდრეს ქალბატონად ითვლება. ისრაელში მამამისის, ტედ არისონის საკრუიზო კომპანია „კარნივალ კრუიზი” საკმაოდ ცნობილია. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნოდა ლაინერი „კოსტა კონკორდია”, რომელიც 2012 წლის დასაწყისში იტალიის სანაპიროსთან ჩაიძირა. შარი ამჟამად კომპანიის სრულუფლებიანი მმართველია და ასევე, ფლობს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მის გვარს ატარებს.
ენ უოლტონ კრონკე – 3,9 მილიარდი დოლარი
ენ უოლტონ კრონკე ბად უოლტონის, ამერიკელი მეწარმის ქალიშვილია, რომელმაც ბრენდი „უოლ-მარტი” შექმნა. ენი მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა კომპანიის აქციების ნაწილის მფლობელი. ის არ არის ერთადერთი უოლტონი „ფორბსის” რეიტინგში, მის გარდა, სხვადასხვა პოზიციებზე ფიგურირებენ: კრისტი უოლტონი და ელის უოლტონი. აღსანიშნავია, რომ ენის მეუღლე – სტენლი კრონკე, თავად არის მილიარდერი და მისი ქონება 3,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ანა-ლუსია დე მატოს ბარეტო ვილელა – 3,6 მილიარდი დოლარი
ბრაზილიელი ანა-ლუსია 38 წლისაა და ის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ქალ მილიარდერად ითვლება „ფორბსის” რეიტინგში. ანა-ლუსია მსხვილი ბრაზილიური ბანკის „იტაუ უნიბანკოს” აქციონერია. გათხოვილია და სან-პაულოში ცხოვრობს.
ლიზლოტ პერსონი – 3,6 მილიარდი დოლარი
ლიზლოტ პერსონს მოფერებით ლოტტის ეძახიან. ის ამერიკელი მეწარმის, ერლინტ პერსონის ქალიშვილია, რომელმაც 1947 წელს „ჰენეს ენდ მორიცი” – „H&M”-ის აბრევიატურით ცნობილი კომპანია დააფუძნა. ლიზლოტის ძმა, სტეფან პერსონი მსოფლიოში გაცილებით ცნობილია და მისი კაპიტალი 25,6 მილიარდს უტოლდება. ლიზლოტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოდურად ჩაცმულ მილიარდერ ქალადაა აღიარებული. ამჟამად კომპანია H&M-ს ლიზლოტის ძმისშვილი, კარლ-იოჰან პერსონი უდგას სათავეში, რომელიც 2009 წლიდან მუშაობს კომპანიის გენერალურ დირექტორად.
პანსი ჰო – 3,5 მილიარდი ამერიკული დოლარი
პანსი ჰო მაკაოელი „სათამაშო ბიზნესის” მეფის, სტენლი ჰოს 17 შვილიდან ერთ-ერთია. პანსი მილიარდერის ერთადერთი შვილია, რომელიც მილიარდერი გახდა და საკუთარი კაპიტალით მამის კაპიტალს გადაუსწრო. პანსის განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული და ბიზნესში ის 1989 წლიდან არის ჩართული. ის ფლობს აქტივებს უძრავ ქონებაში, ტურიზმსა და ტრანსპორტში. 2011 წელს პანსიმ გაყიდა აქციების საბაზო პაკეტი კინოკომპანია „მჯმ ჩაინაში” და ამ გარიგებით 1,5-მილიარდიანი მოგება ნახა.
ელიზაბეთ მონი – 3,5 მილიარდი დოლარი
ელიზაბეთ მონი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მედია-ჯგუფის, „ბერტელსმანის” ვიცე-პრეზიდენტია. ამ გერმანული ჯგუფის მფლობელობაშია რამდენიმე ცნობილი ტელეარხი და რადიოსადგური, მათ შორის, M6 და RTL.
დიდძალი ქონება ელიზაბეთმა მეუღლის, რაინჰარდ მონის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს მიიღო. ელიზაბეთი კომპანიის აქციების 23 პროცენტს ფლობს და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს.
ლინ შუსტერმანი – 3,5 მილიარდი დოლარი
ლინ შუსტერმანი დღევანდელი რეიტინგის მონაწილეთა უმრავლესობას არ ჩამორჩა – მანაც დიდძალი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მის მეუღლეს, ჩარლზს შუსტერმანს, რომელიც წარსულში ინჟინრად მუშაობდა, საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია ჰქონდა ოკლაჰომის შტატში. კომპანია მომგებიანად ითვლება შეერთებულ შტატებში. შუსტერმანების ოჯახი დღემდე ინარჩუნებს გავლენას მექსიკის ყურეში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს შორის.