გაგრძელება იქნება!
არა – ძალადობას!
გასულ კვირას, გავრცელებული ინფორმაციით (თუმცა იმის შემდეგ, რაც ვნახეთ, ძნელია, რამემ გაგვაკვირვოს), სამტრედიის პოლიციის უფროსი, ვინმე ობოლაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს იარაღით დამუქრებია. თვითმხილველთა თქმით, პოლიციის შეფი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფილა და აქტივისტებს იარაღმომარჯვებული დასდევდა. თუმცა, ამ უკანასკნელებს უმარჯვიათ და გაქცეულან.
რაკი ამბავს შემდგომი გაგრძელება არ მოჰყოლია, სამტრედიის პოლიციის უფროსიც ადგილზეა და აქტივისტებიც გადარჩნენ (ყოველ შემთხვევაში, ამჯერად), უნდა ვივარაუდოთ, რომ ხსენებული ობოლაძე გამოფხიზლდა და იარაღიც ბუდეში ჩააგო. მეორე მხრივ, მართალია, გამოფხიზლდა, მაგრამ, რაკი პრეცედენტი მოხდა, არც ის არის გამორიცხული, ინციდენტი განმეორდეს. მით უფრო, რომ პოლიციის უფროსი არც სიმთვრალეზე შეუმოწმებიათ და არც მისი თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი დაუსვამთ.
ხოლო, რაკი არ დაუსვამთ, ისმის კითხვა: ვინ უნდა დაგიცვას, თუკი მოქალაქეს იარაღმომარჯვებული პოლიციის უფროსი გამოგეკიდება?