„მარილზე გასულები“
არა – ძალადობას!
იმის მიუხედავად, რომ ციხეების ნამინისტრალი ქალბატონი კარიერულ „მარილზე გავიდა“ და მას ზედ უკვე სამგზის ნამინისტრალი ბაჩო ახალაიაც მიჰყვა, ჯერჯერობით თვალი არ მოგვიკრავს, ასევე, არაერთგზის ნამინისტრალ დიმიტრი შაშკინისთვის. თვალი კი იმ მარტივი მიზეზით უნდა მოგვეკრა, რომ ერთ დროს ისიც (ახალაიასა და კალმახელიძეს შორის) ციხეებს მინისტრობდა.
რაკი საგანმანათლებლო სისტემა ბ-ნ შაშკინს პირდაპირ ციხეების მმართველობიდან გადააბარეს, ალბათ, ამიტომაც არ გაგვკვირვებია, როდესაც სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნას მანდატურებით შეეცადა. თუმცა, ის, რაც 19 სექტემბერს ახალქალაქის რუსულ სკოლაში მოხდა, გონივრულ ეჭვს აღძრავს, რომ ბ-ნ შაშკინს ციხის ჩვევების დანერგვა სასკოლო სისტემაში უკვე საფუძვლიანად მოუხერხებია.
კერძოდ, გაირკვა, რომ 19 სექტემბერს ზემოხსენებულ სკოლაში ახლად გარემონტებული კანალიზაცია გაჭედილა (ჰიგიენური საფენის გამო). სკოლის ადმინისტრაციამ, ბუნებრივია, დამნაშავის გამოვლენა სცადა. ამიტომაც, სკოლის დირექტორს, კარინე ნახატაკიანს, სასწავლო ნაწილსა და რამდენიმე მასწავლებელს მოსწავლე გოგონები (მეშვიდე კლასიდან და ზემოთ) სააქტო დარბაზში შეუკრებიათ და ნახევრად გადაწეული ფარდის მიღმა თითო-თითოდ შეუმოწმებიათ.
ჩვენ არ ვიცით, დაეხმარა თუ არა სკოლის დირექციას ეს სტრატეგია კანალიზაციის გამჭედავის გამოვლენაში და, არც ის, რა ემოციით შეხვდა ახალი განმანათლებელი ქ-ნი დეკანოიძე ამ ნოვაციას.