მომრავლებული „პავლეები“
არა – ძალადობას!
რაკი აქამომდე (როგორც ამას ჩვენი აწ უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე იტყოდა) პოლიტიკურ სცენაზე მხოლოდ ერთი პოლიტიკური, კერძოდ, მმართველი ძალა ჩანდა (თამაშის წესსაც ის ადგენდა და არც კონკურენტების არსებობას უჩიოდა), ბუნებრივია, საყოველთაო კეთილდღეობისა და აღმშენებლობის პეიზაჟს ვერაფერი აფუჭებდა. ჰოდა, რაკი ვერ აფუჭებდა, ხალხის რჩეულები სახალხო დამცველის ანგარიშს მხოლოდ ცნობად იღებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს ყურიდან ყურში უშვებდნენ, საზოგადოების აზრს კი, ბოდიში მომითხოვია, გადადებული ფეხის ნეკა თითზეც კი არ იკიდებდნენ.
თუმცა, ეს მანამ იყო, ვიდრე ვინმე ბედუკაძეს საათნახევრიანი ფირი ჩაუვარდებოდა ხელში. უფრო მეტიც, ჩანაწერის 10 წუთის ჩვენებაც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ სავლეები უცბად პავლეებად ქცეულიყვნენ (ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად), სრულიად ხელისუფლების ყველა შტოს (როგორც თავად აღნიშნავენ, უთავბოლოდ შეძრწუნებულს) ერთხმად დაეგმო პატიმართა წამების ფაქტი და გამოძიებაც დაეწყო.
რაც მთავარია, საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეებს მოუწოდა, სასწრაფოდ მიაწოდონ პატიმართა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა. ზედაც, განმარტა, რომ ეს ვალდებულება მათ კანონის ძალით ეკისრებათ და არც იმ მუხლის მოხმობა დავიწყებიათ, რის მიხედვითაც, მტკიცებულების დამმალავი დაისჯება.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გავრცელებული კადრები 2010 წლიდან თარიღდება, იქნებ, პროკურატურას ჯერ საკუთარი უნიათობისთვის მოერგო კანონით გათვალისწინებული მუხლები და ამის შემდეგ შესდგომოდა ჩანაწერებზე ნადირობას?!