რა უადვილებს ცხოვრებას ზაზა ფაჩულიას და ვინ მოექცა ჩრდილში მის ოჯახში
კალათბურთის გულშემატკივრებში ზაზა ფაჩულია გამორჩეული სიმპათიით სარგებლობს და ყოველთვის თვალს ადევნებენ მის კარიერას. ამჯერად ზაზა საქართველოს ნაკრების თამაშებზე იმყოფებოდა თბილისში და მისი კაპიტნობის პერიოდში ნაკრებმა უკვე მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება. ზაზა არა მხოლოდ კარგი სპორტსმენი, საინტერესო რესპონდენტიცაა და მისი ინტერვიუს წაკითხვის საშუალება ჩვენს მკითხველს კიდევ ერთხელ ეძლევა. გამგზავრებამდე შევხვდით და ბევრი სიახლეც შევიტყვეთ მისგან.
– დატვირთული საკალათბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოში ნაკრების თამაშებზე ჩამოხვედი. წელს, ფაქტობრივად, დასვენება ვერ მოახერხე.
– ამ ზაფხულს ყველაზე მეტად მჭირდებოდა დასვენება. „ატლანტა ჰოუკსში” ჩემი კონტრაქტის ბოლო წელია. უკვე მერვე წელია, „ატლანტაში“ ვთამაშობ და მეორე 4-წლიანი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება. მინდოდა, კარგად დამესვენა და ენერგიულად დამეწყო ახალი სეზონი, მაგრამ არ გამომივიდა. მარიამის (ქალიშვილის) მოლოდინში შორს ვერ წავიდოდით, რადგან თიკას ფეხმძიმობის ბოლო თვეში ექიმმა ფრენა აუკრძალა. სულ რაღაც ერთი კვირით ვიყავით ზღვაზე წასული ბავშვებთან ერთად.
– ორი ბიჭის შემდეგ, ქალიშვილის მამობა როგორი შეგრძნებაა?
– განსხვავება ის იყო, რომ გოგოს მამობის გამოცდილება არ მქონდა და ცოტა უცნაური გრძნობა მქონდა. თიკას უხაროდა ძალიან გოგოს რომ ველოდებოდით. თიკას რომ უხაროდა, მეც მიხაროდა. პირველი და მეორე შვილი გოგო რომ მყოლოდა, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, მაგრამ არ დავმალავ და მერჩია ბიჭები ყოფილიყვნენ. აი, მესამე გოგო რომ გვეყოლა, ძალიან გაგვიხარდა. ყველა ამბობს, გოგოს მამობა სულ სხვააო. სიმართლე გითხრა, ჯერ ვერ ვიგრძენი, რადგან მარიამი ძალიან პატარა დავტოვე ამერიკიდან რომ ჩამოვედი. იმედი მაქვს, მალე მეც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ამბობს, გოგო მამისთვის სულ სხვააო.
– ბიჭები როგორ შეხვდნენ პატარა დაიკოს?
– დათი ძალიან ვაჟკაცურად შეხვდა, უფროსია და უფრო აზრზეა მოსული. ხვდება და აანალიზებს იმას, რომ მარიამი მისი დაიკოა. საბასთვის კი ძალიან ძნელი იყო მისი გამოჩენა, რადგან მარიამის დაბადების შემდეგ ის ოჯახში ყველაზე პატარა აღარ არის. სულ იმას ამბობდა, მეც ხომ პატარა ვარო. ვერ შეეგუა იმას, რომ ყურადღება მარიამზე გადავიდა. ხალხი მარიამის სანახავად მოდიოდა ჩვენთან, საჩუქრებიც მისთვის მოჰქონდათ. ტელეფონზე თუ ვინმე დარეკავდა, სულ მარიამზე იყო ლაპარაკი და საბამ იეჭვიანა, რადგან ჩრდილში მოექცა. ჰკოცნის კიდეც, ეფერება, მაგრამ მარიამთან მისი დატოვება, მაინც საშიშია. ასე რომ, მარიამს 24-საათიანი დაცვა ჰყავს. ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, რადგან თვეზე მეტია, საქართველოში ვარ წამოსული. ძალიან საპასუხისმგებლო მისიით ვარ ჩამოსული და რაც მთავარია, ჩემს ოჯახს კარგად ესმის ეს და მით უფრო მეტად მიადვილებს ყველაფერს. გამიმართლა, რომ თიკასნაირი მეუღლე შემხვდა, რომელსაც ბოლომდე ესმის ჩემი. მარიამისთვის რომ შეიძლებოდეს მგზავრობა, ხუთივე ჩამოვიდოდით და მოვნათლავდით კიდეც, მაგრამ ნათლობა გადაგვედო. ახლო მომავალში აუცილებლად დავგეგმავთ ჩამოსვლას. ძალიან გვინდა, მარიამი პატრიარქმა მონათლოს.
– მალე, ალბათ, ბიჭები მამის გზას გააგრძელებენ და კალათბურთის თამაშს დაიწყებენ.
– ძალიან ხშირად მესმის კითხვა, გინდა შენმა შვილებმა კალათბურთი ითამაშონო? არ დავმალავ და ამის სურვილი ნამდვილად მაქვს, მაგრამ დაძალებული არაფერი მიყვარს. თუ თვითონ გააკეთებენ ამ სპორტზე არჩევანს, გამიხარდება. თუმცა, ჯერ ძალიან პატარები არიან და არ მინდა, ამ ასაკიდან დაკავდნენ კალათბურთის თამაშით. პირადად მე, 9 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე და ვფიქრობ, ეს კარგი ასაკია. არ მინდა, ბავშვები დავღალო და მოვაბეზრო სპორტის ეს სახეობა. მინდა, მათ კალათბურთის გარდა, სხვა ინტერესებიც ჰქონდეთ. ჯერჯერობით კარატეზე დადიან და ძალიან მოსწონთ. კარგი იქნება, თუ ცურვაზეც ივლიან, ჩოგბურთსაც ითამაშებენ და ასე შემდეგ. რაც მთავარია, უპირველესად, კარგი განათლება უნდა მიიღონ. რაც არ უნდა კარგი სპორტსმენი, ბიზნესმენი ან ადვოკატი იყო, თუ კარგი განათლება არ გაქვს, არაფერი გამოგივა. სპორტსმენსაც უნდა ჰქონდეს კარგი განათლება და ინტელექტი, სხვა შემთხვევაში არ ფასობს. მოედანზე დგომა და ბურთის ჩაგდება ყველაფერი არ არის. თუ თამაშის წაკითხვა არ იცი, თუ თამაშის მოგება არ იცი, ან ის თუ როგორ უნდა მოიქცე, არაფერი გამოგივა. პროფესიონალიზმსაც გამოყენება უნდა.
– მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა თავად უნდა გააკეთონ არჩევანი, შენთვის, ალბათ, მაინც სასიამოვნო იქნება, თუ არჩევანს კალათბურთზე გააკეთებენ.
– რა თქმა უნდა, სასიხარულო იქნება ჩემთვის, თუ ბიჭები არჩევანს კალათბურთზე გააკეთებენ, რადგან ეს ჩემთვის გაცილებით ადვილი იქნება. კალათბურთი არის ის, რაც კარგად მესმის, რაშიც გამოცდილება და კონტაქტები მაქვს. ყველანაირად ხელს შევუწყობ, თუ მოინდომებენ კალათბურთის თამაშს. ყოველ შემთხვევაში, დაჩაგრულები ნამდვილად არ იქნებიან.
– რაც შეეხება ნაკრების თამაშებს, რომელიც საკმაოდ წარმატებით ჩაატარეთ.
– ქვეჯგუფში მეორე ადგილი ავიღეთ და მეორედ მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უფლება, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. მიხარია ის ფაქტი, რომ ჩემი კაპიტნობის დროს მოხდა ეს. დარწმუნებული ვარ შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, მაგრამ როდის და ვისი კაპიტნობის პერიოდში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ეს საუკეთესო მაჩვენებელია. ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებ.
– სამწუხაროდ, შენმა ტრავმებმა ამჯერადაც იჩინა თავი.
– როცა სპორტსმენი ხარ, ტრავმები შენი ცხოვრების ნაწილია, ამას ვერ გაექცევი. ასეთი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება. მართალია, ტრავმა მქონდა, მაგრამ ისეთი არა, როგორც შარშან. სულ 8 თამაში იყო და ნახევარი რომ არ მეთამაშა, რა აზრი ექნებოდა მაშინ ჩემს ყოფნას. ეს ის მომენტი იყო, როცა ტრავმისთვის არ უნდა მიმექცია ყურადღება, გავსულიყავი მოედანზე და რაც შემეძლო, გამეკეთებინა. სიტუაციაც ითხოვდა ამას და დროც. 20 წლის აღარ ვარ, რომ ვთქვა, წელს თუ არა, მომავალ წელს გამომივა-მეთქი. კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში, არ ვიცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კალათბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმის შეგრძნებაც მაქვს, რომ ფინიშს ვუახლოვდები. რამდენიმე წელიწადში მომიწევს. 28 წლის ვარ, მომავალ წელს, ევროპის ჩემპიონატზე უკვე 29-ის ვიქნები. 30 წელს რომ გადასცილდები, მერე უკვე უნდა ელოდო თავის დანებებას. ამიტომ, ჩემთვის ყოველი ზაფხული მნიშვნელოვანია და ვცდილობ, მაქსიმუმი ავიღო ნაკრების თამაშებიდან და ბოლომდე დავიხარჯო. ატლანტაში ჩავალ და ორ კვირაში ვარჯიშები დამეწყება.