როგორ მოხვდა ქართველი ტყვე ბიჭი ერაყის გამგებლის თანამდებობაზე და რატომ ვერ გაიმეტეს ის სიკვდილით დასასჯელად
ვაჟა-ფშაველას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ამ ადამიანზე დაეწერა და ის საქართველოს ისტორიას ლიტერატურული გმირის სახით შემორჩენოდა. ამის განხორციელება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, „ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფის” დაუდ ფაშას, იგივე დათუნა მანველაშვილის ისტორია ბევრისთვის ცნობილი არ არის. როგორც მწერალმა დათო ტურაშვილმა თქვა, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ მედინაში, მუჰამედის საფლავიდან მეხუთე საფლავი ერაყის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამგებლის საფლავია და თუ ოდესმე იქ მოვხვდებით, ერთი ყვავილი მაინც დავდოთ მის საფლავზე. ამას, ალბათ, ქართლელი გლეხის ბიჭი ნამდვილად იმსახურებს.
ლევან გურიელიძე: დაუდ ფაშას მშობლები – გიორგი და მარიამი, ორბელიანების ყმები იყვნენ, რომლებიც, თავდაპირველად, ქვემო ქართლში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი თბილისში გადმოსახლდნენ. ყმა გლეხების ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლის შესაფერისად, გვარიც შეიცვალეს – მანველაშვილები ბოჩოლაშვილებად დაეწერნენ. გიორგისა და მარიამის პატარა ვაჟი – დავითი, ტყვეებით მოვაჭრეებმა ბავშვობაში გაიტაცეს და ოსმალეთში გაყიდეს. ბიჭი კარგ ხელში მოხვდა – მასავით ქართველ მამლუქთან, ბაღდადის ფაშა სულეიმან ბუიუქთან, რომელმაც დავითი მამლუქთა სასწავლებელში მიაბარა. სკოლაში მან ჩინებული ნიჭი და უნარი გამოავლინა. სამხედრო ვარჯიშობისა და წესების დაუფლებასთან ერთად, დიდი მონდომებით სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს. ისე შესანიშნავად შეითვისა მუსლიმანური კანონმდებლობა, ყურანი და აღმოსავლური ენები, რომ სულ მალე მოიხვეჭა არაბული, თურქული, სპარსული ენებისა და ღვთისმეტყველების საუკეთესო მცოდნის სახელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაუდს, სულეიმან ბუიუქმა ჯერ თავისუფლება მიანიჭა და ბეჭდის მცველად დანიშნა, ხოლო შემდეგ, ოცდაშვიდი წლის ასაკში, საფაშო ხაზინა ჩააბარა. დაუდმა ცოლად სულეიმანის ქალიშვილი შეირთო.
– და ამით, მონობის სრული რეაბილიტაცია მოახდინა.
– რასაკვირველია. ფაშასთან ნათესაური კავშირი და ამასთან ერთად, მაღალი თანამდებობა, დაუდს უფლებას აძლევდა ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ყოფილიყო. 1892 წელს, როცა ავადმყოფობით შეპყრობილ სულეიმან ბუიუქს საფაშოს მართვის უნარი წაერთვა, დაუდმა სცადა, ხელისუფლების სათავეში მოქცეულიყო, მაგრამ სულეიმანმა ეს უპირატესობა უფროს სიძეს, ჰაფიზ ალის მიანიჭა. ახალ ფაშასთან უთანხმოებაში მყოფმა დაუდმა, 1803 წელს მიატოვა საერო სამსახური და სასულიერო სფეროში გადაინაცვლა – აბდ ალ-კადარის მეჩეთში ჩასახლდა და მეჩეთთან არსებულ სკოლაში მასწავლებლობდა, რითაც სახელი კიდევ უფრო გაითქვა.
– ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო ტახტი, რაც იმ დროისთვის უცხო იყო.
– დიახ და 1807 წელს, ჰაზიფ ალი ფაშას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, დაუდი საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და საფაშო ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა. სულეიმანის ვაჟის, საიდის მმართველობის ჟამს, ის ჯერ ქაჰიად დაინიშნა – ეს ნიშნავს ფაშას მოადგილეს და მთავარსარდალს, შემდეგ კი, დავთარდარად, მაშინდელ ფინანსთა მინისტრად. თუმცა, ფაშა და ქაჰია საბოლოოდ ვერ მორიგდნენ ერთმანეთში და მათ შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა. საიდის ხელისუფლების დამხობის მოწადინე მამლუქთა ნაწილმა შუღლი ჩააგდო მასა და ქაჰიას შორის, რათა ამ უკანასკნელის მხარდაჭერის გარეშე, ფაშა მმართველობას ვეღარ გაძღოლოდა. დაუდი დაითხოვეს თუ არა, ქვეყანაში შინააშლილობა დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯარის ნაწილებში უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად და მებრძოლთათვის გასამრჯელოს მისაცემად, საიდ ფაშამ ვაჭრებისგან სესხის აღება დაიწყო. მის დასაფარავად კი გადაწყვიტა, ბაღდადში სპილენძის ფული მოეჭრა, რომელზეც ფარულმა მოქიშპემ მისი სახელი დააწერა. ამან კი თურქეთის სულთნის რისხვა გამოიწვია, რადგან ეს ბაღდადის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ნიშნად მიიჩნიეს. ამას მოჰყვა სხვადასხვა თანამდებობის პირთა საჩივრებიც და ბოლოს ყველაფერი ომით დამთავრდა. საფაშოს შესანარჩუნებლად და ძალაუფლების მოსაპოვებლად საიდისა და დაუდის ლაშქრები შეიბნენ. 1817 წლის 22 თებერვალს გამარჯვებული დაუდი დამკვიდრდა ბაღდადში და შეუდგა საფაშოს მართვას.
– დაუდ ფაშა, რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ მმართველად მიაჩნიათ ერაყელებს, სადამ ჰუსეინამდე.
– ასეა. სწორედ მისი ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდმა, თავდაპირველად, საგარეო საქმეები მოაგვარა: ჯერ ირანს წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთისტანი შემოიერთა, მოკლე ხანში კი, ინგლისელები განდევნა თავისი ტერიტორიებიდან, ბოლოს, ოსმალეთის მძლავრ იმპერიას აგემა არაერთი მარცხი. დაუდ ფაშა ერაყის განმათავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს. გახდა თუ არა ერაყის მმართველი, დაუდ ფაშა განუდგა ოსმალეთის სულთანს და დამოუკიდებელი მართვა დაიწყო. დაუდი ოცნებობდა ოსმალეთისგან დამოუკიდებელი „ბაბილონის სამეფოს” შექმნაზე. შიდა საქმეებშიც უდიდესი გონებამახვილობა გამოიჩინა. სწრაფად და უმტკივნეულოდ გაატარა რეფორმები, შემოიღო სავაჭრო მონოპოლია სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე, ააღორძინა საფეიქრო მრეწველობა... დაუდის სახელობის არხი „დაუდიე” ჰავრიას წყალს ხარკთან აერთებდა და ერთიან სარწყავ სისტემას ქმნიდა. მის სახელს უკავშირდება ერაყში პირველი ქაღალდის ფაბრიკის აშენება, პირველი სტამბის დაარსება, რომლის ასაწყობად თბილისიდან განთქმული პოლიგრაფები მიიწვია. ბაღდადში იმდროინდელი ყველა კომფორტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი ააგო, მათ შორის ათეულობით აბანოთი კეთილმოწყობილი. დაუდმა გაიყვანა გზები, ააშენა ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან გაიხსნა ბიბლიოთეკები და სკოლები. დაუდმა არმია ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა. გააძლიერა „ქართული გვარდია” – შეიარაღებული რაზმი, რომელიც დღიდან ჩასახვისა, ყოველთვის ბაღდადის ფაშათა საიმედო საყდრები იყო. დაუდის რჩეულ რაზმში ქართველების რაოდენობა, სხვადასხვა ავტორების ცნობით, რვაასიდან სამიათას კაცამდე მერყეობდა. „ისინი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მხედრები იყვნენ,” – წერდა ფრანგი კონსული ფონტანიე. დაუდი ცდილობდა, რუსეთ-ოსმათელის ომი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და ერაყის დამოუკიდებლობა განემტკიცებინა. სწორი პოლიტიკის შედეგად, 1830 წელს დაუდ ფაშამ თავისი ადრინდელი ოცნება სინამდვილედ აქცია – მან ერაყი ოსმალეთისგან თავისუფალ „ბედნიერ ბაბილოვანის” სამეფოდ გამოაცხადა, ხოლო თავისი თავი ამ სამეფოს დამოუკიდებელ „ხელმწიფედ”.
– ამას რა რეაქცია მოჰყვა თურქეთისგან?
– დაუდ ფაშა მეამბოხედ გამოაცხადეს და იმავე წელს მისკენ ალეპოელი ფაშის, ალი რიზას ლაშქარი დაძრეს. დაუდი კარგად იყო მომზადებული ამ ბრძოლისთვის, ისევე როგორც, ქვეყნის მთელი მოსახლეობა. თუმცა, ომის ბედი გადაწყვიტა ავმა ბედისწერამ – კატასტროფულმა წყალდიდობამ, მოუსავლიანობამ და ეპიდემიამ ერაყის ძლიერება ძირს დასცა. შავმა ჭირმა თითქმის მთელი არმია გაუნადგურა ქართველ ფაშას. ორწლიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად, თურქებმა დაუდს სძლიეს. ის ისევ ქართული მოდგმის კაცმა, ლაზმა ალი რიზამ დაატყვევა, რომელიც თურქულ ჯარს ხელმძღვანელობდა. მაგრამ, დაუდი სიკვდილით არ დაუსჯიათ, მას უდიდესი გავლენა და სახელი ჰქონდა მთელ ოსმალეთში. ის ბურსაში, საპატიო გადასახლებაში გაგზავნეს და პენსიაც დაუნიშნეს. მას შემდეგ, რაც ეგვიპტელებმა ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს, ოსმალეთის სულთანმა ის საბრძოლო მოქმედებებში ჩართო და სხვადასხვა თანამდებობა ჩააბარა. ბოლოს კი, 1846 წელს, დაუდი მედინაში დასახლდა და პირადი თხოვნით, მაჰმადის საფლავის ზედამხედველად დაინიშნა. ზედამხედველობასთან ერთად, ის დიდად ზრუნავდა ქალაქის კეთილმოწყობაზე. საკუთარი ხელით გააშენა მშვენიერი ბაღი, რომელსაც შემდეგ „დაუდიე” ეწოდა. 1851 წელს დაუდი გარდაიცვალა და სიკვდილის წინ ანდერძი დაწერა, რომ მისთვის ძვირფასი ძეგლი არ აეგოთ. დათუნა მანველაშვილი დასაფლავებულია ხალიფა ოსმანის საფლავის ახლოს. დაუდის სახელი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. ფრანგი ოშე-დუა წერდა: „დაუდ ფაშა გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მბრძანებელს.” ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი კი ამბობდა: „მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის მარკუს ავრელიუსისა”.
– დაუდ ფაშა ოჯახის მოძებნას თუ შეეცადა?
– მას არ დავიწყებია ბავშვობაში საქართველოში დარჩენილი თავისი კერა. ოჯახის წევრების მიმართ მზრუნველობა გამოუჩენია. რისი შედეგიცაა, მისი ძალისხმევით მოპოვებული გიორგი ბოჩოლაშვილის ოჯახის ყმობიდან გათავისუფლების სიგელი. აგრეთვე, „ბედნიერი ბაბილოვანის ხელმწიფის” წერილი დედისთვის, რომელიც ასე მთავრდებოდა: „კაცი ქვეყანაზე მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს. თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ. ვითხოვთ, თქვენი მოწყალე დედობისგან, თუ შეგეძლოს წამოსვლა, ნუ დაიზარებთ. ჩემთვის ილოცეთ, მოწყალეო დედაო! თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ ფაშა. დაიწერა წელსა 1821, მარიამობის ორს.” საინტერესოა, გრიბოედოვის შენიშვნა ამ ფაქტთან დაკავშირებით: „დაუდ ფაშამ სამი წლის წინათ თავისი რწმუნებული მოავლინა საქართველოში, რათა ნება მისცემოდა დედამისს მასთან ბაღდათში წასულიყო. მაგრამ მან სასტიკი უარი თქვა მუსლიმანურ ქვეყანაში მოგზაურობაზე და მართლმადიდებლურ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა იმ ფუფუნებაში ცხოვრებას, რაც ბაღდადში მოელოდა.”