კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რას მირჩევთ, რომელი მეთოდით ჯობია ეპილაციის გაკეთება: გელით, საპარსით თუ ეპილატორით?
პასუხი: არჩევანი თქვენი ხასიათიდან, კანის ტიპიდან გამომდინარე უნდა გააკეთოთ. თუ კანი ადვილად გიღიზიანდებათ, უმჯობესია, კრემ-გელი გამოიყენოთ, თუ ცოტა ზარმაცი ხართ და ოდნავ ხანგრძლივი პროცედურის ჩატარებაც კი გეზარებათ – საპარსი; თამამი და ძლიერი ხასიათის ქალბატონებს კი ეპილატორი ურჩევნიათ, რადგან, ზუსტად იციან, რომ ეფექტი ხანგრძლივი იქნება.
კითხვა: ცელულიტზე ხშირად წერთ ხოლმე, მაგრამ, მაინც მინდა, დავაზუსტო, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ სიმსუქნე?
პასუხი: ცელულიტს მხოლოდ სიმსუქნე არ იწვევს. უფრო მეტიც, ცელულიტი შეიძლება, გამხდარსაც ჰქონდეს. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: უმოძრაობა, არასწორი კვება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ამიტომ, ცხოვრების წესად უნდა აქციოთ ფეხით სიარული და დილა-საღამოს ვარჯიში (საოცარ შედეგს იძლევა ცურვა და წყლის პროცედურები); ასევე, იკვებოთ ჯანსაღი და ნაკლებკალორიული პროდუქტებით და კვირაში ერთხელ გაიწმინდოთ ორგანიზმი წიდებისგან. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება ცელულიტის საწინააღმდეგო გელებს და სხვა საშუალებებს სასურველი შედეგი.
კითხვა: მკაცრი დიეტის შემდეგ ერთ თვეში 10 კილოგრამით დავიკელი წონაში. ტანზე პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ სახეზე კანი ცოტა ჩამომეკიდა, რაც გახდომამდე არ მქონდა. როგორ მოვიქცე, ისევ გავსუქდე?
პასუხი: თქვენ დაგჭირდებათ ჰიალურონის მჟავის შემცველი კრემი, რომელიც აკონტროლებს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას. ის უნარჩუნებს ტენს კანის უჯრედებს, არ აძლევს აორთქლების საშუალებას და ამიტომ კანი ხანდაზმულ ასაკშიც ახალგაზრდულად გამოიყურება. უფრო დაწვრილებითი რჩევებისთვის მიმართეთ გამოცდილ კოსმეტოლოგს, რომელიც პირადად შეამოწმებს თქვენი კანის მდგომარეობას.
კითხვა: აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიხდება მუქი სტაფილოსფერი პომადა. მაინტერესებს, რა ფერის თვალის „ჩრდილი“ უნდა შევუხამო?
პასუხი: სტაფილოსფერ ტუჩის საცხს მოუხდება ბეჟი ფერის „ჩრდილი“, რომელიც წელს ძალიან მოდაშია. ამასთან, კარგი იქნება, თუ წამწამებს შავად დაიტუშავთ, ღაწვებზე კი ვარდისფერ რუჟს წაისვამთ.
კითხვა: როგორ უნდა შევამოწმო, სუფთა მაქვს თუ არა სახის კანი?
პასუხი: თუ თქვენ კანის ფიზიკურ სისუფთავეს გულისხმობთ, და არა თვისობრივს, სახის დაბანისა და შემშრალების შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ტონიკში და სახის კანი კარგად გაიწმინდეთ. თუ ბამბას მორუხო კვალი დაემჩნა, ესე იგი, კანის ფორები კარგად არ გაქვთ გასუფთავებული. გირჩევთ, შეიძინოთ სახის დასაბანი გელი, რომელიც ამ პრობლემას მოგიხსნით.
კითხვა: როგორ შევნიღბო მაკიაჟით ჭორფლი?
პასუხი: მთელ სახეზე წაისვით ღია ფერის ტონალური კრემი – ამით სანახევროდ მაინც გაამკრთალებთ ჭორფლის წერტილებს. ღაწვებზე მთლიანად გადაისვით ატმისფერი ან მარჯნისფერი რუჟის თხელი ფენა. შესაძლოა, ამ მიზნით „კორექტორიც“ გამოიყენოთ.