კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი კომუნისტი ფუნქციონერი იყო „მოგვთან“ ერთად ქართული საბჭოთა მაფიის მმართველი

 

საიდუმლო პატაკი

1970 წლის 2 მარტს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა პავლე კარცევმა მინისტრის სახელზე საიდუმლო პატაკი შეადგინა, რომელშიც ეწერა: „გაცნობებთ, რომ ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა საიდუმლო გამოძიება და დადგინდა შემდეგი: 1) საბჭოთა კავშირში მოქმედებს კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული შავი სამყაროს თითქმის მეხუთედს. 2) დანაშაულებრივი დაჯგუფების ძირითადი საქმიანობაა გამოძალვა, ნამდვილი ძარცვები და სავალუტო სპეკულაციები. 3) დაჯგუფების სტრუქტურები იერარქიულია და როგორც მათ უცხოურ ანალოგიებში (მაგალითად, „კოზა ნოსტრა“), სუბორდინაცია მკაცრადაა დაცული. 4) დაჯგუფების მმართველი ორგანოს შემადგენლობა და რაოდენობა დაუდგენელია და ვიცით მხოლოდ ის, რომ მისი ერთ-ერთი ლიდერია ვინმე „მოგვი“. მისი პიროვნების დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გთხოვთ, გამოგვიყოთ სახსრები, რომ უწყების წიაღში შევქმნათ სპეციალიზებული ორგანო, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს შეებრძოლება. სტრუქტურა და ხარჯთაღრიცხვა სპეცდანართშია მითითებული. პატივისცემით, პოლკოვნიკი პავლე კარცევი. 02.03.1970“.

შჩოლოკოვმა რომ წითელზოლიანი, დაბეჭდილი სქელი კონვერტი გახსნა და მისი შიგთავსის შინაარსს გაეცნო, თავისი ადიუტანტი იხმო და უთხრა:

– სასწრაფოდ პოლკოვნიკი პავლე კარცევი გამოიძახეთ. ველოდები.

– გასაგებია, ნიკოლაი ანისიმოვიჩ, – მიუგო მინისტრს ადიუტანტმა, მეორე ტელეფონით კი კარცევი იხმო. ხუთი წუთიც არ გასულა, რომ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, შუახნის ელეგანტური მამაკაცი უკვე მინისტრის პირისპირ იჯდა.

– პაველ მარკოვიჩ, თქვენ პატაკს რამდენი ადამიანი იცნობს? – ჰკითხა პოლკოვნიკს შჩოლოკოვმა.

– ვიცი მე – შემდგენელმა და თქვენ, თუ რა თქმა უნდა, თქვენ არ გააცანით ზემდგომ ამხანაგებს. თუ გაინტერესებთ, ამ პატაკში აღწერილ ამბებს რამდენი ადამიანი იცნობს, გეტყვით, რომ საქმის კურსში ჩვენ გარდა კიდევ ექვსი ადამიანი, ანუ ჩემი საგამოძიებო ჯგუფის წევრებია. ექვსივე საიმედო, პროფესიონალია და მათზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ანუ, შემიძლია, მათ გამო თავი დავდო, – მიუგო მინისტრს კარცევმა.

– პაველ მარკოვიჩ, – შჩოლოკოვმა მწველი მზერა ესროლა კარცევს, – ხომ იცი, რომ ჩვენს ქვეყანაში მაფია არ არსებობს და მისი ყოველგვარი ჩანასახი დაუყოვნებლივ უნდა მოვსპოთ. ამიტომ, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს. სამაგიეროდ თქვენგან ორ რამეს მოვითხოვ. პირველი – დაუნდობლად უნდა ებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და მეორე – ყველაფერი ეს ღრმად გასაიდუმლოებული უნდა იყოს. რაც შეეხება თქვენს პატაკს, მას ჩემს პირად სეიფში შევინახავ და ზემდგომ ამხანაგებს არ გავაცნობ, რომ ზედმეტი მღელვარება არ გამოიწვიოს. ამ პატაკის შესახებ ჩვენ ორმა ვიცოდეთ. კარგი?

– კარგი, გასაგებია, ნიკოლაი ანისიმოვიჩ.

– პაველ მარკოვიჩ, თქვენს პატაკში რომ ვინმე „მოგვია“ მოხსენიებული, ნუთუ მის კვალზე გასვლა შეუძლებელია და მიახლოებითაც კი არ იცით, ვინ არის?

– ჩვენი ვარაუდით, ის სამხრეთელია, კავკასიელი, ხოლო მეტი დაკონკრეტებისა და ეფექტური ბრძოლისთვის ახალი ორგანო უნდა შევქმნათ.

– ჰოდა, იმოქმედეთ, ყველაფრის საქმის კურსში კი პირადად ჩამაყენეთ. იმედია, ჩვენი შეთანხმება  ჩვენ შორის დარჩება. აბა, თქვენ იცით. დიდი იმედი მაქვს, რომ მაგ „მოგვს“ სულ მალე შეიპყრობთ.

„მოგვი“

მინისტრ შჩოლოკოვის შეშფოთება, პოლკოვნიკ პავლე კარცევის საიდუმლო პატაკის გამო წმინდა იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით იყო გამოწვეული. შჩოლოკოვს პოლიტბიუროს რისხვის ეშინოდა. მას რომ ხმამაღლა ეთქვა, საბჭოთა კავშირში მაფია არსებობსო, ალბათ, ბრეჟნევთან პირადი მეგობრობაც ვერ უშველიდა და მინისტრის პოსტს დააკარგინებდნენ. უპირველესად, მიხეილ სუსლოვი და იური ანდროპოვი შეუტევდნენ. სწორედ ამიტომ შეუთანხმდა კარცევს დუმილზე, დიდი უფლებამოსილებები მიანიჭა და „მოგვის“ შეპყრობა დაავალა...

მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ „მოგვი“ 39 წლის გურამ ჩხეიძე იყო, რომელმაც ეს მეტსახელი თავად დაირქვა და კრიმინალურ სამყაროში ისე გაავრცელა, რომ ორიოდე ადამიანის გარდა, არავინ იცოდა, თუ ვინ იდგა მის უკან...

გურამ მიხეილის ძე ჩხეიძე 1931 წლის 1 იანვარს თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი 1937 წელს დახვრიტეს და ნაციონალიზმი დასდეს ბრალად. დედა კი 1946 წელს გარდაიცვალა ფსიქიატრიულ კლინიკაში. გურამი, თავდაპირველად, მღვდლობას აპირებდა, თუმცა მილიციამ რელიგიური პროპაგანდისთვის დააპატიმრა და 16 წლის ყმაწვილს 1947 წელს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. 1950 წელს კი, სანამ პირობითი სასჯელი დაუმთავრდებოდა, ხულიგნობა დააბრალეს და 5 წლით ციხეში ჩასვეს, საიდანაც 1955 წელს გათავისუფლდა.

ხულიგნობაში კი, 19 წლის ყმაწვილს ის ჩაუთვალეს, რომ გურამი მეზობელ ქალს გამოესარჩლა და ქმარს არ აცემინა. ქალი შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. მისი ქმარი კი „ჩეკაში“ მუშაობდა, პათოლოგი გახლდათ და ფეხმძიმე ცოლს ხშირად სცემდა. სწორედ „ჩეკისტი“ მეზობლის საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და გაასამართლეს გურამი. მას ამნისტიაც კი არ შეეხო, რომელიც მთავრობამ სტალინის გარდაცვალების გამო გამოსცა. ის რომ ციხიდან გათავისუფლდა, 24 წლის იყო და  ციხეში მოფიქრებული გეგმის თანამიმდევრულ განხორციელებას შეუდგა. ამ გეგმის მიხედვით, გურამს მძლავრი კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა უნდოდა, რომელსაც ფესვებს მთელი საბჭოეთის მასშტაბით გაიდგამდა და მრავალმხრივი საქმიანობით დაკავდებოდა.

გურამ ჩხეიძე ათი წლის განმავლობაში თანამიმდევრულად მიიწევდა დასახული მიზნისკენ და ამაში მას ორი უერთგულესი ადამიანი – ვარლამ გიორგაძე და პეტრე გეგეჭკორი ედგნენ გვერდით. ორივე გურამის ბავშვობის მეგობარი იყო და ის მათ ბოლომდე ენდობოდა. თავდაპირველად, ეს ტრიო წვრილმანი კრიმინალით იყო დაკავებული. ისინი ძირითადად შავიზღვისპირეთში მოღვაწეობდნენ და პლაჟზე დატოვებულ ნივთებსა და საფულეებს იპარავდნენ. შემდეგ ბინის ქურდობაზე გადავიდნენ და ორჯერ მცირე ზომის შემნახველი სალაროც გაძარცვეს. ისინი მთელ შემოსავალს  ინახავდნენ და მხოლოდ ჭამისა და ცხოვრება-გადაადგილების ფულს ხარჯავდნენ. 1961 წელს, სწორედ იმ დროს, ანუ 12 აპრილს, როდესაც კოსმოსში იური გაგარინი გაფრინდა, კრიმინალურმა ტრიომ მოსკოვის ¹34 შემნახველი სალარო გაძარცვა, იქიდან 120 ათასი მანეთი გაიტაცა და მიიმალა. მძარცველების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, მთელი „მური“ ფეხზე დადგა. თუმცა, მძარცველები „ფსკერზე დაწვნენ“ და მათ კვალზე გასვლა ვერ მოხერხდა.

ოფიციალურად, სამივე ბოროტმოქმედი ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე იყო. ისინი მოსკოვის გაერთიანება „ჩაიკაში“ მუშაობდნენ მუშებად, სადაც საქვეყნოდ ცნობილ მაჯის საათებს ამზადებდნენ. სწორედ 34-ე შემსალაროს ძარცვის შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა „ჩხეიძეს კომპანიას,“ თავიანთი რიგები გაეფართოებინათ და გურამმა მეგობრებს საიმედო კადრების მოზიდვა დაავალა.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში გურამ ჩხეიძემ ისეთი მძლავრი კრიმინალური სტრუქტურები შექმნა და ისე გაამრავალფეროვნა თავისი მოღვაწეობა, რომ საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. თუმცა, მას არავინ იცნობდა. ეს გავლენა ფარული იყო და მეტსახელი „მოგვი“ მხოლოდ 1969 წელს გავრცელდა.

– ესეც ასე, ძმებო! – უთხრა გურამმა გეგეჭკორს და გიორგაძეს ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც საკუთარ ნამოღვაწარს აჯამებდნენ, – სავარაუდოდ, ჩვენზე ინტენსიურ ნადირობას დაიწყებენ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ...

ორმაგი თამაში და აბლაბუდას ქსელი

მიუხედავად იმისა, რომ გურამ ჩხეიძე არც ბერი იყო და არც ქურდი, მას მტკიცედ მიაჩნდა, რომ ბოროტმოქმედს, მით უმეტეს, მისი კალიბრის, ცოლ-შვილი არ უნდა ჰყავდეს და ის მტკიცედ იცავდა ამ პრინციპს.

1969 წლის ბოლოს, გურამმა და მისმა მეგობრებმა თავიანთ საქმიანობაში როგორც ქურდების, ასევე ძალოვანი სტრუქტურებისა და სხვადასხვა რანგის მაღალჩინოსანთა წარმომადგენელთა ჩართვა გადაწყვიტეს, რასაც სხვადასხვა ხერხით, ძირითადად, მოქრთამვით ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ასეთი გადაბირებული იყო კანონიერი ქურდი, მეტსახელად „კოღო“, რომელიც, იმავდროულად, მილიციის აგენტიც იყო. „კოღოს“ შესახებ გურამმა პოდპოლკოვნიკ სემიონ ანდრეევისგან შეიტყო, რომელიც, ასევე, გურამ ჩხეიძის მაფიაზე მუშაობდა და მის აბლაბუდის ქსელში იყო გაბმული.

„კოღო“ პეტრე გეგეჭკორმა გადაიბირა და უთხრა:

– იცოდე, მახვილი თვალი გიყურებს და ძაღლებთან რომ ჩაგვიშვა და თქვა, რაც აქ მოხდა, მაშინ შენს ამბებს ქურდებს შევატყობინებთ. ასე რომ, ჩვენზეც იმუშავე და გპირდები, არ წააგებ.

სახეწამოჭარხლებულმა „კოღომ“ პეტრეს ჰკითხა:

– რა უნდა გავაკეთო?

– ქურდების პაპა უნდა გახდე, რაშიც ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს და ამგვარად დაგვიქვემდებარო ისინი.

„კოღოს“ მწარედ ჩაეცინა და გეგეჭკორს უთხრა:

– ზუსტად იგივეს მეუბნებიან ძაღლებიც.

– ჰო და, ძალიან კარგი. მხოლოდ ჩვენზე არაფერი თქვა, თორემ, რასაც შეგპირდი, შეგისრულებ.

– გიჟი ვარ, თავი გავიფუჭო? მოსულა, – უთხრა „კოღომ“ პეტრე გეგეჭკორს და ორმაგ თამაშს შეუდგა, რომელსაც ის გურამ ჩხეიძის უშუალო დირექტივებით ახორციელებდა, თუმცა „მოგვს“ პირადად არ იცნობდა.

საპატიო მიცვალებული

მას მერე, რაც ნიკოლაი შჩოლოკოვმა პავლე კარცევს სრული კარტ-ბლანში მისცა, პოლკოვნიკი ენერგიულ ქმედებებს შეუდგა და სულ რაღაც ორ თვეში უმძლავრესი სტრუქტურა შექმნა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ძალიან ეფექტურად იბრძოდა. ექვსი თვის შემდეგ კი „კოღო“ დაიბარა და „მოგვზე“ გასვლა დააბარა.

– ეგ „მოგვი“ ძალიან მაგარი ვინმე სჩანს, პაველ მარკოვიჩ. ყველგან მისი სახელი ფიგურირებს, თვითონ კი არ ჩანს. ნამდვილი მოჩვენებაა, – უთხრა კარცევს „კოღომ“

– ჰო და, სწორე ეგ მოჩვენება უნდა გახადო ხილული და სააშკარაოზე გამოიყვანო. აბა, შენ იცი, ჩვენ კი ყოველმხრივ დაგეხმარებით, – უთხრა პოლკოვნიკმა „კოღოს“, რომელმაც ეს სიტყვები იმავე დღეს გეგეჭკორს გადასცა, მან კი „მოგვს“ აცნობა და დაამატა:

– ყველაფერი შენი გეგმის მიხედვით მიდის.

– ძალიან კარგი. ეგ კარცევი ჯერ ტყემალზე ვაძრომიალოთ, ხოლო, როცა მომწიფდება, მოვწყვეტთ და ჯიბეშიც ჩავისვამთ.

„მოგვი“ მართალი აღმოჩნდა. მან და მისმა მეგობრებმა თვით პავლე კარცევიც კი მოისყიდეს, რომელიც მოუსყიდავის რეპუტაციით სარგებლობდა და კაცი, რომელსაც ორგანიზებულ დანაშაულთან უნდა ებრძოლა, მძლავრი იატაკქვეშა მაფიის წევრი გახდა.

კარცევისა და პეტრე გეგეჭკორის შეხვედრა 1971 წლის 23 ივლისს შედგა, სადაც პოლკოვნიკს თვალნათლივ დაუხატეს რეალური სურათი და არჩევნის გაკეთება შესთავაზეს. პავლე მკაცრი, პრაგმატული ადამიანი აღმოჩნდა და შემოთავაზებული 5 000 მანეთიც აიღო, რომელიც მას შავი „დიპლომატით“ მიართვეს, ხოლო ერთ კვირაში მილიციის გენერალ-მაიორი გახდა და ეს წოდება მას პირადად ნიკოლაი შჩოლოკოვმა გადასცა.

1972 წლიდან მოყოლებული, 20 წლის განმავლობაში, გურამ ჩხეიძის მიერ შექმნილი კრიმინალური სტრუქტურები ისე მყარად გაჯდა საბჭოთა სინამდვილეში, რომ მისი განუყრელი ნაწილი გახდა. „მოგვი“, რომელიც ჩრდილში იდგა და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწვისამდე ოფიციალურად არსად ჩნდებოდა, ისეთ უზარმაზარ ძალას აკონტროლებდა, რომლის ხელშიც უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსები იყო კონცენტრირებული. საბჭოთა კვშირის დაშლის შემდეგ კი, 60 წლის გურამ ჩხეიძე ეგრეთ წოდებულ არისტოკრატულ სარბიელზე გამოვიდა და მას ხშირად შეხვდებოდით მოსკოვური ბომონდის „ტუსოვკებზე“, სადაც მსოფლიოში აღიარებული ადამიანები იკრიბებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე, თვით რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინიც გამოჩნდა, რომელმაც გურამ ჩხეიძის სადღეგრძელო ნახევარლიტრიანი ყანწით ვახტანგურად შესვა და მის პატივსაცემად რუსული ხალხური ცეკვაც შეასრულა.

ოფიციალური სტატუსით „მოგვი“, იგივე გურამ ჩხეიძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბიზნესმენი და ხელოვანთა სტუდიის დირექტორი იყო.

„მოგვი“ 1995 წლის 16 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა და ის დიდი პატივით მოსკოვში ვაგანკოვის სასაფლაოზე დაკრძალეს, ვლადიმირ ვისოცკის საფლავის შორიახლო. „მოგვის“ გასვენებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა და მათ შორის იყო როგორც რუსეთის პრეზიდენტი, ასევე, რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის მმართველიც...

P. S. ჩვენს პუბლიკაციაში ხსენებული ადამიანების უმრავლესობის ვინაობა, გარდა „მოგვისა“ და რამდენიმე საჯარო პირის, შეცვლილია და მათთან ვინმეს მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...

2010 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა საკაბელო ტელევიზიამ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელზეც 1982 წელს, წყნეთის ერთ-ერთ აგარაკზე შემდგარი შეხვედრა იყო აღბეჭდილი. ამ შეხვედრას ესწრებოდა „მოგვი“, ორი კანონიერი ქურდი და საქართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ფუნქციონერი, რომელიც, როგორც ტელეგადაცემის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავდა, ქართულ-საბჭოთა მაფიის უმთავრესი ნათლიმამა გახლდათ და „მოგვთან“ ერთად, მტკიცე ხელით მართავდა იატაკქვეშა საბჭოეთს...

 

 

скачать dle 11.3