რა საიდუმლო გაამჟღავნა რძლის მიერ დატყვევებულმა 72 წლის ქალბატონმა სასამართლოზე
უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის 37 წლის ნანა პ-ს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. პროფესიით ექიმი ქალი ციხეში 72 წლის ვენერა ს-ს გამო მოხვდა, რადგან სამი დღის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში მოხუცი თავისუფლებააღკვეთილი ჰყავდა. დატყვევებული ქალი ნანასთვის უცხო არ ყოფილა, ის მისი ყოფილი დედამთილი იყო. მიზეზი კი, რის გამოც ბრალდებულმა ქალბატონი ჯერ მოიტაცა, შემდეგ კი ჩაკეტა, მისი ქონება გახდა.
საქმის მასალების მიხედვით, ნანა პ-მ ყოფილი დედამთილის დასამწყვდევად ბინა სპეციალურად იქირავა და პატრონს 200 დოლარი წინასწარ გადაუხადა. მან ასევე, წინასწარ გაამზადა თოკები, რომლითაც შეშინების მიზნით, ქალი უნდა დაება. მაგრამ, მოძალადე სწორედ ამ გარემოებამ დაღუპა – დაბმის მომენტში ქალს ხელი მოტეხა. თუმცა, ვიდრე გაათავისუფლებდა, ანდერძის შედგენა მოასწრო. ანდერძის თანახმად, ყოფილი დედამთილი მას და მის შვილს ვერაზე მდებარე 106 კვადრატული მეტრის სახლს უტოვებდა. მაგრამ, იძულებით შედგენილ დოკუმენტს ცხადია, იურიდიული ძალა არ ჰქონდა.
იძულებითი ქორწინება
ნანა პ. და მისი ყოფილი მეუღლე – გურამ ს. მეზობლები იყვნენ. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელია, მაგრამ ამ ფაქტს მათი ცოლ-ქმრობისთვის ხელი არ შეუშლია. მეტიც, ქორწინება ქალის ინიციატივით მოხდა. მან კაცს ცოლი გააშვებინა და დიასახლისად, ფაქტობრივად, ძალით დაუჯდა, რაც მთელი უბნისთვის შოკი იყო.
უფრო ზუსტად, გურამი და ნანა ჯერ საყვარლები იყვნენ და მას შემდეგ, რაც მათ გურამის ცოლმა შეუსწრო, ოჯახი დაინგრა. გურამის ცოლი, თამარ ჩ. მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლიდან წავიდა. ამით კი, ქმარსა და მეზობელს გზა გაუთავისუფლა. თუმცა, ქმარი მასთან ოფიციალურად არ იყო განქორწინებული, რომ მეორე ცოლად ნანა დაისვა. მაგრამ, ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა – ნანა ორსულად იყო...
გურამ ს-ს ჩვენებიდან: „ნანა ულამაზო გოგო იყო, მაგრამ ჩემს ხელში გაზარდა და ძალიან მიყვარდა. მას ყველა პატივს სცემდა, სამედიცინოზეც თავისით ჩააბარა და ზოგადად, ის ყველას მიმართ თბილი იყო. ჩემს ქორწილში ყველაფერში გვეხმარებოდა. ჩემს მშობლებს გოგო არ ჰყავდათ და ნანა იმდენად უყვარდათ, ყველაფერში ენდობოდნენ. ჩემს მშობლებს ჩემი საქართველოში არყოფნა სწორედ მან გადაატანინა. როგორც ვფიქრობ, მან ჯერ კიდევ იმ წლებში განიზრახა ჩვენს ოჯახში შემოსვლა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მაგრამ, თავისი მიზანდასახულობით, ეს იმდენად მოხერხებულად გააკეთა, როცა ამაზე ვფიქრობ, ახლაც არ მჯერა, ეს ყველაფერი თავს მე თუ გადამხდა.
ნანამ ყველაზე კარგად ჩემი ცოლისა და მშობლების უთანხმოებით ისარგებლა. მათ თავიდანვე ვერ გაუგეს ერთმანეთს. ამას ემატებოდა ნანას მხრიდან ენების მიტან-მოტანაც. დედაჩემმა გვიან მითხრა, ნანა როგორ უკიჟინებდა, რომ ჩემი ცოლი არც გარეგნობით და არც განათლებით არ შემეფერებოდა. თან, იმაზეც გადაუკრა სიტყვა, რომ ჩვენი ოჯახის შესაფერისი მხოლოდ თავად იყო.”
გურამ ს-ის თქმით, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ცოლისა და მშობლების გამო ოჯახში ჯოჯოხეთი ჰქონდა და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა – მამამისს ინსულტი დაემართა. კაცი გადარჩა, მაგრამ რადგან მუდმივად ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებოდა, სათანადო ყურადღებას ისევ და ისევ ნანა იჩენდა – ავადმყოფს დილა-საღამოს წნევას უზომავდა. მისი ცოლის ჯინაზე კი, დედამისს სახლის საქმეებში ეხმარებოდა.
გურამ ს-ს ჩვენებიდან: „უთანხმოების გამო მშობლების ოთახებში ჩემი ცოლი არ შედიოდა, თან ბავშვი გვყავდა და ფიზიკურადაც ვერ ახერხებდა. ამიტომ, იძულებული გავხდი, ნანას დახმარება და მისი ყურადღება მიმეღო და სათანადოდაც დამეფასებინა. შესაბამისად, დაბადების დღეზე დედაჩემის რჩევით ოქროს ბეჭედი ვუყიდე – გავეხუმრე, რომ გათხოვდები, თუ ქმარი არ გიყიდის, ეს მაინც გექნება-მეთქი. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
როგორც ბოლოს შევიტყვე, ბეჭდის ყიდვა დედაჩემისა და ნანას იდეა ყოფილა. როგორ აურია ტვინი დედაჩემს, არ ვიცი, მაგრამ სწორედ დედაჩემი მიკიჟინებდა, რომ ჩემი ცოლი არ ვარგოდა, უნდა გამეგდო და სხვა, ნანას მსგავსი ქალი შემერთო.
ოჯახში სიტუაცია დღითი დღე მძიმდებოდა და ამიტომ ცოლ-შვილი ქირით გავიყვანე. ცხადია, მამაჩემის ავადმყოფობის გამო, მშობლებთან ხშირად ვრჩებოდი და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი და ნანას შეხვედრები. სიყვარულში ის თავად გამომიტყდა. მისი ინიციატივა კი იმდენად დამაბნეველი იყო, როგორ აღმოვჩნდი მასთან საწოლში, არ მახსოვს.
ნანა ქალწული არ ყოფილა, მაგრამ მისთვის არაფერი მიკითხავს. რომ ვთქვა, არ მიყვარდა-მეთქი, არც ეს იქნება მთლად მართალი. ჩემი მშობლების გამო მის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ორ თვეში კი, როცა მითხრა, რომ ჩემგან ორსულად იყო, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, რაც ჩავიდინე”.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვინაიდან ნაქირავებში მცხოვებ ცოლ-შვილთან გურამ ს. სულ უფრო ცოტა დროს ატარებდა, ერთ ღამეს თამარ ჩ. ქმარს მშობლების სახლში მოულოდნელად მიუვარდა. თვალებს არ უჯერებდა, როცა ქმარს მეზობელთან შეუსწრო. ეს კი არ აპატია და ყოველგვარი ჩხუბის გარეშე, იქაურობას ისე გაეცალა, ქმრის სახლში დედამთილის დაკარგვამდე აღარც დაბრუნებულა...
საყვარლების დაქორწინებას კი, ნანას ორსულობის გარდა, საბოლოოდ, ხელი გურამის მამის გარდაცვალებამაც შეუწყო. ამიტომ, ისე, რომ გურამ ს. ცოლთან ოფიციალურად არც გაყრილა, ნანა ცოლად შეირთო. ნანასთან ბიჭი შეეძინა და მამამთილის პატივსაცემად, ნანამ ბავშვს ცხადია, მისი სახელი დაარქვა. თუმცა, ბავშვის დაბადების შემდეგ, მოვლენები აშკარად სხვანაირად განვითარდა. ნანას აღარც ქმარი აინტერესებდა და არც დედამთილი. მისი მთავარი მოთხოვნა იყო გურამი პირველ ცოლთან ოფიციალურად გაყრილიყო, ხელი მასთან მოეწერა და ისიც და ბავშვიც ბინაში ჩაწერილიყვნენ...
როგორც გურამ ს. ჩვენებაში ამბობს, ეს მოთხოვნა მას ბუნებრივად ეჩვენებოდა. მით უმეტეს, ამის წინააღმდეგი არც მისი პირველი ცოლი იყო, მაგრამ სიტუაციას დედამისი ართულებდა. რატომღაც, შვილს ურჩევდა, რომ პირველ ცოლთან განქორწინება არ დაეჩქარებინა. ერთხელ კი დედა-შვილის საუბარი ნანამ ფარულად მოისმინა და დედამთილი არა მხოლოდ უშვერი სიტყვებით ლანძღა, მასზე საცემადაც კი გაიწია. დედამთილს ეჩხუბებოდა, შენს ქმარს თავდაუზოგავად ვუვლიდი, მაგრამ მაინც უმადური ხარო...
როგორც გურამ ს. ჩვენებაში იხსენებს, მისთვის სრულიად გაუგებარი გახდა, რატომ შეიცვალა დედამისი ნანას მიმართ და რატომ სთხოვდა პირველ ცოლთან დაბრუნებას. პრობლემების გამო გურამმა დალევა დაიწყო და საქმე იქამდე მივიდა, სახლიდან მეორე ცოლიც გააგდო, რადგან დედამისისა და ნანას ყვირილი ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა. ბოლოს სახლიდან თვითონაც წავიდა. ღამეებს ჯერ მეგობრებთან ათევდა, მაგრამ შემდეგ კვლავ პირველ ცოლს დაუახლოვდა, მასთან სიარულს მოუხშირა...
შურისძიება დედამთილზე
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნანა პ-მ გაიგო, გურამი პირველ ცოლს შეურიგდა, დარწმუნდა, რომ ქმრის ქონებიდან არც მას და არც მის შვილს არაფერი შეხვდებოდათ და დედამთილზე შურისძიება განიზრახა. თავდაპირველად, ის ყოფილ დედამთილს რბილად სთხოვდა, რომ ბინა, რომელიც მის სახელზე იყო გაეყიდა და თანხის ნახევარი მიეცა. თუმცა, რომ ვერ დაიყოლია, მისი შეშინება და იძულების წესით ანდერძის შედგენა განიზრახა.
გამოძიების მასალებით, 17 აგვისტოს ნანა პ-მ ყოფილ დედამთილს მოატყუა, რომ ბინა იყიდა და თითქოს იმის სანახავად, წინასწარ დაქირავებულ ბინაში წაიყვანა. იქ კი მას თავისუფლება აღუკვეთა და 72 წლის ქალს მუქარით ანდერძის დაწერას აიძულებდა. ნანა პ-მ მიზანს მესამე დღეს მიაღწია, თუმცა, რადგან დედამთილი დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ იტყოდა, ნანამ მისი შეშინება გადაწყვიტა. ძიძგილაობაში კი მოხუცს ხელი მოსტეხა. ყოფილი რძალი ცდილობდა, ქალი მდგომარეობიდან თავად გამოეყვანა, მაგრამ სიტუაცია იმდენად გართულდა, ქალს ხელი იმდენად გაუსივდა, რომ ტკივილისგან შოკში ჩავარდა. ბოლოს დაზარალებული გაითიშა კიდეც და რომ არ მომკვდარიყო, ნანა პ. იძულებული გახდა, საავადმყოფოში წაეყვანა.
აღიარებითი ჩვენებით ნანა პ. პოლიციაში თავად გამოცხადდა. ცდილობდა, თავი ემართლებინა და ამბობდა, რომ, რაც ჩაიდინა, გაუცნობიერებლად მოხდა. მაგრამ, სასამართლოზე სიტუაცია ისე შეიცვალა, ნანას დანაშაული მეორეხარისხოვანი გახდა – დედამთილმა პროცესზე ყოფილი რძლის საიდუმლო გაამჟღავნა და არა ნანა, არამედ უკვე საკუთარი თავი დაიდანაშაულა.
დაზარალებული დედამთილის აღიარებით, ერთადერთი შვილი მხოლოდ მან დაღუპა. მისი ჩვენებით, ვინაიდან პირველ რძალს ვერ შეეწყო, უნდოდა, მის შვილს ის გაეგდო და მის ნაცვლად, ნანა მოეყვანა. ამის გამო კი, ყველაფერზე წავიდა... მოსამართლის კითხვაზე, რას გულისხმობდა „ყველაფერზე წასვლაში” მოხუცმა ახსნა, რომ ნანა ორსულად მათ ოჯახში შესვლამდე იყო, მაგრამ შვილს ეს ამბავი დაუმალა...
სასამართლო პროცესზე რძალ-დედამთილის დაპირისპირება მართლაც რომ სანახაობა იყო. როგორც ნანა პ. ირწმუნებოდა, მას გურამი უყვარდა, მაგრამ ვენერას იმდენად უნდოდა, მომვლელი ჰყოლოდა, მის ორსულობაზე თვალები დახუჭა. მეტიც, გაურიგდა, რომ თუ მოუვლიდა, ქონებას, რომელიც მის სახელზე იყო, შუაზე გაუყოფდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. დედამთილმა კი პირობის დარღვევა იმით ახსნა, რომ შვილის ღალატი ვერ შეძლო.
ვინაიდან სასამართლოზე უტყუარად დადასტურდა, რომ ყოფილი რძლის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო თავისუფლების აღკვეთას და მისთვის მძიმე დაზიანების მიყენებას, ნანა პ-ს სასამართლომ არა მხოლოდ 5 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, ყოფილი დედამთილის მკურნალობის ხარჯებიც მას დააკისრა.