როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ტაბეშაძე
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ საკუთარი სახელი ტაბი, ტაბა. ტაბეშაძე ორსუფიქსიანი გვარია: ტაბა+(შა+ძე). ტაბარუკი სოფელია გარდაბნის რაიონში და აქედანაა, ასევე გვარი ტაბარუკაშვილი.
ტაბა ფუძედაა სახელსა და გვარებში: ტაბატაძე (ტაბატა), ტაბაღუა (ტაბაღი). ამავე ძირისაა: ტაბახია, ტაბაშიძე.
ტაბეშიძე, შესაძლებელია, ლაზური გაფორმების გენეტიკური სახელი იყოს (გვარის ფუნქციით).
ტაბეშაძე იმერეთში წარმოშობილი, იმერული გვარია.
საქართველოში 236 ტაბეშაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 164, ქუთაისში – 24, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.
სვინატაშვილი
ისტორიულ საბუთებში გვარი გვხვდება ორი ფორმით: სვინატაშვილი და სვინატიშვილი. უფრო ადრინდელია სვინატაშვილი. დამოწმებულია იმერეთის ეპარქიის საეკლესიო-მეტრიკულ წიგნში, 1821 წლის ჩანაწერში; შესაძლოა, იყოს უფრო ადრეც.
ფუძე სვინა ქართული სიტყვაა და „შვილის მომნათლავსა“ და „ნეფის მეჯვარეს“ ნიშნავს.
ფუძით სვინ, სვინა, გვხვდება გვარი სვინტრაძე.
ფორმით სინატა დღევანდელი სინატაშვილების გვარია, რომელიც ძირითადად მოიხსენიება სოფელ რიონში. არიან მაცხოვრისა და ფერისცვალების ეკლესიებში მონათლულები, როგორც ქართველი მართლმადიდებლები.
იმერეთის ეპარქიის საეკლესიო მეტრიკულ წიგნში 1821 წლის ასეთი ჩანაწერი გვხვდება: „სოფელს რიონს მცხოვრებმა სვიმონ სვინატაშვილმა, მეორითა ქორწინებითა, იქორწინა დარეჯანთან, გვირგვინი უკურთხა მღვდელმა იესე ჩხიკუაძემ (ჩხიკვაძე)“. საეკლესიო ჩანაწერებში, 1882 წელს, ასევე, დაფიქსირებულია: „გლეხმა სიმონ პეტრეს ძე სინატაშვილმა, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღსარებისა, პირველის ქორწინებით ცოლად შეირთო იქვე მცხოვრები გლეხის, ანტონ მანჩალაძის (დღევანდელი მაჩალაძის) ასული ირინა, მართლმადიდებლის სარწმუნოების აღსარების, პირველის ქორწინებითა. მღვდელი მორჩაძე, პროჩეტნიკი მარკოზი“.
საქართველოში 456 სვინატაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.
გავაშელი
გავაშელი და გავაშელიშვილი მონათესავე გვარებია. 1840-იან წლებში დაფიქსირებულია მხოლოდ გავაშელიშვილი. მოიხსენიება ონის რაიონის სოფლებში – გომსა და ღებში. გომში მოსახლეთა ნაწილი სასულიერო გლეხებია, ნაწილი – საბატონო. არიან სასულიერო და სახელმწიფო გლეხები.
დაფიქსირებულია ამავე ძირის გვარები: გავაშელიძე და გავაშელაური და, ვარაუდით, აღნიშნულ გვარებთან მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ.
გვარების – გავაშელისა და გავაშელიშვილის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გავაშელი, რომელიც მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.
„გავაშელი დამაკოჩია, უცხოვრია ხოირსში, მართებია აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა, მოიხსენიება 1621 წელს“.
საქართველოში 1 183 გავაშელი ცხოვრობს: ონში – 391, თბილისში – 334, ადიგენში – 138. არიან სხვაგანაც.
გამდლიშვილი
გვარის ფუძეა გამეზარდა. მისგანაა გამზრდელი, გამდელი და, ამათგან კი, გვარი – გამდლიშვილი.
გამდლიშვილები იყვნენ აზნაურები.
„გამდლიშვილები, თავიანთი ახოთი და ვენახით, დარჩა ნასყიდა დოლმაზაშვილს 1696 წელს“.
გამდლიშვილი ველია, იოსებ და მამუკა სახუნდარაში მცხოვრებლები, მოიხსენიებიან მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კახეთში, კერძოდ კი, ანთოქში, მოიხსენიებიან გამდლიშვილის ყმები.
საქართველოში 223 გამდლიშვილი ცხოვრობს: გორში – 102, თბილისში – 78, გურჯაანში – 43.
ყარაგვეზაშვილი-ყარაგოზაშვილი
გვარი ყარაგვეზაშვილის ფუძეა თურქული საკუთარი სახელი ყარაგვეზ. იგივე სახელი დაედო ფუძედ გვარებს: ყარაგოზაშვილი და ყარანგოზაშვილი.
ანალოგიური წესითაა ნაწარმოები რიგი ქართული გვარები. ასეთებია: ყარაშვილი, ყარალაშვილი, ყარაბუდახაშვილი, ყარაჯაშვილი, ყარყარაშვილი. გვარი – ყარაშვილი, ყარალაშვილი კახეთის თავად-აზნაურთა საგვარეულო გახლდათ. ყარაბუდახაშვილები, ბუდახაშვილები და ბუდაღაშვილები კი ქვემო ქართლელი მემამულეების გვარებია; ყარაჯაშვილს ფუძედ აქვს გამოყენებული თურქული მეტსახელი ყარაჯა, იგივეა, რაც შავი, შავგვრემანი.
გვარი ყარაბუდახაშვილი იგივეა, რაც შავტოტაშვილი. ბუდახა იგივეა, რაც ტოტი, რტო.
გადმოცემით, ყარყარაშვილთა ძველი გვარი ნაკაშაშვილი იყო. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია, თან ერთი ყარყარა ლიტრით ოქრო წამოუღია და ამის გამო შეურქმევიათ ყარყარა.
საერთოდ, ყარანგოზაშვილები დუშეთიდან არიან, ფლობდნენ იქ მიწა-წყალსა და ყმა-გლეხებს. იქვე იყო მათი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ისინი დიდი სახელითა და გავლენით სარგებლობდნენ. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ დუშეთის თავკაცი ერთეოს ყარანგოზაშვილი.
გვარი ყარანგოზაშვილი არაგვის ერისთავთა ერთ-ერთი ლამაზი ასულიდან მომდინარეობს. თათართა შემოსევისას მათ წინ შემოხვედრიათ ლამაზი გოგონა, გაკვირვებულებს უკითხავთ, ვინაა ეს გოგო, რა ჰქვიაო და თავადვე გაუციათ პასუხი: ყარანგოზია, ანუ შავთვალა, შავგვრემანიო. სწორედ ეს გამხდარა იმის საბაბი, რომ ერისთავიდან ყარანგოზაშვილი გაჩენილიყო.
საქართველოში 26 ყარაგოზაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 19, თბილისში – 6, ახალციხეში – 1.
სერგია
გვარი სერგია მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელიდან – სერგი. გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი სერგია.
არსებობს სასერგიო – ანუ, უბნები ზემო საფარცვანოსა და ციზეთში.
1569 წელს შედგენილ შეწირულობის წიგნში აღნიშნულია, რომ ხოფის ღვთისმშობლისთვის შეუწირავთ კაკულიაი სერგია.
1616-1621 წლებში, „საცაიშლო დავთარში” დასახელებულნი არიან ცაიშის მცხოვრებლები: მასხულია სერგია, ხუხული სერგია, ჯგევშია სერგია, გეგელია სერგია, ხუხულია სერგია, გვანობა სერგია და ასე შემდეგ.
„სერგი – ლათინურიდან ნასესხები სახელია. მისი კნინობითი ფორმაა სერგია და ის გვარადაც გვხვდება”, – წერს ზურაბ ჭუმბურიძე.
საქართველოში 365 სერგია ცხოვრობს. თბილისში – 44, სენაკში – 37, ზუგდიდში – 20. გვარი გვხვდება სხვაგანაც.
არდიშვილი
არდიშვილის ფუძეა საკუთარი სახელი არდი, რაც ურარტუს ქვეყანაში მზის ღვთაების სახელია. მზეს ქართულად ოდესღაც „არდი” უნდა რქმეოდა. სიტყვა „არდადეგი” კი, მზის დგომის დღეს აღნიშნავდა.
1886 წლიდან, სოფელ წინწყაროში, არდიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და არუდოვის გვარს ატარებენ.
არდიშვილები მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 29 არდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, ქუთაისში – 14.
ასათაშვილი
გვარის ფუძეა არაბული სიტყვა – ასათ, რაც ქართულად ლომს ნიშნავს. აქედანაა ნაწარმოები გვარები: ასათაშვილი, ასათიანი.
გვხვდება, ასევე, საკუთარი სახელი ასათა.
ასათაშვილის გვარის ძველი ფორმაა ასათისძე. ვახუშტი „მთავართა გვართათვის” წერს: „... ხოლო გვარნი მთავართა, მათ ძველთანი არიან ასათისძე, კარიჭისძე, ქობულისძე”.
მეფე დავით მეათის განჩინებით, ბარათაშვილთა გაყრისას, 1523 წელს, გერმანოზსა და მის ძმებს ენაგეთში შეხვედრია ასათაშვილი.
დემეტრე ასათაშვილი კი მოიხსენიება 1741 წელს პირობის წიგნში, რომელსაც გრიგოლ ჩოლოყაშვილი აძლევს ფშაველებს.
სოფელ ენაგეთს 1756 წელს დაფიქსირებული არიან გაბრიელ, გიორგი, დავით და პეტრე ასათაშვილები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ოჯახებით.
საქართველოში 107 ასათაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 77, თბილისში – 20, თელავში – 10.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით