ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ოჯახის წევრები ევროპაში ვგეგმავთ გამგზავრებას, თან, აუცილებლად ჩვენი ძაღლიც უნდა წავიყვანოთ. მაინტერესებს, რთულია თუ არა ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავით და რა არის ამისთვის საჭირო?
პასუხი: ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავის საშუალებით, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ, ამისთვის არცთუ ცოტა რამ არის საჭირო, მაგალითად: უნდა გქონდეთ ძაღლის სარეგისტრაციო მოწმობა, სადაც მითითებული იქნება ძაღლის ჯიში, ასაკი, სქესი, ოფიციალური სახელი, მფლობელი და ჩაკრული მიკროჩიპის შტრიხ-კოდი; დაგჭირდებათ, ასევე, ძაღლის ვეტერინარული პასპორტი, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ძაღლზე და მისთვის ჩატარებულ ვაქცინაციაზე. გამგზავრებამდე 1 თვით ადრე მიდიხართ ვეტერინართან, რომელსაც ძაღლი კარანტინზე აჰყავს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებთ ოფიციალურ ცნობას კარანტინის გავლის შესახებ. ამ ცნობის საფუძველზე იღებთ ვეტერინარულ მოწმობას, ანუ ეგრეთ წოდებულ „ფორმა ¹1-ს“. ძაღლის გადაყვანა თვითმფრინავით დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სამგზავრო კონტეინერით, რომლითაც ის მიჰყავთ საბარგო განყოფილებაში. იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში არ არის გათბობა, მაშინ მას მოათავსებენ სალონისა და პილოტების კაბინის დამაკავშირებელ სპეციალურ ნიშაში. ფრენის განმავლობაში, თქვენ ძაღლთან ვერ იკონტაქტებთ, რადგან იქ შესვლა აკრძალულია.
კითხვა: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლებიდან რომელზე შეიძლება არჩევნის გაკეთება?
პასუხი: სამოსამსახურეო ჯიშის კარგი წარმომადგენლები არიან: როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან პატრონის დაცვაზე, შედარებით უცხო ადამიანებისადმი გამოხატავენ გულგრილობასა და უნდობლობას. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ის არ გამოხატავს აგრესიას, თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით რა ფერის არსებობს ინგლისური ბულდოგი? მის შესახებ, ასევე, მაინტერესებს მცირე ინფორმაცია, რადგან, დიდი სურვილი მაქვს, შევიძინო.
პასუხი: ინგლისური ბულდოგი დასაშვებია ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა და რუხისა. მოგაწვდით მცირე ინფორმაციას მის შესახებ: მისი წარმომავლობა დიდი ბრიტანეთიდან მოდის. არის ძალიან გონიერი, კეთილგანწყობილი, მამაცი და ეგზოტიკური ექსტერიერი. გაითვალისწინეთ, რომ ის საკმაოდ ჯიუტია. მას გრილი კლიმატი სჭირდება. ახასიათებს ღამით ხვრინვა და პირის სისველე. ინგლისური ბულდოგის სიმაღლე მინდაოში დაახლოებით 40 სანტიმეტრია. რაც შეეხება წონას, ზრდასრული ხვადი 25 კილოგრამს უნდა იწონიდეს, ხოლო ძუ – 23 კილოგრამს. ინგლისური ბულდოგის მშობიარობისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მშობლებისა და ლეკვების ჯანმრთელობას. ეს უნიკალური ძაღლი გაცილებით მეტ ყურადღებასა და მოვლას ითხოვს, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები. ამიტომ, სანამ მას შეიძენთ, აუცილებლად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის სათანადოდ მოვლას.
კითხვა: უპირველესად რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენი ძაღლი სხვა ძაღლმა დაკბინა, განსაკუთრებით – ქუჩის ძაღლმა?
პასუხი: დაკბენის შემთხვევაში, ძაღლი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რადგან ერთი დღე-ღამის შემდეგ ჩირქოვანი პროცესი ძალიან ღრმად მიდის და ცხოველის მდგომარეობა უარესდება: იწყება ჩირქოვან რეზორბციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით და, შეიძლება, მისი სიკვდილითაც დამთავრდეს ან მიიღოს ქრონიკული სახე. ვეტერინარი შეაფასებს მის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხსა და ნაკბენების რაოდენობას; ჩაატარებს ნაკბენი ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას, შეაჩერებს სისხლდენას და, სიცოცხლისთვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში დანიშნავს როგორც ქირურგიულ ოპერაციას, ასევე, პოსტოპერაციულ მკურნალობას.